”ვეფხისტყაოსანი” მინდოდა დამედგა, მაგრამ ფული არ მომცეს და ვერ დავდგი

”ვეფხისტყაოსანი” მინდოდა დამედგა, მაგრამ ფული არ მომცეს და ვერ დავდგი

დიდ მაესტროს - რობერტ სტურუას 75 წელი უსრულდება. სამი მეოთხედი საუკუნე ცოტა არ არის, თუმცა რობერტ სტურუას მსუბუქად მოაქვს ეს წლები, მასში ერთმანეთს ერწყმის ერთი მხრივ ბავშვური უშუალობა და სიცელქე და მეორე მხრივ - აზროვნების სიღრმე და გენიალურობა. მან ყველაზე მეტად იცის, რა მოაქვს ადამიანისთვის ინტელექტსა და განათლებას, იცის, რამხელა სიმძიმეა იყო ხელოვანი, ქმნიდე და ფიქრობდე განუწყვეტლად, იყო კაცობრიობის მიერ უკვე შექმნილისა და გააზრებულის ღირსეული წამკითხველი...

კაბინეტში, თაროებზე უსწორმასწოროდ აწყვია სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები. ამ ფონზე კიდევ უფრო თვალნათელია, რომ რობერტ სტურუა მარტო ინტელექტსა და წიგნიერებაზე არ დგას. არის კიდევ რაღაც - ძალიან ძლიერი და მასშტაბური, შემოქმედებითობისა და ადამიანად ყოფნის ბედნიერების დიდი ნაზავი, რომელიც არცერთ საკანს არ შეაგუებს, ცხაურის იქით გაახედებს და უკიდეგანო სივრცეებით აავსებს.

თეატრზე ვსაუბრობდით და სიტყვას მოჰყვა - ეპიდავროსი ახსენა, უძველესი ბერძნული კულტურის ნიმუში, ესკულაპეს ქალაქი, სადაც ანტიკური სამყაროს სამკურნალო ცენტრი იყო... აქვეა უძველესი ამფითეატრი, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევს და რომლის აკუსტიკაც ისეთი ძლიერია, რომ ბევრ თანამედროვე ნაგებობას შეშურდება...
ბერძნები თვლიდნენ რომ ადამიანს მარტო წამალი კი არ განკურნავდა, არამედ ხელოვნებაც - თეატრი, რომელიც თანამონაწილეობის განცდის გამო უმოკლეს გზას სთავაზობს ადამიანს კათარზისისკენ.

- სხვათა შორის, ეპიდავროსში ორი სპექტაკლი მაქვს დადგმული, "ელექტრა" და "ოიდიპოს მეფე"... განსხვავებული განცდაა - 35 საუკუნეა ეს სივრცე ეთმობა ხელოვნებას, - მითხრა მაესტრომ, რობერტ სტურუამ...

- ღია ცის ქვეშ თამაში - ამასაც აქვს განსხვავებული განცდა... თქვენ ეპიდავროსის გარდა აკროპოლისშიც გაქვთ სპექტაკლი დადგმული...

- კიდევ პირველი უცხო ქვეყნის თეატრი ვიყავით, რომელსაც ნება მისცეს პაპის ეზოში წარმოგვედგინა სპექტაკლი... - მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს თემას გადაუხვიაო, სინამდვილაში კი სწორედ ის თემა გააგრძელა, რასაც თეატრი უდგას ბურჯად, - სხვათა შორის, მიფიქრია, რომ სისხლი თავისას შვრება, ამ თვალსაზრისით დრო აღარ არის მნიშვნელოვანი. ათენში როცა ხარ, ხედავ ბერძნული სისხლი ბევრი მუსულმანური, თურქული სსხლითაა გაჯერებული, მაგრამ ზოგჯერ დაინახავ: ნამდვილი ანტიკური ბერძენი მოდის. ბერძნული სისხლი ისევ ცოცხალია...

- უნიფიცირება დღევანდელი ერების დიდი პრობლემაა... განვითარებული ქვეყნები თვლიან რომ ყველაფერი უნდა მოგვახვიონ თავს, არადა, რუსთველი ამბობს: "რომელმან მოგვცა სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა"... ერების მრავალფეროვნება დედამიწის მთავარი სიმდიდრეა...

