ტაშფანდურობებსა და მაიმუნობებში დახარჯული ფულის ამბავი

ტაშფანდურობებსა და მაიმუნობებში დახარჯული ფულის ამბავი

გასულ კვირას ქართულმა პრესამ კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება სახელმწიფო აუდიტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ დასკვნას კულტურის სამინისტროს მუშაობის შესახებ 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეგახსენებთ რამდენიმე საკვანძო მომენტს სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული დასკვნიდან. საუბარია 2011 წლის ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხრიდან განისაზღვრა 1 104 000 ლარით, თუმცა, როგორც ამ საკითხის კვლევისას სახელმწიფო აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, ჯაზფესტივალის სპონსორად გამოცხადდა ''საქართველოს ბანკი'' , რომელმაც რეალურად ფესტივალი მხოლოდ მთლიანი თანხის 2,7%-ით დააფინანსა, ხოლო კულტურის სამინისტრო, რომელმაც თანხის გვარიანი ნაწილი გაიღო, სარეკლამო კლიპებში მხოლოდ მხარდამჭერად იყო მოხსენიებული. დასკვნაში წერია, რომ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად სამინისტროს დაუსაბუთებლად მოსთხოვეს, მან კი გადაიხადა ზემოთ ნახსენები თანხა.

გაჩნდა შეკითხვა, როცა ჯაზფესტივალს ისედაც ჰყავდა სპონსორები და გარდა ამისა, ბილეთების გაყიდვით 400 000 ლარზე მეტი მიიღო, რაში სჭირდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა დაფინანსება? გარდა ამისა, საუბარია კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე, კერძოდ, სტეფანე მღებრიშვილის ანგარიშზე ჩარიცხულ 25 000 დოლარზე, ასევე ''ელდრაინისთვის'' , იმავე ''ემთივის'' კონცერტში მონაწილეობისთვის 12 500 დოლარი გამოიყო. ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ 25 000 ლარი გაიღო. ანდრეა ბოჩელის კონცერტის ორგანიზებისთვის კოლოსალური თანხებია დახარჯული, თავად ცნობილი საოპერო შემსრულებლის ანგარიშზე გადაირიცხა 1 600 000 ლარი. სტინგისა და კრის ბოტის ცნობილი საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა, სტინგის ჰონორარი გახლდათ 300 000 დოლარი 4 სიმღერისთვის, ხოლო კრის ბოტის - 90 000 დოლარი. კულტურის სამინისტრომ კონცერტის ორგანიზატორებს დაპირებული 1500 დასაჯდომი ბილეთის ნაცვლად გადასცა 858 დასაჯდომი და 200 ფეხზე დასადგომი ბილეთი. დანარჩენი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 227 900 ლარი. შეგახსენებთ, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 400 ლარი ღირდა.

ამ დასკვნის შესახებ კომენტარისთვის კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე მარგიშვილთან გადაგვამისამართეს. მან არაერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა ამ დასკვნის მიღმაც.

ალექსანდრე მარგიშვილი:
- ამ დასკვნაზე მუშაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენთანაც მუშაობდნენ სამინისტროში და საკუთარ ოფისშიც, სადაც ჩვენვე ვაწვდიდით ინფორმაციას. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურში მოკვლევა ახლაც მიმდინარეობს. საკმაოდ მძიმე სურათია, თუმცა აუდიტის დასკვნა ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში თავადაც შევისწავლეთ ტაშფანდურობებსა და მაიმუნობებში დახარჯული ფულის ამბავი.

