24 წლის წყალბურთელ გიორგი ოქროპირიძის შოკისმომგვრელი ისტორია და “ცე” ჰეპატიტით მოწამლული სისხლი

24 წლის წყალბურთელ გიორგი ოქროპირიძის შოკისმომგვრელი ისტორია და “ცე” ჰეპატიტით მოწამლული სისხლი

 24 წლის მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმე რეზონანსულია _ გიორგის არაადამიანურ წამებაზე ქართულ მედიაში არაერთხელ დაწერილა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ყოფილი წყალბურთელი ისევ ციხეშია... “ქართული სიტყვა” გიორგის დედას, ცირა გოდერძიშვილს ესაუბრა:

_ 2009 წლის 25 იანვარს გიორგის, მეგობართან ერთად, პატარა ავარია მოუვიდა, რის შედეგადაც მანქანის “ბამპერი” დაზიანდა. ავტომანქანა, რომელსაც ბიჭები დაეჯახნენ, მოსამართლე ნინო ონიანის აღმოჩნდა და, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება მცირე იყო, ონიანმა მაშინვე მეგობრები _ ჭაია და რაზმაძე გამოიძახა, რომლებიც მისი მეგობრები არიან. სხვათა შორის, ნინო ონიანს შევთავაზეთ, რომ მანქანას შევარემონტებდით, მაგრამ უარი გვითხრა. მოკლედ, საქმე 187-ე მუხლით აღძრეს, რაც განზრახ დაზიანებას გულისხმობს. სინამდვილეში კი, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან გვქონდა. სხვათა შორის, ექსპერტიზაც გააყალბეს და ზიანი 650 ლარით განსაზღვრეს. ექსპერტიზის დასკვნა გავასაჩივრეთ და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ. ამის გამო, ონიანის ახლობელმა პროკურორებმა ჩემს შვილს ხულიგნობის მუხლიც დაუმატეს... ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილ მოწმეებს ჩემი შვილი შემთხვევის ადგილას არ უნახავთ... ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ონიანის ავტომანქანა ბოთლით იყო დაზიანებული და ამ ვერსიის გასამყარებლად, ეზოში, მანქანიდან ნახევარი მეტრის მოშორებით, ბოთლის ნამსხვრევები “აღმოაჩინეს”, თუმცა ალტერნატიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მანქანაზე ბოთლის საღებავის კვალი არ იყო. ექსპერტიზის ეს დასკვნა გამომძიებელმა გიორგი კლიმიაშვილმა და პროკურორმა ია ყიფიანმა გადამალეს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ საჩივარი არ შეგვეტანა და ხულიგნობის ბრალდება არ გაბათილებულიყო..

_ ქალბატონო ცირა, თუკი მოსამართლე ონიანს შესთავაზეთ, რომ მანქანას შეარემონტებდით, უარი რატომ გითხრათ?

_ ჩემი შვილის მეგობარი ლევან თალაკვაძე, რომელიც ნასვამი იყო, ონიანის მანქანასთან მისულა და შეუფურთხებია. რატომ მოგვივიდა ავარიაო, ჯავრობდა.  ამის გამო, როცა ნინო ონიანი და მისი პოლიციელი ქმარი, ვაჟა გურაბანიძე ვნახე, მოვუბოდიშე. მათ კი მითხრეს, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთო... როგორც შემდეგ მითხრეს, ზაზა ჭაიას შემთხვევის ადგილზე ჟანგიანი “მაკაროვი” და “ჰეროინი” მიუტანია _ უნდოდა, ჩემი შვილისთვის “ჩაედო”. არადა, გიორგი წყალბურთელია და სიგარეტსაც არ ეწევა, რომელ ნარკოტიკზეა საუბარი? ეს რომ გავიგე, შევშინდი, ბავშვი გადავმალე და საქმის დალაგება სამართლებრივად გადავწყვიტე...

კანონის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა მზად ერთ თვეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დასკვნის გაცემა განზრახ სამი თვე გააჭიანურეს... იმედი მქონდა, რომ სიმართლე გაირკვეოდა. პოლიციაში ექსპერტიზის წარდგენის წინა დღეს, ჩემს შვილს, რომელიც ძებნაზე იყო, მეგობარმა თალაკვაძემ დაურეკა და დაჟინებით სთხოვა, შევხვდეთო. ეტყობა, პოლიციელებმა დააშინეს და აიძულეს, რომ ძებნაში მყოფი მეგობარი შინიდან გაეყვანა...

_ როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო აღმოჩნდა...

