საქართველოში თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მომავალთან დაკავშირებით რაიმე ილუზიები აქვს, დღეს ის კონცენტრირებულია იმ ადგილზე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში მომავალი თაობების შეფასებებში დაიმკვიდრებს; ეს მოტივი მის ბოლოდროინდელ განცხადებებში ნამდვილად იგრძნობა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აშკარაა, რომ ის არაერთგზის სერიოზულად დაფიქრებულა კვალზე, რომელსაც ისტორიაში დატოვებს. პოლიტიკური ბრძოლა ამ ორ მოღვაწეს შორის, პრაქტიკულად, დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილმა სრული კრახი განიცადა, მაგრამ ჭიდილი ადგილისთვის ისტორიაში კიდევ საკმაო ხანს გაგრძელდება და მას ათასი ვერსია და ინტერპრეტაცია დაუკავშირდება.
უქარქაშო ჰასლტუხები
დღეს არაერთი მოქალაქე უკიდურესად აღშფოთებულია იმის გამო, რომ «ნაციონალების» ნაწილი კვლავინდებურად ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი პროგრესულ ლიდერად წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ყოველდღე ცხვირწინ რეჟიმის ამაზრზენი დანაშაულის ამსახველ ვიდეოფირებს თუ დოკუმენტებს უდებენ, თავისას მაინც არ იშლიან და იყენებენ არგუმენტებს, რომელთაც პენსიაზე გასული ნაცისტებიც კი ერიდებოდნენ, დაახლოებით ასეთს: «კი, ადამინებს აწამებდნენ, მაგრამ ასფალტი ხომ დაიგო?!»
აქ, ალბათ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველივე ეს, არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის, რამდენადაც საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების საუკეთესო 10 წლის დაცვაა. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალზე რთულია იმის დაშვებაც კი, რომ ამდენი წელი დიდი ბოროტების თანამონაწილე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები მათ ხშირად ტვინგამორეცხილ ზომბებად წარმოაჩენენ, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მარადიულ კითხვებზე არაერთგზის დაფიქრებულან, უბრალოდ, საკუთარი წარსულის კრიტიკული გააზრება არც ისე იოლია და გაცილებით დიდ დროს მოითხოვს. პოლიტოლოგი ტომას ჰანდრიხი, რომელმაც შეისწავლა და ბრწყინვალედ აღწერა გერმანიის დენაციფიკაციის ისტორია, მიიჩნევს, რომ წარსულის გააზრება და დისტანცირება მისგან გერმანული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ 50-იანი წლების მიწურულს დაიწყო. იქამდე კი ის განიხილავდა დენაციფიკაციას, როგორც რაღაც უცხოს, გარედან შემოტანილს, მოკავშირეების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელსაც დამარცხებული გერმანიის გარდაქმნისთვის იყენებდნენ. საჭიროა მეტი დრო; რამდენიმე თვეში მსგავსი გარდატეხა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და, ბუნებრივია, არც საქართველოში მოხდება.