- ტაშფანდურში რას გულისხმობთ?
- კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ფინანსდებოდა უცხოელი შემსრულებლების კონ-ცერტები, თუმცა არა საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ვისაც ბილეთების ყიდვა და კონცერტებზე დასწრება სურდა, არამედ სააკაშვილს რომ ეთქვა, აი, სტინგი, კრის ბოტი და ბოჩელი ჩამოვიყვანეო. პურისა და სანახაობის პრინციპი იყო. გარდა იმისა, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებით, რაც კეთდებოდა, ვერც იმას ვეთანხმებით, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე უნდა გაყიდულიყო ბილეთები და ხარჯის ნაწილი უნდა დაფინანსებულიყო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხით. რეალურად რაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, რისი ნიშნებიც იკვეთება, გახლავთ შემდეგი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ის ნაწილიც, რაც ბილეთების შემოსავლიდან უნდა გადახდილიყო. სახელმწიფო თანხები გადაირიცხა ამ ღონისძიებასთან სრულიად დაუკავშირებელ ქალთა მკერდის კიბოს კვლევის პროექტში. ეს თავისთავად კარგი აზრია, მაგრამ ხელშეკრულებით ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული და სახელმწიფო ფული წავიდა იქ, სადაც ამას არ ითვალისწინებდა ხელშეკრულება. პრობლემა არა კონტრაქტორებსა და შემსრულებლებშია, მომღერალი იქნება ეს თუ მოცეკვავე, არამედ კულტურის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაში, რომლებიც ამ სფეროს, სხვა სფეროებთან ერთად, კერძო საკუთრებასავით ექცეოდნენ.

- დასკვნაში საუბარია ლელა წურწუმიას კონცერტისთვის, სტეფანე მღებრიშვილისთვის, ასევე ''ელდრაინისთვის'' გამოყოფილ თანხებზე...
- დიახ, სხვა სახელ-გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ეს გამოძიების საგანია, მაგრამ თქვენ მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებს თუ განვიხილავთ, სტეფანე მღებრიშვილისთვის გადარიცხული 25 000 დოლარი არ იყო განკუთნილი მხოლოდ ამ ერთი შემსრულებლისთვის, არამედ რამდენიმე მუსიკოსისთვის. იმაზე, რომ სტეფანეს ანგარიშზე გადაირიცხა 25 000 დოლარი, პასუხის-მგებლობა ეკისრება არა სტეფანეს, არამედ კულტურის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობას.

- ჯაზფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ კონცერტებით რეალურად იგებდა სახელმწიფო, ვინაიდან ბათუმში ივლისის შუა რიცხვებში სასტუმროები კარგად მუშაობდა და ეს თვე მომგებიანი ტურისტული თვალსაზრისით სწორედ ზემოხსენებულმა ფესტივალმა გახადა. ცნობილი გახდა, რომ თქვენ წლევანდელი ჯაზფესტივალი აღარ დააფინანსეთ.
- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ პერიოდში ტურისტთა რაოდენობის ზრდა მოხდა, მათ შორის, სავარაუდოდ უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანის ხარჯზეც. თუმცა მეორე საკითხია, რა როლი აქვს სახელმწიფოს კონცერტების მოწყობით ტურისტების მოზიდვაში. გამოდის, რომ ტურისტი ჩამოდის კონცერტზე დასასწრებად და არა იმისთვის, რომ საქართველო აინტერესებს. ტურისტების მოზიდვას მივესალმებით, მაგრამ მგონია, რომ არსებობს სხვა ხერხებიც, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ ბათუმში და არა მხოლოდ იქ და არა მხოლოდ ივლისში.
წელს ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე უარი ვთქვით. საბედნიეროდ, არსებობს ხელოვნებაში და მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნებაში მდგრადი, თვითმყოფადი მი-მართულებები და რაც ცალკეული ღონისძიებების გამართვას სჭირდება, შემოსავალს შეუძლია ამ ხარჯების გასტუმრება. ჩავთვალეთ, რომ ჯაზი, პოპულარული მუსიკაც ის მიმართულებებია, რომელთაც საკუთარი თავის შენახვა შეუძლიათ და სახელმწიფოს შეუძლია ჩარევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც ეს სხვა მიმართულებებისთვისაც იქნება კატა-ლიზატორი. ამიტომაც ვთქვით უარი ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე და ასევე უარს ვამბობთ პოპულარული მუსიკის კონცერტების დაფინანსებაზე. თავისთავად, ამგვარ ღონისძიებებს მი-ვესალმებით, რაც კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას უკავშირდება, მაგრამ სახელმწიფო ფული ამაში არ უნდა იხარჯებოდეს. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ აღარ დაიხარჯება გარდა იმ გამონაკლისისა, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. ასეთი შეიძლება იყოს წელიწადში ერთი-ორი.

