ქართულ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ისტებლიშმენტში “ფარული პანიკაა”. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ესტონურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, პოლიტიკიდან წავალო, კულუარებში აშკარა დაბნეულობა შეიმჩნევა. ყველაზე ხშირად კი, ისმის შეკითხვა: ვის დატოვებს ბიძინა ივანიშვილი შემცვლელად? ამ თემაზე საუბარი, რასაკვირველია, ვერსიების დონეზე შეიძლება, თუმცა, მანამდე პოლიტიკოსთა კომენტარებსა და ბიძინა ივანიშვილის ზემოხსენებულ განცხადებას გავეცნოთ.
ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი: “მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეულ იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია დაიკავოს ჩემი ადგილი. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ვინაიდან ეს ცუდი იქნებოდა პოლიტიკისთვის საქართველოში. ზემოაღნიშნული სამი თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მჯერა, რომ ამ თანამდებობებს სუფთა ხალხი, დემოკრატები დაიკავებენ. საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც (ახლანდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და ასევე თავისუფალი მასმედია. ახალი სისხლია საჭირო”.
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავისი ვალი მოიხადა: ,,როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, განაცხადა, რომ მისი ყველაზე მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებიდან მოაცილოს ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო და იმედია, წელს, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასრულდება. ბატონი ბიძინა, ალბათ, თვლის, რომ ამით თავისი ვალი ქვეყნის წინაშე მოიხადა და, მართლაც, ეს კრიმინალური დაჯგუფება ბოლომდე იქნება მოცილებული”.
ზვიად ძიძიგური, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: “_ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ პოლიტიკაში დიდხანს ყოფნის სურვილი არ აქვს. მისი პირველივე განცხადება, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა, ასეთ შინაარს შეიცავდა. ამიტომ რამე მოულოდნელი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში, პირადად ჩემთვის არაფერი ყოფილა. რეალურად რა მოხდება, როგორ მოხდება, როდის მოხდება, ამ თემაზე მარტო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. ასეთი ტიპის საკითხების განხილვა კოალიციურ რეჟიმში უნდა მოხდეს და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ასე მოხდება”.
ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: “_ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავა, როგორც კი ქვეყანა სწორი მიმართულებით დაიწყებს სვლას. ბატონი ბიძინა მოგვიანებით, ალბათ, უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით”.
დავით დარახველიძე, განსახლების მინისტრი: “_ ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც მისი ძალისხმევით დადგება მომენტი, როცა დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი იქნება და ქვეყნის განვითარება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, აქტიური პოლიტიკიდან საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაინაცვლებს. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობიდან შორს ვართ. მისი ეს განცხადება ძალაში რჩება, თუმცა შესაბამისი მომენტი ჯერ არ დამდგარა და ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია”.
ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის წევრი: “_ საზოგადოების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. ამასთან, მისიც მესმის, როცა ამბობს, ხალხს უთხრა, რომ წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წავა. ამ თემაზე ჩვენ გვექნება დისკუსია. ჩემი აზრით, ქვეყანას ნამდვილად გაუჩნდა სწორი მიმართულებით განვითარების შანსი, მაგრამ ეს შანსები გამყარებული და განმტკიცებული არ არის. საპრეზიდენტო არჩევნებშიც წარმატება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნის სწორად განვითარების პროცესები იყოს შეუქცევადი და გამყარებული, რათა ადამიანმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს”.
მანანა კობახიძე, ვიცე-სპიკერი: ,,_ ძნელი წარმოსადგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დატოვოს. ვიდრე ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი, დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან წასვლის შესახებ, გნებავთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიიღებს მაშინ და იმ ეტაპზე, გადაწყვეტილებას, როდესაც ის ჩათვლის, რომ ამისთვის სათანადოა დროა. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე აცხადებდა, რომ დიდი ხნით არ ფიქრობდა პოლიტიკაში დარჩენას... ჩემი სურვილია, დიდხანს დარჩეს პოლიტიკაში, მინიმუმ, ოთხი წელი მაინც”.
