"რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოს და აფხაზ ხალხზეა დამოკიდებული, ვისთან იქნებიან და სად ურჩევნიათ ყოფნა. ამასთანავე, მედვედევი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენისთვის საწყის ფასს აწესებს და აცხადებს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი შეცდომები, რაც შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი გახდეს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რის ხარჯზე შეიძლება აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები?".
"მედვედევის მოთხოვნა, რომ საქართველომ აღიაროს დანაშაული ომში, გამორიცხულია, ვინაიდან დიპლომატიის ისტოტრიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. პუტინი ომის საკითხზე დისტანცირებულია, ის ამ თემაზე უხალისოდ აკეთებს განცხადებებს. ვინაიდან მაშინ მედვედევი იყო მთავარსარდალი და მან გასცა ბრძანება, ახლა იძულებულია, მან აკეთოს განცხადებები ამ თემაზე. თუ მოლაპარაკებები დაიწყება, მედვედევს მაინც არავინ არაფერს შეეკითხება, იქ პუტინია მთავარი ფიგურა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მედვედევის რამდენიმე მოთხოვნას შეიძლება ვუწოდოთ საწყისი ფასი ურთიერთობის დასალაგებლად. მოლაპარაკების მსვლელობის დროს უფრო გამოიკვეთება რეალური მიზნები, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არასდროს არ იტყვის, რომ ქვეყანამ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა", - აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე.
"დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეიძლება ბევრი რამის გამო მოხდეს, თუმცა პირველ რიგში ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების შედეგი. პრინციპში, არც დაწყებულა მოლაპარაკებები, ამიტომ რის ხარჯზე მოხდება ურთიერთობის აღდგენა, ჯერ ნაადრევია ამის თქმა. კარასინისა და აბაშიძის ფლირტი არის მხოლოდ საუბარი და სირბილი ერთ ადგილზე. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას დაველოდოთ და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩავა რუსეთში და შეხვდება ვლადიმერ პუტინს. შემდეგ გამოჩნდება, რის ხარჯზე ითხოვს რუსეთი ამას, თუმცა ამ მოთხოვნებში რუსეთი საკმაოდ ფრთხილი იქნება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მედვედევმა ისიც განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ვისთან იქნებიანო, დავუჯეროთ?" - პასუხობს:
"გამორიცხულია. ეს განცხადება აღიარების შემდეგ პირველად გააკეთა ნატოში რუსეთის ელჩმა როგოზინმა, შემდეგ პუტინმაც თქვა ეს და ახლა მედვედევმა. ეს ხომ ვიცით, რომ გამორიცხულია? უბრალოდ, დიპლომატია მოითხოვს, მსგავსი განცხადებები გაკეთდეს. რუსეთი არასდროს მიცემს აფხაზებსა და ოსებს იმის უფლებასა და საშუალებას, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, სად ურჩევნიათ. ეს განცხადება ყალბია, რა თქმა უნდა".