დასავლეთი უკრაინის ომით გადაიღალა, ზელენსკის საკუთარი დაპირებების ტყვეობაშია - შესაძლოა ომის დასასრულებლად მას შემცვლელიც მოუძებნონ

დასავლეთი უკრაინის ომით გადაიღალა, ზელენსკის საკუთარი დაპირებების ტყვეობაშია - შესაძლოა ომის დასასრულებლად მას შემცვლელიც მოუძებნონ

როგორც ჩანს, დასავლეთი უკრაინის ომით იმედგაცრუებულია, ხოლო დასავლური მედია ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაზე ალაპარაკდა. ამის პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკის მეტოქეები გამოუჩნდა: თავდაცვის მინისტრი ვალერი ზალუჟინი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრე არესტოვიჩი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, დასავლეთში ომის დასრულების ერთ-ერთ სცენარად ზელენსკის ამ ორი ფიგურით ჩანაცვლება მოიაზრებოდეს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის და ომის გაწელვის ფონზე, დასავლეთში იმედგაცრუება გაჩნდა. მათ აზრით, თუკი ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოხდა, სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხური გახდება. ასევე მწვავეა ზელენსკის და ზალუჟინის ურთიერთობა და თუკი მას პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენებს, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს.

დასავლური მედია წერს, რომ მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მესამე წელიწადს უახლოვდება, მოსკოვი უპირატესობას ფლობს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტზე. ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal სტატიაში სათაურით „პუტინმა უკრაინაში გამარჯვების ფსონზე რუსეთის რესურსები დადო, შეუძლია თუ არა დასავლეთს შეედაროს მას?“

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი აქვს, რათა შეავსოს თავისი არმია, ვიდრე უკრაინელებს, რომლებსაც კარგად გაწვრთნილი ქვეითები აკლიათ, ხოლო ვლადიმირ პუტინი რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზაციას ახორციელებს და ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლებს იარაღის მზარდი წარმოებისთვის იყენებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთში დაბნეულობა და რუსეთის მზარდი მზაობა, ომში გამოიყენოს თავისი ადამიანური და სამრეწველო რესურსები, მიუთითებს იმაზე, რომ ეს წელი უკრაინის თავდაცვისთვის რთული იქნება. თუმცა, რუსული არმიის შეზღუდული შეტევითი შესაძლებლობები ასევე იმაზე მეტყველებს, რომ ის უფრო მცირე გამარჯვებებს მიაღწევს, ვიდრე გარღვევას.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ დასავლეთი არარეალისტურად მიიჩნევს ზელენსკის მიზანს, სრულად აღადგინოს უკრაინის საერთაშორისო საზღვრები. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი ასევე ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ვერ შეძლებს კიდევ ერთი დიდი შეტევის განხორციელებას გარკვეული დროის განმავლობაში.

დასავლეთი უკრაინის ომით დაიღალა

სამხედრო ანალიტკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთში უკრაინის ომით უკვე დაიღალნენ და ამის მიზეზი მისი გაჭიანურებაა. მაისაია ამბობს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ყველამ იცის, რომ თუ ისევ პრეზიდენტი იქნება, არანაირ დათმობაზე არ წავა.

„ზელენსკის გაცხადებული აქვს, რომ თუ ის იქნება ისევ პრეზიდენტი, ის მიწის ერთ გოჯსაც კი არაფრის ფასად არ დათმობს. ეს კონსტიტუციის დონეზეც კი აქვს აყვანილი. ზელენსკი რა პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზეც მოვიდა, იმ კურს მიჰყვება. ის საკუთარი დაპირებების მსხვერპლიც არის. ამიტომ არის, რომ არესტოვიჩის მოქნილი პოლიტიკა და ომის დასრულების გეგმა უფრო პოპულარული გახდა უკრაინაშიც და დასავლეთშიც. არესტოვიჩმა შესაძლოა, ეს პოლიტიკა გამოიყენოს. თუკი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, არესტოვიჩი, ზელენსკი და ზალუჟინი სერიოზული მეტოქეები იქნებიან. ეს სამი ადამიანი არის ყველაზე პოპულარული ახლა დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც. უკრაინაში არც ერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია ამხელა წონა, როგორც ამ სამ ადამიანს.

რაც შეეხება დასავლეთში დაწყებულ პესიმიზს, ეს არის ომის გაჭიანურებით გამოწვეული. ომი ჩიხურ მდოგომარებაშია შესული. ბუნებრივია, ყველა ომს აზრი ეკარგება, თუკი საომარი მდგომარეობის სტიმულირება არ მოხდა. თუ ეს ომი პოზიციურია და არა მოტივირებული, აქ უკვე სხვა ფაქტორები მოდის წინ“,-ამბობს მაისაია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, დასავლეთში ხომ არ განიხილავენ ომის დასრულებას ზელენსკის არესტოვიჩით ან ზალუჟინით ჩანაცვლებით, მაისაია ამბობს, რომ რთული სათქმელია და ამას, ალბათ, დრო აჩვენებს.

