"საქართველოში არსებული არაორდინარული ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთგვარად გაორებულია, ცხადია, გავლენას ახდენს საელჩოების მუშაობაზეც, რადგან ორივე ძალას სურს, საელჩომ მისთვის "იმუშაოს" და ამისთვის ლამის ყველა საშუალებას იყენებს. შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთი ძალა ცდილობს მეორის დისკრედიტირებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. ამით განსაკუთრებულად ზარალდება "ქართული ოცნება", რომელსაც ოქტომბრიდან მოყოლებული გაუთავებლად აკრიტიკებენ, რომ თითქოსდა არ არიან ჭეშმარიტი დემოკრატები და აშშ-სთან მეგობრობას რუსებთან ყოფნას ამჯობინებენ. პრეზიდენტის დამოკიდებულება საელჩოსადმი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სადაც მოახერხებს, თავისი გაიტანოს. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ინციდენტს: პრეზიდენტს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ერთი რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოსთან, ვინც დღევანდელ სენატში ანგარიშგასაწევი ძალაა. სწორედ ამ შეხვედრაზე არ ისურვა პრეზიდენტმა საელჩოს წარმომადგენელთა ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო მონაწილეობდა მისი ორივე შეხვედრის დაგეგმვაში", - აცხადებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პრეზიდენტის განცხადება ეფ-ბი-აი-ს შესახებ არანორმალური და ანომალურია".
"პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობის შიდა და საგარეო პოლიტიკას და ეს ერთგვარად აძნელებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ობიექტურ აღქმას მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკურ ისთებლიშმენტში ჯერ კიდევ ბევრს აწვალებს ეჭვი, მართლაც ხომ არ არის "ქართული ოცნების" დასავლური კურსი მოჩვენებითი და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის ორიენტაციის ვექტორი რუსეთისაკენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გეგეშიძე.
"აქ, ვაშინგტონში, ძალიან ბევრს წყვეტს პიროვნული ურთიერთობები და კონტაქტები. აქაური "პოლიტიკის კეთებისათვის" დამახასიათებელია პოლიტიკური მოვლენების პერსონიფიცირება. პირადი კონტაქტების გაბმა-დალაგება კი წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ეს კეთდებოდა სხვადასხვა ფორმით, საზოგადოდ კი ამ მექანიზმს "მოპატიჟება-პატივისცემის" მექანიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა ბოლო პერიოდში გამოვლენილმა დანაშაულებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, თუნდაც ფარული ვიდეოფირის ინციდენტმა, მათი მოკავშირეების ენთუზიაზმი ერთგვარად გაანელა. კიდევ ერთი ფაქტორი: ახალი ხელისუფლების წინასთან შედარებით დაბალმა ცნობადობამ შექმნა ერთგვარი უნდობლობაც და სკეპტიკური დამოკიდებულებაც მის მიმართ. რაც შეეხება სააკაშვილის წონადობას, კვლავაც აქვთ მის მიმართ სიმპათიები, თუმცა შთაბეჭდილებები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება", - ამბობს რესპონდენტი.
"ვფიქრობ, მაკეინი გულწრფელადაა დაინტერესებული ნატოს გაფართოებითა და საქართველოს ალიანსში შესვლით. გარდა ამისა, ვფიქრობ, მან იმიტომაც გვახსენა, რომ ახლახანს საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციისგან არგუმენტირებული განმარტება მიიღო, თუ როგორია საქართველოს საგარეო კურსი და ემუქრება თუ არა ამ კურსს ცვლილება. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს ნატოში შესვლა. დელეგაციას მისთვის ორჭოფობის საფუძველი რომ მიეცა, ამას არ იტყოდა. ძალიან სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებად მივიჩნევ იმას, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არჩილ კბილაშვილიც იყო. სენატორებს საშუალება მიეცათ, ენახათ, თუ ვინ არის მთავარი პროკურორი, როგორი განსჯის პატრონია და არის თუ არა ადამიანი, ვინც ხალხს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სენატორებმა ახალ მთავრობას გამოუყვეს დროისა და ნდობის კრედიტი, რომლის განმავლობაშიც ისინი დააკვირდებიან, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ეს, სულ ცოტა, არჩევნების პერიოდამდე გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, ამერიკელი პოლიტელიტა საქართველოს საკითხზე ლოდინის რეჟიმზე გადავიდა", - განაგრძობს არჩილ გეგეშიძე.
