მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა ოთხი წელი გაატარა სისასტიკით განთქმულ გლდანის ციხეში. ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი და ორი მძიმე მუხლით იყო გასამართლებული. პატიმრობიდან ახალ წლამდე ვადამდე ადრე პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. ამბობს, რომ მას ნორმალურად ექცეოდნენ, მაგრამ რაც საკუთარი თვალით ნახა და გაიგონა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია.
- ექვსი თვე არ არის, რაც ციხე დავტოვე. ამნისტიამდე ორი კვირით ადრე გამომიშვეს, ''უდო'' შემეხო. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. საახალწლოდ გამომიშვეს, ერთი წელი მქონდა დარჩენილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გამომიშვებდნენ თუ არა, რადგან მე ყველგან თავისუფალი ვარ, სადაც უნდა ვიყო. ოთხი წელი გავატარე ციხეში. ორი ძალიან მძიმე მუხლით დამაკავეს, ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მედებოდა ბრალი. იმდენი ვეღარ გაბედეს, რომ სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ. წესით, 30 წელი და მეტი უნდა მოეცათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ რამეს დაამტკიცებდნენ. მათ ერჩიათ, ციხეში ვყოფილიყავი და ჩემი არ შინებოდათ.
- რომელ ციხეში გაატარეთ ეს ოთხი წელი?
- გლდანში, დაკეტილ სისტემაში. საკანში რვა პატიმარი ვცხოვრობდით. ის ადამიანები ჩვეულებრივი კრიმინალური მუხლებით იყვნენ დაჭერილები, ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა, თუ არ ჩავთვლით გია ლომიას. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემთვის თითი არ დაუკარებიათ. მე ალბათ განსაკუთრებული პატიმრების რიცხვში გავდიოდი და შეხებას ვერ ბედავდნენ, თუმცა ბევრი რამ ვნახე, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს არ ვფიქრობ, რომ პერსონალი უნდა დაისაჯოს. ისინი სამკურნალოები არიან, შემკვეთებმა აქციეს ასეთებად. რეალურად სისტემის შემქმნელები არიან დასასჯელები. გლდანის ციხეს ხშირად ადარებდნენ გუანტანამოს, მაგრამ გუანტანამო გლდანთან შედარებით საბავშვო ბაღი იყო. ისეთ კაცთან მომიწია ჯდომამ, რომელსაც რუსეთის ყველა ციხე ჰქონდა მოვლილი და მან თქვა, რომ არც ერთი ციხე ასეთი საშინელი არ ყოფილა. იქ სისასტიკე უფრო პატიმრებიდან მოდიოდა, გლდანში კი თანამშრომლები ძალადობდნენ პატიმრებზე.
- ამბობენ, რომ პატიმრებს დაჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ.
- ბოლო ერთი წელი პატიმარს წამოწოლის საშუალებას არ აძლევდნენ. ზაფხულში საერთოდ ჯოჯოხეთი იყო. რკინაზე ვიწექით, ეს არ იყო საწოლი. მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და გარეთ რომ გამოვედი, ჩვეულებრივ საწოლში გამიჭირდა დაწოლა. მერე მივხვდი, რატომ იცუცქებიან ნაციხრები. გარეთ არასოდეს ჩავცუცქულვარ და ციხეში მეც მიწევდა, რადგან ორგანიზმს ამ ფორმით ვასვენებდით. იმდენად პატარა საკანი იყო, რომ სიარულსაც კი გადავეჩვიე. ლაპარაკის გამო შეიძლებოდა კარცერში ჩაეყვანეთ.
- ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო. რატომ ვერ გათვალეს, რომ ციხის სისასტიკე ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ?
- გამაცანით ერთი ჭკვიანი მაინც...
- თუნდაც გიგა ბოკერია.
- ოჰ, რა ჭკვიანია. ჭკვიანი კი არა ნაძირალაა. 2009 წელს დაკავებისას პირველივე ღამეს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შემიყვანეს, სადაც დათა ახალაიაც იყო. ვუთხარი, რომ 2013 წლის ახალ წელს სახლში ვიქნებოდი. ჭკუას იცით, მე რას ვეძახი, როცა ხვდები, რა არის მისაღები საზოგადოებისთვის, როგორ იმოქმედებს შენ მიერ გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხალხზე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განადგურებულიყვნენ. ერთადერთი ჭკვიანი კაცი იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც ისე დაღუპავდა ქვეყანას, ვერავინ მიხვდებოდა.