- უნიფიცირება უკურეაქციას გამოიწვევს, გასაგებია, რომ ყველა დედამიწის შვილები ვართ, მაგრამ ამდენი ფერი რატომ უნდა წაიშალოს? ამას წინათ შევესწარი, ნიუ-იორკში ამერიკის აღმოჩენის დღეს აღნიშნავდნენ, მეხუთე ავნიუზე პარადე იყო. მოდიოდნენ იტალიელები ტრადიციული სიმღერებით, ირლანდიელები მწვანე დროშებით... ხალხი უნდა ცდილობდეს, შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი კულტურა.

- ეთანხმებით თუ არა, რომ კულტურის შენარჩუნება-განვითარებისთვის ნებისმიერ ეპოქაში საჭიროა გყავდეს ლორენცო მედიჩი.

- ეს ფუნქცია სახელმწიფოსაც შეუძლია, იტვირთოს. ვუდი ალენი წელიწადში ერთხელ იღებს ფილმს, ყველა მისი ფილმი გამოირჩევა საინტერესო იდეით... ზოგი უკეთესია, ზოგი - ნაკლებად. ამერიკა აფასებს მას და აძლევს კერძოდ ვუდი ალენს ფილმის გადასაღებად საჭირო თანხას. ეს ძალიან სწორი მიდგომაა.

- ხელოვნება და ფული - ეს საინტერესო თემაა. შეიძლება იყო უკიდურესად ხელმოკლე ფიროსმანი და ქმნიდე დიდ ხელოვნებას... თუ გქონიათ შემთხვევა, როცა დაუფინანსებლობის გამო თქვენი ძალიან საინტერესო იდეა დარჩენილა ხორცშეუსხმელი?

- იყო ასეთი შემთხვევა. "ვეფხისტყაოსანი" მინდოდა დამედგა, მაგრამ არ მომცეს ფული და ვერ დავდგი. სპექტაკლი შემიძლია ქუჩაშიც დავდგა, ისე როგორც ჩემს ყმაწვილობაში ერთი ბაბაიანი დადიოდა და ოტელოს თამაშობდა ეზოებში. მაგრამ ეს ის არ იქნება... ფიროსმანზე კი იცით რას ვიტყვი? უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა, - ყველამ იცოდა, იცნობდნენ, მასთან დადიოდნენ, არაფრით, ან ვერაფრით ეხმარებოდნენ... სამწუხაროა... მაგრამ სასაფლავი მაინც არ დაგვეკარგა! სადამდე უნდა მიხვიდე ერი, რომ ფიროსმანის საფლავი დაკარგო?

- ხსოვნის შენახვა - ეს კიდევ ერთი აქტუალური თემაა... ჩვენმა ქალაქმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი ხსოვნა დაკარგა - ლეჩკომბინატის შენობა, საიდანაც გალაქტიონი გადმოხტა, დაანგრიეს...

- კარგი შენობა იყო, მისი ავტორი გახლდათ რუსი არქიტექტორი, რომელმაც ააშენა ქიაჩელზე ბერიას სახლი... სამწუხაროა, რომ დაუნგრევიათ... რას ვკარგავთ და რას ვმატებთ ჩვენს ქალაქს? თვალწინ მიდგას ორი კანალიზაციის "ტრუბა" რიყეზე... ვიცი, ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ სწორედ ეს შეეფერება იმ ნაგებობებს... რაღა მაინც და მაინც იქ ჩადგეს, სადაც დაიბადა ეს ლამაზი ქალაქი? წადი რა გარეუბანში ჩაატარე ექსპერიმენტი... ვის ვაშენებინებთ და რას ვაშენებინებთ?

ლორენცო მედიჩი არ მისცემდა შეკვეთას შემთხვევით ადამიანს, და ვინჩის შეუკვეთავდა... რატომ? ლორენცო იზრდებოდა გარემოში, ოჯახში, სადაც არ შეიძლებოდა უგემოვნო და უკულტურო გაზრდილიყო...

- თეატრს დავუბრუნდეთ... თეატრს დიდი პრივილეგია აქვს - მაყურებლის თანამონაწილეობა... მაგრამ ზოგჯერ მაყურებელი კეთილგანწყობილი არ არის, მაშინ ალბათ ყველაზე მძიმე დრო დგება თეატრალისთვის...

