"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პატრიარქი მართლაც ძალიან დიდი პიროვნებაა. ჩემს თვალწინ უკვე მერამდენედ გავეშებული ბრძოლა იმართება, ერთი მხრივ, ვითომ მოკავშირე ეკლესიებსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელს შორის იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები არ შეილახოს. ეს ეხება როგორც აფხაზეთში ეკლესიის საკითხს, დევნილების თემას, სამაჩაბლოში მცხოვრებთა წყალმომარაგების პრობლემებს და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. პატრიარქი ერთ ნაბიჯს არ უთმობდა მავანთ საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პატრიარქიის დელეგაციის წევრი მოსკოვში ვიზიტისას მამუკა არეშიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პატრიარქის ვიზიტისას რა საუბრები გაიმართა ოფიციალური მოსკოვის კულუარებში / მამუკა არეშიძე: "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პატრიარქის შეხვედრას მე არ დავსწრებივარ, ზუსტად ვიცი, იქ რა მოხდა..."
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პატრიარქის შეხვედრას მე არ დავსწრებივარ, ზუსტად ვიცი, იქ რა მოხდა და რა თემებზე იყო ლაპარაკი. მანამდე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - საქართველოს დელეგაციამ პატრიარქის ხელმძღვან- ელობით კატეგორიული უარი განაცხადა, თუ ქრისტიანების დევნის დოკუმენტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ იქნებოდა მოხსენიებული, ასეთ დოკუმენტს საქართველოს დელეგაცია ხელს არ მოაწერდა. მართალია, ამ დოკუმენტში არ შევიდა საპატრიარქოს მოთხოვნა, მაგრამ საქმე ისაა, რომ დოკუმენტი საერთოდ არ იქნა მიღებული იმიტომ, რომ საქართველოს დელეგაციამ ძალიან მყარად დააფიქსირა თავისი პოზიცია. პუტინთან შეხვედრის დროს საუბარი იყო დევნილების თაობაზე. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივა ძალიან გართულდება. ეს შეხვედრა გახდება ბაზა შემდგომი შეხვედრებისა. პატრიარქი პუტინს მარტო არ შეხვედრია - იქ იყო 14 მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მაგრამ საქართველოს პატრიარქმა მოახერხა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს აქტიურად შეეხო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"რა თქმა უნდა, იყო საუბრებით შორის ვისაუბრეთ აგვისტოს ომზეც. მე იქ არ მინახავს ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთი იყო დამნაშავე. რუსი ჩინოვნიკები თვლიან, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რომ მოახდინა ამ ომის პროვოცირებს. ზოგი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, მე ვამბობ - ომი დაიწყო რუსეთმა არა 2008 წელს, არამედ ჩემთვის ეს იყო 2006 წელი და როცა ეს არგუმენტები მომყავდა ომთან დაკავშირებით და კუთხეში ვაყენებდი რუს ჩინოვნიკებს, არგუმენტირებული კამათის დროს ისინი მპასუხობდნენ - შეიძლება ეს ასეც იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვთვლით, რომ საბოლოო პროვოცირება საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ვნახე რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც ისტერიკაში არ ვარდებიან იმის გამო, რომ ვილნიუსის სამიტზე სომხები იღებენ სტატუსს ევროკავშირთან განსაკუთრებული ურთიერთობების თაობაზე. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს თქვა, რომ სჯობს საქართველომ მაპი მიიღოს და ამ სიმაღლიდან ივაჭროს ჩვენთან, ვიდრე იყოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არისო. შეკითხვაზე - თუკი საქართველო მაპს მიიღებს, ის ნიშნავს საქართველოს დასავლეთზე ორიენტაცია და ამით თქვენ რა? - მან მიპასუხა, რომ მაშინ ჩვენ რუსეთში ზოგიერთ ტვინგაყინულ ჩინოვნიკს გავაგებინებთ, რომ დათმობებია საჭირო, რადგან ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩებაო. როდესაც ვსვამდით საკითხს, რომ მივცეთ მეზობელ ქვეყნებს მანევრის საშუალება-თქო - არსებობენ კრემლში ჩინოვნიკები, რომელთაც ამის გაგონება არ უნდათ და ამიტომ, სჯობს საქართველომ მაპი მიიღოს და ამ შემთხვევაში რუსეთი დათმობებზე წავაო. აი, ასეთი მიდგომების დემონსტრირება ხდებოდა რუსეთში და ეს საინტერესოა", დაასკვნის ექსპერტი.