- დღეს რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი?
- ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს. მე იმის მეშინია, ლინჩის წესით არ გაასამართლონ. მას ბევრი დამცველიც მიჰყვება. ''ნაციონალური მოძრაობა'' თავს ვერ გადაირჩენს.
- ახალი ხელისუფლებიდან ვინ გაგონებთ ძველი ხელისუფლების სახეებს?
- ვინ არ მაგონებს, კაცი, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, გამოდის და ამბობს, ხალხმა უნდა დამიჯეროს მე და ''ქართულ ოცნებას'' და ის უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ ვეტყვითო. დამთავრდა, მე ასეთ კაცს ხმას არ მივცემ. მე კი არ უნდა დაგიჯერო, შენ უნდა დამარწმუნო.
- თქვენ ვის ხედავდით საპრეზიდენტო კანდიდატად?
- რეზო შავიშვილს... ეს ადამიანი საღად აზროვნებს. მას ზნეობა არ დაუკარგავს. ნებისმიერს შეუძლია გამარჯვება, მთავარია, ხალხი დაარწმუნო. ნახეთ, ჩემს ''ფეისბუქზე'' რა ხდება, მე უფრო დიდი შანსი მაქვს გამარჯვების, კენჭი რომ ვიყარო, ვიდრე მას. ასი წელი არ მინდა, ამდენ ბრიყვს ერთად ვერ ვუყურებ, გული გამიჩერდება. არიან ახალ ხელისუფლებაში ადამიანები, რომელთა მიმართ დადებითი ემოცია მაქვს. მაგალითად, თეა წულუკიანი.
- ირაკლი ალასანია?
- არანაირი ემოცია არ მაქვს, ვინ არის ირაკლი ალასანია? დღეს უარესი სიტუაციაა მატერიალურად, ვიდრე მაშინ, მე რომ ციხეში ვიყავი. მით უმეტეს, რომ მაშინაც მძიმე სიტუაცია იყო, ვინ ფიქრობს დღეს ეკონომიკაზე, გია ხუხაშვილის რჩევებით უნდა იაროს ქვეყანამ? ან სად იპოვეს ეს კაცი?! განვიხილოთ მისი ფიზიოგნომიკა. ეს არის კაცი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე იტყუება, სიყალბე აქვს სახეზე. ხუხაშვილი ჩემ ზემოთ ცხოვრობდა და ერთი ჩვეულებრივი ბრიყვი ტიპია.
- სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოთი შეაფასეთ პრეზიდენტის ფიზიოგნომიკა...
- ჩამოყალიბებული აღგზნებითი ფსიქოფატიითაა ავად. მისნაირ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ემკურნალა და საერთოდ რა უნდოდა პოლიტიკაში. სად სააკაშვილი და სად ინტელექტი. მისი ხელების მოძრაობის მანერიდან ჩანს, რომ გატყუებს. გარბის და მთელ სხეულს მიარბენინებს. აქედანაც ჩანს, რომ დაზიანებული აქვს ორგანიზმი.
- თქვენი დაკავების შემდეგ ჭორი გავრცელდა, თითქოს ეშინოდათ, პრეზიდენტი არ დაგეჰიპნოზებინათ და იმიტომ დაგაკავეს...
- ჩემზე ამბობდნენ, თვალებში არ უყუროთო, სერიოზულად ეშინოდათ. ციხეშიც იმიტომ ვიყავი ხელშეუხებელი პატიმარი. შეხედეთ სააკაშვილის ფოტოს, საშინელი ბოროტი თვალები აქვს მას და მის კნეინასაც.
- თქვენ სკანდალური განცხადება გააკეთეთ, ციხეში პატიმრების ორგანოებით ვაჭრობაზე, რაშიც პირველი ლედიც დაადანაშაულეთ...