_ დიახ, სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელშიც სოდ-ის, კუდ-ის თანამშრომლები და, ასევე, ძველი თბილისის პროკურორი გიორგი მოსაშვილი და გამომძიებელი გიორგი ტუმანოვი მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციის დროს, ჩემს შვილს ზურგში, მცირეკალიბრიანი იარაღით, ახლო მანძილიდან დაზიანება მიაყენეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი იარაღი მხოლოდ სპეცდანიშნულების ორგანოებს აქვთ... ტყვიამ ფილტვის ზედა, შუა და ქვედა ნაწილები დაუზიანა, ღვიძლი და პერიტონიული დიაფრაგმა კი, დაფლითა. სპეცოპერაციის დროს, შემთხვევის ადგილას, ტრიალებდა ავტომაქანა _ NIN206, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიე, ოპერატიული სამსახურის კუთვნილებაა. სწორედ ამ მანქანიდან შეატყობინეს პოლიციას, მკვლელობააო. სხვათა შორის, შემთხვევის ადგილიდან ტყვიები გაქრა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩემი შვილი ისე დაეცა, სროლა რომც ნდომებოდა, ვერ მოახერხებდა... საქმე პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს დაეწერა, რომელიც ნინო ონიანის დაქალის, მოსამართლე ეკა გაბრიჩიძის ქმარია. ბაჩიაშვილმა ორი ცრუ მოწმე მოიყვანა, რომლებმაც, თურმე, 300 მეტრიდან დაინახეს, ტყვიები აქეთ-იქიდან როგორ “ცვიოდა”. სინამდვილეში, 300 მეტრიდან ამის დანახვა შეუძლებელია. სხვათა შორის, ორივე ცრუ მოწმემ ჩვენება სამჯერ შეცვალა, რაც დანაშაულია.

მოკლედ, ჩემი შვილის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს. არადა, სინამდვილეში, მას ჩასაფრება მოუწყვეს და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს... მომხდარის შესახებ სამი საათის შემდეგ შემატყობინეს. ამ ხნის განმავლობაში, ექიმებს თავზე სოდ-ი და კუდ-ი ედგა _ ალბათ, ცდილობდნენ, რომ გიორგი სისხლისგან დაცლილიყო...

რეანიმაციაში ერთი, ასე ვთქვათ, ინციდენტი მოხდა: ზედამხედველებს ეგონათ, რომ მეძინა, არადა, კარგად გავიგე, თუ როგორ მოიყვანეს ცრუ მოწმე, 16 წლის ბავშვი, რომელსაც ძმა პატიმარი ჰყავდა. ეს ბავშვი სოდ-ის თანამშრომლებს ეკითხებოდა, ამის შემდეგ რა ვთქვაო... ცრუ მოწმის ჩვენება გამომძიებლებს თავზე გადავახიე.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანი პროკურორს სთხოვდა, არაფერი მაქვს და მტკიცებულება დამიდე. სააპელაციო სასამართლოსთვის ძლივს მოვძებნე საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმე, რომელიც ყველაფრის რეალური თვითმხილველია. იგი აღწერს დაბალ პიროვნებას, შავი თმით, რომელიც ჩემს შვილს არ ჰგავს. ამ მოწმეს ჩემს შვილზე ამოცნობის დროსაც უთქვამს, ეს ის ბიჭი არაა, ვინც ისროლაო, მაგრამ საქმიდან ეს ამოცნობის ოქმი გაქრა და მოსამართლე ომარ ჯორბენაძე ამ ძირითად, თვითმხილველ მოწმეზე ამბობს, ამის ჩვენება რას გვაძლევსო?!

სხვათა შორის, ჩემი შვილი საავადმყოფოში კუდ-ის თანამშრომელმა წაიყვანა, რომელიც, ასევე, ამბობს, რომ გიორგის იარაღი არ ჰქონდა და მანქანაში სისხლისგან იცლებოდა.

გიორგიზე ციხეშიც საშინელი ზეწოლა ხდებოდა.

_ ქალბატონო ცირა, როგორც ვიცი, გიორგი ოქროპირიძეს დანაშაულის აღიარება შესთავაზეს, რის შედეგადაც, ხუთ წელს მიუსჯიდნენ.

_ დიახ, იყო ასეთი შემოთავაზება, მაგრამ გიორგიმ უარი განაცხადა _ იმას, რაც არ ჩაუდენია, რასაკვირველია, არ აღიარებდა... გიორგის თექვსმეტ წელნახევარი მიუსაჯეს, თუმცა საკასაციო სასამართლომ არარსებულ იარაღზე მიყენებული ორი მუხლი ჯარიმით შეუცვალა და სასჯელი 13 წლით განუსაზღვრა.