ალბათ, უკვე ყველასთვის, მათ შორის სააკაშვილის ყველაზე თანმიმდევრული მომხრეებისთვისაც, აშკარაა, რომ მისი წარმოჩენა დემოკრატ ლიდერად მომავლის ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ მოხერხდება, ამის საწინააღმდეგოდ უამრავი ფაქტი მუშაობს. ამიტომ ექსპერტები მისი პოლიტიკური მრევლიდან სულ უფრო ხშირად საუბრობენ «განვითარების დიქტატურაზე», «ავტორიტარული მოდერნიზაციის რეჟიმზე» და ეძებენ ადგილს მიხეილ სააკაშვილის პორტრეტისთვის «პროგრესული დიქტატორების» გალერეაში, სადღაც იქ, პინოჩეტსა და პაკ ჩონ ხის შორის. თუმცა მათ ხელს სამი გარემოება უშლის: ჯერ ერთი, სააკაშვილს არ აქვს ისეთი ეკონომიკური მიღწევები, როგორც «ავტორიტარი მოდერნიზატორების» აბსოლუტურ უმრავლესობას, თანაც ეკონომიკა ვერასოდეს გახდება შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი; ასე, ლავრენტი ბერიამ საქართველოში გაცილებით მეტი ახალი საწარმო გახსნა, ვიდრე სააკაშვილმა _ შადრევანი, მაგრამ 30-იანი წლების ამ პოლიტიკოსის მმართველობის შეფასების დროს, მისთვის საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება პერიფერიულ ხასიათს ატარებს. ამასთანავე, სააკაშვილმა წააგო ომი და დაკარგა ტერიტორიები, რასაც ისტორიკოსები (და მომავალი თაობები) არავის აპატიებენ, მით უმეტეს, რომ ამას გაქცევის (თუ გახოხვის) საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სცენა უკავშირდება. პლუს ამას სააკაშვილმა საკმაოდ წინდაუხედავად არ დატოვა არც ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც მასზე მხოლოდ დადებით ტონალობაში ისაუბრებდნენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიუანსია. მაგალითად, პაკ ჩონ ხი სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, მაგრამ მის მოსისხლე მტრებსაც კი არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ორი რამ: ა) ის მომჭირნედ ცხოვრობდა და სახელმწიფო სახსრებიდან არცერთი ცენტი არ მოუპარავს; ბ) ის მამაცი პიროვნება, ნამდვილი საბრძოლო ოფიცერი იყო.
ჩვენ შეგვიძლია დროებით თავი დავანებოთ XX საუკუნის დიქტატორებს და გავიხსენოთ ლუდოვიკო XVI, უნიჭო პოლიტიკოსი და, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, აპრიორი განწირული მონარქი. მაგრამ იყო ორი, ეპიკური ისტორიული პროცესის კონტექსტში თითქოსდა უმნიშვნელო შტრიხი _ ლუდოვიკო თანაუგრძნობდა გაჭირვებულებს და, როდესაც ხვდებოდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მოწყალება გაეღო, ეშაფოტზე აყვანისას კი თავი ღირსეულად ეჭირა და სიკვდილს ისე შეხვდა, როგორც საფრანგეთის მეფეს შეეფერება. გავიდა ათწლეულები და ფრანგულმა საზოგადოებამ აღმოაჩინა ამ ფიგურაში რაღაც დადებითი, ის, რასაც რევოლუციის პერიოდში ვერ ხედავდა. იმის იქით თუ წავალთ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიურად შეფასებული ხელმწიფე, იმპერატორი იულიანე განდგომილი, როდესაც მთელი მისი პოლიტიკა თავზე დაემხო, ბრძოლის ველიდან კი არ გახოხდა, არამედ მომაკვდავი ლეგიონერების გვერდით, სპარსული ისრების წვიმაში დადგა.
შეიძლება ითქვას, რომ ისტორია წარუმატებელ მმართველებს უკანასკნელ შანსს უტოვებს და სთავაზობს «კეთილის» ან «მამაცის» სახელი დაიმკვიდრონ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ხელიდან ეს შესაძლებლობაც გაუშვა. მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში არ არის თუნდაც ერთი ჟესტი, თუნდაც ხუთწუთიანი ეპიზოდი, რომელიც შთამომავლობას ამ მიმართულებით უბიძგებდა. ცალსახად მომგებიანი რაკურსი არ არსებობს, თითქოსდა სომოსა-უმცროსზე ვსაუბრობდეთ; მისი მოღვაწეობის ნებისმიერ მონაკვეთთან დაკავშირებით სააკაშვილის ოპონენტები ან პათოლოგიურ სადიზმზე ან ასეთივე პათოლოგიურ გაუმაძღრობაზე მიუთითებენ. კეთილი? მამაცი? იქნებ პატიოსანი? ვერაფერს ვიზამთ, როდესაც ადამიანის ხასიათში ესა თუ ის თვისება არ შეინიშნება, მისი წამოწევა წინა პლანზე უკიდურესად პრობლემური ხდება.
