გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

არ ვიცი, ეს ადამიანი გმირია თუ ანტიგმირი... შესაძლოა, თითოეულ ჟურნალისტს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეს, ამას არასოდეს მოვახვევთ მკითხველს. სიმართლე გითხრათ, ციხის საზარელი კადრების გავრცელების დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლადო ბედუკაძესთან ინტერვიუს ჩავწერდი, თუმცა ასე მოხდა. ამბობენ, რომ დაცვით დადის, თუმცა რედაქციაში მარტო გვესტუმრა, არ ვიცი, შეიძლება, დაცვა გარეთ ელოდა. ორი კვირის წინ მამა დაეღუპა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბედუკაძის მამა ვახო სანაიას ეთერს შეეწირა, სადაც ბედუკაძეს ერთდროულად გმირსა და მწამებელს ეძახდნენ. ინტერვიუ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- ცოტა ხნის წინ მამა დაგეღუპათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''იმედზე'' ვახო სანაიას გადაცემაში გიყურათ და თქვენი მისამართით მოწყობილ სახალხო სასამართლოს ვერ გაუძლო.
- მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არ ვიცი, უყურა თუ არა ამ ეთერს. ვერ მოვასწარი, ბოლო წუთებში მასთან ერთად ვყოფილიყავი. იმ გადაცემაში ისეთი არაფერი თქმულა, რომ ვერ გადაეტანა. არ მივიჩნევ, რომ იქ თავს ვიმართლებდი. საზოგადოების და მათ შორის, მათ წინაშე, ვინც იმ ეთერში მოვიდა, თავის სამართლებელი არაფერი მჭირს. რაც შეეხება მამას, ამ ცხრა თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრს ნერვიულობდა. ბევრი მტერი შევიძინე და გულთან მიჰქონდა ყველაფერი. მამა ავადმყოფობდა, გარკვეული როლი ითამაშა ნერვიულობამაც. ის ჩემს ძმასთან სოფელში ცხოვრობდა.
- თბილისში დაიბადეთ?
- დიახ, ტყუპისცალი ვარ. ეს საჯაროდ არასოდეს მითქვამს. სამწუხაროდ, ჩემი ტყუპისცალი და დაიღუპა. შეიძლება, გადაცემა ''პროფილის'' სიუჟეტს ვყვები, მაგრამ გარდაცვლილი შვილი ჩემს მშობლებს არ უნახავთ. სამშობიაროდან გაქრა. ეს იყო 1976 წელს. მშობლები დარწმუნებული იყვნენ მის გარდაცვალებაში, უთხრეს, რომ გულის მანკით დაიბადა, ვერ ვხვდები, მაშინ მე რატომ არ მჭირს გულის მანკი. ეს ეჭვი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ იმდენად იქნება საბუთები არეული, რომ ძნელია, სიმართლე დაადგინო. დღევანდელ თე-მქის მეხუთე სამშობიაროში დავიბადე და მოგვიანებით, წლების შემდეგ, იმ ადამიანმა, რომელმაც დედა ამშობიარა, ჩემი მეუღლის მშობიარობაც მიიღო.
- რომელი სკოლა დაამთავრეთ?
- 118-ე, გლდანის რაიონში ვცხოვრობდი. საბავშვო ბაღში ავჭალაში დავდიოდი. სკოლაში ნორმალური მოსწავლე ვიყავი, რაც შეეხება პოლიციის აკადემიას, წითელ დიპლომზე დავამთავრე. 118-ე სკოლაში ადრე გაძლიერებულად ასწავლიდნენ გერმანულს. თავისუფლად ვლაპარაკობდი და სურვილი მქონდა, უცხო ენებზე ჩამებარებინა. სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე და ალბათ გახსოვთ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში. ჩემი სკოლის წინ პოლიციის განყოფილება იდგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ესროდნენ ტყვიებს მხედრიონელები. საოცრება ხდებოდა. პოლიციელები ფორმას იხდიდნენ. ამ დროს გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და 18 წლის რომ გავხდი, პირიქით, ფორმა ჩავიცვი. ანტაგონისტური ტიპი ვიყავი, ყოველთვის თავგადასავალს ვეძებდი.

