ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. დეპუტატი ელჩის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის ფაქტებზე საუბრობს.
„კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა განეხორციელებინა. თარჯიმანიც არ ეჯდა ფიზიკურად გვერდზე. კარგად გვახსოვს, როგორ პოზირებდა ისეთ ბანერებთან, წარწერით „მონა“, კარგად გვახსოვს რა ფოტოებს დებდა ნაცექსტრემისტებთან ერთად და როგორ ახალისებდა მათ ძალადობას. ისიც არ დაგვვიწყებია, რომ ბატონი შიფერი არის ბატონი მამუკა ხაზარაძის მდგმური და ამაში თანხას იხდის თუ არა, პირადად მე დღემდე ვერ გავიგე. ვისურვებდი, რომ ბატონი ფიშერი და ის წარმომადგენლები, ვისთანაც მას ეს კონსულტაციები ჰქონდა, დაინტერესდნენ იმ ფაქტით, რომ თუ არ ვცდები, 17 ოპოზიციური ლიდერის გარდაცვალების ფაქტი არის გერმანიაში წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დროის მცირე მონაკვეთში. უმჯობესია თავიანთი საქმეებით დაინტერესდნენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიის მთავრობა მას, როგორც ელჩს, სრულ მხარდაჭერას გამოუხატავს.