ხელისუფლების ორი არჩევანი... რა კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა დასავლეთმა უმრავლესობას?

ხელისუფლების ორი არჩევანი... რა კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა დასავლეთმა უმრავლესობას?

"ისეთი მემკვიდრეობა დაგვხვდა, ყველაფერი მოშლილია და ყველაფერი დანგრეულია. ამ კოჰაბიტაციამ დააშინა ბიზნესი, ადამიანებს ვეღარ გაუგიათ ფული დახარჯონ თუ არა - ფიქრობენ, ეგებ ნაციონალები ისევ მობრუნდნენ. ქვეყანაში სიტუაცია არასტაბილურია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში დაპირისპირებაა და ხალხს ვერარ გაუგია, ხვალ რა იქნება. ფაქტობრივად, "ნაციონალები" არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში, საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებენ და ბევრი არის მოლოდინის რეჟიმში. შესაბამისად, ბიზნესში ფული არ იდება, არ არის წარმოება და არ არის ეკონომიკური ზრდა. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, უცხოელი ინვესტორი ამ ყველაფერს უყურებს და არ უღირს ამ ქვეყანაში რამე დახარჯოს", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლების ორი არჩევანი... რა კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა დასავლეთმა უმრავლესობას?

"ეს არის იმის ბრალი, რომ სააკაშვილმა პირველივე დღიდან გამოაცხადა, გადავდივარ ოპოზიციაშიო. ეს ადამიანი არის ქართველი ხალხის ოპოზიციაში, ნორმალური ადამიანი მის ადგილზე იტყოდა, ამ სიტუაციაში აღარ მიღირს პრეზიდენტობაო და გადადგებოდა, ჩატარდებოდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და დალაგდებოდა ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს. პირიქით, სააკაშვილი აქეზებს ხალხს, აწყობს პროვოკაციებს, ეწევა დემაგოგიას, აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს და როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და ყოველდღე გეძახიან "თქვენ ხართ პუტინის მსტოვრებიო", რა უნდა ვილაპარაკო. არ მაქვს იმედი, რომ ოქტომბრამდე აქ რამე შეიცვლება. ოქტომბერი ბევრ რამეს გადაწყვეტს, სააკაშვილის წასვლით ბევრი რამე გადაწყდება - მე ვფიქრობ ეს იქნება სიტუაციის დალაგების წინაპირობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.

"ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე - ალბათ, სხვა გზა არ არსებობს, თუ არა ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც დასავლეთმა იპოვა. ისინი გვეუბნებიან, კეთილი ინებეთ და იყავით კოჰაბიტაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე არჩევნებით მოვიდნენ. სულ იმას ვფიქრობ, კიდევ გავიმეოროთ ის, რაც იყო "მხედრიონის" დროს, გამსახურდიას დროს, რაც იყო შევარდნაძის დროს, კიდევ ვესროლოთ ერთმანეთს? ასეთ სისხლისღვრას ვეღარ გადაიტანს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ვერ მოიძებნა კოჰაბიტაციის ალტერნატივა. ბევრმა არ იცის - არ იყო გამორიცხული, რომ არჩევნების შემდეგ საქმე მისულიყო სისხლისღვრამდე, იმდენად დაძაბული იყო სიტუაცია. აფეთქებამდე ცოტა აკლდა. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აღგვექვა როგორც მტერი და გაგვენადგურებინა და ამ განადგურების ფორმები ძალიან მძიმე იქნებოდა. დასავლეთმა გვითხრა - კეთილი ინებეთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე თავი მიიტანეთ მშვიდობიანად, მოგწონთ თუ არა, ეს არის თქვენი ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო, თქვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა და უნდა აიტანოთო. ჩვენ ვერ ვაგებინებთ ამ ადამიანებს, რომ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაცია არის შეუძლებელი, - ხაზგასმით გვეუბნებიან - მოგწონთ-არ მოგწონთ პოლიტიკური ოპონენტი, უნდა აიტანო", - განაგრძობს მანანა კობახიძე.

"როგორც კი მოვექცევით როგორც მტრებს, მაშინვე გვეტყვიან - თქვენ არ ხართ ცივილიზებული ხალხი, ხართ მოძლადეები, აგრესიაზე ორიენტირებულები და თქვენი საქმე არ არის ევროკავშირიო. ყველა გამოსვლაში ამას გვეუბნებიან... არ ვართ მძევლები ევროპელებისა და ამერიკელების ხელში, ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო - მე ვფიქრობ რომ არის. ბოლოს და ბოლოს რეფერენდუმი ჩატარდა თავის დროზე...", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მას მერე დიდი დრო გავიდა, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა..." - პასუხობს: ევროკავშირი არის თუ არა ჩვენი მიზანი? თუ ნორმალური ცხოვრება გვინდა უნდა ვისწავლოთ ის წესები, რა წესებითაც ცხოვრობს ევროპა .ხაზგასმით კიდევ ერთსელ ვაცხადებ: ეს ყველაფერი არ ნიშნავს დამნაშავეებთან შერიგებას, დამნაშავეები უნდა ისხდნენ განსასჯელის სკამზე"