"დანამდვილებით ვიცი, რომ სააკაშვილი ყოველდღე ელოდება ხელშეუხებლობის გარანტიებს", - პეტრე მამრაძე
"დანამდვილებით ვიცი, რომ სააკაშვილი ლაპარაკობს სხვადასხვა რანგის უცხოელებთან, რომ მან საქართველო იხსნა სრული ოკუპაციისგან და ვინაიდან კრემლმა ვერ შეძლო ქვეყნის სრული ოკუპაცია, გაამარჯვებინა ივანიშვილს და ახლა აპირებენ მის დაჩაგვრას... არჩევნების შემდეგ 2 ოქტომბერს სააკაშვილმა დაიბარა თავის რეზიდენციაში დიპლომატები. იქიდან გამოსულმა ერთ-ერთმა დიპლომატმა მითხრა, რა ილაპარაკა სააკაშვილმა - "რაც პუტინმა გააკეთა უკრაინაში და დააჭერინა ტიმოშენკო, ზუსტად ასე აპირებენ ჩემს დაჭერასო". ეს დიპლომატი მომიყვა, გამუდმებით კარებისკენ იყურებოდა სააკაშვილი - თითქის ელოდებოდა რომ ვიღაც შეუვარდებოდა და დაიჭერდნენო", - აცხადებს ექსპარლამენტარი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილის ორი საიდუმლო სცენარი.
"სააკაშვილს აქვს ორი სცენარი. ერთი სცენარის მიხედვით, ბოლომდე იბრძოლებს, ომ ხელი არავინ ახლოს და დარჩეს საქართველოში. მეორე სცენარით თუ შეატყო, რომ მართლა აღმოჩნდება "ვირის აბანოში" ეცდება რამე მიზეზით გავიდეს ქვეყნიდან და დარჩეს უცხოეთში. მე ჯერჯერობით ვერავინ ამიხსნა, მათ შორის ჩემმა დიპლომატმა მეგობრებმაც, რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება, რომ ვილნიუსის სამიტი მისი პრეზიდენტობის დროს ბოლო იქნება. სამიტი იმართება ნოებრის ბოლოს. ამ დროს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაც კი დამთავრებული უნდა იყოს, რადგან არჩევნების მესამე კვირას იმართება. არც ერთი სცენარით ის ვილნიუსის სამიტზე აღარ უნდა მოხვდეს. შესაძლოა, ამუშავებს გეგმას, რომ იყოს მეორე ტური და სასამართლოს დახმარებით გაწელავს ინაუგურაციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"დანამდვილებით ვიცი, რომ სააკაშვილი ყოველდღე ელოდება გარანტიებს. თუ მან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები, ვიცი, რომ აპირებს საქართველოში დარჩენას და რაც ტელევიზიით თქვა - ჩემს ყვარლის სახლში გავხსნი საკონფერენციო დარბაზს და მოვიწვევ ხოლმე სტუდენტებოს - ასეც იზამს, ამას ნამდვილად აპირებს. დანამდვილებით ვიცი, რომ დასავლეთის მხრიდან არაერთგზის განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა ივანიშვილზე - პირდაპირ უთხრეს ივანიშვილს, რა თქმა დიპლომატიურად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არ იქნება პოლიტიკური დევნა პირველი პირის მიმართ და რომ ეს არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდესო - ანუ არც ჩვენს ინტერესებში შედის სააკაშვილის დაპატიმრება და თქვენს ინტერესებშიც არ უნდა შედიოდესო. ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა - დამიჯერეთ არ ჩავერევი არანაირად გამოძიებაში და რა შედეგიც დადგება, იმ შედეგს მივუღებთ ყველაო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამ პასუხის შემდეგ ზეწოლა კიდევ იყო. ბოლოს ივანიშვილმა უთხრა, რომ დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და არ ვაპირებ დამნაშავეს ხელი დავაფარო, არ მაქვს იმის საშუალება, რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ ვინმეს ვუბრძანო, რომელიმე დამნაშავეს არ მოკიდონ ხელი. ამას არ ვიზამ, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნა არ მოხდება და თუ გამოძიება დამნაშავედ ცნობს ვინმეს, მე ხელს ვერ დავაფარებო", - დასძენს პეტრე მამრაძე და შეკითხვას - "თქვენ სააკაშვილს კარგად იცნობთ. თუ გარანტუები ვერ მიიღო, რომელიღაც ქვეყანაში სახლკარი გამზადებული ექნება, რომ გაიქცეს?" - პასუხობს:
"მართლაც ძალიან კარგად ვიცნობ სააკაშვილს. თუ მართლა მივიდაც იქამდე მივიდა საქმე, რომ გარანტიებში დაარწმუნეს, ამ შემთხვევაში დარჩება საქართველოში. ერთი რამ ვიცი, სააკაშვილი არის იმდენად ფსიქოპათი ადამიანი, რომ მისთვის დაპატიმრება, საკანში შესვლა და დაკითხვები იქნება გაუსაძლისი. რა დონეზეც მე მას ვიცნობ, გამორიცხულია ამ სიტუაციას სააკაშვილმა გაუძლოს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გაიქცევა".