-ბატონო ალექსანდრე, გახსოვთ, ალბათ მუსიკალური ვიდეორგოლები, რომლებსაც სახელმწიფო იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასაპიარებლად. თუ დაინტერესდით, რა უჯდებოდა მსგავსი კლიპები სახელმწიფოს და თუ აპირებთ თქვენც ამგვარი ვიდეორგოლების გადაღებას...
- ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა უფრო არის. კლიპში რომ ვიღაც მღერის და ცეკვავს, იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო მსგავს ვიდეორგოლებს ნამდვილად აღარ დააფინანსებს. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ - მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბერში არჩევნები იყო, 2 ოქტომბერს საზოგადოებამ უკვე იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვალა. ოქტომბრის მეორე ნახევარში, სანამ ახალი მთავრობა შევიდოდა ძალაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაფორმებული იყო ხელშეკრულება დაახლოებით 400 000 ლარის გაცე-მაზე, რათა მსგავსი კლიპი დაფინანსებულიყო. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ეს კლიპი რამდენიმე თვით ადრე გადაღებულიც იყო, ტრიალებდა კიდეც და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი ''იუთუბიდან'' გადმოწერა. რაც თქვენ აღნიშნეთ, იმგვარი კლიპია, ოღონდ მთლიანად საქართველოს შესახებ. არ მინდა, მეტად დავაკონკრეტო, რადგან ესეც გამოძიების საგანია. ეს გახლდათ მუსიკალური პერფორმანსი, ცეკვაც იყო და სიმღერაც. მოკლედ, დასრულებული პროექტისთვის პოსფაქტუმ იყო გამოყოფილი თანხა. ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაუქმეთ. საუბარი იყო 400 000 ლარზე, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა ერთ დისკში, რომელიც ბაზრობაზე ლარი ღირს, და ამ დისკზე იქნებოდა ჩაწერილი ზემოხსენებული კლიპი, რომელიც მანამდე ნებისმიერ მსურველს ინტერნეტიდან შეეძლო გადმოეწერა. ამ დისკის ღირებულება კი 400 000 ლარი გახდებოდა.

- გაუგებარია, ეს მუსიკალური კლიპი დაფინანსდა 400 000 ლარით თუ დისკზე მისი ჩაწერა?
- კლიპის გადაღება არ იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდათ სიტყვიერი თანხმობა, ასე ვთქვათ, ''პოსლეზე'' გადახდის შესახებ. საკითხის შესწავლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ერთ კომპაქტდისკში უნდა გადაგვეხადა 400 000 ლარი, რაც მიზან-შეუწონლად ჩავთვალეთ. 24 ოქტომბრის თარიღით დაგვხვდა ეს ბრძანება, რომელზეც პრეზიდენტს ჰქონდა ხელი მოწერილი. წარმოიდგინეთ, ექვსი თვით ადრე იყო დასრულებული პროექტი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომლითაც კულტურის სამინისტროს უნდა დაეფინანსებინა პროექტი. სრული აბსურდია. ამ პროექტის ავტორებმა შემდეგ რა მოიმოქმედეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ პროექტზე სახელმწიფოდან ფული ნამდვილად არ წასულა.

კახა კანდელაკი, ''ისტერნ-პრომოუშენი'' :

- იცნობთ თუ არა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, სადაც ბათუმის ჯაზფესტივალიც არის მოხსენიებული? საუბარია 1 104 000 ლარზე, რომელიც 2011 წლის ჯაზფესტივალისთვის გამოიყო...
- და მერე რა? ბევრია (იღიმის)?!.

