საიდუმლო სამალავები _ იარაღის დიდი არსენალით, კასრებით, პირადი დღიურებით, დასაჭერთა სიებითა და 12 000 ფაილი,სადაც ადამიანის სასტიკი წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოებია. ყველაფერი ეს კინო არ გახლავთ, ყველაფერი ეს ქართული პოლიტიკის რეალობაა და, უბრალოდ, სკანდალსაც ვერ დაარქმევ, რადგან წამებისა და გაუპატიურების შემზარავი ფაქტები ადამიანის წარმოსახვისათვის წარმოუდგენელი და შემზარავია!
“ბოდიში რომ გაწამეთ, ბოდიში, რომ გაგაუპატიურეთ, ბოდიში, რომ გატყუებდით!”
წინა ხელისუფლების მთავარმა პოლიციელმა, ვანო მერაბიშვილმა, დაახლოებით, ასე განაცხადა _ მართალია, არ ვიცოდი პოლიციაში ხალხს თუ აწამებდნენ, მაგრამ მაინც, ბოდიშიო. პრეზიდენტმა კი, ყველაფერი ეს კუდ-ის შემქმნელ ჩხატარაშვილსა და ქარდავას დააბრალა, თუმც ბოდიში მაინც მოიხადა. წინა ხელისუფლების მთავარი ტელევიზიის გადაცემა “პოსკრიპტუმის” ავტორმა კი, პირდაპირ ეთერში განაცხადა: “არ მსურს დავემსგავსო იმ ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ “სტალინმა არ იცოდაო”.
მიხეილ სააკაშვილი: “ამ კონკრეტულ სისტემას, ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები და ორი მთავარი ფიგურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ვინმე ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავაა. ისინი, პირველი კუდ-ის, პრაქტიკულად, შემქმნელები, ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან. სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები ჩამოვაწერეთ. ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ახალ მთავრობასთან. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი ხუხაშვილის, მთავარი მრჩევლის და ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ხოლო ლევან ქარდავა ყოველდღიურად ელაპარაკება პარლამენტში “ნაცმოძრაობის” წევრებს და აიძულებს, გავიდნენ “ნაცმოძრაობიდან” და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო ძალიან ბევრი დანაშაულის ჩამდენი. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი სუბიექტები გადმოვიყვანე წინა მთავრობიდან”.
დავით კიკალიშვილი, “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსკრიპტუმის” ავტორი და წამყვანი: “პოსტსკრიპტუმი, პრაქტიკულად, საავტორო გადაცემაა და, პირველ რიგში, თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი გამოვლენასა და აღმოფხვრას. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას “პოსტსკრიპტუმში” მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში, გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პროკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი ძალადობითა და კანონდარღვევით იყო მოპოვებული, “პოსკრიპტუმი” ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება”.
მართალია, ბოდიშის თქმა, თავისთავად, აუცილებელი ჟესტი იყო წინა ხელისუფლების მესვეურების მხრიდან, მაგრამ ბოდიში მათ პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე სააკაშვილიც დაიკითხება, “სტალინმა არაფერი იცოდა!” აქ აღარ გავა.
ვარაუდის დონეზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ მერაბიშვილსა და სააკაშვილს არაფერი სცოდნოდათ ამ სასტიკი წამების შესახებ?! დავუშვათ, რომ _ არ იცოდნენ. მაშინ ორივენი უნიათო, ბრიყვი და, შესაბამისად, თანამდებობისათვის შეუფერებლები ყოფილან. ცხადია, ეს ვარაუდი ნაკლებად სარწმუნოა და, ალბათ, მათი ოჯახის წევრებსაც არ სჯერათ, რომ უმწიკვლონი არიან. რჩება მეორე ვერსია _ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და რაც ხდებოდა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამშობლოს ღალატის აღიარებით ვიდეოებს ვუყურებდით, ხალხში ხმა გავარდა, აშშ-მ სააკაშვილს უთხრა, ვინც მოსაქრთამია, მოქრთამე, ვინც მოსაკლავია, მოკალი, ვინც მოსა....ვია, მო...ნიო! თუ ამ “სიტყვაკაზმული” შეგონების მიხედვით მოქმედებდა წინა ხელისუფლება, მაშინ გასაგებია პირველი და ორი შეგონება _ “ფავორიტი ბიზნესმენების” კასტის შექმნა (რაზეც მრავალჯერ ითქვა პრესაში) და ელიტური კორუფციის ჩამოყალიბება, ჟვანიას მოკვლა. რაც ეხება მესამე შეგონებას, ამის შესახებ უკვე ფაქტებით გავიგეთ ყველაფერი. ალბათ, ამერიკელებს არ ეგონათ, რომ ასე პირდაპირ გაიგებდნენ “ვარდოსანი” ლიდერები მათ ნათქვამს და ამიტომაც არიან ახლა საგონებელში ჩავარდნილნი, თუ როგორ და რა კუთხით მიხედონ ამ საქმეს.