პირველი სამსახური იყო სამინისტროში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის პოლიციაში. მაშინ იშვიათად მიდიოდა ახალი კადრი პოლიციაში და იმდენად გაუხარდათ, რომ მაშინვე ავტომატი მომცეს. კუთხეში მივაყუდე, არ გავარდეს-მეთქი. მეორე დღეს ცვლა რომ მოვიდა, ვუთხარი, დაშლა-აწყობა და გამოყენება ესწავლებინათ.
1994 წელს ჩინეთის ელჩის რეზიდენციის დაცვაში ვმუშაობდი, რადგან ''ძაღლი'' დამერქვა, პოლიციის აკადემიაში ტექნიკურ ფაკულტეტზე დასწრებულზე ჩავაბარე (იღიმება). სულ ოთხი წელი იარსება ამ ფაკულტეტმა. დიპლომში ინჟინერ-იურისტი მიწერია. როგორც წარჩინებით კურსდამთავრებული, სამუშაოდ კახეთის რეგიონში საგზაო პოლიციის განყოფილებაში უფროს ინსპექტორად გამიშვეს. ახლა არ ეცადოს სააკაშვილი კახეთის გამო თამაზ თამაზაშვილს დამაკავშიროს, საერთოდ არ ვიცნობდი თამაზაშვილს და მით უმეტეს ღარიბაშვილს. იმიტომ თქვა მიშამ ჩემზე, როგორ გამოგვეპარა ეს ''გაიშნიკიო'' . მათზე განსაკუთრებული აგრესია აქვთ ძველ ხელისუფლებას და ამიტომ ჩემზე და გია ცაგარეიშვილზეც.

- თუმცა ხომ ფაქტია, რომ მართლა იღებდნენ მაშინ ქრთამს?
- დიახ, მაგრამ ჩემით დავწერე პატაკი და სამსახური დავტოვე, როცა იქ მოწყობა ათასობით დოლარი ღირდა. ამის შემდეგ, 2001 წელს გადმოვედი სასჯელაღსრულების დაწესე-ბულებაში. ეს იყო ვაის გავეყარე, უის შევეყარე. 2006 წლამდე, სანამ ამ სისტემაში ბაჩო ახალია მოვიდოდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა სიტუაცია. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. რამდენიმე ციხე გამოვიცვალე. არ ვამბობ, რომ მომწონდა, რაც მანამდე ხდებოდა, მაგრამ ქურდების დაუწერელი კანონები ახალაიას დაუწერელი კანონებით შეიცვალა. პა-ტიმრისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სცემს? კანონს მხოლოდ უცხოელებს აჩვენებდნენ, რომლებიც თავს უკრავდნენ, რომ მოსწონდათ. რეალურად ახალაია არსად წასულა. ბოლომდე მისი გუნდი მართავდა მთლიან პროცესებს. შაშკინი და კალმახელიძე იყვნენ ბუტაფორია, რომ ხალხს დაენახა - რაღაც შეიცვალა. ციხეში ყოველთვის იყო ახალაიას სული და ის მართავ-და პროცესებს (იღიმება). კალმახელიძე მხოლოდ ლენტის გაჭრაზე დადიოდა, ან უცხოელები რომ მოდიოდნენ. ერთ თანამშრომელს არ შეხვედრია, რომ ეკითხა, რა უჭირდათ.

- ცხოვრების რა ეტაპზე დაოჯახდით?
- აკადემიაში სწავლისას. ჩემი მეუღლეა ირმა ორჯონიკიძე. სააკაშვილს მისი გვარი რომ გაეგო, ატეხდა ამბავს, ეგ უნდა კიდევ მაგის გაგიჟებას (იცინის). ორი შვილი მყავს - 14 წლის უჩა და 6 წლის ანა. ირმა პროფესიით ეკონომისტია. დიასახლისი, არასოდეს უმუშავია. ავჭალაში ჩემი კარის მეზობლის ბიძაშვილია და მასთან მოდიოდა სტუმრად. გაცნობიდან ერთ თვეში დავოჯახდით. ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- ციხის ცნობილმა სკანდალმა რა გარდატეხა მოახდინა თქვენს ურთიერთობაში?
- დაგვეძაბა სიტუაცია, ირმამაც არ იცოდა, რას ვაპირებდი. თან არასოდეს ვლაპარაკობდი სამსახურის ამბებზე სახლში.

- როგორ ახერხებდით, რომ იმ სისასტიკიდან გამოსული, საღამოს სახლში ყოფილიყავით ჩვეულებრივი მამა, მეუღლე...