- კულტურის სამინისტრო მხარდამჭერად გყავდათ მოხსენიებული და ერთ-ერთი ბანკი გე-ნერალურ სპონსორად, როცა მას მთლიანი თანხის მხოლოდ 2,7% ჰქონდა გადახდილი.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? როცა სახელმწიფო აფინანსებს, იქ მხარდაჭერა ითქმის. მათ ის უნდა დაითვალონ, რა ფინანსურ მოგებას ნახულობს ბათუმი ჯაზფესტივალის პერიოდში. ახლა, მაგალითად, სახელმწიფოს კაპიკი არ გადაუხდია დადარეკეთ ნებისმიერ სასტუმროში, თუ ნახავთ თავისუფალ ნომერს, მილიონები შესდის სახელმწიფოს ამ პროექტით. არც ერთ კანონში არ წერია, ვინ როგორ უნდა გამოაცხადო რეკლამაში. ზოგჯერ სპონსორს შეიძლება არ უნდოდეს ლოგოს დატანა და მხოლოდ გამოცხადება ან თავის ფერში ინტერიერის გადაწყვეტა სურდეს. მაშინ ისიც დაითვალონ, სახელმწიფომ რაც დააფინანსა, მაგალითად, სხვა რომელიმე ფესტივალი, რა შემოსავალი ჰქონდა ქვეყანას - არანაირი, კაპიკი შემოსავალი არ ჰქონია. ერთადერთი ფესტივალია ჩვენი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მაღლა სწევს საქართველოს იმიჯსა და დონეს, ყველაზე პრესტიჟულია, ხანგრძლივია და შემოსავლიანი სახელმწიფოსთვის, თორემ ჩვენმა კომპანიამ 30 000 ევრო წააგო მაგ წელს.

- დასკვნაში წერია, რომ ბილეთების რეალიზაციით 400 000 ლარზე მეტი მიიღეთ...
- არ არის სწორი. ეს თანხა სასტუმროების ფულიანად ჩაუთვლიათ. მოგება და დღგ შედის სახელმწიფოში და უნდა უხაროდეთ, რაც მეტ ბილეთს გავყიდით. ის თანხა სასტუმროში შედის და არა ჩვენს კომპანიაში. რიცხვებს რომ გადახედავენ, ალბათ, ყველა იფიქრებს, მილიონი ლარია და ეს რამდენი გადაუხდიათო. საქმე ისაა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა მთლიანი დაფინანსება არც ყოფილა, მხოლოდ ნაწილი იყო. მილიონლარიანი ფესტივალი მსოფლიოში არ არსებობს, ფესტივალები 70 მლნ ევრო და მეტიც ჯდება.

- 2011 წელს რომელი შემსრულებელი იყო ჩამოსული?
- მეისი გრეი რომ იყო ჩამოსული, იმ წელიწადზეა ლაპარაკი. ქუჩებში სამი-ოთხი სცენა იყო, კონცერტებს ხალხი უფასოდ ესწრებოდა, სამ-სამი, ოთხ-ოთხი ჯგუფი გამოდიოდა. ათასი რაღაც ხდებოდა, მთელი ხარჯთაღრიცხვა არსებობს. წლევანდელ ჯაზფესტივალზეც ისეთი მოთხოვნა იყო, წინა პერიოდში ყველა ჩვენ გვირეკავდა, მათ შორის ისინიც, ვინც ამ დასკვნებს წერდნენ (იღიმის). თანაც, ახლა ჩვენით გავაკეთეთ, მხოლოდ 4-დღიანია, ქუჩაშიც არაფერი კეთდება და ბათუმისთვის შემოსავალიც ნაკლები იქნება.

