"საკრებულოში უმრავლესობის შეცვლა და ახალი თავმჯდომარის არჩევა დიდმნიშვნელოვან მოვლენად არ მიმაჩნია. მთავარია, რომ ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეწურება და საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება. ისიც ნათელია, რომ ვერანაირი ხელოვნური კოაბიტაცია თუ დასავლეთ-აღმოსავლეთის მხარდაჭერა ვერ უშველის ვერც ერთ პარტიას, თუ მას მოსახლეობაში არ აქვს დასაყრდენი. "ნაციონალურ მოძრაობას" ორი გზა აქვს - ან გასამართლდება როგორც პარტია, ან უნდა მოახერხონ და მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება" / "პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არჩევნები `ბელადის" გარეშე ტარდება".
"სხვათა შორის, ბოლო თვეების განმავლობაში ისიც დადასტურდა, რომ ახალი ხელისუფლება წამგებიან გზას ადგა, როცა განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევდა იმ ძალას, რომელსაც ამომრჩეველმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უარი უთხრა. მოვისმინეთ განცხადება, _ ქართული დემოკრატიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის~ გადარჩენააო. არც ერთი პარტიის საქმე არ არის მეორე პარტიის გადარჩენა. ამიტომ ერთმანეთისთვის თავს ნუ იკლავენ და ნუ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, სატელიტური პარტიების "სარტყელი" შეკრას თავის გარშემო - ვგულისხმობ იმას, რომ მომძლავრებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ სატელიტური პარტიების `სარტყელი~ შემოირტყან. არადა, სააკაშვილისა და "ნაციონალების" 9-წლიანმა მმართველობამ დაადასტურა, რომ აბსოლუტური ძალაუფლებაც რომ გქონდეს, ვერ იქნები დღეგრძელი, თუ მოსახლეობის ნებას ანგარიშს არ გაუწევ. შესაძლოა, ადამიანები, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, "დააჩმორო", ციხეებში გამოკეტო და გააღატაკო, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს უნიკალური უნარი, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
"მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებულია, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კი ბუნდოვანი. ამ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება - არ ჩანს "ბელადი". ეს შესანიშნავია - ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც არჩევნებისას არ გვყავს თვალებგადმოკარკლული იდიოტი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს და ქართველი ხალხი თრთოლვას იწყებს, შემდეგ ხალხი მას ირჩევს და ორ წელიწადში კატასტროფის წინაშე ვდგებით. როგორც იქნა, შეგვიძლია ნორმალურ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არჩევნები "ბელადის" გარეშე ტარდება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი მომენტია", -განმარტავს ექსპერტი.
"დეპუტატობისას მიხეილ სააკაშვილთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და ძალიან პერსპექტიულ პოლიტიკოსადაც მიმაჩნდა. ერთ-ერთი შეხვედრისას ვუთხარი, რომ თუ ამ გუნდით მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაიღუპებოდა. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ასეც მოხდა. არადა, სააკაშვილი სხვა გზით რომ წასულიყო და ხალხის ნების იგნორირება არ მოეხდინა, 20-30-წლიანი პოლიტიკური დღეგრძელობა ექნებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს ივანიშვილთან დაკავშირებით, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ პრემიერის ბიზნესი რუსეთში საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაიყიდა. არადა, ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში საათივით აწყობილი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაყიდულიყო. თუმცა მესმის სააკაშვილის _ ყოველნაირად ცდილობს, ივანიშვილს ჩრდილი მიაყენოს. პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ სულაც არ იყო შემთხვევითი. სააკაშვილი კარგად აცნობიერებს, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მძიმე პერსპექტივები ელოდება და ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ კიდევ ბევრი ფაქტის შესახებ შევიტყობთ, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რა ქვეყანაში გვიცხოვრია ამ 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში ბოლომდე უარყოფით პიროვნებად რომ არ შევიდეს, შეეცდება, 9 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ თვითონ არ აგოს პასუხი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაღაცამ ან ვიღაცამ ეს 9 წელი უნდა "ჩარეცხოს". მხოლოდ ვანო მერაბიშვილი ამ ყველაფერს ვერ `ჩარეცხავს", რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი "ხუთეულის" წევრი იყო, სახელმწიფოში პირველი პირი არ ყოფილა. სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მარტო არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას და არ არის გამორიცხული, ალაპარაკდეს კიდეც. თუმცა, ჩემი აზრით, მან არ უნდა თქვას ისეთი რაღაცები, რაც სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. ეს არ არის შანტაჟი, მცდელობაა, რომ სხვებსაც გაუნაწილოს პასუხისმგებ ლობის ტვირთი. რაც შეეხება იმას, რაზე ალაპარაკდება, სჯობს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ დავიწყებთ თეორიულ მსჯელობას, რათა ქვეყნის ინტერესებს დარტყმა არ მივაყენოთ. დაველოდოთ სააკაშვილის მომდევნო განცხადებებს. FBI-ს სპეციალისტები აქ რომ არ ყოფილიყვნენ და სააკაშვილს ცრუ განცხადება გაეკეთებინა, ის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებდა თავს - ელემენტარულად, ცილისმწამებლად წარმოჩნდებოდა ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალში. მოვუწოდებ სააკაშვილს, გამოვიდეს და თქვას ყველაფერი ამერიკელებზე, რუსებზე, ფრანგებსა თუ ინგლისელებზე. ვიმეორებ - დაველოდოთ სააკაშვილის მორიგ განცხადებებს", - ამბობს დემურ გიორხელიძე.
