„ამდენი ხალხის მუშაობა არაფრად ჩათვალო და თქვა, მე გავიყვანე რუსული ბაზებიო,  პრეზიდენტისგან ცოტა უხერხულია“

„ამდენი ხალხის მუშაობა არაფრად ჩათვალო და თქვა, მე გავიყვანე რუსული ბაზებიო,  პრეზიდენტისგან ცოტა უხერხულია“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს, ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირადად იცნობს და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ, როგორც რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესის უშუალო მონაწილე, ისტორიული სინამდვილის შეულამაზებლად გადმოცემის მომხრეა.

For.ge ვაჟა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

უკვე მერამდენედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი მან გაიყვანა საქართველოდან. ჯერ კიდევ 2018 წელს მან, როგორც ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, საკუთარი ღვაწლი დაინახა ამ საქმეში. ცხადია, ზურაბიშვილი შეხვდა ლავროვს და ოკუპანტის ჯარის გაყვანაში მისი წვლილიც უნდა დავინახოთ, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ სტამბოლის სამიტზე დაიწყო, როცა 1999 წლის 17 ნოემბერს ადაპტირებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა, ბორის ელცინმა, ედუარდ შევარდნაძემ, რაც კრემლს ვაზიანის და გუდაუთის ბაზების გაყვანას ავალდებულებდა, ბათუმის და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას კი დროებით აძლევდა. რას გაიხსენებთ ამ ისტორიიდან?

- საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას ძალიან ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს. ეს პროცესი დაიწყო 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან. იმ პერიოდში 5 კონკრეტული ბაზა ჰქონდათ რუსებს ჩვენს ქვეყანაში. ერთი იყო თბილისში-ვაზიანის ბაზა, მეორე იყო აფხაზეთში სადესანტო პოლკი, რომელმაც აფხაზეთსა და, კონკრეტულად, გუდაუთაში ქართველები დაამარცხა, სწორედ ამ ბაზიდან ბომბავდბენ წელიწადისა და სამი თვის განმავლობაში სოხუმს რუსები. მოგეხსენებათ, ეს რუსების ომი იყო და არა ქართველების და აფხაზების ომი. რუსული ბაზები კიდევ იყო ახალქალაქსა და ბათუმში. მეხუთე ბაზად შეიძლება ჩაითვალოს რუსული ჯარის მთელი სახეობა, რომელიც ზემოხსენებულ ოთხ ბაზაზე აღმატებული იყო რაოდენობითაც და აღჭურვილობითაც. ერთადერთი საზღვარი ნატოსთან ჯერ საბჭოთა კავშირის და მერე რუსეთის დროს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა თურქეთთან. ამიტომ რუსებს ეს საზღვარი ძლიერ გამაგრებული ჰქონდათ. 1997 წლის ბოლოს ჩვენ ყველაზე დიდი რუსული ბაზა გავიყვანეთ საქართველოდან. ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ეს რუსული ბაზები კონფლიქტის ზონებში იყო განთავსებული, საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე. აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას რუსები „იცავდნენ“, ასევე, ცხინვალის რეგიონში ჩრდილო კავკასიასთან რუსები იდგნენ. ეს საზღვარი ჩვენს მიერ დაცული არ ყოფილა, იქ რუსები იდგნენ.

რუსული ჯარის გაყვანა დასავლეთის ჩარევის გარეშე ვერ ხერხდებოდა. რამდენად ქმედითი და პრინციპული იყო მაშინ დასავლეთი, რომელმაც ელცინის დაყოლიება შეძლო?

- მაშინ ამერიკა ძალიან მოგვეხმარა. სამჯერ ვარ ჩასული ვაშინგტონში და ისინი გვაფინანსებდნენ. დიდი ინფრასტრუქტურის გარეშე საზღვარი შეუძლებელია. ეს თავიდან ბოლომდე ამერიკელების დამსახურება იყო. ამერიკაში იმ დროს კლინტონი იყო პრეზიდენტად. 1998 წლის დასაწყისიდან უკვე ჩვენ ვიცავდით საზღვარს, ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა მაშინდელმა სასაზღვრო ჯარების უფროსმა ვალერი ჩხეიძემ. ამის შემდეგ 1999 წელს სტამბოლში ეუთოს სამიტი შედგა, მე არ ვესწრებოდი იმ სამიტს, მაშინ პრემიერი ვიყავი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ესწრებოდა. მოგეხსენებათ, ახლა ველოდებით ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას, იმ სამიტზეც ევროკავშირის ლიდერები იყვნენ, ასევე, სამიტში მონაწილეობდა ნატოც და თურქეთიც, რომელსაც დემირელი წარმოადგენდა. ჯერ ერთი, ასე პირდაპირ არ მომხდარა რუსული ჯარის გაყვანა, ამას უძღოდა კულუარული მოლაპარაკებები, ბრძოლები, ომები, ათასი რამ, საქართველოდან დიპლომატების, სამხედრო ექსპერტების მთელი ჯარი მუშაობდა. მე კიდევ მაშინ ჯერ ელჩი ვიყავი და ყოველდღიური ბრძოლა მიწევდა კრემლის ხელმძღვანელობასთან, მთავრობასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. ასე სიმწრით მომზადებული იყო ყველაფერი. სტამბოლის სამიტის სხდომაზე ძალიან შეუტიეს იქ დამსწრე ელცინს, ყველაზე მეტად შეუტია კლინტონმა, ისე მწარედ შეუტია, რომ ელცინმა თავი ნაწყენად იგრძნო, გავიდა, დატოვა სხდომა, არ დაემშვიდობა არავის, გაფრინდა მოსკოვში.

