28 ივლისს,12:00 საათზე, ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა 15 წლის წინ შეიქმნა.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, სასაზღვრო პოლიციის დირექტორი, ს/პ პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი,ს/პ მე-2 რანგის კაპიტანი ლაშა ხარაბაძე უმასპინძლებს.
ღონისძიებას ამერიკის და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სანაპირო დაცვის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზღვაში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებით მოეწყობა ალღუმი, საპატიო სტუმრების ზღვაში გაყვანა და გვირგვინის ჩაშვების ცერემონია გაიმართება.
სანაპირო დაცვის მოსამსახურეები მადლობის სიგელებით, საიუბილეო და სამკერდე მედლებით დაჯილდოვდებიან.
იმავე დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და მათ ოჯახის წევრებს საჩუქრებს გადასცემენ.