ბოლო დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ რამდენჯერმე გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სიცრუეში დაადანაშაულა. სიგუას რეაქცია პრეზიდენტის განცხადებებმა გამოიწვია, პრეზიდენტისა, რომელმაც დღევანდელ მთავრობას ტურიზმისადმი ზერელე დამოკიდებულება დაუწუნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სათავეში მოსვლიდან სულ ერთ თვეში გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგია იცვლება. ახალი სტრატეგიის მიხედვით, საქართველო უარს ამბობს ძვირად ღირებულ პიარკამპანიაზე დასავლეთის ქვეყნებში და მეზობელ სახელმწიფოებში სარეკლამო აქტივობით შემოიფარგლება. ძირითად მიმართულებებს შორის სახელდება რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასე შემდეგ. გიორგი სიგუას განცხადებით, მას ურჩევნია თანხები მიზნობრივ ბაზრებზე დაიხარჯოს:
”მე მირჩევნია, რომ დავხარჯო ფული იმ მიზნობრივ ბაზრებზე, საიდანაც არის პირდაპირი ავიარეისები, საიდანაც არის უვიზო რეჟიმი, საიდანაც არ არის ენობრივი ბარიერი. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო „სი-ენ-ენ“-ზე საქართველოს გარეკლამების, თუმცა ვთვლი, რომ იმ თანხად, რაც ეს ღირს, გაცილებით მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება უკრაინაში, პოლონეთში”.
ერთადერთი, რაც აცოცხლებს დღეს საქართველოს ეკონომიკას, არის ჩემ მიერ, ჩვენ მიერ შექმნილი და მათ მიერ დაწუნებული ტურიზმი. მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, ეს გაიფურჩქნება და მერე დაჭკნება...
მიხეილ სააკაშვილი
”სი-ენ-ენის” და ”ბი-ბი-სის” ტელეარხებზე საქართველოს სარეკლამო აქტივობის შეჩერება გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ტელეარხებზე საქართველოს რეკლამირებას ტურისტულის გარდა სხვა დატვირთვაც ჰქონდა:
”ერთადერთი, რაც აცოცხლებს დღეს საქართველოს ეკონომიკას, არის ჩემ მიერ, ჩვენ მიერ შექმნილი და მათ მიერ დაწუნებული ტურიზმი. მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, ეს გაიფურჩქნება და მერე დაჭკნება. წყალი არის უსაფრთხოება, წყალი არის რეკლამა, წყალი არის ქვეყანაში ზოგადი დადებითი კლიმატი. ამიტომ „სი-ენ-ენ“-ზე და „ბი-ბი-სი“-ზე რეკლამას სხვა ფუნქციაც ჰქონდა, უსაფრთხოების ფუნქციაც“.
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა. პრეზიდენტის ასეთ განცხადებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. სიგუამ განაცხადა, რომ ტურიზმი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ დათანხმდა შემოთავაზებულ თანამდებობაზე. მან საქართველოს სტუმრების ნაკადის მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა:
”ივლისის თვეში მიმდინარე წელს დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა საერთაშორისო მოგზაურების საქართველოში. ეს რიცხვი არის 609 ათას 189 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც არის აბსოლუტური რეკორდი ამ თვისთვის. ხოლო, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2013 წელს ჩვენ უკვე გვყავდა 2 მილიონ 797 ათას 910 ვიზიტორი. რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, თითქოს ქუთაისის აეროპორტი არ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის მანძილზე გაიზარდა 710 პროცენტით”.
გიორგი სიგუას მიერ ნახსენებ ტერმინს ”საერთაშორისო მოგზაური” იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც წინა ხელისუფლების დროს „ვიზიტორში“ იგულისხმებოდა. თუმცა მაშინ ოპოზიცია - ახლანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა - ვიზიტორსა და ტურისტს ერთმანეთისგან განასხვავებდა და იმჟამინდელ ხელისუფლებას სტატისტიკით მანიპულირებასა და ტურიზმისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაში ადანაშაულებდა. შეგახსენებთ ტურიზმთან დაკავშირებით ”ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნების” კანდიდატის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას:
"ნუ გგონიათ, რომ ტურისტების განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეყნისთვის სასარგებლოა. რაღაცა დონე არსებობს, იმის იქით საზიანოა და დამანგრეველი".
ნოდარ ჯავახიშვილიმა ეს აზრი გასული წლის მიწურულს გამოთქვა, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტურიზმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა:
”მე აკვიატებას დავარქმევდი სიტყვას, რაც გააჩნდა წინა ხელისუფლებას, მისი მეთაურობით, რომ ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს და ტურიზმი... ტურიზმი იქნება ერთ-ერთი მიმართულება ბიზნესის. სეიშელებზე ყველაზე კარგი ადგილია ტურისტულად, მთელი გერმანია იქ ჩადის, ძალიან საინტერესო კუნძულებია, მაგრამ ძალიან ღარიბად ცხოვრობენ. მარტო ტურიზმი ქვეყანას ვერ შეინახავს. ტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი და არა ძირითადი, რასაც მიგვაჩვია წინა ხელისუფლებამ, რომ ეს მოხდება და ოქროს ქვიშას ჩავიტანთ ბათუმში, ამით გაიზრდება. ყოველდღე ყოველ გამოსვლაში აორმაგებდა ტურისტების რიცხვს”.
პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება აპრილის თვეში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. არადა, ტურიზმი ახლა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ერთადერთი სეგმენტია, რომელიც ზრდას კვლავაც განაგრძობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ”კავკასიის უნივერსიტეტის” ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის, მაია სიდამონიძის აზრით, ქვეყანას, რომელსაც არ აქვს სხვა ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი შეუფასებელი სიმდიდრეა:
”ეკონომიკური მნიშვნელობით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი. ტურისტული დანახარჯები არის ასოცირებული ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასთან, რაც საექსპორტო შემოსავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლითაც საქართველო დღეს არ გამოირჩევა. მეორე მხრივ, ეს ძალიან კარგია რეგიონალური განვითარებისთვის და პირდაპირ თითოეული მოსახლე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობს ამ სფეროს განვითარებასთან ერთად”.
მაია სიდამონიძის აზრით, ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენცია წინა წლებში განხორციელებული პროექტების შედეგია და ამ ტენდენციას შენარჩუნება სჭირდება. მას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიაჩნია ახალ ბაზრებზე სარეკლამო აქტივობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი ფიქრობს, რომ ტურიზმის ზრდას ძირითადად მეზობელი ქვეყნების ხარჯზე შეძლებს.