- ეგრე იყო, როდესაც გამომძიებელმა დამიძახა, რა ხდებოდა ციხეშიო, პირდაპირ ვკითხე, რატომ არ დამკითხეს ამ თემაზე.
- ნამდვილად ხედავდით, რომ სანდრა რულოვსი ციხეში მოდიოდა?
- მე კი არა, მთელი ''ბე'' კორპუსი უყურებდა, ყოველ მესამე დღეს სანდრა რულოვსი რომ მოდიოდა ციხის საავადმყოფოში.
- იქნებ პატიმრების სანახავად მოდიოდა?
- კი, მაგრამ პატიმრებთან გვიწევდა ურთიერთობა და არასოდეს მათ სანახავად არ შესულა. რაღა იმ დღეს მოდიოდა სანდრა რულოვსი ციხეში, როცა ხალხი კვდებოდა. მე კი არა, ის უნდა დაკითხონ, ვინც იცის ამის შესახებ. ''სომეხა'' უნდა დაკითხონ, რომელიც მორგში მუშაობდა.
- ბაჩო ახალაიას როგორ შეაფასებდით?
- ბაჩო მაგათთან შედარებით გენიოსია, იმიტომაც არის ციხეში.
- თქვენ გინახავთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული?
- არ მინახავს, არ მინდა იმის შესახებ ვილაპარაკო, რაც არ მინახავს. ჩემთან ვინც ყოფილა, ბაჩო ახალაიასთან შეხება არ ჰქონია. ხათუნა კალმახელიძე ჩვეულებრივი უნამუსო ქალია. ციხეში მოდიოდა, მაგრამ ერთხელ მაინც შემოუხედავს? მონაყოლიდან ვიცი, რომ წამებას დასწრებია კალმახელიძე, მაგრამ მე არ მინახავს. პირველ რიგში, კოტე კუბლაშვილია დასაჭერი. ორასი პატიმარი გამოვიდა, რომლებიც უკანონოდ ჩაითვალნენ, ეს უკვე საკმარისია მის დასაჭერად, მაგრამ არ იჭერენ.
- ''ნაციონალური მოძრაობის'' საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, დავით ბაქრაძე გახდეს.
- მან ჯერ კიდევ პასუხი უნდა აგოს იმ პერიოდზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამის შემდეგ კიდევ ''ნაციონალურ მოძრაობაშია'' . ერთხელ მაინც არ ვართ იმის ღირსი ქართველები, ისეთი ადამიანი იდგეს სათავეში, რომ შეხედავ, იფიქრო, რომ დალაგებულია?!
- ბიძინა ივანიშვილის პერსონაზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით არაფერს, მაგისი დროც მოვა. ციხეშივე ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ვინ იყო. ბევრს რომ ლაპარაკობენ, გია ლომია ჩემთან იყო საკანში და ჩემს საკანიში დაიგეგმა ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა. გიამ გადაწყვიტა და ლადო დაეხმარა. მე რაც მინახავს, ბედუკაძე ძალიან კარგად იქცეოდა, მაგრამ მაგ სისტემაში შეუძლებელია სულ კარგად იქცეოდე, გაგანადგურებენ.
- რამდენიმე თვეა დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?
- მგონია, რომ აირევა სიტუაცია, ხალხს ძალიან უჭირს. არ მაქვს ლაპარაკი ციხიდან გამოსულებზე, ფეხზე რომ დაგვიკიდეს. თან ახლა მღვდლები თუ გაასამართლეს, ეს ახალი მთავრობის ძალიან დიდი შეცდომა იქნება. თუ დაიშალა, ''ქართულ ოცნებას'' შანსი აქვს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში გავიდეს. ''რესპუბლიკელები'' საერთოდ დაიკარგებიან პოლიტიკიდან. თუ სიტუაცია აირია, საარჩევნოდ ''ქართული ოცნება'' შანსს დაკარგავს და ეროვნული ხალხის დრო დადგება. უკვე ხდება გადაჯგუფება.
- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი არ თვლის ამდენს?
- როგორ ფიქრობთ, ის რამეს თვლის? ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა ''ნაციონალურ მოძრაობას'' .
- ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება სააკაშვილისადმი.