- სტინგისა და კრის ბოტის ჰონორარებიც გასაჯაროვდა...
- არავის აქვს ჰონორარების გასაჯაროების უფლება, რადგან ამის გამო, შესაძლოა, სახელმწიფოს უჩივლონ. სტინგმა შეიძლება ერთ ქვეყანაში 10 მილიონად იმღეროს, სხვაგან - ნაკლებად. ჩვენ ისეთი რამე გავაკეთეთ, გვეგონა, მედლებს დაგვკიდებდნენ და ძეგლს დაგვიდგამდნენ. შვიდი წელი სტინგის მოწვევაზე ვიმუშავეთ, მანამდე კრის ბოტიც გვყავდა ჩამოყვანილი სპეციალურად. ეს არტისტები სასწაულ ფასად მოვიწვიეთ, სტინგის, კრის ბოტის ჩამოყვანა, ნიკა მემანიშვილის ორკესტრის ბათუმში მგზავრობა, მათი ცხოვრება, უცხოელი შემსრულებლების თვითმფრინავის ბილეთები, მათი ცხოვრება, ამას კი არ ითვლიან, იმას ამბობენ, სტინგი დაჯდა ამდენიო. ამ თანხიდან 50-60% ქვეყანაში შიგნით დაიხარჯა. გარდა ამისა, ამ კონცერტზე მოგვცეს უფლება, 2000-კაციან დარბაზში ჩაგვეტარებინა. არ შეიძლებოდა მოსაწვევებით ამ კონცერტის გაკეთება, რადგან მერე ვერავის დაუმტკიცებდი, რომ მთავრობამ სულ თავისი ნათესავები არ დაპატიჟა. ამიტომაც გადაწყდა და ასე მოითხოვა უცხოურმა მხარემ, სტინგის მენეჯერმა, რომ ბილეთები ყოფილიყო შედარებით ძვირი და შემოსული თანხა გაცემულიყო საქველმოქმედოდ. სტინგი ქართული და რუსული ესტრადის დონე არ არის, ეს არის საერთაშორისო დონე. თავად ამოირჩია საქველმოქმედო ცენტრი. ''წითელი ჯვარი'' უნდოდა, მაგრამ ეს თანხა წავიდოდა სადმე ბანგლადეშში. შეგიძლიათ თავადაც გადაამოწმოთ, რომ ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა სკრინინგ-ცენტრში გადაირიცხა და ამ ფულით 82 ქალს გაუკეთდა მკერდის კიბოს ოპერაცია. 2 საათში გაიყიდა ბილეთები, არავისთვის შეუტენიათ, ყველამ დიდი სიამოვნებაც მიიღო და თან კეთილი საქმე გააკეთა. ბილეთები შეიძინეს იმ ადამიანებმა, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა. 100 000 ევროც მინიმუმ ზევიდან გვაჩუქა სტინგმა, რადგან ერთსაათიანი პირდაპირი ეთერისთვის სწორედ ამდენი უნდა გადაგვეხადა, ჩვენ კი უფასოდ მოგვეცა მთელ საქართველოზე კონცერტის ნაწილის ტრანსლირების საშუალება.

სტინგის ჩამოსვლა ჩვენი ინიციატივა იყო. მთავრობაში საერთოდ არ აინტერესებდათ, მასობრივი არ არისო. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ამაზე სარგებლიანი და ეფექტური ღონისძიება საქართველოში არასდროს ჩატარებულა. აღარ ვთვლით იმას, რამდენი ადამიანი ჩავიდა ბათუმში 3 ივლისს, როცა ბათუმი ცარიელი იყო.

- სტინგის ჰონორარად მითითებულია 300 000 დოლარი.
- როგორ ფიქრობთ, რა ღირს სტინგის მიწვევა? მილიონი ევრო. ჩათვალეთ, რომ ეს კონცერტი საქართველოს აჩუქა!..

- როგორც ამბობენ, ამ კონცერტზე 1500 ბილეთი უნდა გაყიდულიყო. თქვენ კულტურის სამინისტრომ გადმოგცათ 858 დასაჯდომი და 200 დასადგომი ბილეთი, ხოლო დანარჩენი ბილეთები გადაეცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო გარკვეული თანხა. ასე იყო?
- არ ვიცი, ეს ჩვენი პრეროგატივა არ ყოფილა. ჩვენ აგენტები ვიყავით, რადგან სახელმწიფოს სალარო არ ჰქონდა. არ აგვიღია გაყიდვის პროცენტი, რადგან ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი. სადაც მითითებული იყო, თანხები იქ გადაირიცხა. ის საქმე, რაც ჩვენ გვებარა, ხუთიანზე შესრულდა, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. სტინგის კონცერტზე რატომ ატყდა ერთი ამბავი, ვერ გავიგე, როცა ათასი იდიოტობა ფინანსდებოდა.

- მაინც, რას მიიჩნევთ იდიოტობად?
- რა ვიცი, ხომ იყო რაღაც კონცერტები, რისთვისაც ფული იხარჯებოდა და არანაირი ეფექტი არ ჰქონია. სტინგი თუ საქართველოსკენ გამოიხედავდა, ვის ეგონა?.. შვიდი წელი პირადად მე მაგას ვნატრობდი.

