იულია ლატინინა:

იულია ლატინინა: "ის, რაც საქართველოში მოხდა, პირადად ჩემთვის ტრაგედიაა"

რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას განცხადებით, პირადად მისთვის ის, რაც საქართველოში მოხდა, ტრაგედიაა.

"მე პირველი კითხვა საქართველოს შესახებ მაქვს, სადაც გამარჯვებულ პარტია ცდილობს, პრეზიდენტს სასახლე წაართვას. რაღაც წესიერება ხომ არსებობს? წარმოიდგინეთ, რესპუბლიკელებმა, რომლებსაც კონგრესში უმრავლესობა აქვთ, ობამას თეთრი სახლიდან გამოსახლება გადაწყვიტონ. არსებობს რაღაც წესიერება, რომელიც სამწუხაროდ, არ არსებობს, როდესაც ხელისუფლებაში პოპულისტები მოდიან. პირადად ჩემთვის (ამის შესახებ უკვე ვთქვი) პირადი ტრაგედიაა ის, რაც საქართველოში მოხდა. და მგონი ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ამ ინფანტილიზმის გამო ლიბერალური საბაზრო რეფორმების ჩატარება დემოკრატიული გზით საყოველთაო საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნებში, არ შეიძლება. აი, სინგაპურში ისინი ჩატარდა, სააკაშვილი მოიშორეს იმის გამო, რომ რეფორმები წარმატებით განახორციელა.


უნდა ვაღიარო, რომ როდესაც აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რაც საქართველოში კეთდებოდა, არ შემინიშნავს, უფრო სწორად, იგნორირება მოვახდინე, არადა შეშფოთების რამდენიმე ნიშანი უნდა შემენიშნა. არა სახელმწიფოში, არამედ – საზოგადოებაში. მე მაგალითად, კარგად მახსოვს, როგორ ჩავედი პირველად გონიოში. ეს არის პატარა სოფელი ბათუმისა და თურქეთის პროვინციას შორის საზღვარზე და აბაშიძის დროს, იქ არაფრის მშენებლობა არ შეიძლებოდა – ის იყო მოსაზღვრე ზონა, ბოსლებით და დაღრეცილი სახლებით. იქ ერთი ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონე მომიყვა, როგორ აშენებდნენ აბაშიძის დროს ღამის განმავლობაში რაღაც ფარდულს, სტუმრები რომ მიეღოთ, დილით კი ჩინოვნიკებს ქრთამს აძლევდნენ, რომ ეს ფარდული არ დაენგრიათ.
აბაშიძის ჩამოგდებიდან სამ წლის შემდეგ კი მე იქ ჩავედი და დაახლოებით ნახევარ სოფელში სასტუმროები იდგა, უკვე დიდი, 5-6, სადღაც 7-სართულიანი სასტუმროები. იმ ადამიანს კი, რომელმაც თავის დროზე ფარდულის და ქრთამის შესახებ მიამბო, გასაცარი ნარინჯისფერი სასტუმრო ჰქონდა. შემდეგ კიდევ, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ჩავედი, მის გვერდით კიდევ ერთი, სხვათაშორის, ისევ ნარინჯისფერი სასტუმრო იდგა. მე ეს სრულიად საოცარ ტრანსფორმაციად მეჩვენა, რადგან წარმოიდგინეთ, დიქტატორის ჩამოგდებიდან ზუსტად რამდენიმე წელიწადში ადამიანები გარბოდნენ ბანკებში, იღებდნენ კრედიტებს, უკვე აკეთებდნენ ფულს, უკვე ცხოვრობენ საბაზრო ეკონომიკაში. მე ეს შევნიშნე, თუმცა სხვა რამე უნდა შემენიშნა – იმ მონაკვეთების რაოდენობა, რომლებიც სასტუმროებით არ იყო დაკავებული, როდესაც 3 და 7 წლის შემდეგ ჩავედი, არ შეცვლილა. მათი რაოდენობა ნახევარზე მეტიც კი იყო. ანუ ადამიანების რაღაც რაოდენობა გარბოდა ბანკში, დაკავებული იყო საქმეებით, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა ყველა ხომ არ არის ბიზნესმენი. და აი, იმ გლეხებმა, რომლებიც თავიანთ ნაკვეთებში დარჩნენ, რატომ არ გაყიდეს ისინი? არ გაყიდეს, რადგან მათ უახლოესი 50 წლის განმავლობაში სასტუმროების სრული შემოსავლის მიღება სურდათ. და ფიქრობდნენ: "აი, ისინი როგორ გამდიდრდნენ და ჩვენც გვინდა". ეს დავუშვათ, ერთი ისტორია.

