აურზაური ჯაბა იოსელიანის საფლავის გარშემო

აურზაური ჯაბა იოსელიანის საფლავის გარშემო

რეჟისორი ზაზა სვანაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან “მხედრიონის” ლიდერის, ჯაბა იოსელიანის გადასვენებას მოითხოვს. სვანაძის თქმით, ჯაბა იოსელიანი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებას, კრიმინალურ ქმედებებს ედგა სათავეში და ამიტომ დამსახურებული ადამიანების გვერდით არ უნდა განისვენებდეს:

_ მას შემდეგ, რაც ჯაბა იოსელიანის საფლავზე აქცია-პერფორმანსი მოვაწყვე, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მეკითხებოდა, ჯაბას გადასვენება რატომ აქამდე არ მოითხოვეო... 1992-94 წლებში 10-12 წლის ბავშვი ვიყავი და იმ ანარქიას და ქაოსს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ დამყარდა, ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ვერც ფანატის, ან ზვიადისტის იარლიყს  მომაკერებენ, ვერც ექსტრემისტად ჩამთვლიან, რადგან იოსელიანის საფლავისთვის საღებავი არ შემისხავს.ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ თენგიზ კიტოვანი განცხადებებს ხან თბილისიდან აკეთებს, ხან კი _ ბორჯომიდან. თუკი სამოქალაქო საზოგადოება ცოცხალია და ბაზისური ფასეულობები აქვს, რომელსაც პოლიტიკური დივიდენდების მიხედვით არ იცვლის, მაშინ ხმა უნდა ამოიღოს... მოკლედ, მოვითხოვ: ჯაბა იოსელიანი გადაასვენონ დიდუბის პანთეონიდან, რადგან ევგენი მიქელაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის გვერდით მისი ადგილი ნამდვილად არაა. ეს, რბილად რომ ვთქვა, მკრეხელობაა! ამ ნაბიჯის გადადგმით უნდა დავიწყოთ 90-იანი წლების ავბედითი ხუნტის პერიოდის გასამართლება. როცა “ნაციონალების” მიერ ჩადენილ დანაშაულზე ვსაუბრობთ, რატომ არ გვაქვს პრეტენზია იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაწვეს? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! პირდაპირ გეტყვით: ჯაბა იოსელიანი იყო ფაშისტი, რომელიც ადამიანებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით კი არ ყოფდა, არამედ, კლავდა და აწამებდა! ის ბოროტმოქმედური ბანდფორმირების ხელმძღვანელი და სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ავტორი იყო. ამიტომ არ იმსახურებს სამუდამო განსასვენებელს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

_ გეთანხმები, რომ “მხედრიონი” კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა, მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ ჯაბა იოსელიანი მწერალიც იყო და დიდუბის პანთეონში, ალბათ, ამიტომაც დაასაფლავეს...

_ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ჯაბა იოსელიანს კალამი უჭრიდა და კარგ ნაწარმოებებს წერდა, ვერ დავეთანხმები. წაკითხული მაქვს “სამი განზომილება” და “ლიმონათის ქვეყანა”, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ნაწარმოებები ქართული დრამატურგიის დიდი ამობრწყინებაა. გერმანელ რეჟისორსა და არტისტ ბენშტალს ფაშიზმის დამარცხების შემდეგ მოღვაწეობა აეკრძალა, რადგან კინოს ფაშისტების დაკვეთით იღებდა... ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, ის ხალხმა არაცივილურ და ბოროტმოქმედ რეჟისორად მიიჩნია. ჯალათს პროფესია არა აქვს და კალმის გამო ჯაბას გამართლება იმ ცოდვის ფონზე, რომელიც სამეგრელოში 1992-93 წლებში ჩაიდინა, არ შეიძლება!

_ ზაზა, შენს ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, დოდო გუგეშაშვილი, რომელიც თვლის, რომ ნიჭიერი მწერლის ჯაბა იოსელიანის შემოქმედებას კარგად არ იცნობ, თორემ მის გადასვენებას აღარ მოითხოვდი...

_ დოდო გუგეშაშვილს ვურჩევ, როცა დრამატურგიაზე დაიწყებს ლაპარაკს, პირველ რიგში, თავისი ბიოგრაფიის ყველაზე დრამატული მომენტები გაიხსენოს! დოდო გუგეშაშვილი სამტრედიის მოსახლეობას აბორიგენებს ეძახდა. მაშინ საზოგადოებას “მხედრიონის” თარეშზე ჩემზე მეტად რადიკალური დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, დღეს კიტოვანი და დოდო გუგეშაშვილი ჭკუას ასე ამაყად ვერ დაგვარიგებდნენ. ისე, თენგიზ სიგუას ზურგზეცაა მთელი რიგი დანაშაული _ სწორედ თენგიზ სიგუამ გადააბარა მთავრობა ხუნტას, მერე, ხელები დაიბანა და პოლიტიკიდან წავიდა!

_ ადამიანის საფლავიდან ამოღება, მგონი, სისხლის სამართლის დანაშაულია...

_ დანაშაული ისაა, რაც ჯაბა იოსელიანმა და “მხედრიონმა” ჩაიდინეს! ჯაბას საფლავი არ დამიზიანებია, უბრალოდ, მივედი და ავტომატი დავდე. იოსელიანის საფლავი მამა გაბრიელის საფლავს არ უნდა ჰგავდეს!

_ რა პროცედურებია საჭირო, რომ ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენება მოხდეს?

_ ყველაფერს იურისტებთან გავარკვევ... რაც შეეხება ჯაბა იოსელიანის ოჯახს, მუქარა არ ყოფილა, არც ვინმე გამომხმაურებია. სოციალურ ქსელებში ყველა მხარს მიჭერს და ამბობს, რომ ეს მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დროულად უნდა დაკმაყოფილდეს.

დოდო გუგეშაშვილი, ჯაბა იოსელიანის თანამებრძოლი: _ ძალიან სასაცილოა, როცა ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენებას რეჟისორი ითხოვს. კარგი იქნებოდა, მას გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული ჯაბას სპექტაკლი _ “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” ენახა. იქნებ, თეატრში მაინც იაროს ზაზა სვანაძემ და ნახოს, როგორი დრამატურგია ჯაბა იოსელიანი. წაიკითხოს მისი ნაწარმოებები _ “სამი განზომილება”, “ლიმონათის ქვეყანა”, “სარეჟისორო გეგმა” და “სანიტარული მატარებელი”. იქნებ, მაშინ მაინც მიხვდეს, რა ფენომენთან აქვს საქმე. რაც მთავარია, ჯაბას დიდუბის პანთეონში დასაფლავება უწმინდესისა და უნეტარესის ინიციატივა იყო, რომელიც აიტაცეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს კორიფეებმა _ ჭაბუა ამირეჯიბმა, გიგა ლორთქიფანიძემ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა, ლანა ღოღობერიძემ და სხვებმა.

იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბედავს და ჯაბა იოსელიანის საფლავზე შეურაცხყოფის მისაყენებლად მიდის, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც გაუნათლებელი და ანტიმართლმადიდებელი ხალხის მიერაა ჩადენილი!