- ვახერხებდი... აი, ეგ არის მთავარი სიტყვა. თუმცა 2006 წლიდან პროტესტი მიგროვდებოდა, რაც აგვისტოს ომის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა. ამას დაერთო ციხის სისასტიკე. ჩემს ხელში ჩავარდნილი კამერა იარაღი იყო, რაც შემდეგ მათ შეუბრუნდა უკან. კადრების გამოქვეყნების შემდეგ მეუღლეს ეზოში ჩასვლის ეშინოდა, სააკაშვილის კლანჭებში დარჩა ჩემი ოჯახი. 19 სექტემბერს დააკავეს მეუღლე და ბავშვები და მანქანაში ჰყავდათ 3-4 საათი, ბრძანებას ელოდებოდნენ, რა გაეკეთებინათ. ჩემს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მადლობელი ვარ სააკაშვილის, რომ ტანკი არ ამოიღეს ჩემი სახლიდან, თუმცა რომ მოენდომებინათ, ამასაც იზამდნენ. მახსოვს, ერთ პატიმარს ''მოსკვიჩით'' 22 მინის ბოცის მოპარვას აბრალებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ჩაეტია ''მოსკვიჩში'' ამდენი ბოცა და რა პრობლემაა, რომ ჩემი სახლიდან ტანკი ამოეღოთ.

- საზღვარგარეთ ყოფნისას მეუღლეს როგორ უკავშირდებოდით?
- ''სკაიპით'' . იცოდა, რომ კიევში ვიყავი სამუშაოდ და ვეუბნებოდი, რომ მერე მათაც წავიყვანდი. საქართველოდან ცნობილ მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე წავედი, რომ ეჭვი არ აეღოთ. წარმოიდგინეთ, 18 წელი ვმუშაობდი და საკუთარი პატაკით ვტოვებდი სამსახურს. არ ველოდი, რომ საზღვარზე გამიშვებდნენ, მეგონა, რაღაც პრობლემას მაინც შემიქმნიდნენ და კადრებიც იმიტომ არ წამიღია.

- ძველი ხელისუფლებიდან ვინმე ხომ არ უწყობდა ხელს თქვენს თავისუფლად გადაადგილებას?
- გამორიცხულია... ხომ იყო ვერსია, ვითომ მერაბიშვილი დამეხმარა, მაგრამ რეალურად მისი ჩართულობის გამო გაგვიფუჭდა მე და ირმა ინაშვილს ურთიერთობა. ამაზე სპეცსამ-სახურები მუშაობდნენ
- დღეს რა ურთიერთობა გაქვთ ინაშვილთან?
- ყველაფერი გავარკვიეთ და უთანხმოება აღარ არსებობს.
- მას შემდეგ, რაც მოხდა, ზოგი გმირს გეძახით, ზოგიც შეურაცხყოფას გაყენებთ. არ გიფიქრიათ, რომ საერთოდ წახვიდეთ საქართველოდან?
- წასული არ ვიყავი? რატომ ჩამოვედი ბელგიიდან, როცა იქ თავშესაფარიც კი მქონდა მიღებული. წავიყვანდი ოჯახს და მშვიდად ვიცხოვრებდი. მაგრამ იტყოდნენ წავიდა, გაიქცა, აი, ფული აიღოო, უფრო მეტი სალაპარაკო ექნებოდათ.
- თქვენი მისია ხომ შეასრულეთ და ძველი ხელისუფლება გამოააშკარავეთ, რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან, იმავეს ხომ დღესაც ამბობენ.
- დიახ, ისინი ყოველთვის იტყოდნენ, რომ ივანიშვილმა დამიკვეთა და ფული გადამიხადა, რეალურად კი წამება არ ხდებოდა, მაგრამ მე ჩემი ორგანიზაციის შექმნით დავამტკიცებ საწინააღმდეგოს. მინდა, რომ ადამიანების უფლებები დავიცვა ძალოვან უწყებაში.
- ყველაზე მეტად ხალხი თქვენ მიმართ უარყოფითად განაწყო თქვენმა ხმამ, რომელიც ერთ-ერთი წამების კადრში ისმის.
- შემეძლო, ისეთი კადრები გამომეტანა, სადაც არც მე და არც ჩემი თანამშრომლები არ ჩანდნენ. ვინც ჭკვიანია, მიხვდება, რომ ჩემს თავზე ავიღე დარტყმა და სხვისი კადრები კი არა, საკუთარი გამოვიტანე. თავის მართლება მიხდება, როცა რეალურად არაფერი არ მჭირს.