საქართველოს გამო შეუტიეს?

- დიახ, რადგან რუსები ეწინააღმდეგებოდნენ ჯარების გაყვანას. რუსეთს აფხაზეთის თემაც გაუხსენეს, მაგრამ ძირითადი იყო ბაზების გაყვანის საკითხი. რუსეთმა ჯარების გაყვანის შესახებ დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა. მთლიანობაში, რუსული ბაზების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო ამდენმა ქვეყანამ, ამდენმა პრეზიდენტმა. იმ პერიოდში ნატოსა და ევროკავშირში ზურა აბაშიძე იყო ჩვენი ელჩი და ისიც გარკვეულ მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში. დღეს კი ამდენი ხალხის წვალება არაფრად ჩათვალო, არ შეიძლება. ჩანაწერი ასეთი იყო: „რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ 2009 წლამდე“. რუსებმა მყისიერად დაიწყეს ამ ჩანაწერის შესრულება. პირადად მე 2000 წელს წამოვედი მთავრობიდან, მაგრამ სანამ მთავრობაში ვიყავი, თბილისიდან რუსებს გავაყვანინეთ ყველაზე დიდი ვაზიანის ბაზა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. იმიტომ ჰქონდათ ამხელა ინფრასტრუქტურა, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, ცენტრი აქ იყო, ეს იყო მათი ცენტრალური ბაზა. ჩემი დაჟინება იყო და გავაყვანინეთ გუდაუთიდან სადესანტო პოლკიც, რადგან ამ სადესანტო პოლკმა დაგვამარცხა და დიდი საშიშროების შემცველი იყო. გუდაუთაში ორჯერ ჩავედი, რათა დავრწმუნებულიყავი, ნამდვილად გავიდნენ თუ არა გუდაუთიდან რუსები. მაშინ გვქონდა ასეთი ურთიერთობა, ვერ გამიწიეს წინააღმდეგობა არძინბამ და სხვებმა, ორჯერ ჩემი თვალით ვნახე, რომ ისინი გასულები იყვნენ. ამ ორი დიდი ბაზის გაყვანის შემდეგ დარჩა კიდევ ორი ბაზა ახალქალაქსა და ბათუმში, რაც შედარებაც არ იყო იმასთან, რა ბაზებიც გავიყვანეთ. ჩვენს მიერ გაყვანილი ბაზები 90% იყო, თუ მეტი არა, ბაზების 10% კი დარჩა. ეს 10%-იც უნდა გასულიყო სადღაც 2009 წლამდე.

რა ეტაპზე ჩაერთნენ საქართველოსა და რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრები ზურაბიშვილი და ლავროვი ამ საქმეში?

- ეს უკვე სააკაშვილის განცხადებებს მოჰყვა. 2005 წელს სააკაშვილმა რატომღაც ეს საკითხი გაამწვავა. სააკაშვილი იძახდა, გაიყვანეთ რუსული ბაზებიო. იგი დსთ-ს სამიტზე იმყოფებოდა და იქ გაამწვავა მდგომარეობა. არადა, მანამდე უკვე პუტინის განცხადებები იყო და, ასევე, რუსების მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჩვენ თვითონ გვეჩქარება ამ ბაზების გაყვანა და ვადაზე ადრე გავიყვანთ ამ ჯარებსო. დიდ წინააღმდეგობას არ წევდნენ რუსები, ოფიციალურ განცხადებას აკეთებდნენ, რომ ვადაზე ადრე გაიყვანდნენ, ყველაფერ ამის ამოწევა და ნახვა შეიძლება. სწორედ ამ ფონზე, ვითომ ამ ახალი გამწვავების მოსაწესრიგებლად, ორი მინისტრი - ზურაბიშვილი და ლავროვი ხვდება ერთმანეთს. რატომღაც მათ ახალი პროტოკოლი შეადგინეს და ახალი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ 2008 წლის ბოლომდე.