„ზელენსკი ჯერ კიდევ ძლიერად არის და მისი ჩანაცვლება არც თუ ისე ადვილი იქნება. მას აქვს იმიჯი, რომ ის კრემლის ამ გიგანტურ ძალას უპირისპირდება. თუმცა უკრაინაში არესტოვჩის მხარდამჭერების რიცხვი იზრდება. ასევე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ზელენსკის და ზალუჟინის ურთიერთობა როგორ წარიმართება. თუ მან ზალუჟინი გადააყენა, მაშინ ეს უკრაინაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

ზალუჟინს მხარს არმია უჭერს და ომის დროს ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ასევე, სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკელები არესტოვიჩს ზელენსკის შემცვლელადაც მოიაზრებენ. ამერიკას ახლა არჩევნები უწევს და ტაიმ-აუტი სჭირდება. ამერიკა ახლა თავად დგება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ციკლის წინაშე და არჩევნების დროს ყველაფერი ამერიკელებისთვის უნდათ. ამიტომ, როცა ამერიკაში არჩევნები იწყება, ასეთი ომისთვის ძალიან ცუდი პერიოდია. იგივე მოხდა 2008 წლის ომის დროს, როცა ჯოჯრჯ ბუში მიდიოდა და არჩევნები მოდიოდა. რუსეთმა მაშინ ძალიან კარგად შეარჩია დრო. ახლაც შესაძლოა მოვლენები ასე განვითარდეს“, - ამბობს მაისაია.

უკრაინა ფრონტის ხაზზე ჩიხშია

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთს გარკვეული წინსვლა აქვს და, დიდი ალბათობით, მათ იარაღი ჩრდილოეთ კორეადან მიიღეს. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა რუსები, ფაქტობრივად, გადამწვარი მიწის ტაქტიკის გამოყენებას ახორციელებენ. რუსები სწორედ ამის ხარჯზე გადაადგილდებიან წინ. დასახლებულ ადგილებს სრულად ანადგურებენ.

„რუსებიც და უკრაინელებიც კვირაში წინ მხოლოდ ასი მეტრით თუ მიიწევენ. თავის დროზე ზალუჟინმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე კონცეტრირება ფარულად გადაადგილება და ა.შ. ძალიან რთულიაო. ხედვა ლაივრეჟიმში მიდის და სულ სჭირდებათ დაახლოებით, მაქსიმუმ, 10 წუთი, რომ ადამიანმა ადგილი ისე შეიცვალოს, რომ არ შეამჩნიონ. რუსებმა უკრაინელები პოზიციონირებულ დაპირისპირებაში ჩაითრიეს. ამის გარდა, მივიჩნევ, რომ უკრაინის შეცდომა იყო, როცა კონტრშეტავა წინასწარ განაცხადეს, მოლოდინების შექმნა ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა. უკრაინელები ძალიან გრძელ მანძილზე გაიშალნენ, რაც არ იყო ტაქტიკურად გამართლებული. ბახმუტის დაბრუნებაზეც იყო ბრძოლა, ხერსონისკენაც იბრძოდნენ. ძალების ერთ წერტილში კონცეტრაცია ვერ გაითვალისწინეს. ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი კი არის პოლიტიკური, ემოციური, მორალური და ეკონომიკური შემადგენელი“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, ეს ომი რუსეთს აწყობს, ამიტომ უკრაინა რაც უფრო ღრმად შეჰყვება, კრემლისთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

„კიდევ ერთი ზამთარი მოდის. კიდევ ერთი არჩევნები, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ასეთ გამოფიტვის დაპირისპირებაში გადამწყვეტი უკვე აღარ იქნება რა ძალები გყავს ფრონტის ხაზზე. აქ არის მნიშვნელოვანი, რა რეზერვი და რესურსი გაქვს ზურგში. უკრაინა ასეთ გამომფიტავ ომში არ უნდა იყოს ჩართული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ზალუჟინი ამ დროის საუკეთესო სამხედრო ტაქტიკოსია, ერთი აკადემია გვაქვს დამთავრებული, თუმცა მისი განცხადება, რომ დღეს შეუძლებელია მოულოდნელობის მიღწევა, არ მგონია, რომ მთლიანად სწორი იყოს, რადგან იგივე „ჰამასმა“ ისრაელთან მოახერხა“, - ამბობს კაპანაძე.