ტერორისტული აქტი აღკვეთილია, თუმცა საფრთხე არ მოხსნილა

ტერორისტული აქტი აღკვეთილია, თუმცა საფრთხე არ მოხსნილა

ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.

დღე-ნახევრის განმავლობაში, დამატებით ჩატარდა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, უკრაინის ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ესბეუ“-ს თანამშრომლებმა. ეს გარემო ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში, ამ ეტაპზე, ჩანს ერთადერთი, საბოლოო ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამიტომ, სხვა მიმართულებებთან ერთად, გამოძიება აქტიურად მუშაობს, რა კავშირშია ეს ფაქტი, როგორც 4 ოქტომბრის არჩევნებთან, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებთან.

უკრაინის მოქალაქე, მიხაილო სკრუბსკი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ადასტურებს, რომ კონკრეტული ნივთების გადატანა სთხოვეს, თუმცა არ იცოდა, რა იყო. მისი ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, დაკავებულს სატვირთო მანქანა ჰყავდა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა მას სთხოვა, რაღაც ნივთების გადატანა, კონკრეტულად რა იყო შიგნით, მისთვის უცნობი იყო.

„უთხრეს, რომ აქ დახვდებოდა პირი, რომელიც ამ ნივთებს წაიღებდა. სწორედ ამ ნივთების გადაცემის დროს იქნა ორივე პირი დაკავებული. აღიარებს, რომ არ ვიცოდი რა იყო, არ უნდა წამომეღოო. მათ არ ვიცნობდი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ, პირადობის წარმოდგენის შემდეგ, გამომატანესო, მან არაფერი იცოდა. ბათუმში უნდა დახვედროდა პიროვნება, რომელიც წაიღებდა ამ ნივთებს, მეტი არ იცის. ის ტრანზიტული მძღოლია, ხშირად უწევს ჩამოსვლა, გარკვეული საგნები ჩამოაქვს და უკან ბრუნდება. არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი. მეორე პირი, როგორც ვიცი, დუმილის უფლებით სარგებლობს“, - განაცხადა დალი ბარბაქაძემ.

როგორც ჩანს, გამოძიებამ უკრაინელი მოქალაქეების დაკავებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის კავშირი გამოკვეთა. გამოცემა Prime time-ი წერს, რომ ამ სკადალურ საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს.

„ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ, პარლამენტის „აღების“ გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული. სანდო წყარომ „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან, ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.

რაც შეეხება ახალაიას კავშირებს „ასაფეთქებელი ნივთიერების“ სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით, ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა „დახმარებას უკრაინიდან“, დახმარება კი, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ამასთანავე, ახალაია მუდმივ კავშირზეა გია ლორთქიფანიძესთან და ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სწორედ მას უნდა გაეწია კოორდინაცია, რათა ტვირთი მისულიყო ავლაბარში, „ავლაბრელ მეგობართან“, როგორც თავად მოიხსენიებდა.

ბაჩო ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრები გვიდასტურებენ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბაჩო ახალაია შავიშვილის ქუჩაზე იმყოფება, რამდენიმე დღის წინ კი მან უახლოეს მეგობრებს უთხრა, რომ მას დრონებით, ინტენსიურად უთვალთვალებენ და, შესაძლოა, ამან მათ გეგმებს პრობლემები შეუქმნას“, - წერს გამოცემა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდა დადგინდეს, ვის უნდა ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ზიანის მიყენება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერზე მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება იქნება.

„რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, მათ შორის, დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ასე შემდეგ, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს, ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს. როგორც მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი დასაშვებია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ქვეყანასა და ქართველ ხალს. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მას არ უნდა კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი და საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს.

„არ ვიცი, შესაბამისი უწყებები, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ დეტალს ფლობენ აღნიშნულთან დაკავშირებით, იმ მუქარებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაეცემა პასუხი და ყველაფერს მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში. არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ქვეყანაში, ცხადია, რომ ყველაფერი დასაშვებია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ნივთიერების ბოლო დანიშნულების ადგილად თბილისი, ავლაბრის უბნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დასახელდა. მისი თქმით, „ვივარაუდოთ“, რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა ჩვენთვის კარგად და ავად ცნობილი, СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე.

„დიახ, სწორედ ის გია ლორთქიფანიძე, რომლის უშუალო მონაწილეობა 2021 წლის გაზაფხულზე, იმ კონკრეტული ტრაილერის კონკრეტული მძღოლის გადმობირებაში, რომელმაც შემოდგომაზე, კონტრაბანდულად ჩამოგვიტანა „ტოქსიკური ტვირთი“, ეჭვგარეშეა და დამტკიცებულია ჩვენებებით. ეს ის გია ლორთქიფანიძეა, რომელიც აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე სხვა, არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც კი დადგება ამის ჟამი.

აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, გია ლორთქიფანიძისა და მისი კოლეგების კვალში წინა პერიოდშიც, იმავე მარშრუტით (უკრაინა-EU-თურქეთი-საქართველო) ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, ჩვენთან საშიში ტვირთების გამოგზავნის საქმეში. ერთადერთი, რაშიც არ ვარ დარწმუნებული, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ ახალი გარემოებების ჭრილში, საქართველოდან გაძევებული იქნება უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებული (chargé d’affaires) რომან იაკოვენკო“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სუს-ში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას, რასაც შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყოლოდა. ანალიტიკოსის, დავით ჩიხელიძის განცხადებით,  ინფორმაცია, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს, თავისთავად, ეს გარემოება აჩენს კითხვას: რატომ და რა მიზნით ცდილობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას?

„გამოძიების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა იმის დადგენა, არსებობს თუ არა კავშირი ამ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს შორის, როდესაც რადიკალური ჯგუფები უკვე ხმამაღლა აანონსებდნენ დაპირისპირებასა და არეულობას. ამ კუთხით, ორი ჰიპოთეზა ჩნდება: პირველი - ქართველი რადიკალები, უკრაინელი პარტნიორების დახმარებით, ქვეყანაში ქაოსის შეტანას ცდილობდნენ; მეორე - უკრაინული სპეცსამსახურები თავად იყვნენ ინიციატორები და ქართველ რადიკალებთან ერთად, დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, რაც უფრო ფართო გეოპოლიტიკური სურათის ნაწილად შეიძლება აღვიქვათ, მომხდარიყო საქართველოს ცხელ წერტილად გადაქცევა.

ორივე სცენარი ერთსა და იმავე დასკვნამდე მიგვიყვანს - მათი მიზანია, საქართველოში არსებული მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი მიზანმიმართულად ქცეულიყო ქაოსად. უმნიშვნელოვანესია კითხვა, ვის აწყობს საქართველოში არეულობა, არჩევნების წინ? პასუხი შემდეგია, ქართულ აგენტურას და გარე ძალებს. როგორც არ უნდა განვითარდეს გამოძიება, აშკარაა, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება და სწორედ ეს უნდა გახდეს საზოგადოებისთვის მთავარი გაფრთხილება. არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა დავიცვათ ქვეყანა არეულობისა და ძალადობის სცენარის განვითარებისგან“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეულნი დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, სახელმწიფო თავს იკავებდა და იკავებს, გადადგას უმკაცრესი ნაბიჯი უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რადიკალურ ძალებთან ერთად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ახლა რევერანსების დრო წავიდა.

„ჩემი გონივრული ეჭვით, საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ, რთული მისახვედრი არაა. მათ შორის, ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა და ჩვენი დატაკება რუსეთთან. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების - აქ რომ გრიალებენ - უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს.

ის, რომ ასაფეთქებელი მასალა „ჰექსოგენი“ (ვისაც ჩეჩნეთის ომი და სახლების აფეთქებები გახსოვთ, სწორედ „ჰექსოგენი“, „ტროტილზე“ ათჯერ მძლავრი, გამოიყენებოდა), არ მოიაზრებოდა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით სადმე სხვაგან გადასატანად. როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი საქართველოში უნდა დარჩენილიყო და აქ ყოფილიყო გამოყენებული. რაც მთავარია, ამის ორგანიზატორი გახლდათ უკრაინის უშიშროების სამსახური, ანუ ეს არ გახლავთ არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქციაა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

 



 

მარბიელი ხბოს აღტაცებაა! არანაირი ტერაქტი აღკვეთილი არაა; 1. იქნებ რუსეთში უნდა გადაეტანათ? 2. იქნებ ამაზე მეტი უკვე შემოტანილი და დაბინავებულია?
ის დროა სუსს, პოლიციას და ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდოთ: ასი თვალი, ასი ყური!
1 საათის უკან
მარბიელი ეს ბაჩო ახალაია, ნაწვიმარზე ბუჩქქვეშ შეყუჟული გომბეშოსავით რომ იყურება... არის რამე სისაძაგლე, მას რომ არ უკადრია? ათი ქელი ვიჯექიო, ის სიკვდილამდე ციხეში უნდა იჯდეს ნამოქმედარისთვის! დაბრალება მიუღებელია, მაგრამ არ იზამს? არ იკადრებს თუ რა?
1 საათის უკან
დოი მძღოლებს უნდა მიეცნენ,რას მოქვის არ იცოდა რა გადასცეს.რომ მალავდნენ ეჭვიც არ გაუჩნდა?!...არავინ არ უნდა დაიდოს,ამხელა საფრთხეში აყენებენ ხალხს!
44 წუთის უკან