2011 წელს, როცა დავრწმუნდი, რომ საქართველოში ყველა რესურსი ამოწურული მქონდა, ადვოკატ დათო ჯანდიერის დახმარებით, საქმე სტრასბურგის სასამართლოში შევიტანე. 2011 წლის აპრილში კი, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოთხი საჩივარი შევიტანე.

_ რის თაობაზე?

_ მთავარი პროკურორის მიერ მტკიცებულებების გაყალბების, ცრუ მოწმეების მიერ ჩვენებების სამჯერ შეცვლის, კრიმინალისტიკურ-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებისა და ღუდუშაურის საავადმყოფოს მიერ ჩემი შვილის დასნებოვნების, დაუხმარებლობისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების თაობაზე.

სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილმა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა, სასჯელაღსრულების ზედამხედველ პროკურორად გადაიყვანა. ციხეში ჩემს შვილზე ზეწოლა, ვფიქრობ, სწორედ მისი ჩარევით ხორციელდებოდა.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს მივმართე, გიორგი ქსნის ღია ზონიდან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანური პირობები და მოპყრობა ჰქონდა. არადა, გიორგის ფილტვსა და ღვიძლზე უმძიმესი ოპერაციები აქვს გადატანილი და დახურული ტიპის დაწესებულება მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამის გამო, არაერთხელ მოვითხოვე, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში გადაეყვანათ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან რეაგირება არ ყოფილა... ჩემი შვილის წამება სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საშინელება ისაა, რომ ექიმებმა გიორგის სპეციალურად დასნებოვნებული სისხლი გადაუსხეს და “ცე” ჰეპატიტით დააავადეს.

_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

_ უცნაურია, რომ ვიდრე გიორგის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, დახურული ტიპის ¹1 დაწესებულებაში აღმოჩნდა. ჩემი შვილის სამედიცინო დოკუმენტებში ექიმ-ფსიქიატრ თამარ ბაზღაძის ჩანაწერი გაყალბებულია, რათა ის ქმედება “გაეპრავებინათ”, რომლის ჩადენასაც ¹18 დაწესებულებაში აპირებდნენ, ანუ დაწერეს, რომ გიორგის 2002 წელს თითქოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. არადა, ვერ გათვალეს, რომ 2002 წელს გიორგი 12 წლის იყო, თან _ სპორტსმენი.

_ ამ ჩანაწერის გაკეთება, თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა?

_ უნდოდათ, ეწამებინათ და მოეკლათ, მერე კი, იტყოდნენ, თავი მოიკლაო.

2011 წლის 21 დეკემბერს გიორგის, ჰეპატიტზე მკურნალობის პირველი ინექცია გაუკეთეს. 22 დეკემბერს კი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსი თოლორდავამ საკნიდან ცემით საინექციო განყოფილებაში გაიყვანა, სადაც სცემდნენ ალექსი თოლორდავა, გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვები. უსაფრთხოების უფროსი ზურა ბულბულაშვილი კი ემუქრებოდა, წლებს დაგიმატებო და, რომ შეეშინებინა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაადო, რითიც სასურსათო ბარათით სარგებლობა შეეზღუდა. მეორე დღესაც, ანუ 23 დეკემბერს სასტიკად აწამეს, თან სთხოვდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოგვეტანა. გლდანის ¹18 ციხის უფროს ვაჟა ცხვედიანთან, უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალექსი თოლორდავასთან, რეჟიმის უფროს გიორგი ავსაჯანიშვილსა და სოციალური სამსახურის უფროს ზურაბ ბულბულაშვილთან ერთად, ჩემს შვილს ექთანი ნანა ცისკაძეც აწამებდა, რომელმაც ნემსის გაკეთებისას ვენა სამ ადგილას გაუხეთქა, თან ეუბნებოდა, აწი სტრასბურგმა გიშველოსო.

_ ექთანი რაღას ერჩოდა?

_ გიორგის წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული.Eექიმსა თუ ექთანს ზემოდან _ პროკურატურიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან უბრძანებდნენ, როგორ უნდა მოქცეოდა პატიმარს და ისინიც დავალებას უსიტყვოდ ასრულებდნენ...