- დასაშვებია, მაგრამ მას იმედიც არ ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა. ციხის ამბები რომ არ მომხდარიყო, შანსიც არ ჰქონდათ. დღეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემთვის, მიშა იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა ჰქონდა 2003 წელს. ის აღარავინაა და ოქტომბერში საკუთარ ამბავს ამთავრებს.
- როგორ ფიქრობთ, სად წავა?
- ორი გზა აქვს, ის ან სამუდამოდ უნდა წავიდეს ციხეში ყველა დანაშაულისთვის, მაგრამ ამის ნაკლები შანსია და მეორე, ის ფიზიკურად აღარ იარსებებს. სააკაშვილი ფატალურად დაამთავრებს სიცოცხლეს, მას გაწირავენ.
- საკუთარი გარემო?
- მაგის შანსიც არის, ასევე შეიძლება ლინჩის წესით გაასამართლონ, რადგან ხალხის აფეთქებაა მოსალოდნელი.
- მხოლოდ მის მიმართ გაჩნდება აგრესია?
- არა, მაგრამ სააკაშვილი შეეწირება. ზუსტად ის ფენა აფეთქდება, რომელიც არასოდეს აფეთქებულა და ყველაზე საშიშია რეალურად. ესენი არიან რეალური ინტელექტუალები, რომლებიც ჯერ არ ჩანან. ესინი არ არიან არტისტები, მომღერლები და მასხარები - რეალური ინტელექტუალები არიან.
- ქალაქში ორი შუშის სასახლე დგას, ერთი ივანიშვილის, მეორე სააკაშვილის...
- აქედანაც ჩანს მათი გემოვნება. გემოვნებაზე არ დავობენო და მე შემიძლია ამაზე ვიდავო. ადამიანის ინტელექტი განსაზღვრავს გემოვნებას.
- ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია ცოლების ფენომენი პოლიტიკაში.
- დღეს სიტუაცია მატრიარქატისკენ მიდის. კაცი ხომ დაღუპულია, მაგრამ ქალსაც ღუპავს. ყველაფერი უზრდელობაში გადადის, თავისუფლების გაგებაში არ არიან.
- როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი?
- ქვეყანა აუცილებლად გამოვა ამ მდგომარეობიდან. 2013 წელი გარდამტეხია მსოფლიოში. იმიტომ უტევენ ასე ეს უზნეოები. ნელ-ნელა უკან დაიხევენ. საქართველოს შველა ძნელი არ არის. უბრალოდ, მცოდნე და გულიანი ხალხია საჭირო, ქვეყანა უნდა უყვარდეთ. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ინტელექტუალური მარაგი. ამათ არავინ უყვართ. ვისაც თავისი დედა არ უყვარს, სხვისიც არ ეყვარება. ვერასოდეს დავიჯერებ, რომ გიული ალასანია უყვარს სააკაშვილს და პირიქით. გიულის რომ შვილი ჰყვარებოდა, არ გაუშვებდა ამ სიტუაციამდე. ან სანდრას უყვარს სააკაშვილი? - მაგათ ერთმანეთი არ უყვართ.
- პრეზიდენტზე გავრცელებული ლეგენდები, რაც ქალბატონებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში გამოიხატება, როგორ ფიქრობთ, მართალია?
- შეიძლება რეალურიც იყოს, რადგან როდესაც ადამიანს ძალიან უჭირს, მაშინ ხდება აგრესიული, საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ მაგარია. სააკაშვილი ერთი ჩვეულებრივი დაჩაგრული ბიჭია, რომელსაც არც ერთი ქალი არ აქცევდა ყურადღებას. ახლა საშუალება აქვს და რომელ ქალზე იტყვის უარს. იღრინება და არის ერთ ამბავში. ეს ხომ ის ბიჭია, რომ გაარტყამდნენ, ტიროდა. ხელს კი არ უბრუნებდა და ვაჟკაცურად კი არ იქცეოდა. ეს ხომ ის ბიჭია, რომელსაც ფეხბურთს არ ათამაშებდნენ, გუნდში არ აყენებდნენ. იმიტომ კი არა, რომ თამაში არ იცოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ არასრულფასოვანია.