მეორე ისტორია: მივდივარ ნაცნობის მანქანით. რა თქმა უნდა, იქ ოპოზიცია ძალიან არ უყვართ, თუმცა ეს ამბავი ბურჯანაძის მიტინგის დაშლის შემდეგ ხდება. ის ამბობს, "საჭირო იყო სხვანაირად ყოფილიყო", "როგორ სხვანაირად?" - ვეკითხები მე. "ძალადობის გარეშე", მე ვეუბნები - "ერთი წუთით, თქვენ რა, არ გჯერათ, რომ ეს მიტინგი უბრალოდ კონკრეტულად ორგანიზებული და დაფინანსებული მარგინალების იყო, რომლებიც ზუსტად იმიტომ შეიკრიბნენ, რომ დაეშალათ?", ის მეუბნება: "არა, ეს რა თქმა უნდა, ასეა", მე ვეუბნები - "მაშინ მითხარით, ამ ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ... თქვენ საქართველოში შეგიძლიათ, თვეების განმავლობაში იყოთ ქუჩებში და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატოთ, პრეზიდენტს გზაც კი გადაუკეტოთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია. არ შეიძლება მხოლოდ ერთი – გამართო მიტინგი დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მთავარ მოედანზე, სადაც ამ მომენტში აღლუმი ტარდება. ამ დროს არ შეიძლება, რადგან თუ ხელისუფლება მიტინგის გამართვის ნებას მოგცემთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო არ არის, არის მხოლოდ მარგინალების ბრბო, რომლებიც საქართველოს ისე ატრიალებენ, როგორც სურთ". "დიახ, გეთანხმები, მაგრამ მაინც სხვანაირად უნდა ყოფილიყო", - მითხრა მან. აი, ადამიანების ეს აბსოლუტური ინფანტილზმი, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დიამსახურეს ევროპაში ყოფნა, თუმცა სურთ, იყვნენ ისე, როგორც ევროპაში და უკეთესადაც კი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის როგორ, თუმცა გააკეთეთ ისე, რომ... დიახ, გვესმის, რომ რუსეთი აგრესიას ამზადებდა, მაგრამ სააკაშვილს ის როგორღაც უნდა აეცილებინა". როგორ – უცნობია. როგორ უნდა აიცილო ომი, როდესაც ადამიანმა აიღო ჯოხი და თავში ჩაგარტყა? რა შეგიძლია შენ გააკეთო? უნდა გააკეთო, ისე რომ არ ჩაგარტყას.
ესეც მეორე (ინფანტილიზმი). მესამე კი – ყველაზე უბრალოა... მოდით, სიმართლე ვთქვათ, უბრალოდ ქართველი ამომრჩეველი იყიდეს. დაპირებებით, არა დაპირებებით - მე ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, რამდენი დაიხარჯა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში და რა რაოდენობის ფული დაიხარჯა – ეს რუსეთში ბიზნესის გაყიდვით მიღებული ფულია. ეს უბრალოდ საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული კონკრეტული ფულია. იყიდეს დაპირებებით. რას დაჰპირდა ივანიშვილი? რომ ბენზინი იქნება იაფი, რომ გადასახადები იქნება იაფი, რომ კრედიტების პროცენტი გაიაფდება, რომ პენსია 400 ლარი იქნება. ახლა პენსია 120 ლარია, ივანიშვილის დროს კი 400 იქნება.
როგორ აპირებს ივანიშვილი ბენზინის გაიაფებას? ეს უკვე იყო ჩილეში ალიენდეს დროს, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. აი, ეს მოისმინა ამომრჩეველმა და ახლა მთელი საქართველო, იქ ქართველების ნახევარი კრედიტებს არ იხდის, მეორე ნახევარი კი ელის, როდის გაიაფდება ბენზინი 30%-ით.