"ლობისტები, ფორმალურიცა და არაფორმალურიც, ორივე მხარეს ჰყავს და ამაში არაფერია საგანგაშო. თუმცა, კლასიკურ ლობიზმს ეს გამოცემები არ ეწევიან. აქ უფრო საქმე გვაქვს ზემოთ ნახსენებ პირადი კონტაქტებისა და მოპატიჟება-პატივისცემის მექანიზმთან. როდესაც ადამიანს მოიწვევ, პატივით დახვდები, აქეთ-იქით ვერტმფრენით გადააფრენ, გამჭვირვალე შენობებში ასეირნებ, ძვირად ღირებულ ოტელში დაასვენებ და ეცდები, საკუთარი ქვეყნის მხოლოდ კარგი მხარეები დაანახო, ბუნებრივია, მას სიმპათია უჩნდება იმ ხალხის მიმართ, რომელიც ასე პატივისცემით დახვდა და ილუზიასთან მიახლოებული წარმოდგენა აქვს იმაზე, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში. თუ ეს წლების განმავლობაში გრძელდება, ეს ჟურნალისტი ობიექტურ რეალობას მოსწყდება და მისი თითოეული ანალიზი ვარდისფერი სათვალით გაკეთდება, რომლის მოხსნაზეც იგი მწვავედ რეაგირებს. ყველა მნიშვნელოვან, `ჩამჭრელ~ შეკითხვას, რომელიც `ვაშინგტონ პოსტის~ სარედაქციო კოლეგიას ჰქონდა, ჩვენმა დელეგაციამ ამომწურავად და დამაჯერებლად გასცა პასუხი. ყოველივე ამის მერე, ვვარაუდობ, რომ `ვაშინგტონ პოსტი~ თავს შეიკავებს მოვლენების ნაჩქარევად გაანალიზებისაგან და საქართველოზე სტატიებს გამოაქვეყნებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად გაეცნობა რეალურ ვითარებას", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.
"ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ვიზიტს აზრი არა აქვს. წარმატება კი უპირველესად იმითაა განპირობებული, რომ ორივე მხარე მზად არის ამ ვიზიტისათვის - ანუ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, ახალი გეგმების დასასახად და ა.შ. ახლა რატომ არ არიან მხარეები მზად? ერთი მხრივ, ჩვენ არა ვართ მზად, იმიტომ, რომ როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან ახლა არაორდინარული ვითარებაა, ხელისუფლება ფაქტიურად გაყოფილია. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ოქტომბრის შემდეგ მაინც გამოსწორდება ვითარება. არ არის მზად ამერიკული მხარეც, იმიტომ, რომ დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სამთავრობო ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფი. ახალი სახელმწიფო მდივნის დანიშვნის შემდეგ დაიწყო როტაციები, რაც ჯერაც არ დასრულებულა. ასეთი ჯგუფის არსებობა კი წარმატებული ვიზიტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია", - დასძენს არჩილ გეგეშიძე და შეკითხვას -"პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზეც ეფ-ბი-აი-სთან დაკავშირებით. რამდენად დამაჯერებლად გეჩვენებათ პრეზიდენტის ეს განცხადება და რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს? რა გავლენას იქონიებს ეს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე?" - პასუხობს:
"ბოლოდან დავიწყებ და გეტყვით, რომ ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს. ვფიქრობ, მან ეს მომენტი უბრალოდ გამოიყენა პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად 26 მაისის საკითხზე. ისე კი, ქვეყანაში არაორდინარული ვითარებაა და ზრდილობა რომ ნებას მრთავდეს, სხვა, უფრო შესაფერის ტერმინსაც გამოვიყენებდი. ასეთი განცხადება არანორმალური და ანომალიურია, არ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ მას ასეთივე არანორმალური გარემო შობს. არანორმალური ვითარებაა, აბა, რა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ოპოზიციაში არიან? ასეთ ვითარებაში თითოეული პოლიტიკური განცხადება მოწინააღმდეგისთვის კვანტის გამოდების მოტივაციით კეთდება. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა, `ეფ-ბი-აი~ მოიშველია არგუმენტად, როდესაც ცდილობდა 26 მაისის ძალადობა გაემართლებინა. რაც შეეხება იმას, მართლა ისხდნენ თუ არა შსს-ში "ეფ-ბი-აის" თანამშრომლები და მონიტორებზე აკვირდებოდნენ ყველაფერს, ძნელი სათქმელია, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. აი, თვითონ ფაქტს, რომ ამერიკელი სპეციალისტები იყვნენ იმ პერიოდში საქართველოში, ამას უკვე აღარავინ უარყოფს. მაგრამ რამდენად იყო მათი შეფასებები ისეთი, რომ ყოფილი ხელისუფლება შეეგულიანებინათ, წაექეზებინათ ან მათი ქმედება მოეწონებინათ, ძნელი სათქმელია. ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ისე ყოფილიყო ეს ყველაფერი, როგორც პრეზიდენტმა წარმოაჩინა. თუმცა, იმას, რაც მათ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე 26 მაისს გააკეთეს, ვერანაირი "ეფ-ბი-აის" მოწონება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოხვედრა ვერ გამოასწორებს. ამის გამკეთებელმა ერის წინაშე უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა და დაისაჯა კიდეც არჩევნების გზით".