სარკე დიქტატორისთვის
შესაძლოა, იმ «ნაცექსპერტებისთვის», რომლებიც დღეს ცდილობენ, სააკაშვილის რეჟიმს საქართველოს ისტორიაში მეტ-ნაკლებად ღირსეული ადგილი მოუძებნონ და (რაც, პრინციპში, მთავარია) საკუთარ თავს არასწორი არჩევანის პრობლემა მოუხსნან, ერთადერთი შანსი, ყურადღების 2004-06 წლებზე გადატანაა, იმ პერიოდზე, როდესაც «ვარდოსანი» ხელისუფლება ძველთან შედარებით მომგებიანად გამოიყურებოდა, ხოლო მისმა მოქმედებამ აშკარად ზღვარგადასული ხასიათი არ მიიღო. ეს დაახლოებით იგივეა, იტალიელ ავტორებს მუსოლინის მმართველობის პერიოდიდან მხოლოდ 20-იანი წლები რომ აღეწერათ, თუმცა სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ არსებობს.
სააკაშვილის რეჟიმმა თავსატეხი არა მხოლოდ მომავლის ქართველ ისტორიკოსებს, არამედ დასავლელ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებსაც გაუჩინა. მათ, უბრალოდ, არ იციან, რომელი კლასიფიკაციის ჩარჩოებში მოაქციონ ეს პათოლოგია და როგორ აღწერონ ის, მით უმეტეს, რომ თავის დროზე მას სანიმუშოდ წარმოაჩენდნენ. ალბათ, შეცდომაა ფიქრი იმაზე, რომ დასავლეთი ბოლომდე შეეცდება, სააკაშვილს «დემოკრატიის მეჩირაღდნის» იმიჯი შეუნარჩუნოს, რადგან ამის საწინააღმდეგოდ უამრავი ფაქტი და დოკუმენტი მეტყველებს, რომელთა რაოდენობა მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც გადაფასებისთვის საჭიროა დრო _ წლები თუ არა, ათწლეულები. ეს არ არის პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი შემთხვევა; იყო პერიოდი, როდესაც დემოკრატიულ სამყაროში იმავე მუსოლინის რეფორმები სავსებით ლეგიტიმურ, მეტიც, საინტერესო და მიმზიდველ ექსპერიმენტად ითვლებოდა. «მუსოლინი აღტაცებას იმსახურებს... ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რასაც მან მიაღწია», _ ამბობდა თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, ხოლო ისეთი ნათელი პიროვნება, როგორიც მაჰათმა განდი გახლდათ, დუჩეს ხოტბას დაუღალავად ასხამდა. შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა და განხილულ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, იგივე მოხდება.
გამორიცხული არაა, რომ საბოლოოდ, როგორც საქართველოს, ისე XXI საუკუნის პოლიტიკურ ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირის ადგილს დაიკავებს. მისი პოლიტიკური ბიოგრაფია, დიდი ალბათობით, გადაიქცევა ერთგვარ სახელმძღვანელოდ პირობითი სათაურით «როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი», ხოლო საქართველოს მომავალ ლიდერებს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამა თუ იმ ეპიზოდში «სააკაშვილივით მოიქცნენ», «ვარდოსანი» რეჟიმი კი გადაიქცევა ერთგვარ ნულოვან წერტილად კოორდინატთა სისტემაში, რომლის მიხედვით მომავლის ამა თუ იმ მთავრობის დემოკრატიულობისა და ადეკვატურობის დადგენა მოხდება. იმ ქართველების, მათ შორის პოლიტიკოსების, რაოდენობა, რომლებიც სიტუაციას სწორედ ასე უდგებიან, კრიტიკულად დიდია და გარე სამყარო, ძველი სიმპატიების მიუხედავად, ადრე თუ გვიან, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდება, მათი პოზიცია გაითვალისწინოს. სააკაშვილის გარემოცვას კი არ გააჩნია საკმარისი ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ სრულფასოვანი ალტერნატიული მოსაზრება დაამკვიდროს (თავისი ისტორიული და ეკონომიკური სკოლით და ა. შ.). უბრალოდ გავიხსენოთ, რამდენი და რა ღირებულების წიგნი დაწერეს მათ (უფრო სწორად კი _ არ დაწერეს) ბოლო წლებში. თუ პარალელს ისევ იტალიასთან გავალებთ, ისინი იტალიური ნეოფაშიზმის მსგავს «ნეომიშიზმს», 99%-იანი ალბათობით, ვერ შექმნიან. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი დაიკავებს ისტორიაში ადგილს სწორედ იმ მონუმენტურ სანაგვეზე, რომელსაც საქართველოში ასე ხშირად ახსენებენ.