- ბოჩელის ჰონორარად დასკვნაში 1 600 000 ლარი დასახელდა.
- ბოჩელიმ, მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა, სამშობლოს ფარგლებს გარეთ ახალ წელს პირველად საქართველოში იმღერა. ჩვენ ამ კონცერტს არ ვამზადებდით, მოგვმართეს დასახმარებლად. ეს თანხა პირდაპირ გადაურიცხეს მის სააგენტოს, ჩვენ ამ კონცერტიდან არაფერი აგვიღია. ეს იყო ჩვენი საჩუქარი სახელმწიფოსთვის.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თქვენი კომპანია წინა ხელისუფლების ფავორიტი იყო?
- ყველა მთავრობის ფავორიტები ვართ და ამ მთავრობისაც, სხვათა შორის. სააკაშვილის დროს არ დაგვიწყია მუშაობა, პროფესიონალები ვართ, 1978 წლიდან დავიწყეთ, გამოდის, რომ ბრეჟნევის, მხედრიონის და სხვების ფავორიტებიც ვყოფილვართ. სააკაშვილის დროს სახელმწიფო სადაც იყო ჩართული, ჰა-ჰა ხუთი პროექტი გავაკეთეთ.

- ამბობთ, რომ ახალი მთავრობის ფავორიტებიც ხართ. ვიცი, რომ გინდოდათ ბათუმის ჯაზფესტივალზე დიდი არტისტების ჩამოყვანა, მათ შორის, ერიკ კლეპტონისაც, მაგრამ კულტურის სამინისტრომ აღარ დაგაფინანსათ.
- ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. ახალი მთავრობაა და ჩამოყალიბდებიან. საქმეში ნახავენ ყველას. ჩვენ ჩვენი საქმე გვიყვარს და ვაკეთებთ. კაპიკი ფული არ მოგვცეს ახლა და მაინც ვაკეთებთ, ე.ი. არ ვყოფილვართ ფავორიტები. ბათუმის ჯაზფესტივალს გვიფინანსებდნენ მხოლოდ სამი წელი, თბილისის არასდროს დაუფინანსებიათ, რადგან უფრო მეტად კომერციული სარგებელი ჰქონდა, ბათუმის ფესტივალი კი ტურიზმის განვითარების კუთხით იზომებოდა. რურუამ მოგვმართა, აგვისტოდან ივლისში გადმოიტანეთ ფესტივალი და ჩვენ დაგეხმარებითო. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, თორემ შვიდი წელია, ამ ფესტივალს ვაკეთებთ, თანაც, ხაზს გავუსვამ, რომ თანადაფინანსება იყო სახელმწიფოს მხრიდან.
- ამბობთ, რომ კონცერტებიდან სარგებელი არ მიგიღიათ და აბა, რა დაინტერესება გქონდათ, თქვენ ხომ კომერციული ორგანიზაცია ხართ?
- ერთ-ერთი შემსრულებელი რომ ჩამოვიყვანეთ, ბინა მქონდა ჩადებული და ბანკმა წამართვა. ვიღაცას შარაფი უყვარს რესტორანში, ვიღაცას კარგი სახლის ყიდვა, ჩვენ კი ასე ვცხოვრობთ და ბავშვობის ნატვრას ვიხდენთ. 2011 წლის ფესტივალზე, მაგ პერიოდში, როგორც გითხარით, დიდი თანხა წავაგეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ბათუმმა მოიგო. შემდეგ ერთი წელი პატარ-პატარა პროექტებით ვფარავდით ამ ფულს, ბანკმა გვასესხა. ბათუმში ახლა რომ ბილეთები გაიყიდა, იმით დავფარავთ თბილისის ჯაზფესტივალის ხარჯებს და ასე ხდება.

