საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართვა ქართველ სერჟანტებს (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართვა ქართველ სერჟანტებს (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ სერჟანტთა სკოლის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის ცერემონიალზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა: „მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს.

დღევანდელი დღე ნიშანდობლივია იმით, რომ იცვლება სკოლის მეთაური. ძალიან ბევრი გაკეთდა სერჟანტების მომზადების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში.

სერჟანტთა კორპუსი არის ხერხემალი ჩვენი შეიარაღებული ძალების. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაწვრთნილი და მობილიზებული იქნება ჩვენი არმია და თქვენზეა დამოკიდებული რამდენად აარიდებთ მომავალში, სწორი წვრთნების შემდეგ ჩვენს ჯარს ბრძოლაში განსაცდელს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენი წვრთნებისთვის და პროფესიური ამოცანების გადაწყვეტისთვის შეგიქმნათ პირობები. ჩვენ დავიწყეთ თქვენთვის ახალი მომზადების ცენტრის მშენებლობა და შექმნა დაბა კოჯორში.

სამუშაოები როგორც ვაკვირდებით გეგმის მიხედვით დასრულდება და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა უკვე ახალ, უკეთეს პირობებში გააგრძელოთ ჩვენი ჯარისკაცების მომზადება. დღევანდელი დღე ასევე ნიშანდობლივია იმით, რომ 5 წელი გავიდა ტრაგიკული მოვლენებიდან აგრესიული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ დღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ისევ ვსაუბრობთ შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, მომავალზე, რომ მიუხედევად იმ დიდი დარტყმისა, რომელიც 5 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობამ მიიღო, ჩვენ ისევ ვდგებით ფეხზე, ვაშენებთ თავდაცვის სისტემას, არმიას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება თანამედროვეობის და ჩვენი რეგიონის საფრთხეებიდან გამომდინარე ყველა გამოწვევას გასცეს ადექვატური პასუხი.“