ნათელია, რომ ადამიანისთვის, რომელსაც განსჯა შეუძლია, ასეთი რამეები საფუძველია არასოდეს მისცეს ხმა ბატონ ივანიშვილს, მითუმეტეს, რომ ის ჩვენებებში აიბნა. ის ამბობდა, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ინვესტორს 25%-ით საკუთარი თანხით დაეხმარება, კახა კალაძე კი "ეხო მოსკვის" ეთერში აცხადებს, რომ "ივანიშვილს საკუთარი თანხის ჩადების პირობა არ დაუდია". გამარჯობა, მე თქვენი დედა ვარ!

აი, ნათელია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ამომრჩეველზე, რომელიც სინამდვილეს კრიტიკულად არ ეკიდება, არამედ უბრალოდ სურს, მისთვის ყველაფერი უკეთესად იყოს, თუმცა გაუგებარია როგორ, მისთვის უკეთესია ეს სხვამ გაუკეთოს და ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილი - მშვენიერია.
ნახეთ, რა ხდება იმის შემდეგ, რაც ივანიშვილის პარტიამ გაიმარჯვა. პუნქტი პირველი, ივანიშვილის განცხადება "საქართველოს ჩემი საკუთარი სასახლიდან ვმართავ". ნორმალურია. საოცარია, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიამბობდნენ, რომ სააკაშვილი ცუდია, დიქტატორია, რომ ბევრ ფულს ხარჯავს... დიახ? აი, "მე ვმართავ საკუთარი სასახლიდან". პუნქტი მეორე, იწყება საარჩევნო უბნებზე შეტევა, რადგან რიგ საარჩევნო უბნებზე, ვერ მიიღეს ის შედეგები, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა. ანუ, არჩევნების მეორე დღესვე გამარჯვებული პარტია იმ დემოკრატიის გათელვას იწყებს, რომლის წყალობითაც გაიმარჯვა და აჩვენებს, რამდენი ღირს მისი თვალსაზრისით, ეს დემოკრატია. როდესაც არჩევნების შედეგების ძალისმიერად გადაკეთება არ გამოვიდა, შემდეგი გასაოცარი განცხადება გაკეთდა: "ჩვენ მაინც ვიყიდით მაჟორიტარული ოლქების იმ დეპუტატებს, რომლებიც გვჭირდება". თითქმის ასეთი. ასევე აჩვენებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს დემოკრატიისადმი. ამომრჩეველმა ხმა მისცა დეპუტატს, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენდა - "ჩვენ ახლა ამ დეპუტატს შევიძენთ, ამომრჩევლები კი არ გვაინტერესებს". ჩემი აზრით, ის, რაც საქართველოში ხდება, ეს უბრალოდ საშინელებაა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. ღმერთმა ქნას, ქართველი ხალხი ერთი ან მეტი წლის შემდეგ მომწიფდეს. ძალიან მეეჭვება, რომ იმ ტიპის ამომრჩეველი, რომელიც ახლა თვლის, რომ ივანიშვილმა ბენზინი 30%-ით უნდა გააიაფოს და რომელიც მოხარულია, რომ ივანიშვილი საქართველოს საკუთარი სასახლიდან მართავს, აი, ასეთი ტიპის ამომრჩეველი, როდესაც ბენზინი არ გაიაფდება, ან გაიაფდება და გაქრება, იტყვის "დიახ, ეს მტერია" და კვლავ ხმას მისცემს ივანიშვილს", - წერს ლატინინა.