ხელისუფლების ბოიკოტი და მარგველაშვილის ულტიმატუმი - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არც ოპოზიცია მიდის

ხელისუფლების ბოიკოტი და მარგველაშვილის ულტიმატუმი - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არც ოპოზიცია მიდის

დღეს, ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპის“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ამასთან, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის ის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც გვჭირდება, რათა ევროპული გზა წარმატებული იყოს.

უკვე ცნობილია, რომ ათონელის რეზიდენციაში არ მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიდის საქართველოს მეოთხე პეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომლის განცხადებით, სრულად იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის სულისკვეთებას ევროინტეგრაციის საკითხზე ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი თქმით, მართლა თუ გვინდა, ევროპას გავუგზავნოთ დეპოლარიზაციის გზავნილი, რატომ არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს?!

„მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ვერ დააბრალებთ მას არაპროდასავლურობას. მას უნდა შეეთავაზოს ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან მას ჰქონდა სტატუსი მესამე პრეზიდენტის. ვიცი რა, ეს პოლიტიკური სირთულეები, თუ მართლა გვინდა, გადავაბიჯოთ ამას, იმ კაცს შევთავაზოთ ხელის მოწერა.

ულტიმატუმს იმიტომ ვაკეთებ, რომ პრეზიდენტს ნებისმიერი ფორმით აქვს უფლება სასამართლოს ვერდიქტის შეცვლის. თქვას, რომ ეს კაცი ერთი დღით თავისუფალია. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მე ვთხოვდი, რომ გვერდზე გადადოს თავისი ყველა საქმე და სამშობლოსთვის, იმ ევროპული არჩევნისთვის, რომელისთვისაც თავადაც იბრძოდა, ჩემთან ერთად მივიდეს ამ ღონისძიებაზე და ხელიც მოაწეროს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება არსებული ფორმატით, პარლამენტის წევრის დავით ბაქარაძის განცხადებით, დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატი მისვლას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები, მეორე მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს მოქმედი ხელისუფლება. ამიტომ, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ეს ღონისძიება მხოლოდ ხაზს გაუსვამს, როგორი უფსკრული არსებობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, მზად ვარ, საქართველოს ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამ კონკრეტულ ღონისძიებაში ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარსს ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ათონელის რეზიდენციაში არ იქნებიან „ქართული ოცნების“ წევრები. პარტიის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ხელისუფლებას არაფერი ესაქმება.

„ამ დღეებში ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერავინ ათქმევინა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, ხომ გასაგებია ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი, ათონელის რეზიდენციაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ჩვენი ხმა ევროპის“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ხელმოწერებს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში არანაირი დატვირთვა არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინ არაფერი უდგას იმას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა წინაპირობა სახეზეა, არის პოზიტიური დასკვნა და მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებები.

„ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებშიც მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი მეგობრებისა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ვფიქრობ, ყველა წინაპირობა სახეზეა, გვაქვს პოზიტიური დასკვნა, გვაქვს პოლიტიკური განწყობა მხარდაჭერის. წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინმსწრებად დღეს იზეიმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 დეკემბერს დაგეგმილ მთავრობის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის, რაც დეპოლარიზაციას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეუქცევადი პროცესია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მის „ხროვასთან“ ერთად, ყველა ძალას ხმარობდა იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რომ ძალადობრივი გზით შეეცვალათ ხელისუფლება.

„ამის დასტურია ის, რომ ზურაბიშვილთან დაახლოებული ძალები, რომლებიც ახლა მასთან დარბიან და ერთმანეთს ტუჩზე კოცნიან პრეზიდენტის სასახლეში, თავად ლაპარაკობდნენ, რომ ისინი ხელს უშლიდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ეუბნებოდნენ ევროპელ ჩინოსნებს, რომ არ მისცეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსიო.