ეს ახალი პროტოკოლი იმისთვის დასჭირდათ, თითქოს ისტორია მათგან დაიწყო?

- არ ვიცი, რატომ დასჭირდათ ახალი პროტოკოლი, მაგრამ მე კითხვას ვსვამ, 2008 წლის ბოლო არის 31 დეკემბერი, 2009 წლის დასაწყისი კი არის 1-ლი იანვარი, როცა ჩვენი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის ჯარები უნდა გასულიყვნენ, ერთი მითხარით, 2008 წლის 31 დეკემბერსა და 2009 წლის 1-ელ იანვარს შორის რაიმე სხვაობას ხედავთ? რეალურად, არანაირი სხვაობა არ არის და ძველი ჩანაწერი გაიმეორეს ზურაბიშვილმა და ლავროვმა. ჯერ ერთი, თუ ასეა, არც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს ისეთი უფლებამოსილება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პრეზიდენტების გარეშე გადაწყვიტოს და მიიღოს. ამდენად, თუნდაც რუსეთის ჯარების გაყვანა საკუთარ თავზე რომ აიღოს, მინიმუმ, სააკაშვილი მაინც უნდა ახსენოს ამ ქალბატონმა.

ხომ შეიძლება, გამორჩა, ან არ ჰქონდა ინფორმაცია ზურაბიშვილს, რომ ასეთი მძიმე მოლაპარაკებები უძღოდა წინ რუსეთის ჯარების გაყვანას?

- არა, დაავალეს და უთხრეს, წადი და ხელი მოაწერეო, ალბათ, სააკაშვილმა უთხრა, წადი, ხელი მოაწერეო და ისიც წავიდა. 2007 წლის ბოლომდე რუსები გავიდნენ, მათი არც ერთი ბაზა 2008-ში აქ უკვე აღარ იყო.

თქვენც ასე ფიქრობთ, რომ რუსები იმიტომ გავიდნენ ერთი წლით ადრე აგვისტოს ომამდე, რომ შემდეგ შემობრუნებულიყვნენ?

- რა თქმა უნდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს იყო 2008 წლის აგვისტოს დიდი პროვოკაციისთვის მოსამზადებელი პერიოდი. ამას გარდა, კიდევ იყვნენ სამშვიდობო ჯარები, რომელთა გაყვანაც საქართველომ კატეგორიულად მოითხოვა. იმ პერიოდში ორჯერ გამოვედი პარლამენტში და ნათქვამი მაქვს, რომ ასე არ შეიძლება, ამას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია. რა რეაქცია იქნებოდა რუსეთის მხრიდან, ამას დიდი გათვლა არ სჭირდებოდა. რუსეთი იტყოდა, ჩვენ საქართველოში ვართ, როგორც მშვიდობის დამამყარებელი ხალხი, ასე შერცხვენილები აქედან რომ გავყარეთ, ყველაფერს იზამდა რუსეთი, რათა ეთქვა, ჩვენ საქართველოში ტყუილად კი არ ვიყავით, არამედ დიდ როლს ვასრულებდით, აი, ნახეთ, რა დაგემართებათ უჩვენოდო. აგვისტოს ომშიც რუსებმა მოაწყეს ის, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით. მათ გააკეთეს ის, რაც უნდოდათ, შემოიყვანეს თავიანთი ჯარები. თუკი წინა ჯარები, ანუ ორი დარჩენილი ბაზა იყო გაეროს ლეგიტიმაციით და გაეროს მანდატით, ასევე, დსთ-ის ქვეყნების (და არა რუსეთის მანდატით) და საქართველოს მანდატითაც იყვნენ, ამაზე ჩვენც ხელს ვაწერდით, ახლა უკვე შემოაბრუნეს ეს ჯარები ვინმესთან შეთანხმების გარეშე და დღეს მიმდინარეობს ამ რეგიონებში ოკუპაციის გაგრძელების თავხედური პროცესი. ზუსტად ეს უნდოდათ რუსებს.

სააკაშვილმა რომ მოითხოვა რუსული ბაზების დაჩქარებულად გასვლა, ესეც თამაში იყო, რომ ისევ შემოეყვანათ რუსები?

