რა გადაწყვეტილების მიღებას ელოდება არასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილისგან?

რა გადაწყვეტილების მიღებას ელოდება არასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილისგან?

"არასაპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებამდე საარჩევნო რეფორმას აღარ განახორციელებს. ამ მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსულტაციებს მართავენ და სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ორი დღის წინ "ალიასთან" საუბარში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებული იყო, რომ მმართველი გუნდი პარტიებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს არ დაარღვევდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა გადაწყვეტილების მიღებას ელოდება არასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილისგან?

"აქამდე მართლა არ მახსოვს შემთხვევა, რომ ვინმეს მემორანდუმის პირობები დაერღვია. ახლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გარიგება არსებობს. "ქართული ოცნება" ცდილობს სრულიად გაკოტრებული და დისკრედიტებული "ნაციონალური მოძრაობის" შენარჩუნებას მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად. რისთვისაც სჭირდებოდა "პადოშა" - გია თორთლაძე "ნაცმოძრაობას, იმისთვის სჭირდება ახლა "ქართულ ოცნებას" ყოფილი მმართველი გუნდი. ხელისუფლებამ აირჩია პრიმიტიული და არადემოკრატიული გზა არჩევნების ჩატარებისთვის. კომფორტმა აცდუნა არსებული ხელისუფლება და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.

"თუკი საარჩევნო რეფორმა აღარ განხორციელდა და ხელისუფლებამ თავის თავზე არ აიღო ვალდებულება, შეასრულოს პირობა, რაც მემორანდუმით იქნა გაფორმებული, პირადად ჩვენ, "ქართული დასი" და რამდენიმე ჩვენი კოლეგა არ გამოვრიცხავთ, რომ უფრო რაციონალურ გზად ავირჩიოთ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ის ვინც გადაწყვეტილების მიმღებია და ვინც უნდა აჩვენოს ნება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა, არის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ჩვენ ველოდებით პრემიერისგან ამ გადაწყვეტილების მიღებას. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ და არ გამოვრიცხავთ, დაიგეგმოს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო რეჟიმში. თუ პრემიერ-მინისტრი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ არჩევნები ლეგიტიმური იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში", - დასძენს "ქართული დასის" ლიდერი.

"გუშინ გაახსენდათ, რომ გიორგი თარგამაძემ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა? მე მინდა ვკითხო ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს როდის მერე დადიან თარგამაძის ჭკუაზე? სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მას გააჩნია ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი. მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნება, შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები", - აცხადებს ჯონდი ბარათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯონდი ბაღათურია: "ივანიშვილის მთავრობა მზად არ არის, ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები" / საპრეზიდენტო არჩევნები ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოდექსით ჩატარდება.

"პასუხს ველოდებით პრემიერ-მინისტრისგან. ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს პრემიერ-მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი, ატარებს თუ არა ის დემოკრატიულ არჩევნებს, მზად არის თუ არა, შეასრულოს პირობა, რაზეც შეთანხმდა 20 პოლიტიკური სუბიექტი და აღადგინოს ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაფორმებული იქნა მემორანდუმით. დღეს მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობის" დრაკონული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ავტორიტარული მიდრეკილებების მმართველობისთვის. მე პირადად მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მე არ ვიცი სხვა კოლეგების აზრი, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა არ გამოვრიცხავ, პოლიტიკურ სპექტრში ჩვენ ვიყოთ ბოიკოტის საკითხის წამოჭრის ინიციატორები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.