მონანიება თუ გადარჩენა

მონანიება თუ გადარჩენა

გახსოვთ ცნობილი ფილმის „მონანიება" ბოლო კადრი, როდესაც აბელ არავიძე საფლავიდან თხრის საკუთარი მამის ვარლამ არავიძის უკვე რამდენჯერმე ამოთხრილ ცხედარს?!. მანამდე კი ვარლამ არავიძის შვილიშვილი თავს იკლავს როდესაც იგებს ბაბუის მიერ ჩადენილ საზარელ საქმეებს. ფილმი თვალნათლივ გვიჩვენებს დანაშაულის განცდისა და მისი მონანიების ორ განსხვავებულ გზას. ჭეშმარიტსა და ყალბ მონანიებას. სხვათა შორის, ყალბი მონანიების მაგალითი შესანიშნავად დაგვანახა ბერნარდო ბერტოლუჩიმ თავის გენიალურ ფილმში „კონფორმისტი."

ზოგიერთს მართლაც გულწრფელად ჰგონია რომ მძიმე წარსულისგან გაქცევა მონანიების ტოლფასია. აბელ არავიძის მონანიება არ იყო გულწრფელი. ვარლამის გვამის ამოთხრით იგი ცდილობდა წარსულს გაქცეოდა და საზოგადოებრივი კონიუნქტურისადმი ერთგვარი ხარკის გადაეხადა. თუმცა ის დარჩა ვარლამ არავიძის სულიერ მემკვიდრედ და ალბათ არც მის საქმის გაგრძელებაზე იტყოდა უარს თუკი შესაბამისი გარემოებები დადგებოდა. არავიძის შვილიშვილი კი საკუთარი სიცოცხლის შეწირვით გვიჩვენებს მონანიების ჭეშმარიტ სახეს და ამით მძიმე წარსულთან რეალურ გამიჯვნას. ფილმში ვარლამ და აბელ არავიძეების კრებითი მხატვრული სახეები კომუნისტურ, ტოტალიტარულ სისტემას და მათ მოდერნიზებულ ვარიანტსაც განასახიერებენ, სადაც ყველაფერი სიცრუესა და ძალადობაზეა

ნიშანდობლივია, რომ ე.წ. „პერესტროიკის" პერიოდში კომპარტია სწორედ ყალბი და სანახევრო მონანიებით ცდილობდა თავის გადარჩენას, სახის შენარჩუნებას და პოლიტიკურ არენაზე დარჩენას. კომპარტიას „რებრენდინგი" არ გამოუვიდა. ამის ერთ ერთი მიზეზი იყო ის, რომ საზოგადოება მისგან ვერ ეღირსა ჭეშმარიტ მონანიებას ჩადენილი დანაშაულობების გამო.

დიდი ალბათობით არ გამოუვა დაგეგმილი რებრენდინგი არც „ნაციონალურ მოძრაობას" რომელიც როგორც ჩანს არ აპირებს აღიაროს და რეალურად მოინანიოს ჩადენილი დანაშაულობები. მავანნი რა თქმა უნდა იკითხავენ თუ როგორ შეიძლება კომპარტიისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ დაფაზე დაყენებაო!? ვუპასუხებთ, რომ შეიძლება და ძალიან თავისუფლადაც. ამ ორ პარტიისათვის დამახასიათებელ ბევრი საერთო ნიშნიდან ორ ობიექტურ და გაზომვად მაჩვენებელს ავიღებთ. ხელისუფლებაში „ნაციონალების" მოსვლის შემდეგ საქართველომ მსოფლიოში 4-ე ადგილი დაიკავა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი პროკურატურაში 20,000-ზე მეტი საჩივარია შესული „ნაციონალების" მიერ ქონებაწართმეული, ქვეყნიდან იძულებით განდევნილი თუ სხვა სახით რეპრესირებული ან დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან. 4-მილიონიანი მოსახლეობის პირობაზე ეს საკმაოდ დიდი ციფრებია და მკაფიოდ მიგვანიშნებს თუ რა მასშტაბები მიიღო ფაქტიურად სახელმწიფო დონეზე აყვანილმა მოქალაქეების მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა. ამის საილუსტრაციოდ 17 წლის ასაკში დაპატიმრებულ შოთა შანიძის ისტორიაც კმარა. ახალგაზრდის შემაძრწუნებელი წამება ციხის საკანში 7 წელი გრძელდებოდა, რის შედეგადაც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი პრაქტიკულად დაინვალიდდა. ასეთი გოლგოთა კი „ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ათიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ გამოიარა.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი მონანიების ნაცვლად კომუნისტების მსგავსად ცდილობენ ყველაფერი უმნიშვნელო გადაცდომებსა და პარტიაში შემოპარულ უღირს ადამიანებს გადააბრალონ. კომუნისტების მსგავსად არც მათ სურთ (სავსებით გასაგებია რატომაც) იმის აღიარება, რომ დანაშაული სისტემური იყო. კომუნისტების მსგავსად, ბევრ ერთ დროს ორთოდოქს „ნაციონალს" მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებაში" გადაბარგებით მათ წარსული საბოლოოდ მოინანიეს და საზოგადოებასთან პირნათელნი არიან.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური „რებრენდიგის" იმიტაციას ცდილობს. როგორც ცნობილია, „ნაციონალების" რებრენდინგის პირველი მცდელობა 19 მაისის აქციის დროს სამარცხვინოდ ჩავარდა და ვერც დიდი რიხით დაანონსებული ახალი ეროვნული მოძრაობა შეიქმნა. პირიქით, პარტიაში რღვევის პროცესი დაიწყო. სააკაშვილის მიერ სექტემბრისთვის დაანონსებული „ნაცმოძრაობის" პარტიული ყრილობა, რებრენდინგის და თავის გადარჩენის მეორე მცდელობაა და შესაძლოა უკანასკნელიც.