- ვერ გეტყვით, მაგრამ ვიღაცის შემოგდებული და გამწვავებული რომ იყო ეს თემა, ჩემთვის უეჭველია. ისევე, როგორც ცხინვალში მომხდარი პროვოკაცია, რასაც ჩვენები წამოეგნენ აგვისტოს ომის წინ. რაც შეეხება გაეროს ჯარებს, ექვს თვეში ერთხელ გაერო აგრძელებდა მათი ყოფნის მანდატს. თანაც, ამას სჭირდებოდა დსთ-ს ქვეყნების გადაწყვეტილება, რადგან დსთ-ს სამშვიდობო ჯარი ერქვა. ასევე, ცალკე უნდა მიეღო გადაწყვეტილება რუსეთის ზედა პალატას, ფედერალურ საბჭოს, რომ თავის კონტინგენტს საქართველოში შემოყვანის უფლებას აძლევდა. ჩვენ უნდა მოგვეწერა ამაზე ხელი. ამდენი ლეგიტიმაცია ჰქონდა გაეროს ჯარებს. მე ჩავაწერინე დოკუმენტში, რომ ჩვენ ცალმხრივად შეგვეძლო გამოვსულიყავით ამ შეთანხმებიდან. 1998-99 წლებში, როცა პრემიერი ვიყავი, სნგ-ს სამიტს მივაღებინეთ გადაწყვეტილება და ელცინმა ორჯერ მოგვიწერა ხელი, რომ ამ სამშვიდობო ძალების მანდატი შეცვლილიყო. მანდატი არის ორნაირი-იძულებითი და ნებაყოფლობითი. მაშინ იყო ნებაყოფლობითი, ანუ იძულებითი მოქმედებების უფლება იმ ჯარს არ ჰქონდა. ის იყო სასაზღვრო ჯარი, მოკლედ, ფიქცია იყო. ჩვენ ვითხოვდით, შეიცვალოს ეს უფლებამოსილება, რომ ამის საფუძველზე არ ემოქმედათ ისე, რაც მოხდა იუგოსლავიაში, სადაც შევიდნენ სამშვიდობო ძალები და იძულებითი ოპერაციები ჩაატარეს. ამას ვითხოვდით, რომ შეცვლილიყო გაეროს მანდატი, ეს ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის და ასე ხისტად არ მივცემდით საბაბს რუსებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოქმედათ.

რუსეთმა რომ გამოაცხადა, ჩვენ თვითონვე გვეჩქარება ჯარების გაყვანა და უნდა გავიყვანოთ ბაზები 2009 წლამდეო, ამ აჩქარების მოტივად რა დაასახელეს?

- მოტივი არ უთქვამთ, რატომ ჩქარობდნენ, მაგრამ მათ გვითხრეს, თქვენ თუ არ გინდათ ჩვენი ჯარები, ჩვენ გავდივართ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. მათ უნდოდათ, სათქმელად ჰქონოდათ, თითქოს საქართველოში ყოფნა არ აინტერესებდათ. მართლაც ასე თქვეს შემდეგ, ჩვენ გავედით და ხომ ხედავთ, უჩვენოდ რა გააკეთეთ, მერე გვთხოვეს აფხაზებმა და ისევ შემოვედით მაგათ დასახმარებლადო.

შეიძლება ზურაბიშვილს არ სცოდნოდა, რომ რუსული ბაზების გაყვანას საქართველოში მის ჩამოსვლამდე ამდენი ხალხი ცდილობდა, მათ შორის, თქვენ, ირაკლი მენაღარაშვილი და სხვები. იქნებ, ჰგონია, მართლაც თვითონ გაიყვანა ბაზები?

- რა ჰგონია, ეს ისტორია მაგან არ იცის? ალბათ, რაღაცაში დასჭირდა. რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, ამის დაკნინებას არ ვაპირებ, რაღაც მნიშვნელობა, ალბათ, ჰქონდა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტსაც, მაგრამ თუ მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ჰქონდა მნიშვნელობა, ამდენი ქვეყნის ხელმძღვანელების ხელმოწერებს, ევროკავშირის ქვეყნების, ნატოს ხელმოწერას, თურქეთის ხელმოწერას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების (შევარდნაძე-ელცინის) ხელმოწერას ძალა არ ჰქონდა? თანაც, მთავარი ის არის, რომ რუსული ბაზების 90% უკვე გასული იყო. ორი ბაზა იყო დარჩენილი-ახალქალაქის და ბათუმის პატარა, უმნიშვნელო ბაზები. ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მათი გასვლაც, მაგრამ ამდენი ხალხის მუშაობა არაფრად ჩათვალო და შენი ერთი ხელის მოწერა ჩათვალო მნიშვნელოვნად და თქვა, მე გავიყვანე რუსული ბაზებიო, ეს ცოტა უხერხულია.

 

 

Aburjga Tasmanieli ჰოდა ძალიანაც მიჰქარეთ თქვენ, მეც მივქარე ჩემი წილი, "ბრძენმა" ქართველმა ხალხმა ხომ საერთოდ.... იმაზე დამოუკიდებელი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში საქართველო ვერასდროს იქნება! ტრაკის მიცემას მაინც ხომ არავინ გვაძალებდა? ასე იცის უკუდო ამპარტავნობამ! როგორ ასე? როგორ და ასე !!!
8 თვის უკან