პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.
პარლამენტის მიერ კანონში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება - ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში, გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ არსებულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად გამოეხმაურა. მისი აზრით, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა კი უნდა ექვემდებარებოდეს სანებართვო საქმიანობას.
„ჩვენ მივესალმებით სერტიფიცირებას, მოსახვევებსა და კუთხეებში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს. ავტოსადგურების ფუნქციონირების შესახებ წესი არსებობს და მას განმარტავს ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტოსადგურების მოწყობის და ფუნქციონირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებაშია, არავინ არ იცავს მას და ყველა კუთხიდან მიმდინარეობს საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა.
აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მისაღებია. ამიერიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს.
საკანონმდებლო შენიშვნები და წინადადებები ჩვენ ყველგან შევიტანეთ, სადაც საჭირო იყო. დღეს რაც მიღებულია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა დაექვემდებაროს სანებართვო საქმიანობას და მისი განხორციელების უფლება ჰქონდეთ ავტოსადგურებს, ეს ჩვენი მოთხოვნებისა და შენიშვნების დამსახურებაა“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ამის გარდა, საქართველოს პარლამენტი მთავრობას ავალებს, რომ მოაწესრიგოს და შექმნას ტექნიკური სამსახურები ამ კანონის განსახორციელებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღები იქნება ტექნიკური რეგლამენტი მგზავრის გადაყვანის შესახებ, რაშიც ავტოსადგურის წარმომადგენლები მონაწილეობის მისაღებად მზად არიან.
ნებართვები კონკურსის გარეშე გაიცემა და მათი გაცემის წესს საქართველოს მთავრობა სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს.
გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში „ავტოსადგურის“ ცნება გაჩნდება – „ავტოსადგური არის მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, საიდანაც, დადგენილი წესით, შესაძლებელი იქნება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეგულარული ან/და არარეგულარული სამგზავრო გადაზიდვების განხორციელება ნებართვების ფლობის შემთხვევაში“.
ამასთან, თითოეულ ავტოსადგურს ექნება ტექნიკური რეგლამენტისა და კლასის შესაბამისობის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატი.
ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან მხოლოდ შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება. მათგან საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.
მესამე კლასის ავტოსადგურში შიდა გადაზიდვები განხორციელდება, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პირველი და მეორე კლასის სადგურები ან მათი ტევადობა არასაკმარისია.
ქართულ კანონმდებლობაში ბრუნდება „ავტობუსის“ ცნებაც – „8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ნებადართული საერთო მასით 5 ტონამდე)“.
გარდა ამისა, სამგზავრო გადაზიდვების განხორციელებას შეძლებენ 8 დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, მინივენები – 5 და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებები (5 ტონაზე მეტი მასით).
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტების მიხედვით განხორციელდება.
ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.