რამდენიმე თვის წინ, დავით კირვალიძემ, რომელსაც პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პროფესიონალ და კარგ ხელმძღვანელად მიიჩნევდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,5 მილიონი ლარის დანაკლისი და რამდენიმე პირის დაკავება გახდა. მართლა გაიფლანგა თუ არა ფული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ და ვის ინტერესებში შედის დავით კირვალიძის “ჩაძირვა”? _ “ქართულ სიტყვას” ე.წ. ტრაქტორების საქმის ერთ-ერთი ადვოკატი ლევან სამუშია ესაუბრა. სხვათა შორის, რამდენიმე დაკავებული პროკურატურის მხრიდან ძალადობასა და ზეწოლაზე საუბრობს...
_ ბატონო ლევან, ამბობენ, რომ დავით კირვალიძე, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ანუ არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკადრო საკითხები გადაეწყვიტა და რეფორმა გაეტარებინა. თქვენი ინფორმაციით, კირვალიძის შევიწროვება ხელს ვის აძლევდა?
_ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ადვოკატი ვარ და ეს საკითხი სისხლის სამართლის საქმეს არ ეხება, თუმცა არსებობს ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ჩვენება, რომელიც ამბობს: “მემუქრებოდნენ, ციხეში ამოგალპობთ, რამდენჯერმე იარაღიც დამადეს და ოჯახის წევრებით მაშანტაჟებდნენ. დაკავებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში, მაიძულებდნენ, დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რომელიც ჩემი თანაკლასელია და ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.Mმგონია, რომ ის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლა”. თავიდანვე ითქვა, რომ საქმე მალე უნდა გამოძიებულიყო, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო, მაგრამ გამოძიება დღემდე არ დამთავრებულა.
_ გამოძიება რატომ ჭიანურდება?
_ პროკურატურა ცდილობს, გამოძიება, რომელიც მარტში დაიწყო გაჭიმოს, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურორები ცდილობენ, თავი უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანონ.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები 1 მაისს დააკავეს. მე პროფესორების _ ომარ თედორაძისა და ზაზა მახარობლიძის ინტერესებს ვიცავ... სამწუხაროა, რომ ისინი გოსოსებს მიღმა უსამართლოდ იმყოფებიან.
_ ბატონო ლევან, საუბარი იყო თანხის გაფლანგვაზე და ეს საკმარისი მტკიცებულება არაა?
_ თანხა არ გაფლანგულა! გამოძიება იმაზე დავობს, თუ რატომ არ იყიდეს “ჯითი გრუპისა” და “მსოფლიო ტექნიკის” მიერ შემოთავაზებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. არადა, საქართველოში ე. წ. აისო-ს სერტიფიკატის მქონე უმაღლესი ხარისხის ტექნიკაა შემოტანილი და, შესაბამისად, სადავო არაფერია. გამოძიების ვერსიით, “ნიუ ჰოლანდის” ტექნიკა უფრო იაფი ღირდა და ბიუჯეტი უფრო ისარგებლებდა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ: გამოძიება დაკავებულებს მხოლოდ თანხების მითვისებას არ ედავება, თუმცა დანაშაულის მოტივი გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ რეკომენდაცია არ გაუციათ კონკრეტულ ტრაქტორებზე. საქართველოში არსებული მიწის სიმძიმიდან გამომდინარე, უნდა დაეწერათ დასკვნა, თუ რა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება შეიძლებოდა... სპეციფიკაციების დამდგენმა კომისიამ დასკვნა რომელიმე კონკრეტულ ტრაქტორებზე კი არა, არამედ, მათ პარამეტრებზე მოამზადა. ეს ტრაქტორები ძვირადღირებული ნამდვილად არაა... გამოძიებამ ექსპერტიზა ჩაატარა და ამით ჩიხში შევიდა _ პროკურატურამ ექსპერტიზას გაყალბებული მონაცემები მიაწოდა და ექსპერტებს _ შაფაქიძესა და ბედიას სთხოვეს, რომ დასკვნა გაყალბებული მონაცემების საფუძველზე დაედოთ... ექსპერტმა ბედიამ განაცხადა კიდეც, რომ გამოძიებამ არასწორი მონაცემები მიაწოდა. მოკლედ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი მხოლოდ გაყალბებული ექსპერტიზის საფუძველზე წაუყენეს. როცა პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და საქმის “შეკერვა” უნდა, უკან არაფერზე იხევს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც _ ძველმა პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა, რომელსაც ახალი მანტია აცვია და რომელიც თავის დროზე “ენვერის საქმეშიც” მონაწილეობდა, ასევე, პროკურორმაDშოთა რიჟამაძემ და ვინმე ფხაკაძემ ბრალდებულებზე ნადირობა დაიწყეს, რომ მათგან სასურველი ჩვენება მოეპოვებინათ: 16 ივნისს მამუკა ივანიაძეს, ზეწოლის ქვეშ, განცხადება დააწერინეს, რომ არ სურდა, მისი ინტერესები ადვოკატ სოსო ბარათაშვილს დაეცვა და თითქოს გამოძიებას სთხოვდა, მისთვის სახაზინო ადვოკატი აეყვანა. სხვათა შორის, ფოტოგრაფების საქმეშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო _ ადვოკატებზე უარი ათქმევინეს და სახაზინო დამცველი დაუნიშნეს, რომელიც დაკვეთას ასრულებდა...