ეკა ბესელია, დეპუტატი: “_ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ასეთი მაღალი თანამდებობის პირი წინამორბედისგან განსხვავებით არ ფიქრობს, რომ მუდმივად დაბღაუჭებული უნდა იყოს თავის მდგომარეობას, თავის სავარძელს. ეს არის კარგი და ჯანსაღი მაგალითი, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ინსტიტუტები, არა პიროვნებებზე მორგებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, არამედ, ინსტიტუტები, რომლებიც ძალიან მყარი იქნება”.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: “ _ არ მგონია, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იყოს, რადგან ხალხმა ნდობა გამოუცხადა და როცა ვინმე გენდობა, შემდეგ ძნელია მისი მიტოვება. მან არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ წავა პოლიტიკიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, გააზრებული ჰქონდეს ის ნიუანსები, რაც მის წასვლას მოჰყვება. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც მან ამ რვა თვის განმავლობაში მიაღწია, შეიძლება, ნულზე დავიდეს, თუ მინუსებში არ გადავა, რადგან შეიძლება, კოალიცია დაიშალოს. ქვეყანაში მმართველი ძალა აღარ იქნება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობა” აღდგება უფრო მეტი ძალით, ვიდრე აქამდე ჰქონდა და ყველა ხერხით დაიწყებს ბრძოლას. გასათვალისწინებელია, რომ ჯერ არ ვიცით, რისთვის სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ის იარაღი, რაც სამალავებში აღმოჩნდა. ჯერ მხოლოდ ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, პრემიერის ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, შეიძლება, რთული პროცესები განვითარდეს”.
სალომე ზურაბიშვილი, “საქართველოს გზის” ლიდერი: “_ ასეთ ნაბიჯს სწორ ნაბიჯად ვერ შევაფასებდი, ნაადრევი შეიძლება, უფრო უხდებოდეს, რადგანც უნდა წინ უსწრებდეს რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის დაწყნარება.... სხვა შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უტოვებს მის მიერ შერჩეულ და “დანიშნულ” (არა _ არჩეულ) ადამიანებს და ძალებს (ცუდი თუ კარგი, ამაზე არ ვდავობ), რაც საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას ვერ წაადგება. პირიქით, არჩევნების მიმართ გაზრდის უნდობლობას და საერთო სკეპტიციზმს პოლიტიკური ვითარებისადმი, აღარაფერს ვამბობ მღელვარებასა და ნერვოზის გაძლიერებაზე! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა და მხოლოდ მოსაზრებაა შორეული ნაბიჯების შესახებ! ჯერ რა დროს წასვლაა?!”
ესტონურ გამოცემასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: “_ თუ იქნება, ოდნავი განცდა არასტაბილურობის, ან შეკითხვა საზოგადოებისა, ან გუნდის მხრიდან, რომ ჩემმა წასვლამ შეიძლება, რამე გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არსადაც არ წავალ. როდესაც პოლიტიკაში მოვედი, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე, რადგან ჩემი განადგურების საფრთხე იყო და თქვენ კარგად იცით, როდის და სად მოვედი. როგორ ფიქრობთ, დალაგებულ საზოგადოებას დავტოვებ და ვინმეს დასანგრევად მივცემ? დესტაბილიზაციის უფლებას არავის მივცემთ, გუნდსაც ძლიერს დავტოვებ და მეც ადგილზე ვიქნები ყოველთვის და უფრო რთულ ადგილზე გადავალ და არა ის, რომ გავიიოლო ჩემი ცხოვრება. ეს არ მოხდება და ტყუილად აქვს ვინმეს ამის ილუზია”.
რაც შეეხება ვერსიებს, თუ ვის ამზადებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერად. მართალია, ესტონურ გამოცემასთან საუბრისას მან აქცენტი პარლამენტის სპიკერზე გააკეთა, მაგრამ პრივატულ საუბარში თითქმის ყველა ექსპერტი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის გაპრემიერება გამორიცხულია. ზოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა პრემიერად შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილი დატოვოს. ამ ვერსიის უგულვებელყოფა არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ივანიშვილი, როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად სწორედ შს მინისტრს ენდობა. საერთოდ, ღარიბაშვილი ცუდი მინისტრი არაა. ყოველ შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, მაგრამ პრემიერი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს, ამასთან, პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. ასეთი კი, ივანიშვილის გუნდში თავდაცვის მინისტრია. მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ირკალი ალასანია რამდენჯერმე საჯაროდ “დატუქსა”, მაგრამ პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ურთიერთობაში, როგორც თვითმხილველები ამბობენ, კითხვის ნიშნები არ არსებობს...
იმ შემთხვევაში, თუკი “ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყაროს ვერსია გამართლდა და ივანიშვილმა თავის შემცვლელად, ანუ პრემიერად, მართლაც, ალასანია დაასახელა, ამით საბოლოოდ დაესმება წერტილი მარჩიელობას იმის შესახებ, საქართველოს ახალი ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის თუ არა _ ალასანია მკვეთრად გამოხატული ევროპული ყაიდის პოლიტიკოსია და მისი პრემიერობაც იმის ნათელი დასტური იქნება, რომ საქართველოს საგარეო კურსი ევროატლანტიკური ალიანსია.
მოკლედ, ალასანიას შესაძლო გაპრემიერება ლოგიკას მოკლებული არაა, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...