მიხეილ სააკაშვილი და საურონის თვალი

მიხეილ სააკაშვილი და საურონის თვალი

სააკაშვილის შსს-ს ფარული ჩანაწერების შესახებ ძალიან ბევრი ითქვა, თუმცა პრობლემის ერთი ასპექტი _ უკანონო თვალთვალის როლი და მნიშვნელობა რეჟიმის მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეში, სამწუხაროდ, დისკუსიის პერიფერიაზე მოექცა. აუდიტორიის დიდ ნაწილს უფრო მეტად კონკრეტული დეტალები, ვიდეოფირზე აღბეჭდილი სცენები და რაკურსები აინტერესებს და, ალბათ, მიზანშეწონილია, ისევ კონკრეტიკით დავიწყოთ, ხოლო შემდეგ ზოგად და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ.

გასულ კვირას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია «იმედის» ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: «როგორც გადმოცემით, ვიცი, ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, რაც ჩემს სიტუაციას სრულიადაც არ ამარტივებს და კარგად სრულიადაც არ მაჩენს. როცა ქვეყნის მეორე პირს გწერენ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ჩანაწერები არის» (ინტერპრესნიუსი).

ბაქრაძემ იქვე განმარტა, რომ ინფორმაცია ამის თაობაზე იმ კომისიის ზოგიერთი წევრისგან მიიღო, რომელსაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდა. პარადოქსულია, მაგრამ ამ განცხადებამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ისევ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების სასწრაფო განადგურების აუცილებლობაზე აალაპარაკა, მაშინ, როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანი სულ სხვა საკითხია.

ცხადია, არავინ შეინახავდა საგანგებოდ შემდეგი ტიპის ჩანაწერებს: «დავით ბაქრაძე ჩაის სვამს» ან «დავით ბაქრაძე ზოოპარკში ბაბუინს ბანანს აწვდის (თუნდაც ართმევს)». ყოველივე ეს ჩვეულებრივი და ლეგალურია (ალბათ, ბანანის წართმევის შემთხვევაშიც კი) და კომპრომატად ვერ გამოდგება. საიდუმლო არქივში, ძალიან დიდი ალბათობით, მოხვდებოდა მხოლოდ ის კადრები, რომლებზეც ასახულია ან ფიგურანტის მიერ ჩადენილი დანაშაული (სისხლის სამართლის კოდექსის ან «ნაციონალების» დაუწერელი ადათ-წესების გადასახედიდან), ან კიდევ პიკანტური დეტალები მისი პირადი ცხოვრებიდან, რომელთა გამოქვეყნების შემთხვევაში, მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგებოდა. თავად ბაქრაძე ამბობს, რომ არ იცის, რაზეა საუბარი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგ რამდენიმე არგუმენტი მუშაობს.

თუ ფირზე აღბეჭდილია დანაშაული, მაგალითად, «დავით ბაქრაძე ბრაკონიერობს» ან კიდევ, «დავით ბაქრაძე როდიონ რასკოლნიკოვივით ნაჯახით უსწორდება მევახშე ქალბატონს», მისი განადგურება ამ ეტაპზე ნივთმტკიცებულების მოსპობის ტოლფასია, მაგრამ, თუნდაც ასე არ იყოს, უკანონო თვალთვალი ხელისუფლების მეორე პირზე ძალზე სერიოზული დანაშაულია (თუ ჩანაწერები ეხება პერიოდს, როდესაც ფიგურანტი პარლამენტის თავმჯდომარე იყო), პირდაპირი დარტყმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ლამის აგრესიის აქტი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე რომ, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს როგორც შემსრულებელი, ისე დამკვეთი; ფირების სასწრაფო განადგურებამ ამას შეიძლება ხელი შეუშალოს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით უნიკალური კომენტარი გააკეთა, რომლიდანაც აზრის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია: «მე არ მინახავს დავით ბაქრაძის ვიდეომასალა, ფიზიკურად დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი საქმე, რომ მე ვნახო და არც მაქვს ნახვის სურვილი. მე ვიცი, რომ იქ არაფერი არ არის დავით ბაქრაძეზე, თუმცა არ ვიცი საიდან აქვს მას ინფორმაცია» (ინტერპრესნიუსი).

