ვინ უშლის ხელს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გახსნას?

ვინ უშლის ხელს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გახსნას?

"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ, თუკი საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება და შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, უჩა ნანუაშვილს პირადად ვთხოვ, რომ მე ჩამრთოს ამ კომისიის მუშაობაში. ეტყობა, ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს და ორივე ვთვლით, რომ ამ სამარცხვინო სპეცოპერაციის ამბავს ნათელი უნდა მოეფინოს. ამ საქმის ჯერ კიდევ გამოუძიებლობა არის ქართველი სამართალდამცავების მუნდირზე შავი ლაქა. გასაგებია, რომ გარკვეული ინფორმაცია საიდუმლოა, თუმცა შესაძლებელია საქმის ნაწილის გამოტანა საზოგადოების სამსჯავროზე. იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს. ეს საკითხები საერთაშორისო ტერორიზმის თემას ეხება, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, მათი კვალი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებამდე მიდიოდა. ეს ეპიზოდი ვერ გახდება საჯარო, თუმცა საქმის ნაწილის სააშკაროზე გამოტანა შესაძლებელია და რატომ არ აკეთებს ამას კონტრდაზვერვა, ვერ ვხვდები", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვინ უშლის ხელს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გახსნას?".

"სიმართლე გითხრათ, ამერიკელების მონაწილეობას ამ საქმეში მე ვერ ვხედავ, თუმცა ერთი საკითხია საინტერესო. არავის არ მოუკითხავს და არავინ დაინტერესებულა, ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე პირები და დაღუპულები რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მე ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, არ იყო რუსეთის მოქალაქე. არ არის გამორიცხული, ეს ადამიანები რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რაც, ბუნებრივია, საქმეში დისცომფორტს ქმნის. ირაკლი ბათიაშვილი მართალია იმ ნაწილში, რომ სააკაშვილის მიერ დაწყებული საუბარი დიდ დისცომფორტს შეუქმნის ამერიკელებს არა მხოლოდ ლაფანყურის საქმეში, პირველ რიგში, აგვისტოს ომის საქმეში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"სპეცოპერაციის დღეს, დილით, კუდ-ის უფროსი და მისი მოადგილე წამოყარეს ლოგინებიდან და გააქანეს თელავში. იქ რომ მივიდნენ, დახვდათ ბაჩო ახალაია. ახალაიამ ესენი გამოაბრუნა უკან და თბილისთან იყვნენ მოსულები, უკანვე რომ მიაბრუნეს. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ მომენტში ხელმძღვანელი იქ იყო ახალაია, თუმცა ოპერაცია ხომ თვეების განმავლობაში მზადდებოდა? კუდ-ის ხელმძღვანელობა და კიდევ ბევრი პირი ჩართული იყო ამ სპეცოპერაციის მომზადებაში, ჩამოჰყავდათ საქართველოში ადამიანები და ამზადებდნენ, უვლიდნენ, ბინებს ქირაობდნენ მათთვის და ა.შ. იმ მომენტში შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, კურატორი იყო გია ლორთქიფანიძე. ასე რომ, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, დღემდე მუშაობს შს სამინისტროში, ან ძალოვან უწყებებთან დაახლოებული პირია, ისევე როგორც კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. გამიჭირდება კონკრეტულად პიროვნებების დასახელება, თუმცა ორი მინისტრი და მისი მოადგფილეები ამ საქმეში ჩართული იყვნენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში არსებობენ, ცოცხალი მოწმეები არიან. მათ არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, მოუწოდებიათ ინფორმაცია, როგორ მოხდა ამ ხალხის ლიკვიდაცია. მე მეჩვენება, რომ ამ საქმის გამოძიებას ხელს უშლიან. ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, გამოძიების საქმეში მონაწილეობენ ადამიანები სხვადასხვა უწყებიდან, რომლებსაც თვითონ აქვთ გარკვეულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული და აქედან გამომდინარე, არ მიჰყავთ გამოძიება იმ მხარეს, საითაც უნდა წავიდეს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ კონტრდაზვერვაზე, სხვადასხვა უწყებებიდან არიან ადამიანები გამოძიების პროცესში ჩართულნი და ისინი თავის დროზე, ასე თუ ისე, მონაწილეობდნენ ამ საქმეში", - დასძენს მამუკა არეშიძე.