რამდენიმე დღეა, კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, ეროვნული კინოცენტრის მიერ ჩატარებული სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან შიმშილობს. გარდა იმისა, რომ რეჟისორი კინოცენტრს უნდობლობას უცხადებს, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას ბრალს საქვეყნო საქმისადმი გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში სდებს...
_ ლევან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიგემართათ?
_ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც დავრწმუნდი, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროში სრული განუკითხაობაა. კინოცენტრი ათი წლის წინ ჩამოყალიბდა და მისმა ტენდენციურმა, არასამართლიანმა გადაწყვეტილებებმა საშუალება არ მომცეს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდად მეცხოვრა და მემუშავა. არადა, კინო ჩემთვის ყველაფერია _ სპეციალობა და საქმეა, რომელიც მიყვარს და რომლის გარეშეც არსებობა არ შემიძლია! რადგან ფილმების დაფინანსებაზე უარს მეუბნებოდნენ, ამიტომ სამი ფილმი _ ,,არის ასეთი ქვეყანა”, “მას საქართველო ჰქვია” და ,,ურჩხული” _ საკუთარი თანხებით გადავიღე. “ურჩხული” 26 მაისთან დაკავშირებულ ამბებს ეხება.
გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებას ამ ფილმებში ასახული მწვავე ქართული რეალობა სასტიკად არ მოსწონდა, მაგრამ ეს ანტიპათია დღემდე გრძელდება _ კულტურის სამინისტრომ და კინოცენტრთან შექმნილმა კომისიამ პროექტის დაფინანსებაზე ისევ უარი მითხრეს. როგორც ვატყობ, ამ უწყებას ახალი ხელისუფლების ხელი არ შეხებია _ ისევ ძველი კადრები მოქმედებენ და ისევ ძველებური ტენდენციური მიდგომებია.
_ კინოცენტრის ხელმძღვანელი ხომ შეიცვალა?
_ კინოცენტრის ხელმძღვანელიც შეიცვალა და კულტურის სამინისტროსიც, Mმაგრამ ამით რამე შეიცვალა? _ როგორც ჩანს, ნიკოლოზ რურუამ და ,,ნაცმოძრაობამ” კულტურის სამინისტროში ნელი მოქმედების ასაფეთქებელი ნაღმები დატოვეს.
_ კულტურის მოქმედ მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვდით?
_ ამ დღეების განმავლობაში ბატონი მინისტრისთვის თვალიც არ მომიკრავს, არ ვიცი, იქნებ საქართველოში არც იმყოფება. როცა გურამ ოდიშარია ამ პოსტზე დაინიშნა, ჩემი პროექტები, გეგმები გავაცანი და მითხრა, რომ დაინტერესდა. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა დაYყველაფერი ძველებურად გრძელდება _ ფილმებს ისევ ის რეჟისორები იღებენ, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის შემქმნელ ,,ნაციონალებთან” ფუთფუთებდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, ანუ როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა და დემოკრატიის სახელით ათასნაირ სისაძაგლეს, უკანონობას ჩადიოდნენ, პროტესტს არ გამოხატავდნენ!
კინოხელოვნება რეალობის ასახვას ემსახურება. ამიტომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ისტორიას საღი აზრი უნდა შემოუნახო. რეალობას 2006 წელსაც ვაპროტესტებდი, როცა ფილმს _ ,,მას საქართველო ჰქვია” ვიღებდი. ამ ფილმის პერსონაჟები შვილმოკლული დედები _ ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან. ფილმში ვესაუბრები ცხონებულ ანა კალანდაძესა და ოთარ ჭილაძეს, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დიდმა ,,კეთილისმყოფელმა” სახელმწიფოებმა ჩააყენეს!..
_ ლევან, წეღან თქვით, ფილმებს ისევ ისინი იღებენ, ვინც “ნაციონალებთან” ფუთფუთებდნენო. მაინც, ვის გულისხმობთ?
_ ეს ის ხალხია, ვინც წინა ხელისუფლების დროს საეჭვო ხარისხის პროდუქციის შესაქმნელად ფინანსდებოდა _ იღებენ ფილმებს, რომელთა სცენარებშიც პრიორიტეტული სექსუალური უმცირესობების თემაა. არავის აღელვებს აფხაზეთის საკითხი. აუჩემებიათ, ,,გაღმა ნაპირი” გადავიღეთო. შეიძლება, ეს ფილმი, რაღაც თვალსაზრისით, საინტერესოა, ფესტივალებზე პრიზებიც აიღო, მაგრამ ჩემი, აფხაზეთიდან მრავალი დევნილისა და მაყურებლის აზრით, იმ იდეას არ ასახავს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ბილწსიტყვაობა გამომდის, მაგრამ ფილმი ,,გაღმა ნაპირი” პატარა ბიჭის ისტორიაზეა აგებული, რომელსაც დედა ბოზი ჰყავს, მამამ კი, მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის. მიმაჩნია, რომ დამცირებულ, პატივაყრილ და სახლკარდაკარგულ ქართველებს ამით შეურაცხყოფას კიდევ ერთხელ აყენებენ!
დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში სიკეთისა და სიყვარულის გასაღვივებლად გაცილებით მომგებიანი ის ღირებულებებია, რომლებითაც ჩემი ფილმის სცენარია გაჯერებული. ესაა სცენარი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, რომელსაც ,,ციცინათელები” ერქმევა. სცენარი 2001 წელს დაიწერა. სცენარის მიხედვით, აფხაზი მეომარი ქართველებს ტყვედ უვარდება. სცენარში ომის პერიპეტიებია და ,,მოროდიორთა” მიერ ჩადენილი უამრავი სისასტიკეცაა აღწერილი _ ასეთი ჯგუფები მაშინდელ აფხაზეთში მრავლად ბოგინობდნენ, არაკაცებიც ორივე მხარეს იყვნენ. ქართველები აფხაზ ტყვეს ათავისუფლებენ, რომელიც სიკეთეს სიკეთით პასუხობს და აფხაზებისგან დატყვევებული ქართველი დედა სამშვიდობოს გამოჰყავს.
_ სცენარი რეალურ ამბავს ეფუძნება?
_ დიახ, ეს ამბავი ქართველმა “პარტიზანებმა” მიამბეს _ აფხაზეთში ნაომარ ბიჭებს ერთმანეთთან შეხვედრა უნდოდათ და საამისოდ დარბაზს ეძებდნენ, მაგრამ მითხრეს, სადაც მივედით, ყველგან ისეთი ფასი დაგვისახელეს, ვერ შევწვდებოდითო. მოკლედ, ბიჭებმა დახმარება მთხოვეს და ომში ნაწვალებ მეომრებს ფულს როგორ გამოვართმევდი? _ ჩემი სტუდია უფასოდ დავუთმე. აფხაზეთის ომის თემაზე ისეთი მასალა მინდოდა, რაც აფხაზებთან ურთიერთობების აღსადგენი გზების მოძებნაში დაგვეხმარებოდა. სცენარში სწორედ ამ მეომარი ბიჭების ნაამბობი გადავიტანე. კინოცენტრმა ჩემი სცენარი ოთხჯერ დაიწუნა. თავი კინოექსპერტებად მოაქვთ, სინამდვილეში კი, ,,პრაფანები” არიან! კინოცენტრის კომისია, რომელსაც ლანა ღოღობერიძე ხელმძღვანელობს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. აქედან სამი კინომცოდნეა, დანარჩენები კი, მათთვის სასურველი კონკურსანტებისთვის ქულების დასაწერად არიან მიწვეულნი. მაგალითად, ეკონომისტი გოჩა ჟორჟოლიანი, რომელსაც შეუძლია, ფილმის გადასაღებად ფინანსური საკითხების დადგენა-რევიზირება, მაგრამ არ შეუძლია, სცენარის ავკარგიანობა შეაფასოს. ვინმე უტა ბერია, რომელსაც ერთი ფილმი აქვს გადაღებული. ნანა ექვთიმიშვილი, რომელსაც ერთ თავის ნამუშევარში სერიოზული პრიზი აქვს აღებული, მაგრამ ნურავინ დაივიწყებს, რომ ჩემს ფილმებში თექვსმეტი პრიზი მაქვს მიღებული. ფილმმა _ ,,ორმაგი სახე” ექვსი ჯილდო დაიმსახურა. 2004 წელს კი, ტარკოვსკის სახელობის ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ფესტივალის პრიზი ,,სტალკერი” მივიღე.
კომისიაში პროფესიონალი შემფასებლები იყვნენ არჩილ ჩუბაშვილი, კოტე ჯანდიერი და ლანა ღოღობერიძე... მე და ჩემმა მეგობარმა გია კაჭარავამ კომისიის დასკვნა გამოვითხოვეთ და შედარებისას ვნახეთ, რომ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტითაა შეფასებული ორივეს სცენარი.
მოკლედ, ხმამაღლა ვაცხადებ: პროფესიონალებს გზას გვიკეტავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის საჭირო და გამოსადეგ პროექტებს ბლოკავენ!
_ ლევან, ზოგი მიიჩნევს, რომ თქვენი სცენარი პრორუსულია...
_ ამ ქვეყანაში ღვარძლიანებს რა დალევს?! ჩემს სცენარში პრორუსული არაფერია და იმ პრიორიტეტებს ეხმაურება, რომლებზეც დღევანდელი ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს. აფხაზეთის დაბრუნების გასაღები რუსეთში კი არა, საქართველოშია, მაგრამ ეს რუსეთის უკანდახევის გარეშე არ მოხდება. ჩემი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პერსონაჟები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები _ ქართველები, რუსები, ჩეჩნები, აფხაზები, სომხები არიან და მათ შორის კარგებიც არიან და ცუდებიც. პრორუსულად, ალბათ, ის ჩამითვალეს, რომ სცენარში ერთი კარგი რუსი ოჯახია გამოყვანილი, რომელიც ქართველებს სიკვდილისგან იხსნის. როცაMმეუფე დანიელმა სცენარი წაიკითხა, დამირეკა და მითხრა: ,,ლევან, დანის პირზე გადიხარ, მე ვილოცებ, რომ ეს სცენარი გააცოცხლო!”