- ძველი დრო რომ დააბრუნონ, ისევ ასე მოიქცეოდით?
- იმდენი ცილისწამება მოდის ჩემი მისამართით, ხანდახან ვფიქრობ, ეს ხალხი მეტის ღირსია. საკუთარ ერზე ამის თქმა რთულია, მაგრამ მართლა მიშას ძეგლები უნდა მდგარიყო მოედნებზე და შუბლი უნდა ჰქონოდათ მის ქება-დიდებაში გადატყავებული. ერის მამა უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და ასეც იქნებოდა, სწორედ აქეთ მიდიოდა ყველაფერი. ჩემ გარდა იქ უამრავ ადამიანს არ მოსწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მე ავიღე ეს საკუთარ თავზე და კადრები გამოვიტანე. კი ბატონო, ვიქნები მწამებელი, თუ რამეში ხელს შეუწყობს ჩემი დაკავება, ამასაც ავიღებ საკუთარ თავზე. ამბობენ, აი, ხედავ, ახლა გმირობაც მოუნდაო, ენას ხომ ძვალი არ აქვს.
- ის ადამიანები, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, ხომ თქვენი კოლეგები იყვნენ. სამსახურის გარეთ თუ გქონდათ მათთან ურთიერთობა, არ მეგობრობდით?
- არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მათ გამარჯობასაც არ ვეუბნებოდი. როგორც ვიცი, ციხიდან ჩემი წამოსვლაც ძალიან გაუხარდათ, ამბობდნენ, ეს ინტრიგანი მოვიშორეთო. არ მოსწონდათ, რომ კარგი ურთიერთობა მქონდა პატიმრებთან. ყველა ციხესა და პოლიციაში ხდე-ბოდა იგივე. ერთიანი რგოლი იყო სისტემური დანაშაულის, პროკურორი, მოსამართლე, ციხის თანამშრომელი, პოლიციელი. მარტო ის უნდა დაისაჯოს, ვინც ციხეში აწამებდა? დანარჩენები რატომ არა?
- ქალთა ციხეზე რას იტყვით?
- იქაც საშინელებები ხდებოდა, იმედია, გამოჩნდება ვინმე, ვინც ფარდას ახდის ყველაფერს. - დღეს მაინც ხომ აქვთ ჩვენების მიცემის საშუალება, თუნდაც ახალაიას წინააღმდეგ, რატომ არავინ არ აძლევს ციხის ამბებზე ჩვენებას?
- პროკურატურას იმდენი მასალა აქვს, თუ საჭირო იქნება, გამოაჩენს. მე ვიცი, რომ პროკურატურა ბოლომდე არ არის ნაგავისგან გაწმენდილი და კიდევ არიან სააკაშვილის მონები. ჩემს პროცესზე პროკურორს პირდაპირ მონა ვუწოდე.
- თქვენ გათავისუფლებას ძალიან დიდი ამბავი მოჰყვა, არჩილ კბილაშვილს ლამის სასამართლო მოუწყვეს. ასევე მწამებლებს ძალიან მცირე სასჯელი შეუფარდეს.
- ეს პროკურატურის ბრალი არ არის. დაბალი სასჯელი იმან განაპირობა, რომ დანაშუალი პირველ ოქტომბრამდე იყო ჩადენილი. ამინისტიამ მათ მსჯავრს მეოთხედი მოაკლო და ასევე იმოქმედა შეკრებითობის გაუქმებამ. ესენი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, მათთვის 20-25 წელი მიეცათ.
- ქუჩაში სიარულისას ხალხი როგორ გხვდებათ?
- ჯერ არავისგან მიგრძნია აგრესია. თუ ასეთი რაღაც მოხდება, აუცილებლად გავაჩერებ და ავუხსნი.
- საკმაოდ ცუდი კომენტარები გამოიწვია 26 მაისის ფოტომ, სადაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსთაველზე ხელს გართმევთ და გიღიმით.
- ქუჩაში შემხვდა ადამიანი და რატომ არ უნდა ჩამოერთმია ხელი. ცუდი კომენტარები აკო მინაშვილმა და ნიკა რურუამ გააკეთეს. ყველაზე მაღალი წერტილი მოძებნონ თბილისში, მე მგონი, მთაწმინდაა ხომ? და მერე იციან, რაც უნდა გააკეთონ (იცინის).