აი, რას უშვება ადამიანებს სისტემა! ასე თუ გააგრძელა, მალე ლოგიკასა და მჭევრმეტყველებაში ვანო მერაბიშვილის რეკორდებს მოხსნის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი უბრალოდ არ უკვირდება, რას ლაპარაკობს; აგერ, გასულ კვირას, ზუგდიდის ინციდენტის შემდეგ, გამოვიდა და თქვა: «ყველა, ვისი მხრიდანაც «ნაციონალების» წინააღმდეგ ძალადობა დაფიქსირდა, სამაგალითოდ დაისჯება». საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს «სამაგალითოდ დასჯის» ცნება, ხოლო კანონის უზენაესობის პრინციპი იმასაც მოითხოვს, რომ პირი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით ისჯებოდეს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, საქმე ფეოდალური ტერმინოლოგიის სამაგალითო გამოყენებასთან გვაქვს. ამ ნიუანსს თავი დავანებოთ; ამ განცხადებით შს მინისტრი აშკარად და უხეშად შეიჭრა სასამართლოს კომპეტენციაში, რაც საერთოდ შეუწყნარებელია.

არის კიდევ ერთი მომენტი: შსს-მ არ მიიღო სათანადო წინმსწრები ზომები იმისთვის, რომ პროცესები ზუგდიდში ასე მწვავედ არ განვითარებულიყო. არის შემთხვევები, როდესაც დაპირისპირების განეიტრალებისთვის საკმარისია რამდენიმე სამართალდამცავი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია რკინის ბარიერების, გაცილებით მრავალრიცხოვანი ძალების ან სულაც, ცხენოსანი პოლიციის გამოყენება (საუკუნის კადრი იქნებოდა «კავალერია იცავს დავით ბაქრაძეს ზუგდიდელი ამომრჩველებისგან»). პატარა ბავშვისთვისაც კი ცხადი იყო, რომ გამწარებული ადამიანების საკმაოდ დიდი, გაღიზიანებული მასა «ნაციონალების» ლიდერებს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ შსს-ს ანალიტიკური სამსახურები ამ ელემენტარულ დასკვნამდე, როგორც ჩანს, ვერ მივიდნენ. შესაძლოა, შსს-ს ხელმძღვანელობას არ სურს, კიდევ უფრო მეტად გაამწაროს ეს ადამიანები და მათთვის საძულველი «ნაციონალების» დასაცავად გამაღიზიანებლად ჭარბი ძალა გამოიყენოს. მაგრამ მსგავსი ინციდენტების შემდეგ მსაჯულის პოზაში ჩადგომა და რაღაც «სამაგალითო დასჯაზე» საუბარი, სულ ცოტა, უადგილოდ თუ არა, სასაცილოდ გამოიყურება. ამის ნაცვლად, ჯობს, დასხდნენ და «ნაცლიდერების» დაცვის ორიგინალური სქემა მოიფიქრონ (მაგალითად, პერიმეტრი სპილოებით გაამაგრონ).

ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი, ალბათ, სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს «ბაქრაძის ჩანაწერებით» და ადეკვატური ზომები მიიღოს. საზოგადოება კი, სასურველია, ყურადღებით დააკვირდეს «ფირების კომისიის» მუშობას და მისი წარმომადგენლების განცხადებები გააანალიზოს; შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ძალზე უსინდისოდ იქცევა. ცხადია, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დავით ბაქრაძე ცრუობს, რათა თავი რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლად, ლამის წამებულად წარმოაჩინოს. ასეა თუ ისე, ამ ეპიზოდის უყურადღებოდ დატოვება არ ეგების.

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ გაირკვევა, რომ სააკაშვილის პოლიცია ბაქრაძეს უთვალთვალებდა; ის, რომ კომპრომატი შიდასახელისუფლო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, საიდუმლო არავისთვის არაა. აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ _ ტოტალური თვალთვალის სისტემის არსებობამ სააკაშვილს ტოტალური კონტროლის ილუზია შეუქმნა. არადა, პირველიდან მეორე ავტომატურად როდი გამომდინარეობს.

გასულ კვირას მკვლევარებმა _ დევიდ როზენმა და არონ სანტესომ ძალზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც, ერთი შეხედვით, ფრიად სადავო აბზაცით იწყება, მასში ნათქვამია, რომ ტოლკიენმა «ბეჭდების მბრძანებელში» გაცილებით ზუსტად აღწერა თანამედროვე შპიონაჟის არსი, ვიდრე ორუელმა თავის «1984»-ში. ისინი წერენ «საურონის თვალზე», როგორც ტოტალური კონტროლის ძალზე შთამბეჭდავ სიმბოლოზე, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ «ყველაფრის ხილვა ყველაფრის ცოდნას არ ნიშნავს». «საურონის სახით ტოლკიენმა შეძლო აღეწერა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავი ღვთაებრივად წარმოაჩინოს, თითქმის ამოუწურავ რესურსებს ფლობს, მაგრამ ინტერპრეტაციის ასპექტში აშკარად ბრმაა. მარტივად რომ ვთქვათ, საურონის მთავარი პრობლემა ემპათიის არარსებობაა, მას არ შეუძლია წარმოიდგინოს ვინმე ფუნდამენტურად განსხვავებული ღირებულებებით. _ წერენ როზენი და სანტესო, _ საურონი არასოდეს უშვებს აზრს, რომ ვიღაცამ შეიძლება სხვა გზა აირჩიოს, გაანადგუროს ბეჭედი და, შესაძლოა, ამ პროცესში თვითონ დაიღუპოს. მას «დადასტურების მიკერძოებულობა» აწუხებს, ანუ ის მიდრეკილია მხოლოდ იმ ინფორმაციის დადასტურებისკენ, რომელიც მის შეხედულებებს შეესაბამება. ეს ნებისმიერი სადაზვერვო სამსახურის ფუნდამენტური პრობლემაა. ჩვენ ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვსურს, რაც პრობლემა ხდება, როდესაც მტერს განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს».

