„ციდან დაუცველი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ სწრაფად ვერ მიიწევენ და დასავლეთს თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს“

„ციდან დაუცველი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ სწრაფად ვერ მიიწევენ და დასავლეთს თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს“

რატომ შენელდა უკრაინის კონტრშეტევა და რა არის ამის მიზეზი? დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევის ტემპით უკმაყოფილოა და უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. ამის პარალელურად, უკრაინა ცდილობს, რომ ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ კონტრშეტევის ტემპის შენელების მიზეზი დასავლეთიდან საჰაერო თავდაცვითი სისტემების „ეფ-16“-ის არმიწოდებაა, ამიტომ ციდან დაუცველი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ სწრაფად ვერ მიიწევენ. ამიტომ დასავლეთს თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს.

ბოლო დროს მოსკოვში და რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ხშირი ხდება უკრაინის თავდასხმები და აფეთქებები. უკრაინელები აცხადებენ, რომ კამიკაძე დრონებით თავდასხმები რუსეთის ტერიტორეიაზე სულ უფრო ხშირი გახდება. რას ცდილობს უკრაინა და რას შეცვლის ეს ომის მსვლელობაში?

- უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიაში ცვლილებებია და ეს არის რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანის მცდელობა. დარტყმები, რომელიც მოსკოვის და მის გარეუბნების მიმართულებით არის განხორციელებული, თავად უკრაინის მიერ წარმოებული დრონების მეშვეობით ხდება. ამიტომ დასავლეთი უკრაინას ამის გაკეთებას ვერ აუკრძალავს. ამ დრონებს, რომლის წარმოებაც უკრაინამ დაიწყო, შეუძლია 1500 კმ მანძილის გადაფრენა ერთი მიმართულებით, რადგან ეს კამიკაძე დრონებია. მოსკოვამდე უკრაინიდან უმოკლესი მანძილი კი 850 კმ-ია. უკრაინამ დაიწყო აქტიური საცეცხლე ზემოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე უკრაინასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, რუსების ქვედანაყოფებზე თავდასხმები, რომელიც კურსკის, ბელგოროდის რაიონებში მდებარეობს. შესაბამისად, სადაც კი არტილერია მიწვდება, უკრაინელები თავდასხმებს ახორციელებენ.

ეს არის სიახლე და ამას ახორციელებს უკრაინა საკუთარი იარაღით და ამაში არ იყენებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკურ დონეზეც ცვლილებები განიცადა.

ეს იმის გამო ხომ არ ხდება, რომ უკრანამ ამ ეტაპზე კონტრშეტევის კუთხით ხელშესახებ წარმატებას ჯერ ვერ მიაღწია?

- დიახ, რადგან ფართო მასშტაბზე კონტრშეტევების შედეგად, ხელშესახები წინსვლა ვერ იქნა მიღწეული, ახლა უკრაინამ დაიწყო მცირე ჯგუფებით წერტილოვანი დარტყმები. ამ დარტყმებს კონკრეტული ამოცანისთვის ახორციელებს და ეს ლოკალურ ადგილებზე ხდება. ასევე, ნუ გამოვრიცხავთ პუტინის მოწინააღმდეგე შიდა ძალებს, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან ერთად, დივერსიულ აქტებს ახორციელებენ. ამიტომ, წესით, უკრაინამ ახლა მაინც რაიმე გარდატეხა ომში უნდა შეიტანოს. ხოლო, უკრაინის მხრიდან, მოსკოვის და სხვა მისი ტერიტორიების კამიკაძე დრონებით თავდასხმის მთავარ მიზანს ფსიქოლოგიური ფაქტორი წარმოადგენს. ამით უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ შედეგები, რომელიც ომს მოაქვს, რუსეთის მოქლაქეებმაც მიიღონ სტრესი და გადაიღალონ. არ არის უკვე არავისთვის საიდუმლო, რომ ომმა გაჭიანურებული სახე მიიღო. ორივე მხარე გამოფიტვას ცდილობს. აი, ამ გამოფიტვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ მორალურ ზემოქმედებას აქვს. ასევე, ამ მორალურ ზემოქმედებას განიცდის წინა ხაზზე სანგრებში გამაგრებული რუსული ჯარის დანაყოფები, რომლებიც თავის დროზე ვერ იღებენ როტაციას, სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას. ზუსტად უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმები ამ ფსიქოლოგიურ წნეხსაც ემსახურება.

დასავლურ მედიაში აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის კონტრშეტევით უკმაყოფილოა. მათი აზრით, უკრაინას აქამდე რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა ფრონტის ხაზზე უნდა შეეტანა. რა არის მიზეზი, რის გამოც, ამ ეტაპზე, სწრაფი წინსვლა არ ხდება?