- დღეს როგორ ცხოვრობთ, სამსახური არ გაქვთ?
- ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, მეგობრები მეხმარებიან ეკონომიურად.
- თუ იმ ცნობილი მილიონებით, რომლის აღებასაც გაბრალებენ?
- დიახ, მაქვს მილიონები, მაგრამ არ ვაჩენ, სააკაშვილის მეშინია. ოქტომბრის შემდეგ გამოვაჩენ (იცინის).
- მახსოვს, კადრების გავრცელების პერიოდში წერდნენ, რომ მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდით.
- ათასი ჭორი გავრცელდა. ქართული სენია. ისეთი ჭორები გამიგია ჩემზე, რომ გამცინებია, ზოგს პასუხის ღირსადაც არ მივიჩნევ. ორი დღის წინ ჩემმა ადვოკატმა მითხრა, ჭორაობენ თურმე, მე და შენ საყვარლები ვყოფილვართო. ყველაფერს აქვს საზღვარი და ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის წინაააღმდეგ სარჩელი მაქვს შეტანილი, საშინელებები დამიწერეს, რომ ვითომ რუსულ ჯარში ვიყავი, სადაც ''დამავერბოვკეს'' . შემდეგ ბავშვებს ვაუპატიურებდი. ამას მოფიქრება ხომ უნდა. ნეტავ ჩამახედა იმ ადამიანის ტვინში, ვინც ეს მოიფიქრა. თავიდან გამეცინა, მაგრამ შემდეგ გავბრაზდი, ვიღაცებმა დაიჯერეს.
- მართალია, ამბობთ, რომ წამებაში არ მონაწილეობდით, მაგრამ ამას ხომ უყურებდით...
- და ხელი როგორ არ მიკანკალებდა?
- არა, მაინტერესებს, ამ ფაქტებმა თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რა კვალი დაამჩნია. პირადად თქვენ არ დაგჭირვებიათ მკურნალობა?
- არა, ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს. ხანდახან ძილის წამლებს ვიღებდი, მაგრამ სერიოზული დახმარება არ დამჭირვებია. იქ სუსტ ადამიანს არ გააჩერებდნენ, სისტემიდან მოიშორებდნენ.
- რას აპირებთ მომავალში და ყველაზე მეტად რას ნანობთ წარსულიდან?
- მე ვიცოდი, რომ ამდენი უმადური იქნებოდა, ცილისწამებაც იქნებოდა, მომხდარს არ ვნანობ, სხვას რომ გაეკეთებინა, მისი მადლიერი ვიქნებოდი.
- დღეს შეძლებთ სასჯელაღსრულების სიტემაში დაბრუნებას?
- არა, ამის სურვილი არ მაქვს. არც ერთ თანამდებობაზე არ დავბრუნდები.
- წამების მსხვერპლნი ხომ ხედავდნენ, რომ თქვენ უღებდით ვიდეოს. შემდეგ არ გქონიათ მცდელობა აგეხსნათ, რატომ იქცეოდით ასე?
- მაშინ საკუთარ თავს გავშიფრავდი. სისულელე იქნებოდა.
- მას შემდეგ აღარ შეხვედრიხართ?
- როგორ არა, პროცესზე დაიკითხნენ. ჩვიდმეტ ადამიანთან ერთად გამასამართლეს, მათთან ერთად, ვინც ჩემი კადრების გამო დაიჭირეს. ამ გამოძიებას უნდობლობა გამოვუცხადე. გამოძიების საფუძველი მტკიცებულებაა, ის მტკიცებულებები ადეიშვილის დროს არის მოპოვებული და როგორ შეიძლება, ვენდო? იმ დროს დაიწყეს და ამათ გააგრძელეს.
- რა შეიცვლებოდა, ამათ რომ თავიდან დაეწყოთ?
- ბევრი რამ, თუნდაც ის, რომ ბევრ ადამიანზე შეიძლებოდა კიდევ გასვლა და ბრალის დამძიმება.
- როდესაც პროცესზე წამების მსხვერპლი მოიყვანეს, თქვენ შესახებ რა განაცხადეს?
- კადრებში, სადაც ოლეგ ფაცაცია თმით ითრევს პატიმარს, იმ ადამიანს პროცესზე ჩემი დანახვა გაუკვირდა, როგორ, შენ გდებენ ბრალს ჩემს წამებაშიო. არასრულწლოვანიც დაიკითხა და ჩემ მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.