თუმცა ამ უღიმღამო პერსპექტივის შეცვლის მცდელობები სწავლული «მიშისტების» მხრიდან, რასაკვირველია, კვლავაც ექნება და ამან შეიძლება მისცეს იმპულსი საზოგადოებისთვის სასარგებლო დისკუსიას ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, «განვითარების დიქტატურაზე» (სინამდვილეში, ალბათ, მაინც _ განუვითარებლობის) და ა. შ. ისე, საინტერესო კია, რით დასრულდება მათი ბრძოლა ადგილისთვის ისტორიაში _ მოულოდნელი წარმატებით თუ ისევ ეპიკური კრახით?
შეძლებს კი ამდენს?
ბიძინა ივანიშვილის სასტარტო პოზიცია გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება. უამრავი ადამიანისთვის ის არის ლიდერი, «რომელმაც ეს ჭირი მოგვაშორა». მის აქტივშია მეცენატობა და გაჭირვებული თანამოქალაქეების დახმარება, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ წლების შემდეგ საზოგადოებაში მინელდება სიხარული, რომელიც ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოცილებამ გამოიწვია და ფართოდ გავრცელდება გამოთქმა «ეს ვინ დაგვასვა თავზე!». თუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წლებში არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ ფინალს ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს წარმოუდგენელი ჩანს.
თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ სიტყვა «დემოკრატიას», როგორც მეტაფორას და სიტუაციას ობიექტურად შევაფასებთ, ალბათ, მივალთ დასკვნამდე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს დემოკრატიის პირობებში არც ერთი წამი არ უცხოვრია, პოლიტიკურ ელიტას და საზოგადოებას შესაბამისი გამოცდილება, უბრალოდ, არ აქვს. დემოკრატიული ფასადის მიუხედავად, ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ავტორიტარიზმის ამა თუ იმ ფორმასთან გვაქვს. ის შეიძლება იყო აღვირახსნილი და შიზოფრენიული ან, პირიქით _ გონიერი და შეძლებისდაგვარად რბილი, მაგრამ ის მაინც ავტორიტარიზმად რჩება. თუ დემოკრატიისკენ არ წავალთ, ივანიშვილის მმართველობის პერიოდი, მაქსიმუმ, «კეთილგონიერი ავტორიტარიზმის» (განათლებული აბსოლუტიზმის არ იყოს) სახელს დაიმკვიდრებს. შემდეგ კი ახალი, ალბათ, გაცილებით არასიმპათიური რეჟიმი ჩამოყალიბდება.
წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ტოვებს თანამდებობას, როგორც დაგვპირდა, თანაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე, პოლიტიკაში არ ერევა და ხელისუფლებაში რესპუბლიკელები, ალასანიას ჯგუფი, პარტია (და არა კოალიცია) «ქართული ოცნების» რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი წარმომადგენლები რჩებიან, ხოლო მათ სიახლოვეს «ნაციონალური მოძრაობის» ნარჩენები ტივტივებენ. ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ამ დაბალრეიტინგული ჯგუფებისგან შემდგარ «ვინიგრეტს» მალევე გამოუჩნდებიან ძლიერი მოწინააღმდეგეები დაუკმაყოფილებელი ამბიციებით და ახალი სახელისუფლო კონგლომერატი ან დაშლისკენ, ან კიდევ რეჟიმის გამკაცრებისკენ და ახალი ავტორიტარული ლიდერის გამოკვეთისკენ წავა. ძალიან დიდი ალბათობით, მაქსიმუმ ორ წელიწადში ასეთი ხელისუფლება «თავის 7 ნოემბერს» მიიღებს და პროცესები კარგად ნაცნობ კალაპოტში მოექცევა.