„რებრენდიგი," მისი კლასიკური გაგებით, ორგანიზაციისა და მისი ბრენდის კონცეპტუალურ იდეოლოგიის შეცვლას გულისხმობს რაც სახელწოდების, ლოგოტიპის, სლოგანისა და ვიზუალური მხარის ცვლილებასაც მოიცავს, რათა საზოგადოების თვალსა და მეხსიერებაში ორგანიზაციის ძველი იმიჯი დავიწყებას მიეცეს და ახალი ჩაიბეჭდოს. პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალები" არ ამბობენ უარს იმ იდეოლოგიასა და ღირებულებებზე, რომელმაც შექმნა ის მანკიერი სისტემა რომელიც ქართული საზოგადოების უმრავლესობამ არ მიიღო. ისინი არც პარტიის ძირითადი ატრიბუტიკის შეცვლას გეგმავენ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის" „რებრენდინგი" იქნება მოსახლეობისათვის ახალ ბრჭყვიალა პაკეტში გახვეული ძველი ვადაგასული პროდუქტის შეთავაზება. ეს ავტორიტარული პარტიების ნაცადი ხერხია, როდესაც ძალიან გაუჭირდებათ ხოლმე. ასე ახერხებენ ისინი გარკვეული ხნის მანძილზე ხალხის მოტყუებას იქიდან გამომდინარე თუ რამდენ ხანს მოუთმენს მათ ხალხი.

„ნაცმოძრაობის" რებრენდინგი განწირულია იმიტომაც, რომ მას წინ არ უძღოდა კოლექტიური მონანიება. პარტია მხოლოდ შეცდომების ცალყბად აღიარებით შემოიფარგლა. აღიარება მონანიების გარეშე კი ცინიზმია!

XIX საუკუნის დასაწყისში, რესტავრირებულ ბურბონებზე თქვეს, რომ ამათ ვერც ვერაფერი გაიგეს და ვერც ვერაფერი ისწავლესო. ტყავის ცვლის პროცესში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამაც" როგორც ჩანს ვერაფერი გაიგო და ისწავლა მისი წარსულიდან. ამის დასტურია თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადება პარტიის სამომავლო გეგმებზე სადაც წარსულის მონანიების ერთ სიტყვასაც ვერ იპოვით. მისი გამოსვლის პათოსი დაახლოებით იგივე იყო, როგორც სტალინის ცნობილი გამოსვლის ომის დროს, როდესაც „დებად და ძმებად" მოიხსენიებდა იმ ადამიანებს, რომელთაც მანამდე არნახული ტერორი მოუწყო. დღეს სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ დარაზმვისაკენ მოუწოდებს ხალხს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" და მისი რეჟიმის გასამართლებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. იმის გათვალისწინებით თუ როგორ ექცეოდა 9 წლის მანძილზე ხალხს „ნაციონალური მოძრაობა," უბრალოდ ცინიზმია და მეტი არაფერი სააკაშვილის განცხადება: „ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები!" ეს არის სწორედ ვარლამ და აბელ არავიძეების ფილოსოფიაც და ფსიქოლოგიაც.

იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა ერთხელ თქვა, რომ „არავინ ფიქრობდა რომ კომუნისტური სისტემიდან გამოსვლა უმტკივნეულო პროცესი იქნებაო, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა რომ ის ასეთი მტკივნეული იქნებოდაო."