პუტინთან შეხვედრა არც ძალიან შორი პერსპექტივაა და არც ძალიან ახლო

პუტინთან შეხვედრა არც ძალიან შორი პერსპექტივაა და არც ძალიან ახლო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ძალიან შორეულ პერსპექტივად არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

პრემიერის შეფასებით, მოკლე დროში რისი მიღწევაც შეიძლებოდა რუსეთთან ურთიერთობაში, უკვე მიღწეულია – კერძოდ, აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შესაძლებელია.

"ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, იქნება მუდმივი ავიარეისების აღდგენა. შესაძლოა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს ან საერთოდ გაუქმდეს. რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, მას, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო. ჩვენ უნდა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც გვქონდა რუსეთთან. ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობებს", - აცხადებს პრემიერი.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდასაც მიესალმება. პრემიერი ამ ფაქტს ნოსტალგიას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი უყვარს.

კითხვაზე, როდის შედგება მისი და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს არც ძალიან შორი პერსპექტივაა და არც ძალიან ახლო. მისი თქმით, ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს.

"ამას სჭირდება უფრო მეტი პოზიტივი, ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი გათელვა. ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს", - აცხადებს პრემიერი.
ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევის ფაქტებს ძირითადად ოლიმპიადას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამის გამო რუსეთი აღელვებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა პოზიტიური და კონსტრუქციული გახდება.
ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენება თუ არა აფხაზეთი, როგორ ბუფერული ზონა რუსეთთან ურთიერთობაში, ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ აფხაზეთი ასეთად აღიქმება, ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს.

"ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში არანაირი ბუფერი არ გვჭირდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური ურთიერთობა. არც ერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი ძალა ნახსენები არ უნდა იყოს. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და გავუჩინოთ მათ ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ "ამერიკის ხმის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა ურეკის რეზიდენციაში ჩაწერა.