„დასავლეთში ყველა თავის ფულს ითვლის, ჩვენ კი სხვის ფულს ვითვლით, იქ მოთხოვნები ეკონომიკური ხასიათისაა, ჩვენთან კი ეკონომიკური აზროვნება იშვიათობაა - ვაჭრებს ადამიანებად არ თვლიდნენ...“

„დასავლეთში ყველა თავის ფულს ითვლის, ჩვენ კი სხვის ფულს ვითვლით, იქ მოთხოვნები ეკონომიკური ხასიათისაა, ჩვენთან კი ეკონომიკური აზროვნება იშვიათობაა - ვაჭრებს ადამიანებად არ თვლიდნენ...“

8 დეკემბრის გადაწყვეტილებამ ოპოზიციას გეგმები - ხელისუფლების რევოლუციით შეცვლა ერთი წლით გადადო. კერძოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია შეეცდება ისევ ააგოროს ქუჩის პროტესტი იმ მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამაზე იწყებს მობილიზებას. 2012 წლის შემდეგ ტრადიციულად, ყველა არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გამოდის ქუჩაში და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს, მათ შორის 0,1%-იანი პარტიებიც კი.

რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ უკლებლივ ყველა შედის როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე საკრებულოში. ამჯერად, როგორც ჩანს, სტრატეგია განსვავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ, მეტ-ნაკლებად, აქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა, აქვთ ფინანსებიც და შესაბამისად, შემართებით ემზადებიან რევანშისთვის.

შედგება თუ არა ქუჩა - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, შეძლებს კი ამ სახის „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის ქუჩაში გაყვანას და როგორ ფიქრობთ, ქუჩაში რატომ ხედავენ პოლიტიკურ მომავალს?

რამაზ საყვარელიძე: არ გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ ადრე არაერთხელ გვიხსენებია, რომ ამგვარი ხავერდოვანი რევოლუციების სცენარების ერთ-ერთი ავტორი არის ამერიკელი პოლიტოლოგი - ჯინ შარპი, რომელმაც 80-იანი წლებში დაიწყო ამ ტიპის სცენარების ბეჭდვა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა შარპი დაპატიჟეს მოსკოვში და ბალტიისპირელებს მოასმენინეს როგორ უნდა მოხდეს გადატრიალება არა ძალადობრივი გზით, რაც შესანიშნავად შეასრულეს საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. ხაზგასმით არაძალადობრივი ხერხები ჰქონდათ და საერთოდ, საბჭოთა კავშირის დაშლაში ბევრ ისეთ იდეას წააწყდებით, რომელიც შარპთან ფიგურირებდა.

ამ შარპის რეცეპტებში დეტალურად არის დაწერილი რა უნდა მოხდეს. ერთ-ერთი ასეთი დეტალი არის მასმედია, რომელიც უნდა გახდეს დამრტყმელი ძალა, როგორიც იყო „რუსთავი 2“ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში. და, არის კიდევ ასეთი რეცეპტი - ხელისუფლებით უკმაყოფილების პროცესები უნდა მოჰყვეს არჩევნების გაყალბებას - არჩევნები გაყალბდას ძახილი და მერე ამ გაყალბებაზე ხალხის სამართლიანი პროტესტი. თუ არჩევნები გაყალბდა, ხალხს აქვს ძალადობის უფლება, იმიტომ, რომ წაართვეს თავიანთი პოლიტიკური უფლებები. აი, მაშინ მორალურად წელში გამართული ხალხი დაიწყებს ქვეყნის ხელისუფლების დემონტაჟს, ასეთია ჩანაფიქრი.

2003 წლის რევოლუციაც არჩევნებს უკავშირდებოდა...

- იქ, სხვათა შორის, შიგნით მოხდა ჯახი. შევარდნაძის მარჯვენა ხელი ნუგზარ საჯაია ერთ-ერთი სხდომის დროს დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანიას და უთხრა - „რად გინდოდათ, რატომ გააყალბეთ არჩევნები, არ სჭირდებოდა შევარდნაძეს არჩევნების გაყალბება, მაგრამ თქვენ მაინც გააყალბეთ“ - ო. მართალი იყო საჯაია. არ სჭირდებოდა შევარდნაძეს არჩევნების გაყალბება, მაგრამ ესენი, ანუ ახალგაზრდა რეფორმატორიების გუნდი წვეთ-წვეთად აყალბებდა არჩევნებს იმ მოტივით, რომ ხალხის ცნობიერებაში ჩაბეჭდილიყო ფორმულირება - ეს, ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც 2003 წელს. შესაბამისად, რევოლუციას დაუკავშირდა არჩევნები.

საინტერესოა, რატომ დააკავშირა შარპმა რევოლუცია არჩევნებთან?

- იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება რევოლუციურად განწყობილ ხალხის მასებს აძლევს მორალური უპირატესობის განცდას. ნახეთ, დღესაც სოციალურ ქსელში კამათი მიმდინარეობს იმაზე, რომ აბა, კარგი იყო შევარდნაძის ხელისუფლება არჩევნებს რომ აყალბებდაო?! არჩევნების გაყალბება ეს სერიოზული ბერკეტია იმისთვის, რომ ხალხის მასებმა მოძრაობა დაიწყონ.

2012 წლის შემდეგ პროცესებს თუ გადავხედავთ, სულ ცდილობდა ოპოზიცია პროცესების რევოლუციური გზით განვითრებას, მაგრამ ვერ ახერხებდა, - რატომ?

- იმიტომ, რომ რაღაც ისეთ რეჟიმში გადავიდა არჩევნების გაყალბების თემა, რომ დამკვირვებლებამაც კი ვერ დაადასტურეს არჩევნების გაყალბება. 2003 წელს დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდაო. 2012 წლის შემდეგ ვერც ერთ არჩევნებზე ვერ თქვეს დამაკვირვებლებმა არჩევნები გაყალბდაო. საჩივრებიც კი არ იყო წესიერად წარმოდგენილი. ამიტომ, ვერც ერთ არჩევნებზე ეს დაძახილი, რომ გაყალბდა, მყარი და დაჯერებული არ იყო. თვითონ კი იძახდნენ გაყალბდა და არ შევალთ პარლამენტშიო, მაგრამ ხალხი არ აყვა. ამით რევოლუცია ვერ გამოიწვიეს, მხოლოდ თვითონ იდგნენ ქუჩაში. სწორედ იმიტომ, რომ გაყალბების დამამტკიცებელი საბუთები არ იყო.

ახლა, როცა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არის რევოლუციური გზით ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაცია, რამდენად შეძლებენ იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა და გაყვება ამ პარტიას ამომრჩეველი, თუნდაც ამ მოტივით?

- დარწმუნებული ვარ, ახლაც არ იქნება გაყალბების საბუთები. იმიტომ, რომ არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ გაყალბება. თუ ოდესმე არ სჭირდებოდა, ყველაზე უფრო არ სჭირდება ახლა. რატომ უნდა გააყალობს, თუ არ მოხდა იგივე და სპეციალურად გავიხსენე საჯაიას ფაქტორი - თვითონ ისინი, ვინც ოპოზიციაში აპირებდა გადასვლას და ამითი აპირდებდნენ მერე თავისი ოპოზიციონრობის გამოცდილებას. კიდევ ერთი მაგალითი, ერთ-ერთი პრეტენზია იყო ის, რომ დენი არ იყო. ჩაბნელებული იყო მთელი საქართველო. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, დენი ჩაირთო.

ჩემი ნაცნობი შემხვდა, რომელიც მაგ სისტემაში მუშაობდა და ღიმილით მკითხა, კი მაგრამ თუ იქამდე გაფუჭებული იყო, ახლა სააკაშვილის მოსვლით რატომ გაკეთდა ვითომ მე-9 ბლოკიო? თან კვდებოდა სიცილით. როცა ვკითხე, აბა, რა ხდებოდა-თქო, მიპასუხა, რომ იმ სიმაღლიდან გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ არ გაგვეშვა დენი, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესრულებინაო. ანუ, საპროტესტო მუხტს უნდა გაკეთება სხვადასხვა მეთოდით.

არის ყოფითი მეთოდი, პოლიტიკური მეთოდი არჩევნების გაყალბება და არის გეოპოლიტიკური მეთოდი, როცა უნდოდათ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამ მეთოდით ატყდებოდა კონფლიქტი. ეს გოლოტიკური ნაწილიც არ გამოვიდა, ყოფითი მოტივები ძალიან ცოტაა. ამიტომ არჩევნებზე ექნებათ იმედი, მაგრამ იმდენად არაფერში არ სჭირდებათ ამ არჩევნების გაყალბება, რომ ალბათ, არ გაყალბდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 წელი იყო ხელისუფლებაში, 10 წელია ოპოზიციაში არიან, მაგრამ ამ პარტიის წევრების იდეოლოგია არ იცვლება. რატომ უჭირთ სწორად მოვლენების ანალიზი და რატომ არის აქცენტირება ქუჩაზე, რადიკალიზმზე, სისხლზე, ეს რა პოლიტიკაა?