_ მამუკა ივანიაძემ ჩვენება ახლაღა შეცვალა და სახალხოდ განაცხადა, რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. საინტერესოა, ვინ მართავდა ამ პროცესებს და რატომ აწყობდათ დავით კირვალიძეზე ხელის შეწმენდა?
_ ადვოკატი ვარ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას მოვერიდები, თუმცა ერთს ვიტყვი: ამ განუკითხაობას ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხალხის ახალი დატერორებისა და შეურაცხყოფის საბაბი არ გახდეს. “ტრაქტორების საქმე” ადეიშვილის დროს შეკერილ ათეულობით უკანონო საქმეს, მართლაც, არ ჩამოუვარდება!.. როგორც ივანიაძემ მოგვიანებით განაცხადა, პროკურორი დავითაშვილი მისგან ჩვენების მიღებას ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდა. ამ კუთხით გამოძიება უკვე დაწყებულია და იმედია, ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ ლოგიკურად, ჯაჭვი პროკურატურამდე მიდის!
_ გასაგებია, რომ გამოძიებაში ბევრი დარღვევაა, მაგრამ თუკი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ფული არ გაუფლანგიათ, აბა, 2,5 მილიონი ლარი სად გაქრა?
_ ხომ გითხარით, რომ თანხა არ გამქრალა და არც მითვისებას თუ ჯიბეში ჩადებას ედავებიან. ამ ხალხთან ის პრეტენზია აქვთ, რომ ძვირიანი ტექნიკის ნაცვლად, თანხის დაზოგვის მიზნით, იაფიანი უნდა ეყიდათ. თუ ასეა, მაშინ შესყიდვებზე შეიძლება, ნებისმიერ სახელმწიფო პირს მოედაო _ მაღალი რანგის ჩინოვნიკები უმაღლესი კლასის მანქანებით დადიან და შეგვიძლია, შევედავოთ, თუ რატომ დადიან 100-ათასიანი მანქანებით და არა _ იაფფასიანი “ჟიგულებით”? სხვათა შორის, ამ ტრაქტორების წყალობით, წელს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უპრეცედენტო რაოდენობა მოიხნა...
როგორც გითხარით, მამუკა ივანიაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო _ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც, თუ შეეცდება, ყველაფერს უმარტივესად გამოიძიებს, ვინაიდან არსებობს ვიდეოკამერები და ჩანაწერებში დაფიქსირებული იქნება, ივანიაძესთან დავითაშვილი ღამის საათებში მართლა შედიოდა თუ არა... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები _ დამსახურებული პროფესორები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი დაკითხვა მოწმის სახით ხდებოდა, ემუქრებოდნენ, თუ ჩვენთვის სასარგებლო ჩვენებას არ მოგვცემთ, სახელს გაგიტეხთ და პატიმრობაში ამოგალპობთო.
_ ბატონო ლევან, ამბობენ, რომ ამ საქმის კვალი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილამდე მიდისო...
_ ბევრი ვერსია არსებობს... ვიდრე მტკიცებულებები არ მექნება, კონკრეტულ პიროვნებაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცხადია, ამ საქმეში პროკურატურის მაღალჩინოსნების დაინტერესება ჩანს. არ მგონია, პროკურორები იმას, რაზეც ივანიაძე საუბრობს, საკუთარი ჟინის მოსაკლავად აკეთებდნენ. წინა ხელისუფლების დროს უკანონო ქმედებებში შემჩნეული პროკურორები დღესაც ღებულობენ დავალებებს, მაგრამ ვისგან, ესაა გასარკვევი.