„თუ ზურაბიშვილი გადადგა და ოპოზიციის სათამაშო მოედანზე შემოვა, ყველა მის ცოდვას გაიხსენებენ და ეცდებიან, შავი პიარი მასაც მიაკუთვნონ“

„თუ ზურაბიშვილი გადადგა და ოპოზიციის სათამაშო მოედანზე შემოვა, ყველა მის ცოდვას გაიხსენებენ და ეცდებიან, შავი პიარი მასაც მიაკუთვნონ“

რა გეგმები აქვს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 2024 წლის არჩევნებისთვის და აპირებს თუ არა საარჩევნო მარათონში ჩართვას? ეს კითხვები სულ უფრო აქტუალური ხდება და არსებობს სცენარებიც, როგორ შეიძლება მოვლენები ზურაბიშვილის ირგვლივ განვითარდეს. თავად პრეზიდენტი ამის შესახებ არ საუბრობს, თუმცა მისი სავარაუდო გეგმების შესახებ ინფორმაცია მმართველ გუნდს აქვს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენებენ, ისევე როგორც თავის დროზე გიორგი გახარია გადააყანეს. მისი თქმით, ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდება.

კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ორი სცენარი განიხილება: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი აქტიურად განიხილება და მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება, გადააყენებენ, რეალურად, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება მოხდეს აგვისტოში, სექტემბერში. რეალურად ორი რამისთვის შეიძლება, დასჭირდეთ სალომე ზურაბიშვილი. ერთი ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან ოპოზიციის არჩევნების შემდგომი კამპანიის მხარდაჭერა გაყალბებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველამ წინასწარ ვიცით, რაზეც ააგებს კამპანიას არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და ამაში შეიძლება, დასჭირდეს რადიკალურ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

ამისთვის ის სჭირდებათ პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შეიძლება, განხილული იქნას ალტერნატიული სცენარი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მგონია მისი პრეზიდენტად დატოვება, რადგან დიდი საარჩევნო რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც უფრო მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს, ალბათ, მოხდება აგვისტო-სექტემბერში“.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, სალომე ზურაბიშვილმა 16 ოქტომბრის საჯარო მიმართვაში თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„მე მინდა გაგამხნეოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას, ყველას, ვინც მისმენს, რომ მე არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი - ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - თქვა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ორი საცენარიდან არც ერთი მათგანი პრეზიდენტისთვის მომგებიანი არ იქნება და იმედი აქვს, რომ ის ამას ათვიცნობიერებს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს მას რეიტინგი მაღალი არ ჰქონია და თუ ის ოპოზიციის ფლანგზე გადავა, იმ მხარდაჭერასაც დაკარგავს, რაც ჰქონდა და მეტოქეები მრავლად ეყოლება.

„არც ერთი ვარიანტი ჩემთვის რეალური არ არის, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ერთი მათგანი ზურაბიშვილისთვისვე მომგებიანი არ იქნება. თუ მან ოპოზიციას მხარი აუბა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება კიდევ ვინ იტყვის ამას, გაყალბდა თუ არა არჩევნები. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, უცხოელები რას იტყვიან. გვახსოვს ოპოზიციაც ამბობდა 2020 წლის არჩევნებზე რომ გაყალბდაო, მაგრამ ეს ხომ ვერ დაამტკიცეს. თანაც დასავლურმა სადამკვირვებლო მისიებმა ეს არ დაადასტურეს.

ამიტომ, თუკი ზურაბიშვილი პრეზიდეტობის რანგში დარჩა და არჩევნებზე თქვა, რომ არალეგიტიმურია, მაშინ მას ამის მტკიცებულებები და დასავლეთის მხარდაჭერა დასჭირდება. ხოლო თუ გადადგა და ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა, მას იქ ხელგაშლილი არავინ დახვდება. უფრო მეტი მეტოქე ეყოლება, ვიდრე გულშემატკივარი. თუ ზურაბიშვილი გადადგა, ის ოპოზიციისთვის სერიოზული კონკურენტი გახდება. ყველა მის ცოდვას გაიხსენებენ და ეცდებიან, რომ შავი პიარი მასაც მიაკუთვნონ. ახლაც თუ დააკვირდებით, დიდი ენთუზიაზმით არ აქებენ. ვერ ვიტყვით, რომ ემხრობიან, ეს კიდევ უფრო დაიკლებს, თუკი ის მათი პირდაპირი კონკურენტი გახდება და მათსავე სათამაშო მოედანზე შემოვა“, - ამბობს საყვარელიძე.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შესაძლოა, ამ ორი სცენარიდან სასურველი არც ერთი არ იყოს, მაგრამ მას დავალება აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის ე.წ. გლობალური ომის პარტიის მიერ არის მოვლენილი, რომელიც მას დავალებებს აძლევს. შესაბამისად, ზურაბიშვილი ნებსით თუ უნებლიედ, იძულებული იქნება მათი დავალებები შეასრულოს.

„დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი მეხუთე კოლონის წარმომადგენელია. დღევანდელ დღეს იმ ძალებს, რომლებსაც ის აქ დანიშნული ჰყავთ, სურთ ამ მეხუთე კოლონას სათავეში ჩაუყენონ. ანუ აგენტოკრატების მეთაურად უნდათ დააყენონ. ყველა მათგანი, რომელიც წინ წამოსწიეს, კრახი განიცადა და ახლა იმედებს პრეზიდენტზე ამყარებენ. თუმცა ზურაბიშვილის რეიტინგი ნული და ნულს დაბლა იქნება. ამიტომ ყველაფერს სიფხიზლე უნდა, თუმცა ზურაბიშვილს ვერავითარი ძალა ვერ ააკრეფინებს იმ რეიტინგს, რომელიც მას ხელისუფლებას შეაცვლევინებს.

დასავლეთი არის არაერთგვაროვანი, მაგრამ დღევანდელ დღეს დასავლეთის პოლიტიკურ პროცესებს, გლობალური ომის პარტია განაპირობებს. ამიტომ ზურაბიშვილი და მის გარშემო არსებული პოლიტიკური ხროვა, რომელიც თითქოსდა ერთიანდება, ისინი მიიღებენ დავალებებს და მის გაპრავებას შეეცდებიან. ქართველი ხალხი ამათ ძალიან კარგად იცნობს და ჩვენს მოსახლეობას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ“, - ამბობს გვენეტაძე.