"ეკონომიკის საკითხთა ექსპერტებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ პრემიერისთვისაც. ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, რომ გარკვეული საკითხების წამოწევა მოულოდნელი იყო და ჩვენი მოსაზრებები გაიზიარა... პრემიერს ვუთხარი, რომ დღეს ადამიანებს არ აქვთ ბიზნესის დაწყების საშუალება, ანუ არ არის ხელმისაწვდომი საწყისი კაპიტალი. ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კონკრეტულად ამეხსნა, რა იყო პრობლემა. ავუხსენი, პრობლემა ის არის, რომ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია ბანკებზე. მოთხოვნები, რომელსაც ბანკები უყენებენ მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. კარგი იქნება, თუ მაგალითად, საგირავნო ფონდი შეიქმნება, რაც ადამიანებს დაეხმარება ბანკებიდან კრედიტების აღებაში. შეგვიძლია ვიფიქროთ პროცენტების თანადაფინანსებაზე და საგარანტიო რესურსზე. მაგალითად, დღეს ადამიანს მშვენიერი სახლ-კარიც რომ გქონდეს და ნაკვეთიც, კრედიტს ვერ აიღებ, რადგან გაუფასურებულია ყველაფერი. საზღვარგარეთ ბანკი კრედიტის სახით ქონების ღირებულების 100-80%-ს იძლევა, ეს მაჩვენებელი კი საქართველოში მხოლოდ 30%-ს შეადგენს. შესაბამისად, ათასობით ადამიანს არ აქვს ბიზნესის დაწყების საშუალება. არადა, ქვეყანაში თუ საშუალო და მცირე ბიზნესი არ განვითარდა, სასიკეთო ძვრა არ იქნება. მივიღეთ პირობა, რომ მთავრობა დაამუშავებს ამ წინადადებებს", - დასძენს ექსპერტი.
"შეხვედრაზე 2020 წლამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამთავრობო გეგმის მონახაზზეც ვისაუბრეთ - ამ გეგმაში რამდენიმე მთავარი მიმართულებაა. პირველ რიგში, უნდა გვყავდეს კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი და პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მთავრობამ გაიზიარა მოსაზრება, რომ მთავარი ადამიანური კაპიტალი და რესურსია და ამაზე იქნება სწორება. გეგმა მოიცავს განათლების სფეროსაც - დაწყებული ბავშვის სკოლამდელი აღზრდით და განათლების მთელი ინდუსტრიით დამთავრებული. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრადიციული საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების შექმნა და ფონდების განვითარებაა, - აცხადებს დემურ გირხელიძე და შეკითხვას - "რომელიმე ექსპერტს ხომ არ გიკითხავთ ივანიშვილისთვის, მართლა აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლას. მიუხედავად პრემიერის განცხადებებისა, ეს კითხვა უპასუხოდ არის დარჩენილი?" - პასუხობს:
"ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ივანიშვილს ძალიან შორსმიმავალი გეგმები აქვს და შესაბამისად, არ არის არანაირი ნიშანი, თითქოს ის თანამდებობიდან წასვლას აპირებდეს. პრემიერი საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებს... ვერ გეტყვით, რა ხდება კოალიციის კულუარებში. თუმცა ერთი რამ ცხადია - კოალიციამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ის დაიშლება. თუმცა ტრაგიკული და დრამატული ამაში არაფერია. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, კოალიციის დაშლაც ამის ნაწილი იქნება და ეს მოხდება უმტკივნეულოდ.