"27 ივნისს, დილის საათებში, მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. ფაქტობრივად, ეს ხალხი ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩის თვალწინ დააკავეს და ამ მოვლენის შესაფასებლად ანდერს ფოგ რასმუსენი "მოიწვიეს". ეს ჩანაფიქრი, ანუ ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია, წარმატებულად განხორციელდა და ეს აიტაცეს როგორც პრეზიდენტმა, ისე "ნაციონალების" აგიტატორებმა. ისე, ამგვარი ქმედებისთვის უცნაური სამზადისი წინა დღეებშიც შეიმჩნეოდა. ჩემთვის გასაკვირი იყო რასმუსენის მყისიერი რეაქცია. კარგი იქნებოდა, ნატოს გენერალურ მდივანს კომენტარებისგან თავი შეეკავებინა. თუმცა არ მიკვირს - რასმუსენმა ამ თემის გარჩევამდეც მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ბრძანა, პრეზიდენტი დემოკრატიის "აღმაშენებელიაო". არც ეს მიკვირს, რადგან რასმუსენი, რომელიც ასე ღელავს 17 მაისის მოვლენებზე, კრინტს არ ძრავს 26 მაისის ამბებზე. ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუებას. ამიტომ, მინდა დავარწმუნო ჩვენი მკითხველი, რომ ნატო და რასმუსენი არ არის სინონიმები, თუმცა მისთვის სააკაშვილი და საქართველო იდენტური ცნებებია. როდესაც ასეთი სუბიექტივიზმია ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ფასი ეკარგება მის მიერ ჩვენი ქვეყნის ქებას", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გამოიძიონ, ვინ გასცა ბრძანება".
"მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ნამდვილად შეიცავდა საბოტაჟის ნიშნებს. ძალზე საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, იცოდეს სახელი და გვარი იმ ადამიანებისა, რომელთა ტვინშიც მოიხარშა ამ ოპერაციის ჩატარების დრო და ფორმა. ხალხმა უნდა იცოდეს "გმირების" სახელები, რათა მერე ყველაფერი ერთ კაცს არ დაჰბრალდეს. ძალიან დიდი ფანტაზიის მქონე უნდა იყო ადამიანი, რომ ნოდარ ხადურს დააბრალო ამგვარი ქმედება. სხვათა შორის, ხადურმა განაცხადა _ კანონი შვებულებაში არასოდეს გადისო. ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ გონება და საღი აზრი გადის შვებულებაში და როგორც წესი, ეს ემართება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. შესაძლოა, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ბრალი იყოს, რომ ამ ორგანოებში დღემდე `პარადი~ მიჰყავთ იმ კადრებს, რომლებიც `ნაციონალური მოძრაობის~ ერთგული იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ისინი გეგმავენ ასეთ უგუნურ ოპერაციებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"რატომ გვგონია, რომ ჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში ბოროტებას სჩადიოდა, უცბად კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული შსს-პროკურატურით და დამთავრებული ფინანსური პოლიციით. ალბათ, ხელისუფლებაში ცდილობენ, დაადგინონ ბრძანების გამცემის ვინაობა. აუცილებელია შიდაუწყებრივი გამოძიების ჩატარება და შემდეგ საზოგადოების ინფორმირება. თორემ დავემსგავსებით სახელმწიფოს, რომელიც ელემენტარული სპეცოპერაციის ჩატარების საკითხებს ვერ აგვარებს და მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას", დაიპყროს ტელე¬ეთერი და ილაპარაკოს მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე სხვათა შორის, არავის უთქვამს, რომ არ მომხდარა და იმ 50 მილიონამდე ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, რა ბრალდებითაც მოგვიანებით მერიის ოთხი მაღალჩინოსანი მაინც დააკავეს. ყველა ამბობდა - სპეცოპერაციის ფორმა და დრო არ ვარგოდაო. ისე, მართლაც, თუ უდანაშაულოა, სად გარბოდა "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი? მანამდე სად გარბოდა ადეიშვილი? 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, სანამ ბიულეტენების თვლა დაიწყებოდა, საქართველოდან სამი თავდაცვის მინისტრი გაიქცა. ეს ხომ თვითლუსტრაციაა?! ამის შემდეგ "ნაციონალებს" ჰყოფნით თავხედობა და ითხოვენ - გამოძიებაში ჩაგვრთეთო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ. რასკვირველია, იცოდნენ, რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ. მე თანადამფუძნებელი ვარ ორგანიზაციისა - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და ვიცი, რომ არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ იწერებოდნენ პატიმრები. დაახლოებით 15 შემთხვევა ვიცი, როდესაც ეკა ბესელიამ ამ ფაქტებზე სასჯელ¬აღსრულების მაშინდელ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს გამოხმაურება სთხოვა. არც ერთხელ მას პასუხი არ მიუღია. სხვათა შორის, როდესაც სისტემურ დანაშაულზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად ახალბედა "ნაციონალები" ღიზიანდებიან. კი მაგრამ, თუნდაც მერიის მაღალჩინოსნების მიერ ბანკებიდან 50 მილიონამდე ლარის გატანის საქმე არ არის სისტემური დანაშაული?!" - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
"გიგი უგულავას გარშემო წრე საკმარისზე მეტად შევიწროებულია. მე ნამდვილად გული მწყდება, რომ ასე ტრაგიკულად განვითარდა ამ ახალგაზრდა კაცის კარიერა და მუდმივად შიშში უწევს ცხოვრება. შესაძლოა, უგულავა ბევრ რაიმეს ნანობდეს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდეს. თავად პროგრამა, საიდანაც მოხდა თანხების დატაცება, სწორედ თბილისის მერიის სახელთანაა დაკავშირებული. უგულავას განგაში მაშინ უნდა აეტეხა, როდესაც "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გაიქცა საქართველოდან და თავად უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არასერიოზულია. ვთქვათ, ერთხელ შეცდება რასმუსენი, მეორედ ამოილუღლუღებს რაღაცას ევროპის სახალხო პარტია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროატლანტიკური სივრცე და ქართველი ხალხი სააკაშვილისა და უგულავას გარეშეც კარგად შეძლებენ ურთიერთობას", - დასძენს რესპონდენტი.