მაგრამ, დღეს, ვითარება როდესაც რადიკალურად შეიცვალა, არ აწყობს სალომე ზურაბიშვილს და მასთან დაახლოებულ იმ პოლიტიკური ხროვის წარმომადგენლებს, რომ ეს წარმატება მთლანად მიიწეროს ხელისუფლებამ. ამიტომ, ახალი გზა გამონახეს, რაც არის ტრიუკი იმისა, რომ თითქოსდა მათაც რაიმე გააკეთეს. ქართული ანდაზის არ იყოს - ბაყაყმა ფეხი გამოწია სამჭედლოში, მეც დამჭედეთო, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის ეს, რაც ახლა ხდება პრეზიდენტის და ოპოზიციის მონაწილეობით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ორბელიანის სასახლეში დაგეგმილი შეხვედრა, პრობლემას არავის არ უქმნის, თუ თავად არ შექმინან პრობლემას ერთი, ან მეორე მხარე. მისი თქმით, დეპოლარიზაციას არ შველის ერთი მიტინგი, ან ერთი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში.

„ზურაბიშვილმა, რომელმაც შეაგროვა ხელმოწერები, გადაწყვიტა ეს შეხვედრა, რომელიც იქნება ჩვეულებრივი რიგითი შეკრება. ეს შეკრება ხელს რაში უშლის ვინმეს, ან სტატუსის მინიჭებას? მაგრამ ჩვენ ხომ ყველას და ყველაფერს ვანიჭებთ აბსტრაქციულ მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ზომა-წონა დავკარგეთ და შეფასების რეალური უნარი. შესაბამისად, მივიღეთ ასეთი გარემო, რომელიც არც ერთს არ მოგვწონს, მაგრამ, აქედან როგორ უნდა გამოვიდეთ, ესეც არ ვიცით და ვართ ამ დღეში.

პრეზიდენტი გააკეთებს ასეთ ღონისძიებას თუ პრემიერი, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან დღეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში არის ნორმალური პოლიტიკური ვითრება. დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ხელისუფლება თავისკენ ქაჩავს, რომ მისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მიღება, ოპოზიცია კი, თავისკენ იქაჩება, რომ ჩვენ გავაკეთეთო და ეს დაპირისპირებაა“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი ღონისძიების განხილვა იმ ჭრილში, რომ ეს დეპოლარიზციას გაამწვავებს, სწორი არ არის, რადგან საქართველოში პოლარიზაციას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ერთ შეხვედრაზე მისვლა.

„ყველა რომ მივიდეს ამ შეხვედრაზე, წარმოიდგინეთ, სააკაშვილიც რომ გამოიყვანონ და ცოტა ხნით იქ გააჩერონ, ზეგიდან იგივე პროცესი დაიწყება. პირველი, რაც არის ეს არის სამართლიანობის განცდა, როცა არ არის ეს განცდა, მაშინ კონკურენცია გადადის პოლარიზაციაში და დაპირისპირებაში - რაშიც ვართ. მთელი რიგი თემებია მოსაწესრიგებელი, რომ ეს პოლარიზაცია კონკურენციაში გამოიხატოს. როცა არ გაქვს კონკურენცია, ზურაბიშვილი რას იზამს, მით უმეტეს ბაქრაძე, რომელმაც პარლამენტში 4-წლიანი ძილის შემდეგ გამოიღვიძა? ეჭვი მაქვს, რომ ბაქრაძე მალე გააკეთებს განცხადებას, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გადავა და, ალბათ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც გააკეთა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ლევკოთეა ძაბირაძე, როგორც ყოველთვის, ასტრალშია.
როცა რაიმე ღონისძიება, ქმედება იგეგმება, მისი მიზანშეწონილობა იმით კი არ ისაზღვრება, რომ ,,ხელს არავის შეუშლის", არამედ, რა შედეგზეა გათვლილი.
თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ზურაბიშვილის ყველაზე დიდი მიზანია, ევროკანდიდატობა მის სახელთან იყოს ასოცირებული. ამიტომ ხტება ,,ტუფლებიდან". რომ არ დაუსმახურებია, თვითონაც იცის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ყველას რომ დამსახურების მიხედვით ეძლეოდეს, პოლიტიკური კლასის გარეშე დავრჩებით.
4 თვის უკან