„ნეიტრალურ სააკაშვილს სიის შედგენაში თუ არ ჩართავენ, აი, დაპირისპირება მაშინ დაიწყება და დედა შვილს არ აიყვანს ხელში - შესაძლოა, ენმ სამ ნაწილადაც გაიყოს“

„ნეიტრალურ სააკაშვილს სიის შედგენაში თუ არ ჩართავენ, აი, დაპირისპირება მაშინ დაიწყება და დედა შვილს არ აიყვანს ხელში - შესაძლოა, ენმ სამ ნაწილადაც გაიყოს“

ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულია - პარტიიდან, რომელსაც 11-წლიანი პოლიტიკური გზა დაუკავშირა, ერთი პატარა ფურცლის ნაგლეჯით გააგებინეს, რომ გარიცხეს. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, ვის მხარეს დაიჭერს საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილი. ის ჯერჯერობით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ცდილობს, ორივე გუნდთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. იგივეს აკეთებენ ენმ-ში დარჩენილებიც და წასულებიც. ორივე ჯგუფი ერთმანეთს კვლავ სააკაშვილის სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცება.

მელიას და ენმ-ის გზები რომ გაიყოფოდა, ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს განწყობა 10 თვის განმავლობაში, მელიას მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შექმნა. ციხის შიგნიდან გატეხვა „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმამაღლა და ღიად კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ალაპარაკდა. ბევრი თქვა, ბევრიც უპასუხეს, გარიცხეს, თუმცა ვერც გარიცხეს, ბევრმაც გაასწრო და ბოლოს მისი გზაც მაინც წასვლით დასრულდა.

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!“, - გულს არ იტეხს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მომხრეებს სოციალურ ქსელიდან ამ ხნევებს.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სია „გამარჯვების კოალიციამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ.

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!

საარჩევნო სია „გამარჯვების კოალიციამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.

მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ეს რეჟიმი ვერასდროს გამტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა, როცა მან მანიფესტი გამოაცხადა და მახრდაჭერა ლევან ხაბეიშვილს გამოუცხადა. ამით მან აღიარა, რომ ხაბეიშვილი იყო თავმჯდომარე. თუმცა ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მაინც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, საბოლოო ჯამში, ორივე ჯგუფი დასჭირდეს.

„სააკაშვილი რაც საქართველოში დაბრუნდა, იმდენი სისულელე გააკეთა და ილაპარაკა, რომ მისი რეპუტაცია ისედაც დაზიანებულია და ასედაც. ფაქტია, რომ მის ავტორიტეტს პარტიაში არანაირი ფასი აღარ აქვს. მანიფესტი გამოაცხადა, რომელიც შერიგების უნდა ყოფილიყო და, სააბოლოო ჯამში, დაშლის აღმოჩნდა. მისი რეიტინგი პარტიაშიც და მის ელექტორატშიც დავარდნილია, თუმცა თავისი ბრმა მხარდამჭერები მაინც ჰყავს, რომელზეც ეს პარტია დგას. ამიტომაც არის, რომ ორივე მათგანი ე.წ. სააკაშვილის სიყვარულში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ის ფიქრობს, რომ ახლა დავით კეზერაშვილი აწყობს და ფინანსურად პარტიას ის უზრუნველყოფს. შესაძლოა, ხაბეიშვილი დიდად არ ეხატება გულზე, მაგრამ ახლა როგორც სჭირდება, ისე იქცევა. მერე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ორივე მხარისთვის ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ვის მხარეს და რა პოზიციას დაიჭერს მიხეილ სააკაშვილი. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის მნიშვნელობა ძალიან კარგად იცის. ამიტომ ჯერ სიტუაციას აკვირდება და ეცდება არც მწვადი დაწვას და არც შამფური, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა ორივე მხარე დასჭირდეს.

„სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ენმ-ში დარჩენილებსაც და იქიდან წასულებსაც მისი სახელი სჭირდებათ. ამიტომ შეეცდება, რომ ორივე გამოიყენოს. მას არ უნდა საქმის გაფუჭება არც ერთთან. უბრალოდ, ციხეშია და სხვა გზა არ აქვს. მისი რჩეული არც ნიკა მელია ყოფილა და არც ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ, თუკი დასჭირდება, ორივე მათგანს შეიძლება გაემიჯნოს, თუ არა ორივეს გამოყენებას ეცდება. მას სჭირდება ბერკეტი, რათა კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართოს. ასეთ ბერკეტად კი შესაძლოა, პარტიიდან წასულებს და მათ ლიდერ ნიკა მელიას მიიჩნევს. ამიტომ ამ ჯგუფის დაბალანსებას ამით ეცდება. სიტუაცია კი ენმ-ში კიდევ უფრო გართულდება, თუკი სააკაშვილს სიის შედგენაში არ ჩართავენ. ძველი მიშისტები, რა თქმა უნდა, სიაში ჩასმას მოითხოვენ. აი, ახალი კონფლიქტი და დაპირისპირება კიდევ მაშინ დაიწყება. თუკი მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა მის გარეშე სია დააკომპლექტეს, მართლა დედა შვილს არ აიყვანს ხელში. სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურია, რომ შესაძლოა, თქვას, მათთან საერთო არაფერი აქვს და ენმ-დან მიდის. ბევრი სანახაობა კიდევ წინ არის და შესაძლოა, ენმ სამ ნაწილადაც კი გაიყოს“, - ამბობს საყვარელიძე.

 

ცუგო- 2024 წლის არჩევნებში დაფიქსირდება უპრეცედენტო შემთხვევა, რამდენიმე პარტიას პირველ ნომრად ეყოლება ერთი კაცი, მიშა ... ერთ პარტიას რამდენიმე ბელადი რომ ყავდათ, ვიცი, ახლო წარსულში იყო და მახსოვს, მაგრამ სამ-ოთხ პარტიას ერთი ბელადი ჰყავდეს... პირველად მესმის :))))
4 თვის უკან