კახა კალაძე: იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არიან უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე, არ არის გამორიცხული, ეს ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს

კახა კალაძე: იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არიან უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე, არ არის გამორიცხული, ეს ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირება და ამ საქმეში ბაჩო ახალაიას ფიგურირება, შესაძლოა, კავშირში იყოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან.

როგორც დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ, კახა კალაძემ განაცხადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნები არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ხალხს აუბედურებდა“, გამორიცხული არაფერია.

არაფერი არის გამორიცხული იმის გათვალისწინებითაც, თუ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი. შემთხვევით, ის ადამიანები ხომ არ არიან, წლების განმავლობაში აქ, საქართველოში ხალხს რომ აუბედურებდნენ და თუ რაიმე უბედურება ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მათი ჩართულობით ხდებოდა. ხომ არ არიან, შემთხვევით, ეს ადამიანები იქ მაღალ თანამდებობებზე?“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ძალიან ბევრი დეტალი გაირკვევა.

ძალიან ბევრი რამ გაირკვევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ცხადია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იქნა ჩატარებული, პრევენციული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალაიას მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარში გამჟღავნებულ დეტალებს, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განხილვები მიმდინარეობდა, ამ სტატუსითაც დასტურდება.

ის, რომ მიმდინარეობდა განხილვები და მზადება სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ეს დადასტურდა, თუნდაც, ამ სტატუსით. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, შესაბამისი უწყებები მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. მე თავს შევიკავებ, მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.