- მართალია, მაყურებელი მარტო კეთილგანწყობილი არ არის... თან პროცესი ცოცხალია, შეიძლება შეიცვალოს კიდეც, ისე როგორც ეს ცხოვრებაში ხდება. პოლიტიკოსებმა კარგად იციან რას ვამბობ. ხალხი, რომელიც აღმერთებდა მათ, ერთ მშვენიერ დღეს მზად არის, ჩაქოლოს... ასეა...

- ზოგჯერ კი მაყურებელი აღფრთოვანებულია, მაგრამ ცენზორები მზად არიან ჩაქოლონ რეჟისორი... როგორები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მაგალითად "ყვარყვარე თუთაბერი" დაიწუნეს და პირვანდელი სახე შეგაცვლევინეს?

- რთულ ვითარებაში იყვნენ... ისინი ემსახურებოდნენ სიცრუეს და იცოდნენ კიდეც, რომ ამას ემსახურებოდნენ... ახლა უარესი არ გამოვიარეთ?! ესენი ემსახურებოდნენ იგივე სიცრუეს, ოღონდ ამაყად აცხადებდნენ, რომ სიმართლეს ემსახურებიან. ამიტომ ესენი უფრო გონებაშეზღუდულები არიან... იმ ძველ პარტიულებს სინდისი მაინც აწუხებდათ...

- თქვენ გიგრძვნიათ, რომ სინდისი აწუხებდათ?

- მიგრძვნია... მათი გაგება უფრო ადვილი იყო, ოჯახებზე ზრუნავდნენ, რა ექნათ... "ყვარყვარე თუთაბერი" რომ წავიღეთ მოსკოვში, დამიბარეს იდეოლოგიის განყოფილეაში, შაურომ მითხრა: საქართველოდან ორი წერილია მოსული, რომ დადგით ანტისაბჭითა სპექტაკლი, თუმცა ჩვენ ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა სპექტაკლიო... აი, ეს ანონიმური წერილები იყო საშინელება...

- თემურ ჩხეიძემ რომ "ჯაყოს ხიზნები" დადგა, მაშინაც ანონიმურმა წერილებმა წალეკა ყველაფერი...

- მაგრამ თემურს დისკუსიაშიც უთხრეს საჯაროდ, რასაც ფიქრობდნენ... მე იმან გამაოგნა, რომ ჩემთვის კი არაფერი უთქვამთ, აქედან გააგზავნეს ჩუმად წერილები მოსკოვში...

- ამას ჰქვია ბრძოლა წესებს გარეშე... სხვათა შორის ახლა ის სასტიკი წამების კარდები გამახსენდა, რომელიც ყველამ ნახა... ამის ფონზე აღარ ვიცი ანონიმური წერილები რამდენად დრამატულად გამოიყურება...

- ეს კადრები არ მინახავს, მოსკოვში ვიყავი და შვილმა დამირეკა, ასეთი და ასეთი კადრები უჩვენეს და არ ნახოო... რაც მიამბეს საკმარისი იყო, რომ ყველაფერი წარმომედგინა... საოცარი სისასტიკე იყო...

- გაბრაზებულს არ გაგიფიქრებიათ, რომ სამყაროში, სადაც ადამიანები ასე იქცევიან, სადაც ბოროტის მქმნელი გალაღებულია, კეთილი, მაგრამ ღონემიხდილი, დაუძლურებული ადამიანები კი დუმან, არ ღირს არავიზე დარდი და ზრუნვა...

- გამიფიქრებია, მაგრამ სულ ერთი წამით... მერე ისევ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ადამიანებისთვის ღირს ცხოვრება... დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. უფრო მეტად მინდა რაღაც ვთქვა მათთვის...

- გილოცავთ 75 წლის იუბილეს, თუმცა მგონია, რომ ასაკი არც გეტყობათ და არც გახსოვთ...

- ზოგი პრობლემის გამო ასაკი ვერ მავიწყდება... მაგრამ შინაგანად მართლა ვერ ვგრძნობ...

P.S. როგორც ამბობენ, დიდი მაესტრო თავის საიუბილეო თარიღს ახალ ტეატრში - "ფაბრიკაში" შეხვდება. ჩვენ ვუერთდებით მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების მილოცვებს და მზეგრძელობას ვუსურვებთ, როგორც დრო-ჟამის თვალსაზრისით, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც. და კიდევ, ვუსურვებთ, რომ თეატრს ისევ და ისევ ეტვირთა ესკულაპეობა ადამიანების სულიერი გამოჯანსაღებისთვის... ის ხომ ისედაც ამას ემსახურება...