"რა შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს: მარგველაშვილს და ბურჯანაძეს - მაინცდამაინც დიდად არ აინტერესებთ ეს საკითხი, ისინი აპელირებას ყოველთვის პირველ ფიგურაზე აკეთებენ. მათ თვალში კი პირველი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია. მინდა გითხრათ, რომ მე ვერ დავინახე ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურ მოსკოვთან კულისებს მიღმა განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილმა მოქმედებები დაიწყო საკუთარი მოსაზრებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. მას კონკრეტული გეგმა და ამოცანა ჰქონდა, რაც თვითონ მოიგონა და შექმნა. ის, რაც საქართველოს ოპოზიციურ ძალას ჰგონია, რომ ივანიშვილი პუტინის გამოგზავნილია, არის მტკნარი სიცრუე. მე ვნახე ოფიციალური რუსეთის გავლენიანი წარმოამდგენლები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ივანიშვილის მოქმედებით კმაყოფილნი არ არიან. - როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრად ლოიალური იქნებოდა რუსეთთან, ვიდრე ის დღეს არის", - დასძენს მამუკა არეშიძე.
"რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას 26 მაისი დარბევაზე, დიდ პოლიტიკაში ორპირობა მიღებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ღიად მოხდეს სიტუაციის დეზავუირება, რაც სააკაშვილმა გააკეთა. მოკლედ სააკაშვილმა ჩაუშვა მისი მეგობრები და გააფრთხიოლა, რომ მას შეუძლია სხვა რამეებიც თქვას - სააკაშვილი ასეთი განცხადებებით ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ხარისხი გაზარდოს. მან ზუსტა იცის, რომ პრეზიდენტობის გასვლის შემდეგ მას სერიოზული პრობლემები შეექმნება - ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა - თუკი ჟვანის მკვლელობისა და სხვა დანაშაულებრივ თემებში გამოიკვეთება სააკაშვილის როი, ის აუცილებლად დაისჯება. თუ კორეისა და ბოსნიის პრეზიდენტები ციხეში სხედან, რატომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი მოხვდეს ციხეში?", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო სააკაშვილის გზავნილის - გაინძერით ბიჭებო, თორემ რაც ვიცი, ყველაფერს მოვყვებიო. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ კონდოლიზა რაისის გააქტიურება დროში ემთხვევა სააკაშვილის განცხადება. ფაქტია, რომ ამერიკის ზოგიერთ წარმომადგენელს არ მოსწონს ის, რა განცხადებებიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან - ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილია. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში როგორ მიუბრუნდა სააკაშვილი და კონდოლიზა რაისს უთხრა - ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე თქვენ საქმის კურსში იყავით, თუ რა გართულებები შეიძლებოდა მომხდარიყო რეგიონშიო - არ გამოვრიცხავ, რომ მაშინ სააკაშვილი ამერიკის ნეოკონსერვატორებმა გააქეზეს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, კონდოლიზა რაისს სტხოვეს, როგორმე ეს ამბავი შეაკავოს და ამერიკაზე დარტყმა ჩაფარცხოს. არ არის გამორიცხული სააკაშვილმა ამ განცხადების გაკეთებამდე კულუარული მესიჯი გაგზავნა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში და რადგანაც ვაშინგტონი გაჩუმდა მის გზავნილზე, სააკაშვილმა ღია დარტყმა მიაყენა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - აქვე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, პრემიერის ვიზიტი ორ სტრატეგიულ სახელმწიფოში პირველად სად გაიმართება - ამერიკაში თუ რუსეთში?" - პასუხობს:
"სხვათა შორის, ეს არავინ იცის. როგორც ჩანს, ივანიშვილი დიდი ხანია წონის ამ ვიზიტების მნიშვნელობას, ამიტომაც ის დგამს ნაბიჯს არც ერთ მხარეს, რათა ზედმეტი ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. ისიც უნდა გითხრათ, რომ ივანიშვილს აქვს უნარი, ითმინოს დიდხანს, დიდხანს აკეთოს ანალიზი და ამის შემდეგ გადადგას ნაბიჯი. ივანიშვილისნაირი ბუნების ადამიანისგან ასეთი ტიპის ნაბიჯი აუცილებლად ორიენტირებული უნდა იყოს წარმატებაზე - ისე ნაბიჯსაც არ გადადგამს".