"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრაქციის შექმნა აუცილებლად ითხოვს მთელ რიგ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ადვილი მისახვედრია ამ გადაწყვეტილების უკან რა დგას - 7 ფრაქცია ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ფრაქციის 7 თავმჯდომარის გაჩენას, ეს ავტომატურად ნიშნავს 7 ფრაქციის აპარატის გაჩენას და კიდევ ავტომატურად 7 ტექნიკური პერსონალის გაჩენას, რომელიც ფრაქციის ხელმძღვანელობას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, საკრებულოს ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. "ნაციონალებს" არ სურთ იმ კომფორტის დაკარგვა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ - სხვა პოლიტიკურ ახსნას ამ ფაქტს მე პირადად ვერ ვუძებნი", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ჯაბა სამუშია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სინამდვილეში რისთვის შექმნეს "ნაციონალებმა" 7 ფრაქცია.
"ამაზე ორი აზრი არ არსებობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, როგორ გაიყო 22 დეპუტატი მაინცდამაინც 7 ფრაქციად? პოლიტიკური გემოვნებიდან და პოლიტიკური თემატიკიდან ამომავალი გადაწყვეტილებები ასე არ წყდება, რომ 7 სამ-სამკაციან ფრაქციად დაიყო 22 დეპუტატი - ამის უკან დგას სუფთა პრაგმატული კონფორმისტული მიდგომა ანუ მაღალი ანაზღაურება, პირადი მძღოლი და ა.შ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა უმრავლესობა საკრებულოში, შესაბამისად მათი წარმომადგენლები გამოყვანილი იქნენ კომისიებიდან და კომისიის ხელმძღვანელობიდან. ბუნებრივია, ამან წარმოშვა მათში ის სურვილი, რომ კომფორტი, რომელიც ჰქონდათ წლების განმავლობაში, რაღაც ფორმით მაინც შეენარჩუნებინათ - ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა და არავითარი დიდი "პოლიტიკური გათვლები" არ დგას ამ ყველაფრის უკან. ისინი ცოტა მეტნი რომ ყოფილიყვნენ, 8 ფრაქციასაც ჩამოაყალიბებებდნენ," - დასძენს ჯაბა სამუშია და კითხვაზე - "ერთი ფრაქციის ბიუჯეტი რამდენს შეადგენს ანუ რამდენით უძვირდება ბიუჯეტს მათი შენახვა?" - პასუხობს:
"ეს დაფარული ინფორმაცია არ არის. საკუთრივ თითო ფრაქციაზე დაახლოებით 3-3,5 ათას ლარამდე იხარჯება ყოველთვიურად. ეს არის მხოლოდ ის ხარჯი, რაც ფრაქციის წევრის მომსახურებისთვის არის საჭირო, ამაში არ შედის სახელფასო ფონდი..."
"ალია" დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ნინო თევდორაძეს. როგორც თევდორაძემ განაცხადა, ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური სარგო 2600 ლარია, ფრაქციის წევრის 300 ლარი, ამასთანავე ფრაქციის წევრი თუ საკრებულოს სხდომებსაც ესწრება, ამაში ის დამატებით 700 ლარს ირებს, ხოლო ამავდროულად თუ რომელიმე კომისიის წევრიც არის, მის ჰონორარს დამატებით 700 ლარი ემატება. თუკი "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრი ესწრება სხდომებსაც და არის კომისიის წევრიც, მაშინ ის ჯამში იღებს 1700 ლარს. ფრაქციის თავმჯდომარის მძღოლის ანაზრაურება ყოველთვიურად 1000 ლარით განისაზღვრება - საბოლოო ჯამში დავთვალეთ და გამოვიდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 7 ფრაქციის შენახვა ყოველთვიურად დაახლოებით 85 ათას 400 ლარი უჯდება. ამ ხარჯებს დაემატება საწვავის ღირებულებაც, მაგრამ რამდენს გამოუყოფენ ამ ფრაქციებს, ეს სამომავლოდ გასარკვევი საკითხია", - წერს სტატიის ავტორი.