მელია პარტიიდან მგლის ბილეთით გარიცხეს

მელია პარტიიდან მგლის ბილეთით გარიცხეს

„ნაცები“ საკუთარი პარტიის ბნელ ოთახში დამალულ კატებს ეძებენ, რომელთაც უნდა დააბრალონ პარტიის დაღმასვლა. ხან ნიკა მელიაში, ხან ბაჩო დოლიძეში, ხანაც ნუგზარ წიკლაურში ხედავენ პრობლემას და არ მალავენ, რომ სულ ახლახანს ვითომც გაერთიანების მიზნით შექმნილი მანიფესტი, სინამდვილეში, დიდი განხეთქილების დასაწყისი იყო და სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ჩამოსაშორებლად მომზადდა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის.

სხვაგვარად ხედავს პროცესებს „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე. ის ამბობს, რომ დაუშვებელია ადამიანების პარტიიდან გაგდება, გარიყვა, რაც მას კომუნისტური პარტიის ხელწერას ახსენებს. ამიტომ ხატია დეკანოიძე გახლეჩისგან „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის ერთადერთ გზას პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაში ხედავს. ეს კი ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილის, როგორც მთავარი ამრევის, პოსტი ვაკანტური უნდა აღმოჩნდეს.

„ნაცმოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია პარტიიდან მგლის ბილეთით ადამიანების გარიცხვის რიტორიკას არასწორად მიიჩნევს და აპირებს, სადაც ჯერ არს, დააყენოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც „ნაცური“ მოლაპარაკებები ჩაშალა და არაფერი გააკეთა პარტიის ერთიანობისთვის. ნაყოფიას არც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის რიტორიკა მოსწონს პარტიიდან გარიცხულების შესახებ და ამბობს - „თვითონ გარიცხეს თავისი თავიო, რა ლაპარაკია ეს?!“

ამ შეგონებას არ ცნობენ „ნაცები“ და ჯიუტად იმეორებენ, რომ ვინც მანიფესტს არ მოაწერა ხელი, პარტიის წევრად ვერ დარჩება.

რამდენად სწორია ხატია დეკანოიძე, როცა ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ პრობლემა ლევან ხაბეიშვილშია? ვისი ჩამოშორება უფრო წაადგება პარტიას - ხაბეიშვილის, მელიას, ბაჩო დოლიძის, თუ ნუგზარ წიკლაურის?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ანალოგიურ კითხვას - რა წაადგება პარტიას? - შველის ერთი რეცეპტი, კერძოდ, ის, რომ რასაც სახელი, ე.წ. ბრენდი აქვს და, რაც მოსახლეობისთვის ნაცნობია, ის უფრო მეტად ფასობს. ანუ ცუდად ნაცნობიც კი უფრო სასურველია პარტიისთვის, ვიდრე მეტ-ნაკლებად უცნობი და ახალი სახე. აქედან გამომდინარე, თუნდაც იგივე ნუგზარ წიკლაური ნაცნობი, გარკვეული, ცხადი მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხაბეიშვილმა კი ჯერჯერობით ანალოგიური იმიჯი ვერ დაიმკვიდრა.

„ასე რომ, მაინც მგონია, ძველი კადრების შენარჩუნება პარტიისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ძველების ახლით ჩანაცვლება იმ პირობებში, როცა ეს ახალი არ იციან, ვინ არის. სააკაშვილი ამიტომაც ცდილობს, ძველი კადრები ისევ გვერდით დაიყენოს. ძველების ახლით ჩანაცვლება კარგია ხოლმე მაშინ, როცა ეს ხდება ქვედა სართულებზე, მაგრამ იმ ძველი სახეების ახლით შეცვლა, რომლითაც პარტია უნდა წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, წამგებიანია, რადგან ახალ სახეებს რეიტინგი შეიძლება არც ჰქონდეთ“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის ინიციატივას, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის გაუქმების შესახებ, რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, ლევან ხაბეიშვილის ჩამოშორება პარტიის თავმჯდომარეობიდან დიდი გამოსავალი იყოს, რადგან პარტიის შიგნით ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, წმინდა პოლიტიკური, ფინანსური და ელექტორალური, ანუ ამომრჩევლის ფაქტორი, ამდენად, ლევან ხაბეიშვილის თავჯდომარეობიდან ჩამოცილების ცალკე ფრაზის სროლა ყველას შეუძლია, მაგრამ ამის შედეგი რა იქნება, არავინ იცის.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ პრობლემა საკუთარ სტერეოტიპებში ყოფნაა, ისინი თავიანთ ნაჭუჭში არიან, ამ ნაჭუჭიდან ვერ გამოდიან, ახალი პოლიტიკური აზროვნება კი მათ არ გააჩნიათ.

„ნაცებს“ არ სჭირდებათ რეფორმები, როგორც ავტორიტარული ტიპის პოლიტიკურ პარტიას, ეს პარტია ძალზე ტოქსიკური, სახიფათო და ჩამყაყებულია. ამ ჭაობში არიან, როგორც კიკიმორები და ყიყინებენ. მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ლევან ხაბეიშვილის, ის უნდა იყოს „ნაცმოძრაობაში“, რათა ეს პარტია კიდევ უფრო ჩაიძიროს პოლიტიკურ ჭაობში. ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილის ტრუბადურია, „ნაცმოძრაობამ“ თავისი ძალიან ცუდი მისია უკვე შეასრულა და ამოწურა საკუთარი თავი და მას ვერც მელიას გაშვება უშველის და ვერც ხაბეიშვილის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.