„წარმოუდგენელია ასეთი რაღაც მოხდეს ევროპულ სივრცეში, როცა პარტიის ლიდერი რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯით პარტიიდან მის ყოფილ თავმჯდომარეს რიცხავს“,- ენმ-ში დაპირისპირება პიკს აღწევს

„წარმოუდგენელია ასეთი რაღაც მოხდეს ევროპულ სივრცეში, როცა პარტიის ლიდერი რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯით პარტიიდან მის ყოფილ თავმჯდომარეს რიცხავს“,- ენმ-ში დაპირისპირება პიკს აღწევს

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია, ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან ფარატინა ქაღალდზე ერთი ხელმოწერით პარტიის ბორტს მიღმა დატოვა.

„...არ ირიცხება. ეს თუ ამთავრებს ამ თემას, არ წარმოადგენს (პარტიას). არ არის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ის წევრები და პარტიაში ნიკა მელიას მხარდამჭერები, მელიას პარტიიდან გარიცხვას და ლევან ხაბეიშვილის ქმედებას სამარცხვინო და მდაბიო საქციელად აფასებენ. გიორგი პატარაიას შეფასებით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებისთვის იბრძოდა.

„ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან... ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ალბათ, ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელებს უწესებდნენ. ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, კეთილდღეობისთვისა და წარმატებისთვის იბრძოდნენ“, - აღნიშნა გიორგი პატარაიამ.

გიორგი ბარამიძემ დაწერა, რომ ის არასდროს ყოფილა მელიას გარიცხვის მომხრე და ახლაც ამ აზრზე რჩება.

„კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ“, - წერს გიორგი ბარამიძე.

„პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არასერიოზულ დამოკიდებულებას იძენს.

„შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები. გასაგებია, ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი არ გამოიყურება კარგად. ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში. პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, ასეთი პირი უჩანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, პირდაპირ დავით კეზერაშვილის დავალების გახმოვანება იყო. აბაშიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილმა აჩვენა ის, რომ პარტია, რომელიც დეკლარილებულად პროევროპულად ითვლება, არადეკლარილებულად არის მისი სპონსორის, ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის ორგანიზაცია.

„წარმოუდგენელია ასეთი რაღაც მოხდეს ევროპულ სივრცეში, როცა პარტიის ლიდერი რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯით პარტიიდან მის ყოფილ თავმჯდომარეს რიცხავს. იბადება შეკითხვა, სად არის აქ პარტიული წესდება, სტრუქტურა, ორგანიზაცია. ეს არის ევოპული დამოკრატია, რისი ვითომ დამკვიდრებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს? ეს არის ფარსი და უპირველეს ყოვლისა „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფა. თუ სურთ მელიას გარიცხვა, ამას შესაბამისი პროცედურები აქვს. თუმცა სააკაშვილ-კეზერაშვილის პირობებში ენმ-ის პოლიტიკური ვარდები ყიველდღიურად ჭკნება.

რასაკვირველია, ეს გუშინდელი პერფორმანსი, რომელიც ე.წ. ოფსერვიზიის ეთერში შედგა, კიდევ უფრო გაამწვავებს ნაციონალებში სიტუაციას. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება არჩევნებამდე 11 თვით ადრე. იმის მაგივრად, პარტია ემზადებოდეს, რომ გაძლიერებული შეხვდეს, ნამსხვრევებად იშლება. ამას ხელს უწყობს ის ადამიანი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ეწოდება. მას არანაირი განათლება, პოლიტიკური ალღო არ გააჩნია. მისი ერთადერთი იარაღი ფინანსებია და ჰგონია, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ტელევიზიებით და ენჯეობით საწადელს მიაღწევს. ენმ ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო დაქუცმაცდება და ჩამოიშლება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით, პარტია უკვე დაზიანებულია და ის კიდევ უფრო დაზიანდება. აბაშიძის აზრით, მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს - შექმნის თუ არა ის დამოუკიდებელ პარტიულ სტრუქტურას თუ შეეტენება „ლელოს“ და გახარიას პარტიას.

„ახალი პარტიის შექმნას უდიდესი ფინანსური რესურსები ესაჭიროება, რაც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას და მის გარემოცვას არ გააჩნია. შესაბამისად, იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდნენ, სადაც არის ფინანსები. ასეთები კი, რასაკვირველია, ხაზარაძე - ჯაფარიძის კლანია.

ვიცით, რომ პარტიული ბლოკები დაუშვებელია და მხოლოდ პარტიები ასპარეზობენ. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ამომრჩეველი მოაკლდება, ფაქტია. პარტიაში პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ კეზერაშვილ-სააკაშვილის პარტიას მომავალი არ აქვს. ამიტომ თვითონ ინდივიდუალურად საკუთარი თავის უფრო წარმოჩენაზე იბრძოლონ და არა სააკაშვილის მესიჯების თუთიყუშებივით გამეორებაზე“,-ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ჩქარობენ. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მელიას თავიდან მოშორება უნდათ, რათა დამშვიდნენ და დაწყნარდნენ. მელია კი ჯერჯერობით გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, არ ღებულობს. რაც შეეხება იმას, დაზარალდება თუ არა ენმ მელიას წასვლით, ძაბირაძე ამბობს, რომ პარტია ახალი ელექტორატის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გინდა ერთად დარჩნენ და გინდა გაიყონ.

„თუკი ენმ გაიყოფა, ვფიქრობ, ორივე მათგანს ექნება პერსპეტქივა, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ეს გაყოფა სხვა გავლენას ვერ მოახდენს. ვფიქრობ, რომ მელიამ შეიძლება უფრო შეძლოს ენმ-ის გარეთ მყოფი ოპოზიციური ამომრჩევლის მხარდაჭერა. როგორც ჩანს, სააკაშვილი წავიდა კომპრომისზე, რადგან პარტიას ფინანსები სჭირდება. ასევე არის კიდევ ერთი მომენტი, რომ საარჩევნო სიის დაკომპლექტების დროს, მას დიდ ანგარიშს არ გაუწევენ. კეზერაშვილი, ფაქტია, რომ სააკაშვილს დიდ ანგარიშს უკვე აღარ უწევს და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს. მგონია, რომ სიას, რომელსაც კეზერაშვილი თავის გუდთან ერთად შეადგენს, სააკაშვილს წარუდგენენ და ის ხელს მოაწერს. ფაქტია, რომ ამ მანიფესტის გამოქვეყნებით, მან კეზერაშვილს ამ ყველაფრის უფლება უკვე მისცა“, - ამბობს ძაბირაძე.