“დიდი კვერცხობა” ქართულ პოლიტიკაში

“დიდი კვერცხობა” ქართულ პოლიტიკაში

კვერცხი, გარდა ყველაფრისა, რაც მასზეა ნათქვამი (ფილოსოფიური, კოსმოგენური, ფიზიოლოგიური თუ ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით), გახლავთ შურისძიების პიკანტური იარაღი და საჯარო პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა დემოკრატიულ ქვეყნებში. ქმედება, რომელსაც კვერცხის დაშენა ჰქვია, უმთავრესად გამიზნულია არასასურველი პოლიტიკოსებისა თუ ჩინოვნიკების დასაცინად და აბუჩად ასაგდებად.

არადემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო პროტესტის გამოხატვა არ ხდება, რადგან ხელისუფლების მიერ ისჯება და ამიტომ, არასასურველ პოლიტიკოსებსა თუ მაღალჩინოსნებს, უტილიზაციის მიზნით, შეთქმულებას უწყობენ _ წამლავენ, აფეთქებენ, ავია თუ ავტოკატასტროფას უწყობენ, ყელს ჭრიან, ან სადმე მოიხელთებენ და ესვრიან.

დემოკრატიულ ქვეყნებშიც, თუ ვინმეს (საშიში) მტრის მოშორება უნდა, ზუსტად ისე იქცევა, როგორც _ არადემოკრატიულში.

და მაინც, პროტესტის გამოხატვის საშუალებად რატომ იქნა არჩეული მაინც და მაინც კვერცხი და არა _ სხვა საკვები პროდუქტი, თუნდაც პომიდორი (ისიც კარგად ითხაპნება)?!  

კვერცხი წლის ნებისმიერ დროს იშოვება, არცთუ ძვირია (პრინციპში, სადავოა, ვის რა საშუალება აქვს და რა დონეზეა შურისძიებით გამსჭვალული) და ეფექტურია.

კვერცხი (უმჯობესია ლაყე _ უკეთესად ითხლაპნება, თან ისეთი სუნი აქვს, ვერ დაივიწყებ) მოწინააღმდეგეს პირდაპირ შუბლში უნდა მოარტყა (პიჯაკზეც შეიძლება, მაგრამ ისეთი ეფექტი არ აქვს) _ ნაჭუჭი გატყდება და შიგთავსი სახეზე ისე ჩამოეთხაპნება, რომ სიცილისაგან თავს ვერავინ შეიკავებს, ვერც _ მოწინააღმდეგის მხარდამჭერები. ოპერატორები და ფოტორეპორტიორები ასეთ სანახაობას, აბა, როგორ გამოტოვებენ და ლაყეკვერცხებდაშენილი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების პიკანტური კადრები და ფოტოები ისტორიაში დამღასავით დარჩება.

_ ააა, თქვენ ის არ ხართ, ხალხმა ლაყე კვერხები რომ დაგიშინათ?! _ იტყვიან მავან-მავანნი და ხალხსაც მეტი რა უნდა... ამტკიცე, მერე, რომ აქლემი არ ხარ...

ერთი სიტყვით, ლაყე კვერცხის დამღას პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი ვეღარასდროს იშორებს და რაც მთავარია, საშვილიშვილოდ გადადის... გავა წლები და იტყვის ვინმე “კეთილისმსურველი” (ასეთები რომ არ დაილევიან, ვიცით), ეს ისაა, ბაბუამისს ლაყე კვერცხებს რომ ესროდნენო... და ვინ იცის, კიდევ როგორ გაამხატვრულებენ ამ ფაქტს.

ამიტომაცაა კვერცხი უნიკალურ-უნივერსალური და მულტიფუნქციური გამოყენება-მნიშვნელობა აქვს, როგორც ზოგადად კვერცხს (ფრინველის კვერცხს ვგულისხმობ), ასევე, კვერცხის განზოგადოებულ სემანტიკას. მაგალითად, თუ ვინმე ვინმეს ეტყვის, შე კვერცხოო, ეს დედის გინებაზე უარესი შეურაცხყოფაა, მაგრამ კვერცხები, “შლოპანცებთან” ერთად, თურმე, უკვე ხელოვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ “ნაციონალებს” და ბათუმში “კვერცხებისა და შლოპანცების” ქანდაკება დადგეს, ტურისტებს მოვიზიდავთო.

რა თქმა უნდა, “ნაციონალებს” (ყველა არ მყავს მხედველობაში) სათანადო მომზადების გარეშე ვერ გაუგებ _ სად შეგვიძლია ამდენი და ამიტომაც, ზუგდიდში, პრაიმერიზის მორიგი ტურის დროს, “ნაცმოძრაობის” წევრებს კვერცხები, ბოთლები და ქვებიც დაუშინეს, თუმცა საინფორმაციო ველში კვერცხების დაშენის შესახებ კორექტულობა გამოიჩინეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ კვერცხის დაშენა გაცილებით შეურაცხმყოფელია, ვიდრე _ ბოთლის ან, თუნდაც, ქვის.

