რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 17-ე წლისთავთან დაკავშირებით კვლავ ძველი ტექსტით ლაპარაკობს - ისევ ითხოვს, რომ თბილისმა ცხინვალთან და სოხუმთან "ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს", ამასთან, უწყების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და "აგრესიის აღიარება შეასძლოა შერიგების წინაპირობა გახდეს".
ანალიტიკოსთა შეფასებით, გზავნილები მოსკოვიდან კვლავ პროვოკაციული და ცილისმწამებლურია.
7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა "დიფ სთეითი" დაკვეთით დაიწყო".
"სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წელს, ის არ წარმოადგენდა საქართველოს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სისხლიანი დიქტატურა დაამყარეს და გაყალბების გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს არ წარმოადგენდა. ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი.
კითხეთ დონალდ ტრამპს ვინ არის „დიფ-სთეითი". სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით „დიფ-სთეითის" დაკვეთით დაიწყო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო განცხადებებს "სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის აღიარება"-ს უწოდებს.
ზახაროვა კვლავ სახელმწიფოებად მოიხსენიებს ოკუპირებულ ცხინვალსა და ოკუპირებულ აფხაზეთს და მიაჩნია, რომ "აგრესიის აღიარება" გახდება"სამ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყების წინაპირობა".
"რა ხდებოდა ძალიან კარგად მახსოვს"
ექსპერტი კავკასიის საკითხბში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზახაროვა კვლავ ძველ ტექსტს ატრიალებს წლიდან წლამდე და მასში წაყენებული მოთხოვნების შესრულების პერსპექტივა არ არსებობს.
"ზახაროვა ამ განცხადებას წლიდან წლამდე იმეორებს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავობაში. ჩემთვის უფრო საყურადღებოა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის (მაგალითად ზატულინის) განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ვერ დალაგდება, რადგან ობიექტური რეალობა არსებობს, რომ საქართველოში არავინ არ შეურიგდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას და ის, რაც ზახაროვას ტექტშია, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ცეცხლის გამოუყენებლობის თაობაზე და მერე საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე - ეს გამორიცხულია",- განაცხადა არეშეიძემ.
ექსპერტმა ზახაროვას განცხადების იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ "პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადებაა".
"ეს პირველად 2008 წელს ითქვა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, ეს გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო მიდგომებშიც. ამას საქართველო ხელს არ აწერს და ასე იქნება. რაც შეეხება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, მიუხადავად იმისა, რომ ასეთი ნათქვამი არსებობს, რომ "ომი საქართველომ დაიწყო", "სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო", მე ამის მომხრე არ ვარ, ომი დაიწყო ზუსტად რუსეთმა, კოსოვოს პრეცედენტიდან გამომდინარე - დაუგო ხაფანგი ქართულ მხარეს და ქართულმა მხარემ დაიწყო კონკრეტული ბრძოლა პირველმა და არა ომი.
"ომი დაიწყო რუსეთმა და ამისთვის მზადება. მე, როგორც ამ ამბების უშუალო მონაწილე, კარგად მახსოვს ეს მზადება როგორ მიმდინარეოდა - მაშინდელი სამხედრო ცდების "კავკასია 2008"-ის ფონზე.
რა ხდებოდა ძალიან კარგად მახსოვს, მაგალითად, 2008 წლის ჯერ კიდევ ივლისში ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი. აქედან გამომდინარე, ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ კონკრეტული ბრძოლა სააკაშვილის ხელისუფლებამ. იცოდა, რომ ხაფანგში აყოფინებდნენ თავს და შეგნებულად გაყო",- განაცხადა მამუკა არეშიძემ "რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და საქართველო გახდა მსხვერპლი, როგორც სეპარატისტების, ისე დაქირავებული მებრძოლების.
"კრემლი მანიპულაციის ევერესტია, პროპაგანდასა და ცილისწამებაში ბადალი არ ჰყავს, მარია ზახაროვაც იგივე გზავნილებს აჟღერებს და მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი რომ არა ის ნაწილი, სადაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს იყენებს. ჩვენ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, რომ შემდეგ ჩვენმა მტრებმა ჩვენივე წინააღმდეგ არ გამოიყენონ.
"თუ მაინცდამაიც არის "დიფ სთეითი", ეს რუსეთის ფედერაციაშია, ასეთი მემგონი არავის არც დაესიზმრება. გარდა მმართველობის სტილისა, პუტინის მოსვლიდან დღემდე მარტო 67 კაცია მოკლული მომწამვლელი საბრძოლო შხამების გამოყენებით, კობახიძეც მართალია, რომ ომი მართლაც "დიფ სთეითმა" - რუსეთმა დაიწყო და მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება (მომწონს, თუ არა) იძულებული იყო ადეკვატური პასუხი გაეცა.
"ქალბატონ ზახაროვას მინდა შევახსენო, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლი ჯერჯერობით არავის არ გაუუქმებია. რატომღაც არ ვითვალიწეინებთ იმას, რომ ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტომდე დაქირავებული მებრძოლები იყვნენ შემოსულები, დაახლოებით 500-600 ადამიანი, მერე მათი რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
დაქირავებული მებრძოლების შემოსვლა საერთაშორისო სამართლით ყველაზე მძიმე დანაშაულია. 51-ე მუხლით სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ მის წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო მოქმედებები.
ესაა ინდივიდუალური თავდაცვის პრინციპი, რომელიც სახელმწიფოებზე ვრცელდება და ჩვენ გავხდით პირდაპირი მსხვერპლი არა მარტო ოსი სეპარატისტების, არამედ უცხოელი დაქირავებული მებრძოლების და მერე მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა.
შესაბამისად, მაშინდელი ხელისუფლება იძულებული იყო საბრძოლო მოქმედებებით ეპასუხა, რომ ჩვენი ტერიტორია დაქირავებული მებრძოლებისგან გაეწმინდა და აღეკვეთა. სროლები კი სწორედ სეპარატისტული რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან დაიწყეს, იქიდან გახსნეს ცეცხლი, დაიღუპა ჩვენი ორი მშვიდობისდამცველი, ესაა სამშვიდობო კონტინგენტზე თავდასხმა, რაც საერთაშორისო სამართლით დასჯადი ქმედებაა.
მერე ადგილობრივი ადმინისტრაციის სამთავრობო კორტეჟზე პირდაპირი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა",- განაცხადა მაისაიამ.
რას ამბობს ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება უნდა დადოს.
"პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ "თბილისი-სოხუმი-ცხინვალის" ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება. სიტუაციის სტაბილურობა კი, სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში დელიმიტაციის, შემდგომ კი დემარკაციის პროცესს შეუწყობს ხელს. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო პროცესებს.
"როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა აგრესორის მოთოკვაზე, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე და ადეკვატური პასუხი გასცა ამ მზაკვრულ იერიშს.
"ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლის ვარაუდს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ აღიარებებმა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სოხუმის და ცხინვალის ურთიერთობებისადმი",- განაცხადა ზახაროვამ.