- მათ არც ჰქონიათ სხვა პოლიტკა. მათ ხომ არასოდეს კონცეფცია არ შეუთავაზებიათ ამომრჩევლისთვის. ერთადერთი ლოზუნგი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ოღონდ ეს ლოზუნგი იყო. 2003 წელს ყველაზე დიდი პლუსი „ნაცმოძრაობის“ იყო ის, რომ მობეზრდა ხალხს შევარდნაძე და მეორე ის, რომ მოდიოდა ახალგაზდრობა, რომელმაც არ იცის ვინ არიან, მაგრამ ახალგაზრდები არიან და რეფორმატორები ჰქვიათ. მახსოვს ლევან გაჩეჩილაძე იძახდა - რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ შევარდნაძეა პირველი პირი და აღარ შემიძლია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მარტო შევარდნაძეს უნდა ვუყუროო. არის ეს ფაქტორი პოლიტიკაში და მეორე ის, რომ მოდის ახალი თაობა. იყო ეს სტერეოტიპები, რომ ახალი თაობა სიახლეებს მოიტანსო, მაგრამ დღეს, უკვე ეს მოდელი არ გამოვა. ანალოგიური ვითარებაა ახლაც, ამომრჩეველთან გასვლა და მუშაობა არასოდეს არც მაშინ არ იცოდა და არც ახლა იცის ეს საქმე გადასარევად სხვა პარტიებმაც.

პოლიტიკური პარტია არ იზრდება, მაგრამ არ იზრდება არც ამომრჩეველი. მარტომ პოლიტიკოსებს, ალბათ, ვერ დავაბრალებთ ამას, ჩვენ, ამომრჩევლებიც, ალბათ, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთ მხარეს გვყავს რადიკალური ძალა და მეორე მხარეს ხელისუფლება, რომელიც ამ რადიკალებს ეხმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტივია მასთან ოპონირება...

- ოპოზიციასთან დაკავშირებით ერთადერთი გვინდა, რომ არ გაეკარონ ხელისუფლებას, არ ჰქონდეთ ძალა-უფლება. რაც შეეხება კითხვას - ხალხი... ძალიან მნიშვნელოვან თემას ჰკიდებთ ხელს. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც ხალხს არ აქვს ჩამოყალიბებული - რა უნდა. ოპოზიცია, პრაქტიკულად, არ არსებობს და ა.შ. გამოკვეთილი თემები არის ხოლმე. მაგალითად, სომხეთში ყარაბაღის თემა, ისევე როგორც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების თემა, რომელიც არავინ გამოიყენა. ეს თემა რომ წამოწიოს რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ, ალბათ, ექნება მხარდაჭერა საზოგადოებაში. ანუ, არის თემები, რომელიც გეოპოლიტიკური პირობების გამო გააჩინა რუსეთმა და აი, იმ პრობლემებს ვიცნობთ და ვხედავთ. სხვა პრობლემები არ ვიცით, ვერ ვხედავთ. არის ყველგან ინფლაცია? - არ ვიცით. არის საპენსიო რეფორმებზე მთელი რიგი პრობლემები? - არ ვიცით და ა.შ. რას ნიშნავს, რომ არ ვიცი? - სხვაგანაც ბევრი რამე არ იციან, ოღონდ არის განსხვავება. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ დრო გვჭირდება ამ ხარვეზის გამოსასწორებლად.

დასავლეთში ყველა თავის ფულს ითვლის, ჩვენ კი სხვის ფულს ვითვლით. იქ თუ არის რეაქციები იმაზე, რომ რაღაცა გაძვირდა, რაღაცის პროცენტმა მოიმატა და ა.შ. ანუ, მოთხოვნები ეკონომიკური ხასიათისაა - რატომ? - იმიტომ, რომ მცირე ეკონომისტი ყველა დასავლეთის მოქალაქეში ზის. ჩვენთან ეკონომიკური აზროვნება იშვიათობაა და მით უმეტეს საქართველოში, სადაც თვლიდნენ, რომ საზოგადოების ნაწილი ვაჭარია. არისტროკატია იყო წამყვანი ნაწილი, თორემ ვაჭრებს ადამიანებად არ თვლიდნენ.

აი, ამ საქართველოში დღეს კიდევ გენიალური სიტუაცია გაქვს იმ მხრივ, რომ ქართველები ჩართული არიან სავაჭრო საქმიანობაში. ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში და არც თუ დიდი ხანი უნდა იმას, რომ ქართველთა მენტალიტეტში ეს ყოფითი ეკონომიკური ცოდნა მომწიფდება და შედეგს გამოიღებს. საქართველოში ისეთი ტემპით მიდის კომერციის გაშლა და განვითრება, რომ, ალბათ, მალე ქართველები სახელმწიფოსთვის მოთხოვნების წაყენების კუთხით ერთ-ერთ თემად წამოაყენებენ ეკონომიკურ მოთხოვნებს და ეს უკვე იქნება მიახლოება დასავლეთის ცხოვრების წესთან.