- რაც შეეხება დასავლეთის შესაძლო უკმაყოფილებას უკრაინის კონტრშეტევის ტემპით და შედეგით, რომელზეც საუბარი დასავლურ მედიაშია, ამ შეშფოთებას საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან ყველა წარმატებულ და მოკლევადიან კონტრშეტევას ველოდით. კონტრშეტევის შენელების მიზეზი საჰაერო დახმარების დროულად არმიწოდებაც არის, რომელიც უკრაინელებს ასე ძალიან სჭირდებათ. „ეფ-16“-ის დროულად მიწოდების შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამასთანავე, დანაღმული ველების პირობებში, სწრაფი წინსვლა საჰაერო თავდაცვის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ დასავლეთს თუ ამ კუთხით კითხვები აქვს, პირველ რიგში ეს კითხვები სააკუთარ თავს დაუსვას. ეს შეშფოთება უკრაინელების მხრიდანაც ისმის, რადგან ისინი საჰაერო თავდაცვის კუთხით უფრო მეტ დახმარებას ელოდნენ. ვინაიდან იღებენ იმას, რასაც იღებენ, ამის გამო უკრაინელებს ტაქტიკის მხრივ ცვლილებები უწევთ. ამის გამო უკრაინელები იძულებულები არიან ფართო მასშტაბის მაგივრად, პატარა ლოკაციებზე მოახდინონ დარტყმები და რუსეთის თავდაცვა ამ ფორმით გაარღვიონ.

რაც შეეხება რუსეთს, რა არის ახლა ომში მისი მთავარი სამიზნე, ბოლო დროს მათი ინტერესის ობიექტი ზაპოროჟიეს მიმართულებაა. რატომ ეს მხარე?

- ფრონტის ხაზი შემდეგი საბრძოლო ხელოვნების სამ თეატრად დავყოთ. უკრაინის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთის მიმართულება. ჩრდილოეთით კუპიანსკის მიმართულებაზე რუსები შეტევას ახროციელებენ, რაც უკრანელების მხრიდან ხერსონიდან და ზაპროჟიედან რეზერვების გადასროლას იწვევს, რათა რუსების შეტევის შეჩერება მოხდეს. ბახმუტის მიმართულებაზე, ცენტრალურ ნაწილზე, უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ. თუმცა, ხდება შემხვედრი ბრძოლები, რათა რუსები დაკარგული ტერიტორიის ისევ დაკავებას ცდილობენ. უნდათ, რომ კონტრშეტევებით უკრანელების წინსვლა შეანელონ და შეაფერხონ. ზაპროჟიეს მიმართულებაზე ძირითადად მაინც დარტყმები ვიწრო მიმართულებით მიდის. უკრაინელები ცდილობენ, რუსების უზრუნველყოფის ხაზი გაარღვიონ და პირველ ზონამდე გავიდნენ. ამის შემდეგ შეძლებენ მანევრი გააკეთონ და დნეპრს სამხრეთის მიმართულებიდან შემოუარონ. ჯერჯერობით ორივე მხრიდან მძიმე ბრძოლები აქ მიდის. დიდი მასშტაბები არ არის, მაგრამ ეს სისხლისღვრას არ გამორიცხავს ორივე მხრიდან. რუსების ამოცანაა, რომ უკრაინელების წინსვლა არ დაუშვან და რამენაირად შეძლონ დაკარგული ტერიტორიების აღდგენა. უკრაინელები კი ცდილობენ მოპოვებული ტერიტორიები გაამყარონ. ხერსონის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ სარეიდო მანევრით, მდინარე დნეპრის გადალახვას და მარცხენა ნაპირზე არსებული კუნძულების დაკავება შეძლონ. ეს არის პლაცდარმის მომზადების მოქმედებები და ასევე - რუსული ძალების ამ ადგილებზე მიჯაჭვა.

რა რესურსი აქვს ახლა რუსეთს იარაღის მარაგის შესავსებად და საიდან ახერხებს ის იარაღით ჯარის შევსებას?

- ამ კუთხით სიახლეა, რადგან ასპარეზზე ჩრდილო კორეა გამოჩნდა, ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია, რომ მასთან როგორმე საკვები და სასმელი შევიდეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რუსებს ბარტერულად საკვებზე, ხორბალზე, სასმელზე იარაღი გაუცვალონ. კორეელბს თავისი წარმოება გააჩნიათ. მართალია არაეფექტურია, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობის. ასე რომ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ რუსებმა თავისი სამრეწველო კომპლექსის აღდგენა შეძლეს და საბრძოლო მასალის გამოშვებას აგრძელებენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ომი ხანგრძლივი და გაჭიანურებული იქნება. ორივე მხარე იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ ერთმანეთი გამოფიტონ. უკრაინელებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული საბრძოლო მასალის და ტექნიკის წარმოება უნდა დაიწყონ. თუმცა ევროპის და მსოფლიოს დახმარებას უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ დღეს უკრაინის შეიარაღების 80% შემოდის დასავლეთიდან, უკრანელები უნდა ეცადონ, რომ ეს 40%-მდე შეამცირონ. მესმის ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ ქვთ, რადგან ომი დიდხანს კიდევ თუ გაგრძელდა, დასავლეთი მუდმივად ამხელა დახმარებას ვერ შეძლებს.