იმ შემთხვევაში კი, თუ ივანიშვილი გადადგომის შემდეგ შეინარჩუნებს უშუალო კონტროლს პროცესებზე და ქვეყანას, ასე ვთქვათ, «ჩრდილიდან» მართავს, ჩვენ მივიღებთ ფსევდოდემოკრატიას კრიპტოკრატიულ შამფურზე, კონკრეტულ ადამიანსა და ვითარებაზე მორგებულ რეჟიმს, რომელიც, რაოდენ კეთილგონიერიც უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც საწყის წერტილთან მიგვიყვანს, იქ, სადაც ახალი ავტორიტარული რეჟიმების შექმნა იწყება.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და მისი მეშვეობით პოლიტიკოსების გაკონტროლება დემოკრატიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად წაადგება. ეს, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ, ალბათ, მაინც არასაკმარისი. ავტორიტარიზმზე ორიენტირებული, ხშირ შემთხვევაში, გარე ძალების მიერ მართული, არსებითად ძირგამომპალი პოლიტიკური ელიტის საფუძვლიანი გადახალისების, ახალი სისხლის გადასხმის გარეშე, სავარაუდოდ, არაფერი გამოვა. თვალი გადავავლოთ პარლამენტს, სრულიად პოლიტიკურ სპექტრს და წარმოვიდგინოთ, სად აღმოჩნდებოდა ამ ადამიანების უმრავლესობა რეალური დემოკრატიული კონკურენციის პირობებში. ეს პოლიტიკოსები, რომლებიც მთელი ცხოვრება ელოდებიან ახალ ავტორიტარულ ლიდერს ან მდიდარ ბიძიას, რათა გამოიყენონ ის, როგორც ლოკომოტივი, საოცნებო საქართველოს ვერ ააშენებენ, მეტიც, ყველანაირად შეეცდებიან, ხელი შეუშალონ ამ პროცესს, რადგან ახალ, დემოკრატიულ საქართველოში მოთხოვნა მათზე, დიდი ალბათობით, ძალიან დაბალი იქნება. იდეალური გარემო მათთვის მუდმივი გარდამავალი, კრიზისებით სავსე პერიოდია, როდესაც გადაწყვეტილებების სტაბილურობის სასარგებლოდ დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ხარჯზე მიიღება (მიუხედავად იმისა, რომ მათი ფორმა შეიძლება უფრო მოკრძალებული იყოს, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის წლებში). დღევანდელი ეტაპი, თავისი პერვერსიული კაბიტაციითა და პერმანენტული ციებ-ცხელებით მათ, სავარაუდოდ, ძალიანაც აძლევთ ხელს.
სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხოლოდ პირველი ეტაპია და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახლა გზაგასაყარს მიუახლოვდა _ ან ახალი ავტორიტარული რეჟიმის ფორმირებისკენ წავალთ, თუნდაც ის უკიდურესად ფრთხილი და გონიერი იყოს, ან, ყველა შესაძლო ტრანზიტული რისკის მიუხედავად, ნამდვილი დემოკრატიისკენ, სამართლიანი სახელმწიფოსკენ, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამ წერტილში გაკეთებული არჩევანი უდიდეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა ადგილს დაიკავებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში: ან გახდება კიდევ ერთი ძლიერი მმართველი, რომელთა ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდით, თავისი პლუსებით და მინუსებით და მცირე განსხვავებებით, ან დაიკავებს უნიკალურ ადგილს, როგორც ლიდერი, რომელმაც, საზოგადოებასთან ერთად, საქართველო ავტორიტარულ წარსულს სამუდამოდ დააშორა. თუ მის ასე თუ ისე შენიღბულ, მაგრამ ყველასათვის ცნობილ, ამბიციურობას გავითვალისწინებთ, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე ვარიანტი მისთვის გაცილებით მიმზიდველია.