”ყოველთვის რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენლად მიმიჩნევდნენ და ეს ლოგიკურია”
”კულტურასთან - დიდებულ მუსიკასთან, მწერლობასთან, მხატვრობასთან ბრძოლა სისულელე და სამარცხვინოა”
9 ივლისს მსოფლიოში აღიარებულ ბანს - პაატა ბურჭულაძეს სცენაზე მოღვაწეობის 35 წლისთავი უსრულდება, რაც საქართველოში ღირშესანიშნავი კონცერტით აღინიშნება... თუმცა მსოფლიო ბანის მიმართ ამ დღეებში განსაკუთრებული ინტერესი სხვა მოვლენების გამოც გაჩნდა... გავრცელდა ხმები მის საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენაზე, სოციალურ ქსელში კი ფართო მსჯელობის საგანი გახდა სტატია რუსული გაზეთიდან, სადაც პაატა ბურჭულაძე წერს, რომ მსოფლიოში დღემდე რუსულ ბანად მიიჩნევენ და ამით ამაყობს. ამ სათაურმა ბევრი დააბნია... გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად პაატა ბურჭულაძე ექსკლუზიურ ინტერვიუზე დავითანხმეთ:
-ბატონო პაატა, უკვე წლებია ყველა არჩევნების წინ ვრცელდება ინფორმაცია თქვენი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, თუმცა ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა და საუბარია თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატურაზე...
- აი, თქვენც გაგიგიათ, რომ მოვიდნენ ჩემთან წინადადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა... რა მეთქმის, მართლა იყო ასეთი წინადადება. როგორც მითხრეს, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი. მათ მხოლოდ ერთს ვეტყვი - დღეს ჩამოყალიბებული არ ვარ. არ მინდა გული ვატკინო მათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ვერაფრით გავახარებ... ისე საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას, კი არა, ხვალ რომ მთვარეზე მომიხდეს წასვლა, იმასაც არ გამოვრიცხავ. ყველაფერია ამ ქვეყნად შესაძლებელი. თუმცა, მე ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენიც ავარიდე, არასოდეს არ წამიგია... კატეგორიული უარი სულ სხვა რამეა და ვიმეორებ, რომ ჩამოყალიბებული არ ვარ, რადგან ამაზე საკმარისად არ მიფიქრია. ჯონდი ბაღათურია გამოვიდა გუშინ, მან განაცხადა ამის შესახებ, თორემ ეს ამბავიც მერჩივნა არ გახმაურებულიყო. ისე, ეს არ მომხდარა მხოლოდ გუშინ და გუშინწინ... ჩემთან მოდის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, არასამთავრობოები და არ შეიძლება არავის არ მოუსმინო და არ დაეთანხმო. ბიძინა ივანიშვილისგანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ არა პრეზიდენტის კანდიდატურაზე... გიორგი მარგველაშვილიც შესანიშნავი კანდიდატურაა, მე ვიცნობ მას, ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
- რამდენად ძნელი იყო თქვენთვის მსოფლიო აღიარების მოპოვება და შემდეგ 35 წლის მანძილზე მისი შენარჩუნება, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მომღერალს, რომ ასეთ სიმაღლეს მიაღწიოს?
- განსაკუთრებულ მნიშველობას ვანიჭებ იღბალს, რომ არა იღბალი, მე ვერ მოვხვდებოდი ლონდონის კოვენტგარდენის სპექტაკლში ”აიდა”, სადაც ლუჩანო პავაროტი პირველად მღეროდა რადამესის პარტიას და მთელი მსოფლიოს მუსიკალური კრიტიკის ყურადღება ამ დადგმისკენ იყო მიპყრობილი. რაც შეეხება განვლილ 35 წელს, რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არასოდეს არაფერი გამოდის და რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ უკვე ყველაფერი ნასწავლი გაქვს, წარმატებით არ უნდა დატკბე და მუდმივად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.
- თუ სწორად მახსოვს, მაშინ პირველად დაიწერა, რომ დაიბადა ახალი ვარსკვლავი, მოგვიანებით კი დიდმა მაესტრო ჰერბერტ ფონ კარაიანმა თქვენ მეორე შალიაპინი გიწოდათ, ანუ კარაიანიც რუსული ბანების სკოლას მიიჩნევდა ყველაზე უმაღლესად, თორემ ალბათ სხვა შედარებას მოძებნიდა..
- იგივეს იტყვის ყველა პროფესიონალი, რად უნდა საუბარი იმ ფაქტს, რომ რუსული ბანების სკოლა მსოფლიოში უმაღლესია... კარაიანის სიტყვებმა მე ფაქტიურად კარიერა გამიკეთა. კარაიანმა ამხელა ლეგენდამ, დაასახელა მეორე ლეგენდა - შალიაპინი და მათ შორის ჩემმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა. კარაიანიდან მოყოლებული უპირველესად, ყოველთვის რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენლად მიმიჩნევდნენ. შეიძლება ქართული ვოკალური სკოლა იყოს ტენორის, ბარიტონის, სოპრანოსი, მაგრამ მეცო-სოპრანოსა და ბანებზე ამას ვერ ვიტყვით, ამ მხრივ ძალიან მწირი მასალა გვაქვს, ”ღვინოვ-კახურო”, მეფე გიორგის არია, რაც კი ქართული ბანისთვის დაწერილა, ყველაფერი ნამღერი მაქვს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. საზღვარგარეთ კი იმიტომ მიმიჩნევენ რუსული სკოლის წარმომადგენლად, რომ ჩემი ტიპის ხმა სწორედ ამ სკოლისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსი მომღერალი ვარ. მსოფლიოში ეჭვი არავის ეპარება, რომ ვარ ქართველი მომღერალი, მათ შორის რუსებიც ამას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ...
- ხშირად მომისმენია დისკუსია ამ თემაზე და თქვენც მინდა გკითხოთ, როგორ მიიჩნევთ, რუსული კულტურა უნდა უარვყოთ?
- ღმერთმა დაგვიფაროს... მე ადრეც გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ რუსულ და ზოგადად კულტურასთან ბრძოლა - დიდებულ მუსიკასთან, მწერლობასთან, მხატვრობასთან სისულელე და სამარცხვინოა. ყველა დიდი ავტორი მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა და დიდი ხელოვნების რაღაც ვიწრო ჩარჩოებში მოქცევა, ძალიან არასწორად მიმაჩნია.
- ბევრი ადამიანი ალბათ ინატრებდა თქვენნაირ ცხოვრებას, მე ვიცი, რომ არაერთმა ახალგაზრდამ თქვენი მიბაძვით ჩააბარა კონსერვატორიაში...
- ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, კარიერაშიც და ცხოვრებაშიც, ყოველდღიურად ვგრძნობ ხალხის დიდ სიყვარულს, ერთადერთი რაც ყოველთვის მაფიქრებს არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, თუნდაც სოციალურ სფეროში, ბევრი შრომაა საჭირო, რომ განვითარებისა და ცხოვრების საერთო დონემ აიწიოს.