მოკლედ, ჩემი სცენარი იმიტომ ჩავარდა, რომ კინოცენტრში ისევ რურუას “კანტორა” მუშაობს!
_ ამბობთ, რომ “ციცინათელების” სცენარი 2001 წელს დაიწერა. ნიკოლოზ რურუას, ან კულტურის რომელიმე “ნაციონალ” მინისტრს შეხვედრიხართ?
_ ნიკა რურუას არა, მაგრამ აწ გარდაცვლილ ლევან კორინთელს, რომელიც მინისტრის მარჯვენა ხელი იყო, შევხვდი, მაგრამ _ უშედეგოდ. 9 წლის განმავლობაში ,,დაბლოკილი” ვიყავი _ ჩემი ძმისშვილი დაიჭირეს, 2010 წელს სტუდია ,,ანჯიკო” დამიწვეს, სადაც იმ ფილმებს ვიღებდი, რომლებიც ,,ვარდოსნებს” მათრახივით ურტყამდა. რეპრესიები მაშინ დაიწყო, როცა ,,მას საქართველო ჰქვია” გადავიღე. ამ ფილმის ჩვენების შემდეგ, ევროპაში ძლივს გავასწარი. კეთილ ხალხს რა გამოლევს. ჰოდა, თვით ,,ნაცმოძრაობის” წევრები და მათთან დაახლოებულნი “სიგნალს მაძლევდნენ”, მოერიდეო და მეც ვიმალებოდი. “ნაციონალებისთვის” არასასურველი ვიყავი და მათვის, ვინც დღეს ვითომ ეროვნულ კინოცენტრს განაგებს, ასეთად ვრჩები. ნანა ჯანელიძეს დაუჩემებია, “ფიჩინგებზე” უნდა იაროო, სადაც, თურმე, სცენარის წერას შემასწავლიან.
მიმაჩნია, რომ ჩემი სცენარი ყურადღებას იმსახურებს. ამიტომ თავს არავის დავაჩაგვრინებ. დაჩაგვრამდე ღირსებაა, რომლის შელახვის უფლებასაც არავის მივცემ! ქართველმა ხალხმა “ნაციონალების” სისხლიანი რეჟიმი უსისხლოდ შევცვალეთ, მაგრამ სანაცვლოდ რა მივიღეთ? იმისთვის ვიბძოდი, რომ პროტესტის ნიშნად, ისევ კარავში წამოვწოლილიყავი? ოქტომბრის არჩევნების მერე, “ნაციონალები” დამფრთხალნი იყვნენ, მაგრამ ახლა თავი ისევ წამოყვეს და ცინიკურად გვიყურებენ.
_ ესე იგი, კულტურის მინისტრის პოლიტიკა არ მოგწონთ?
_ კულტურის სამინისტრო გარკვეულ და საეჭვო პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, ზაზა ბურჭულაძეს, ამ ვითომ მწერალს წიგნებს უფინანსებს და ინგლისში საღამოებს უწყობს. მე კი, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, კულტურის სამინისტროს წინ კარავში ვწევარ და ვშიმშილობ, მაგრამ ამის მიზეზი არც აინტერესებთ! ყოველ დილა-საღამოს სამინისტროს თანამშრომლები გვერდს მივლიან, შენობაში შედი-გამოდიან, მაგრამ აზრად არავის მოსდის, მომიახლოვდეს. პირიქით, იგნორირებას მიკეთებენ. პიროვნებები, რომლებიც “ნაციონალების” მმართველობის წლებში უკანონობას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას არ აპროტესტებდნენ, დღეს ისევ პრივილეგირებულნი არიან! ქალბატონი ნანა ჯანელიძე მარწმუნებს, სექტემბერში სცენარი კომისიას ხელახლა წარუდგინეო, მაგრამ ამათი ობიექტურობის იმედი არ მაქვს, მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი პროტესტი შედეგს გამოიღებს და სექტემბერში, კულტურის სამინისტროში ,,ნაციონალების” ნარჩენები აღარ დამხვდებიან!. ქართველზე ტოლერანტული ერი არ არსებობს, მაგრამ ზოგადადამიანური წესია: რომ მოგიტევო, უნდა მოხვიდე, დამიჩოქო, პატიება მთხოვო და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მიტევება და მონანიების დროც დგება. უაზრო კოჰაბიტაციამ ის მოიტანა, რომ ,,ნაციონალებმა” საკუთარი ძალების ისევ ირწმუნეს და უკვირთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რომ აფურთხებენ. ის არ უკვირთ, ცოცხლები რომ დადიან? კულტურის სამინისტროს პოლიტიკა კი ბაგრატის ტაძრის მიმართ ჩადენილ დანაშაულში გამოჩნდა _ ბაგრატის ტაძარს ის დაემართა, რაც _ მთელ საქართველოს! ჩვენი ქვეყანაც ისე იხლიჩება, როგორც ჩვენი ისტორიის დიდებული მემატიანე _ ბაგრატის ტაძარი გახლიჩეს და საშველი არ ჩანს.