რამდენად რეალურია უკრაინის გაყოფის სცენარი და ომის „ახალი რეალობის“ გათვალისწინებით დასრულება - რა ვარიანტებზე საუბრობს ორბანი

რამდენად რეალურია უკრაინის გაყოფის სცენარი და ომის „ახალი რეალობის“ გათვალისწინებით დასრულება - რა ვარიანტებზე საუბრობს ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მისი ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა - რუსეთის, დემილიტარიზებულ და დასავლეთის ზონებად, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Magyar Nemzet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორბანის მტკიცებით, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები უკვე აღიარებს რუსეთის ზონის" არსებობას და ახლა მხოლოდ მისი ზომა და ფორმატი განიხილება. უნგრეთის პრემიერის თქმით, ე.წ. დემილიტარიზებულ ზონასთან დაკავშირებული საკითხიც კვლავ ღიად რჩება.

როგორც ჩანს, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დღეს ევროპა ელეგანტურად" საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები სინამდვილეში უკრაინის გაყოფას ნიშნავს. უკრაინის გაყოფის შედეგი იქნება რუსეთის ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლეთის ზონა. რუსეთის ზონა უკვე არსებობს. დღეს დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორბანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გეგმა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციასთან ომს გამოიწვევს და ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. მისივე თქმით, საჭიროა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, რაც ითვალისწინებს სტრატეგიულ თანამშრომლობას და უკრაინის უარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ორბანის განცხადება პირად ინტერსებზე მიუთითებს და რეალობასთან კავშირში არ არის.

ჩემი აზრით, ვიქტორ ორბანს პირადი ინტერესები ამოძრავებს. როგორც ჩანს, მას უნდა, რომ ასე იყოს, რადგან ორბანის დიდი ავტორიტარული რეჟიმისთვის ხელსაყრელი ვარიანტი იქნება. ორბანი და რობერტ ფიცო პუტინის გავლენის ქვეშ არიან. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ესენი პუტინის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით, იწონებენ. სავარაუდოდ, ამ გეგმების განხორცილება მათთვისაც სარგებლის მომტანი იქნება.

მათი სურვილია რუსეთის გეოპოლიტიკურ გეგმებს როგორმე წყალი დაასხან. უკრაინელებმა კი პირდაპირ უარი განუცხადეს ფიცოს, რომ სტრატეგიულ ნავთობსადენს მწყობრიდან არ გამოიყვანდნენ მტრის ტერიტორიაზე. რუსები კი გადავიდნენ ძალიან არაჰუმანურ ქცევებზე - აბსოლუტურად ყველაფერს ბომბავენ. მაგალითად გუშინ პირდაპირ პრემიერ-მინისტრის კაბინეტი დაიბომბა.

ამიტომ უკრაინაც ახორციელებს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას. მთავარი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ უკრაინელები რუსებისგან განსხვავებით არ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას და მწყობრიდან არ გამოჰყავთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ობიექტები.

მოკლედ, უკრაინა საერთაშორისო ომის წესებს არ არღვევს. თუ გახსოვთ, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ეკონონიკური ომი გამოუცხადა, როცა საკუთარ ტერიტორიაზე გაზსადენი ააფეთქეს და ჩვენ გაყინული დაგვტოვეს. მერე კი საერთოდ სამხედრო აგრესია განახორციელეს.

აქედან გამომდინარე, უკრაინელები საერთაშორისო სამართალს იცავენ, თუმცა ბუნებრივია, მტრის ტერიტორიაზე იმ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, საიდანაც ხორციელდება რუსული სამხედრო აგრესია, რაც ომის კანონს სრულად შეესაბამება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ რეზონანსთან".