ცხადია, ეს ინციდენტი “ნაცმოძრაობამ” გააპროტესტა და პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დააკისრა, რაც თავის მხრიდან “ქართული ოცნების” ლიდერებმა უარყვეს, დაგმეს ფაქტი და თქვეს, რომ ქვები და ბოთლები პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ არის. მხოლოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა: “არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ამ ინციდენტში. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ყველა ქვა და კვერცხი, რომელსაც ისინი “ნაცმოძრაობას” ესვრიან, ქართულ სახელმწიფოს ხვდება!”

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში კვერცხისა და ქვა-ბოთლის (წყლით სავსე) დაშენის ფაქტი დაიგმო მთვარობის მხრიდან, ბათუმის პრაიმერიზის დროს იგივე განმეორდა _ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს კვერცხები დაუშინეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, “დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ პარტიას, მათ შორის, დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციას, უნდა შეეძლოს თავის მხარდამჭერებთან თავისუფალ პირობებში შეხვედრა ისე, რომ ქვა და კვერცხი არ ესროლონ. სხვა საკითხია, “ნაცმოძრაობამ” რა დღე დააყენა მათ, ვინც დღეს კვერცხებს ესვრის, მაგრამ ამისათვის გამოძიება და სასამართლო არსებობს!”

როგორც ჩანს,Pპრეზიდენტის არჩევამდე კიდევ ბევრი კვერცხი დაიხარჯება და კვერცხი ქართული პოლიტიკის ნაწილი ხდება.

სხვათა შორის, სულ ახლახან, მეცნიერებმა პასუხი გასცეს საკაცობრიო კითხვას: რომელი იყო პირველად _ ქათამი თუ კვერცხი?

 

ქართული პოლიტიკის კვერცხები და ქათმები

აღმოჩნდა, რომ პირველად ქათამი იყო, შემდეგ _ კვერცხი და ამას ბრიტანელი მეცნიერები მეცნიერულად ამტკიცებენ. აქამდე მეცნიერებსა და ეკლესიას შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. მეცნიერთა დიდი უმრავლესობა ცდილობდა, დაესაბუთებინა, რომ პირველად იყო კვერცხი და ყველაფერი კვერცხიდან დაიწყო. ეკლესია კი ამბობდა, რომ პირველად ქათამი იყო. დღეს, ბრიტანელ მეცნიერთა თაოსნობით, მეციერები იზიარებენ მტკიცებულებას, რომ პირველად ქათამი იყო. ასე რომ, მეცნიერები და ეკლესიის მსახურები უკვე ერთ აზრზე არიან.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქათმისა და კვერცხის ფილოსოფია ნაკლებად საინტერესოა. უფრო მეტიც, პოლიტიკა რაციონალურ, პრაგმატულ ხედვასა და ლოგიკაზეა დამყარებული და ირაციონალურ ფილოსოფიურ წიაღსვლებს ვერ ითავსებს, თუმცა ქართული პოლიტიკა იმდენად ირაციონალური მოვლენა აღმოჩნდა, იმდენი სიურპრიზები ვნახეთ და გადავიტანეთ, რომ გასაკვირი არაფერია. ასე რომ, სააკაშვილის გატანის შემდეგ, მარგველაშვილს თუ “შემოიტანენ”, ალბათ, ამასაც გავუძლებთ და მარადიული კითხვა _ გვეშველება რამე?! _ სულ აქტუალური იქნება.

რაც შეეხება პოლიტიკის ქათმებსა და კვერცხებს, პოლიტიკა, მიუხედავად თავისი მოქნილი და, ხშირ შემთხვევებში, მზაკვრული ქმდებებისა, დეკლარირებულად, მაღალი ტრიბუნიდან, მხოლოდ ჰუმანურ პოსტულატებს ქადაგებს. კულუარებში კი, გარიგება-მორიგება, ფეხის დადება, ორმოს გათხრა, ხაფანგის დაგება, ერთმანეთის დასმენა-გაფუჭება, ჩაძირვა და სხვა ამგვარი საქმიანობაა გაჩაღებული. ასე იყო, ასე არის, ასე იქნება და, სანამ ასე იქნება, პოლიტიკაში, ისევე როგორც ქუჩაში, იქნებიან ქათამი პოლიტიკოსებიც და კვერცხებიც, რომლებიც, როგორც წესი, მგელი პოლიტიკოსების “შნირები” არიან!