- მინდა გკითხოთ ქართველ მომღერლებზე. ამბობენ, რომ როცა უცხოელი შემსრულებელი ჩამოდიოდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო პირობა, რომ აუცილებლად სოფო ნიჟარაძესთან ერთად უნდა ემღერათ. ჩვენ რამდენიმე ასეთი დუეტი წლების განმავლობაში ვიხილეთ...
- პირობა არასდროს ყოფილა, იყო შემოთავაზებები. პირდაპირ ვიცოდით, რომ სტინგთან არანაირ დუეტზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი. ბოჩელისთან მხოლოდ სოფოს არ უმღერია, სხვებმაც ხომ იმღერეს? არ დავასახელებ სხვა მომღერლებს, მაგრამ რამდენიმე შემსრულებლის ფოტო და მუსიკა გადავუგზავნეთ ხულიო იგლესიასს და თავად შეარჩია სოფო, ჩემი სტილი ეს არისო. ალბათ ვიზუალურადაც მოეწონა. ორი სიმღერა უნდა ყოფილიყო დუეტად შესრუ-ლებული, რადგან იგლესიასი სადაც ჩადის, ადგილობრივ ვარსკვლავებთან ასრულებს დუეტებს, მაგრამ სიმღერა აღარ უმღერია. თუ არ მოეწონა უცხოელ შემსრულებელს ქართველი, ისე დუეტს არ შეასრულებს მასთან ერთად. რამდენი მომღერალია, რომელიც კარგად მღერის საქართველოში? სულ ალბათ 4-5 ადამიანია ასეთი. ელ ჯეროს ვინ უნდა შევთავაზოთ? შანსი არ არის, მას სოფო ნიჟარაძე შევთავაზოთ. მისი სტილი არ არის. ჯგუფ ''შინს'' რენდი ბრეკერი ჩამოვუყვანეთ, ნატო მეტონიძე ვამღერეთ კრის ბოტისთან ერთად. ეს ჩვეულებრივი რამ არის.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საუბარი იყო ლელა წურწუმიას კონცერტის გარკვეული სახით დაფინანსებაზეც, კონკრეტულად კი, ტექნიკით უზრუნველსაყოფად კულტურის სამინისტრომ 2011 წელს 25 000 ლარი გამოყო. პროდიუსერ კახა მამულაშვილს დეტალების დასაზუსტებლად დავუკავშირდით.
- როგორც იცით, ლელას კონცერტი, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა 2011 წელს თბილისობაზე, ძალიან ძვირი დაჯდა. სურვილი გვქონდა, რომ კონცერტი კარგი ხარისხით გადაგვეღო. ფილარმონია ორი დღით გვქონდა აღებული, რადგან ორკესტრს ხანგრძლივი რე-პეტიცია სჭირდებოდა. დავრეკეთ ''ბრავო რეკორდსში'' და გავარკვიეთ, რა დაჯდებოდა კონცერტის გადაღება. მერე თავად ვთხოვე კულტურის სამინისტროს დაგვხმარებოდა და ოფიციალურად მივმართეთ, წარვუდგინეთ ხარჯთაღრიცხვა, რაც ''ბრავო რეკორდსმა'' მოგვაწოდა. დაგვეხმარნენ, დიდი მადლობა ნიკა რურუასა და სამინისტროს წარმომადგენლებს. შემდეგ დავაკავშირე ერთმანეთთან, მე ამ თანხასთან შეხება არ მქონია. კონცერტის დღეს იმუშავა 12-მა კამერამ, მათ შორის, ერთ-ერთი ''კრანი'' იყო. ჩაიწერეს მთლიანი კონცერტი, შემდეგ დაამონტაჟეს და გადმომცეს მე. ამ თანხაში გადასახადებიც შედიოდა.
დავინტერესდით სტეფანე მღებრიშვილის პოზიციითაც, ვინაიდან მის ანგარიშზე ''ემთივის'' კონცერტისთვის 25 000 დოლარი გადაირიცხა. მომღერალმა გადაწყვიტა, ''ფეისბუქით'' ეპასუხა ჟურნალისტებისთვის.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თანხა მხოლოდ მისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ რამდენიმე არტისტთვის უნდა გაენაწილებინა. უბრალოდ, დროში ვერ ესწრებოდა და ამიტომ დარიცხეს ერთიანად მის ანგარიშზე, ისე კი, როგორც სტეფანე აღნიშნავს, არასდროს ჰქონია პრაქტიკაში, რომ სამ სიმღერაში მისთვის ამხელა თანხა გადაეხადათ...