ორი დღე ინტენსიურად მიმდინარეობდა გიორგის წამება. ესეც არ აკმარეს და, როგორც გითხარით, ციხის მაღაზიით სარგებლობაც შეუზღუდეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმა _ ღვიძლის ფიბროზის მე-2 სტადია განუვითარდა. ამის შემდეგ კი, ადმინისტრაციული პატიმრობა დაუმატეს. ადმინისტრაციულ სასამართლოზე გიორგიმ მოყვა, თუ როგორ აწამეს საათნახევრის განმავლობაში და ისიც თქვა, მოკვლას მიპირებდნენო. გიორგი ავსაჯანიშვილს, თურმე, უთქვამს, დღეს მკვდარს გიპოვნიანო. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ირანდა ერემაძემ “კარცერი” მიუსაჯა... გიორგი მაშინდელმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მოინახულა და პირად კონტროლზე აიყვანა. ხმამაღლა ვაცხადებ: რომ არა გიორგი ტუღუში, ჩემი შვილი დღეს მკვდარი იქნებოდა!

სხვათა შორის, ადმინისტრაციულ სასამართლოზე გიორგის ადვოკატი მანანა კობახიძე იყო, რომელსაც გიორგის შეუპოვრობის ჩემზე არანაკლებ ეშინოდა _ გიორგი ყველა მწამებელს ღიად ასახელებდა და მათ სადისტებს ეძახდა. ქალბატონმა მანანამ გამაფრთხილა, გიორგის საფრთხე რეალურად ემუქრება _ ცოცხალს არ დატოვებენო. ადმინისტრაციული სასამართლოს შემდეგ, ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა, თუმცა გიორგი საკანში არ დახვდა.

_ აბა, სად იყო?

_ სასამართლოდან ციხეში, სამი საათის განმავლობაში, არ მიიყვანეს, თუმცა დღემდე არ ვიცი, სად ჰყავდათ...

“კარცერის” მერე, გიორგის პირობები უფრო დაუმძიმეს _ ¹6 დაწესებულებაში, ანუ ე.წ. კრიტში გადაიყვანეს. ციხის ადმინისტრაციამ წამებით რომ ვერაფერს მიაღწია, ჩემი შვილის მოწამვლა გადაწყვიტა _ “კრიტში”, საჭმელში საწამლავის ჩაყრას უპირებდნენ. ამის გამო, 2012 წლის ივნისში გიორგიმ მშრალი შიმშილობა დაიწყო...

2012 წლის 14 იანვრიდან, წამების ფაქტზე, გიორგი დაზარალებულადაა ცნობილი და პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მაქვს მისი სისხლიანი მაისური, ვეხვეწები პროკურატურას, რომ ამ ნივთმტკიცებას მივაწვდი, მაგრამ არ იღებს, სიმართლის დადგენას გაურბიან და მწამებლების დაკავება არ უნდათ.

ჩვენი საჩივრის საფუძველზე, 2012 წლის 30 იანვრიდან, გიორგი, ასევე, დაზარალებულადაა ცნობილი ღუდუშაურის საავადმყოფოს მედპერსონალის მიერ დასნებოვნების, დაუხმარებლობისა და სამედიცინო ჩანაწერების გაყალბების ფაქტზეც.

_ ქალბატონო ცირა, გიორგის ფართომასშტაბიანი ამნისტია რატომ არ შეეხო?

_ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე საქმის კურსში არიან. იმედია, მალე უკანონო პატიმრების საქმეების გადახედვა დაიწყება. გიორგი ხარვეზების დამდგენი კომისიის მუშაობის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდება, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. გიორგი ის პატიმარია, რომელსაც არავისი ეშინოდა, ადმინისტრაციასთან არ თანამშრომლობდა, ციხიდან ყველა უკანონობებს აპროტესტებდა და, მიუხედვად იმისა, რომ ჯანმრთელობა საგრძნობლად ჰქონდა გაუარესებული, ვერ გატეხეს! ამდენი წამებისა და ცემისგან, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაემართა, თუმცა ახლა უკეთაა, “ც” ჰეპატიტზეც მკურნალობს და, ახალი ხელისუფლების წყალობით, მის წამებას წერტილი დაესვა! ამ საქმით თეა წულუკიანიც დაინტერესდა და, მისი პირადი მითითებით, პროკურორის ქმედებების წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ეს პროცესი, წესით, მალე უნდა დასრულდეს... იმედი მაქვს, დამნაშავეები დაისჯებიან!

ჩემი შვილის საქმის გამყალბებელი და ბრალდების შემთითხვნელი ლევან ბაჩიაშვილი, წლების განმავლობაში, სასჯელაღსრულების ზედამხედველი პროკურორი იყო და ციხეში ყველაზე მეტი წამება სწორედ მის დროს ხდებოდა. ამ გამყალბებლისა და მწამებლის წინააღმდეგ საჩივარი ყოველ კვირა შემაქვს, მაგრამ საქმე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით წინ არ მიდის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ არჩილ კბილაშვილი პროკურატურის კადრებს გადახედავს...