ძალიან შორს, ფაუნაში რომ არ წავიდე, დავკონკრეტდები _ პირველი კვერცხი (ნამდვილ კვერცხზეა საუბარი) ქართულ პოლიტიკაში პირველად გია ხუხაშვილთან კავშირში გამოჩნდა. საუბარია კვერცხის ბიზნესზე, რაზეც მედია ალაპარაკდა და რამაც საზოგადოება სერიოზულად ააფორიაქა, რადგან ქალაქში, ქუჩებსა და ბაზრობებზე, საეჭვო წარმომავლობის იაფფასიანი კვერცხი გამოჩნდა. კვერცხის მწარმოებელი ქართველი ბიზნესმენები კი აცხადებდნენ, თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდებით, ფაბრიკები დავხუროთო.

ინტერნეტ-ფორუმზე ხუხაშვილის კვერცხების ბიზნესი იხილებოდა რეპლიკებითურთ: “ისე, რა კვერცხები ვართ ეს ქართველები?!” “ირანული კვერცხი რატომ უნდა იყიდო? განა, რამდენი თეთრი უნდა მოიგო?” “ჯარი ირანულ კვერცხზე გადაიყვანეს _ ხუხას ეხმარებიან” და ა.შ.

მოკლედ, ირანული კვერცხი ხუხაშვილის სახელს “მიეკრა”, “დიდი ხუხას” კვერცხის ბიზნესი ფართოდ “გაბაზრდა” და, როგორც ჩანს, ეს თემა მარტო ქართულ მედიაში არ იყო რეზონანსული. მოგვიანებით, აშშ-მ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ზოგადად ქართულ-ირანული ეკონომიკის ზომაზე მეტად დაახლოებაზე. დასავლეთს ირანის მიმართ სერიოზული შეზღუდვები ჰქონდა საბანკო სექტორშიც და საქართველოსგან, როგორც პარტნიორი ქვეყნისგან, რეკომენდაციების ფორმით მოითხოვა, რომ ირანთან საბანკო ოპერაციები დაებალანსებინა. “ჩაყვინთა” თუ არა ხუხაშვილის “კვერცხების ბიზნესმა”, ცნობილი არ არის, მაგრამ ეს თემა მედიაში აქტუალური აღარაა და არც ქართული კვერცხის მწარმოებელი ქართველი ბიზნესმენები აპროტესტებენ.

სხვათა შორის, კვერცხს გადაყვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეც _ არცთუ დიდი ხნის წინ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ხვედელიძემ ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი _ www. Kvercxebi. Com-ზე “დადო”. ეს საიტი საგანგებოდ ამ ჩანაწერისათვის გაკეთდა. იმ პერიოდში ჟურნალისტი ფარესიშვილი ხუხაშვილსა და ხვედელიძეს პოლიტიკურ და კვერცხების ბიზნესის მაქინაციებში ამხელდა და ძალიან აქტიურობდა ამ მიმართულებით. მართალია, ამ ვიდეოთი სერიოზულად შეილახა ფარესიშვილის პირადი ღირსება და ავტორიტეტი, მაგრამ არც ხვედელიძეს დაატყდა კარგი დღე _ საქმე გახმაურდა, საზოგადოებრივი ხასიათი მიიღო, გამოძიება დაიწყო და ხვედელიძეც “გამჟღავნდა”. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის კარიერა “კვერცხები. ქომ”-მა შეიწირა!

აი, ქათამს რაც შეეხება, ქალმძღოლზე ხშირად ამბობენ, ქათამიაო, ანუ ცუდად, უტვინოდ ატარებს მანქანასო. პოლიტიკაშიც ასეა და, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში უტვინოების მეტი რა არის, განათლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. პარლამენტში ხან ბუსუსებიან პრეზერვატივებზე კამათობენ კვირეების განმავლობაში და ხანაც _ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება-არგანადგურებაზე. ეს უკანასკნელი დღემდე საკამათო თემაა და ვერა და ვერ გადაწყვიტეს, გაანადგურონ თუ არა. რატომ ვერ ელევიან ფარულ ვიდეოებს პოლიტიკოსები, ძნელი სათქმელია.

ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკა კვერცხების გარშემო ტრიალებს ქუჩაშიც, პარლამენტშიც და ინტერნეტსივრცეშიც. შეიძლება უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ გინდა თუ არა, ძალაუნებურად “კვერცხდები” და ამასობაში რუსები, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ საქართველოს ტერიტორიას და მავთულხლართიან საზღვრებს გვიშენებენ ცხვირწინ.

 

რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ

ალბათ, ორენოვან მარგველაშვილს. განათლებული, ზრდილი, დინჯი, თავმდაბალი ფილოსოფოსი მარგველაშვილი სააკაშვილის სრული ანტიპოდია...