სააკაშვილმა ტოტალური თვალთვალის სისტემა შექმნა, მაგრამ ვერ მიაღწია ტოტალურ კონტროლს. აშკარაა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოწინააღმდეგეთა მოტივები და შესაძლო მოქმედება მისთვის ამოუცნობი დარჩა, რის გამოც არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და, საბოლოოდ, კრახი განიცადა. მოპოვებული ჩანაწერების რაოდენობით, აგრეთვე, ამ მუშაობაში ჩართული ცალკეული პირების ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, თვალთვალის სისტემა ძალზე მასშტაბური იყო და რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად მოიაზრებოდა; მას სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვალს _ საურონისთვის, თუმცა ამან გადამწყვეტ მომენტში ვერ უშველა. ცხადია, იყვნენ ადამიანები (და არაადამიანები), რომელთაც საურონი (ჩვენი პროპორციებიდან გამომდინარე, ალბათ, მაინც «საურონჩიკი») უძლეველ მბრძანებლად მიაჩნდათ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილმა, საბოლოო ჯამში, ვერაფერი მოუხერხა მათ, ვისაც მისთვის გაუგებარი და უცხო მოტივები ამოძრავებდათ. მას სავსებით გულწრფელად არ ესმოდა და, მისი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, არც ახლა ესმის, რატომ აკეთებდნენ ისინი ერთს და არა მეორეს, რატომ მოქმედებდნენ «საურონის ლოგიკის» წინააღმდეგ.

«უშიშროების ნებისმიერი აპარატი, _ წერენ, ამასთანავე, როზენი და სანტესო, _ არ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე მისი ყველაზე სუსტი რგოლი. სუსტი რგოლები კი ყოველთვის საკმარისზე მეტია». თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი, ალბათ, მაინც პირამიდის მწვერვალზე მდებარეობდა, როგორც მორდორში, ისე სააკაშვილის საქართველოში; აქაც და იქაც კრახის მიზეზი ის ინტელექტუალური წინაღობები იყო, რომელსაც სისტემის შემქმნელმა ვერ გადააბიჯა. ამ კრიტიკული წერტილის მოძებნა მხოლოდ დროის საკითხი იყო. საერთოდ კი, ტექნოლოგიების განვითარებამ გაუჩინა პოლიტიკოსებს და ძალოვნებს ცდუნება, «ყველაფერი დაინახონ» და, რაც უფრო დახვეწილი ხდებოდა თვალთვალის საშუალებები, მით უფრო ხშირად გვესმოდა ექსპერტების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დაზვერვა «გამოშტერდა». ადრე მუშაობა ინფორმაციის შედარებით მცირე მოცულობასთან და «თეთრი ლაქების» არსებობა, მარტივად რომ ვთქვათ, «ტვინის განძრევას» მოითხოვდა. დღეს კი, როდესაც ინფორმაცია თითქოს სრული და ულევია, მისი ანალიზის ადეკვატური უნარ-ჩვევები ჯერაც არ გამომუშავებულა, ხოლო «თეთრი ლაქები» ძალოვნების გონებაში გაჩნდა. ეს პრობლემა ზე სახელმწიფოების წინაშე დგას და გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პოლიცია მას ვერ გაუმკლავდა. მათ მოიპოვეს ვაგონობით კომპრომატი, მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებებს კონკრეტული ფიგურების დაშანტაჟების საქმეში, მაგრამ საბოლოოდ სრული კრახი განიცადეს.

დღეს ბევრს წერენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ფარული ჩანაწერების ყურება უყვარდა. ძნელი სათქმელია, ასე იყო თუ არა, მაგრამ გასაკვირი ამ ვარაუდში, პრინციპში, არაფერია, მსგავსი ფირები, ნარკოტიკივით, ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის ილუზიას ქმნის. ნებისმიერი დიქტატორი ოცნებობს ჯადოსნურ ტელევიზორზე, რომელშიც ყველას და ყველაფერს დაინახავს და არ იცის, რომ ეს ოცნება უფსკრულში გადაჩეხავს