სარეკლამო ეს-ემ-ეს-ებმა მოსახლეობას სიცოცხლე გაუმწარა _ დღეში მილიონჯერ “გვაცნობებენ”, ამ და ამ მაღაზიაში ამდენპროცენტიანი ფასდაკლებაა, საცურაო კოსტიუმები კი, ყველაზე იაფად აქა და აქ იყიდებაო... ე.წ. სატელეფონო რეკლამას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მაგრამ სარეკლამო შეტყობინებამდე, მომხარებელს ეკითხებიან, უნდა თუ არა, რომ სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღოს. სხვათა შორის, რუსეთში ყველა სარეკლამო მესიჯს ახლავს ნომერი, რომლის აკრეფის შემთხვევაში, აბონენტის ნომერი ე.წ. სარეკლამო ბაზიდან ქრება... საქართველოში სმს რეკლამა კი დაინერგა, მაგრამ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე არავინ ფიქრობს _ კომპანიას, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა, სულაც არ აინტერესებს, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავ ასეთ გზავნილებზე თვალის გადავლებით. ჰოდა, დღე ერთია და ათასი სარეკლამო მესიჯი “მოდის”, თითოეული მესიჯი კი, მომხმარებლის უფლების დარღვევაა...
ამირან შენგელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია “ეტიკეტის” პრეზიდენტი: _ “მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მაშინ, როცა სჭირდება. რეკლამა და ინფორმაცია კი, სხვადასხვა რამეა... მოსახლეობის უმეტესობას აინტერესებს, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ არასასიამოვნო რეკლამას... რეკლამა, როგორც წესი, ფასიანია. არადა, მომხმარებლებს თავიანთი ტელეფონის ნომრები უფასო რეკლამებისთვის არავისთვის მიუციათ. ტელეფონის ნომერი დახურული ინფორმაციაა, რომელსაც, არც მეკითხებიან, ისე ხელყოფენ, რაც ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. მისაღებია, როცა მესიჯი სატელეფონო კომპანიიდან მომდის და ამ მესიჯით სერვისის გაუმჯობესებას მთავაზობენ, მაგრამ მიუღებელია, როცა ამა თუ იმ მაღაზიაში ფასდაკლების შესახებ დღეში უამრავი მესიჯი მომდის...”
ერთი სიტყვით, “არამკითხე” მოკლე ტექსტური გზავნილებით მომხმარებლის უფლებები ირღვევა, საქართველოში კი, დღემდე არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. რა უნდა ქნას სარეკლამო ეს-ემ-ეს-ებით შეწუხებულმა მომხმარებელმა?
ამირან შენგელია: _ “დედა უნდა შეაგინოს და გული მოიფხანოს _ მეტს ვერაფერს იზამს, რადგან კანონი არ არსებობს. პარლამენტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონზე მუშაობს, მაგრამ ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და ამ კანონის მიღებისთვის არავის სცალია... კანონპროექტს, ალბათ, მომავალ წელს განიხილავენ, მანამდე კი, სარეკლამო გზავნილების ატანა მოგვიწევს”.
სხვათა შორის, “ქართული სიტყვა” ორი დღე ცდილობდა “ჯეოსელის” კომპეტენტურ თანამშრომელთან დაკავშირებას. ოპერატორები დაჟინებით იმეორებდნენ, ადამიანები, რომლებსაც ამ თემაზე საუბარი შეუძლიათ, შვებულებაში არიანო. მოგვიანებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, რომ “ჯეოსელს” ამ საქმეში, როგორც იტყვიან, ხელი აქვს დაბანილი, ანუ სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც სარეკლამო მესიჯებს აგზავნის, საერთო არაფერი აქვს. არადა, ფაქტია: სარეკლამო კომპანიებს, რომლებიც სატელეფონო რეკლამით მდიდრდებიან, “მაგთის”, “ჯეოსელისა” და “ბილაინის” ე.წ. აქტიური ნომრების ბაზაზე მიუწვდებათ ხელი, თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია “ეტიკეტის” პრეზიდენტის, ამირან შენგელიას თქმით, ჯი-ეს-ემ ოპერატორები უარყოფენ, რომ სარეკლამო კომპანიებს ზემოხსენებული ბაზა გადასცეს:
_ “მეც მაინტერესებს, თუ ვინ მისცა სარეკლამო კომპანიას ჩემი ნომერი? ჩემს ფართზე სხვისი რეკლამა არ მინდა, არადა, მობილური ტელეფონი ჩემი ფართია. ვიღაცა კი მაიძულებს, რომ სხვისი რეკლამა ვიკითხო.
ამას წინათ, სარეკლამო მესიჯი “არაი თუმოროუდან” მომივიდა. დავრეკე და გავარკვიე, რომ ინფორმაცია, რომელიც მესიჯით მომივიდა, სარეკლამო კომპანიისთვის მიუციათ. ამ სარეკლამო კომპანიას, ვიდრე ამ მესიჯს გამომიგზავნიდა, აზრად ერთხელ რატომ არ მოუვიდა, რომ ჯერ ის მოეწერა, თანახმა ვარ თუ არა, ასეთი ტიპის გზავნილები მომივიდეს? ხშირად ისეთ რაღაცებსაც მწერენ, რომელიც ძალიან მაბრაზებს, თუ გინდათ ზღვაზე გასაბერი ნავი, ჩვენთან მოდითო...”
“ქართული სიტყვა” იმ სარეკლამო კომპანიასაც დაუკავშირდა, რომლის მიერ გამოგზავნილი მესიჯები არც დღე გვაძლევს მოსვენებას და არც _ ღამე. როგორც აღმოჩნდა NSG ჯგუფი “ბილაინის” შვილობილი კომპანიაა და სწორედ სატელეფონო რეკლამაზე მუშაობს. ამ კომპანიის მიერ გამოგზავნილი მესიჯი “ბილაინის” აბონენტს შეიძლება, მიუვიდეს და ეს გასაკვირი არც იქნება, მაგრამ ვინ მისცა ამ კომპანიას სხვა ოპერატორის აქტიური ნომრების ბაზა? _ ამ შეკითხვით მიმართა “ქართულმა სიტყვამ” ზემოხსენებული სარეკლამო კომპანიის თანამშრომელ ნატა ჩხაიძეს. შვებულებაში ვარ, გავარკვევ, კომპანიიდან ვის შეუძლია თქვენ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და აუცილებლად დაგიკავშირდებითო, _ განუცხადა “ქართულ სიტყვას” ნატა ჩხაიძემ, მაგრამ NSG ჯგუფიდან არავინ შემოგვხმიანებია. ისე, შვებულებაში გასული სარეკლამო კომპანიის თანამშრომლიდან “ქართულმა სიტყვამ” იმის გარკვევა მაინც მოახერხა, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, დარეკოს კომპანიაში და მოითხოვოს თავისი ნომრის ბაზიდან ამოღება, რის შემდეგაც შემაწუხებელი გზავნილები აღარ მიუვა, თუმცა ერთი სარეკლამო კომპანიის ბაზიდან აბონენტის ამოღება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ “ეს-ემ-ეს ტერორიზმისგან” სამუდამოდ დაცული იქნებით _ როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, მსგავსი საქმიანობით საქართველოში რამდენიმე სარეკლამო კომპანიაა დაკავებული...