როდესაც ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ინსინუაციებს ადევნებ თვალს (არა მარტო საქართველოში), კიდევ ერთხელ რწმუნდები, თუ რამდენად ბინძურია პოლიტიკა, პოლიტიკოსები კი, როგორც ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, სპერმატოზოიდებივით არიან _ მილიონში ერთი აღმოჩნდება ადამიანი... და საერთოდაც, ფსიქოლოგების მიერ სექსი და პოლიტიკა ერთად მოიაზრება, თუმც ჯანმრთელ სექსზეა საუბარი და არა _ სექსუალურ წამებაზე.
სექსი და პოლიტიკა
ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ სექსი და ძალაუფლება, რადგან სექსიც და ძალაუფლებაც ადამიანის მოღვაწეობის პირველადი მიზეზი იყო, არის და იქნება კიდეც, რასაც ფსიქოლოგიის მამებმა _ ფროიდმა და ადლერმა “ტკბილი წყვილი” უწოდა. რომელია მთავარი ამ “ტკბილ წყვილში”? ამაზე დაუსრულებლად კამათობდნენ აღნიშნული მამები, ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ და ამიტომ, ჩვენც შორს წაგვიყვანს და არ გვინდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში სექსსა და პოლიტიკას ერთმანეთისაგან არ აცალკევებდნენ და იმპერატორის სექსუალური პოტენცია ქვეყნის აყვავებისა და მოსახლეობის წარმატებული ცხოვრების საწინდარი იყო.
ყველა დროში ძალაუფლებას ძლიერი კაცები, “ხვადები” იღებდნენ ხელში და თვითონ აწესებდნენ თამაშის წესებს. შემთხვევითი არ არის, რომ გამოქვაბულების კედლებზე არსებულ უძველეს (ნეოლითის ხანა) ნახატებზე, თემის ბელადის ამოცნობა ყველაზე დიდი ფალოსის მიხედვით შეიძლებოდა. ბელადს ეკუთვნოდა ყველა ქალი და მას ბევრი შვილი უნდა ჰყოლოდა. შეიძლება ჩათვალოთ, ძალიან შორს წავედი, მაგრამ _ არა. მოგვიანებით ბელადის გენიტალია, როგორც სიმბოლო, სამეფო სკიპტრამ შეცვალა. კიდევ უფრო მოგვიანებით, ანუ დღეს, სიმბოლოები ამოღებულია ხმარებიდან, მაგრამ ხალხის წარმოდგენაში, უმაღლესი ხელისუფალი ძლიერ მამრს უნდა განასახიერებდეს და ამაზე ისევ ეს ხალხი უნდა ლაპარაკობდეს. ლაპარაკობს კიდეც, მიზეზი თუ მიეცი. ასეთი ქვეცნობიერი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან უკვე აღარ არის რიგ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში კარგად მუშაობდა.
რატომ ლაპარაკობდა მედია და საზოგადოება პრეზიდენტის სექსუალურ თავგადასავლებზე და რატომ იყო ეს თემა მოთხოვნადი?! მართალია, პრეზიდენტის “სიყვარულობანი” უარყოფით კონტექსტში შუქდებოდა და აღიქმებოდა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მაინც აქტუალური და მოთხოვნადი იყო. რატომ? მიზეზი მარტივია _ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ, გამოიარა “მხედრიონი” _ ყაჩაღობა, დაუნდობლობა, წამება, გაუპატიურება და ეს ყველაფერი ლეგალიზებული იყო. ხალხმა არ მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა, არ აქცია პირი მათ და ძალიან ბევრისათვის მხედრიონელები გმირები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დაავადდა და რაც მეტ სიბინძურეს ნახავს და გაიგებს, მით უფრო კმაყოფილი იქნება. პრეზიდენტის შემთხვევაშიც იგივე იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საქმე გაცილებით შორს იყო წასული.
ღრმა ფსიქოლოგიურ პლასტებში არ შევალ, ისედაც ყველაფერი ნათელია, საზოგადოებაში ღირებულებათა სისტემაა აღრეული და სასტიკი, პათოლოგი ჯალათების მოძიება სულაც არ არის ძნელი. ციხის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ხომ ყველაფერ უმსგავსობაზე წამსვლელი, აბსოლუტურად გადაგვარებული და ზნედაცემული აღმოჩნდა. აქვე, უნდა ხაზგასმით აღვნიშნო _ ბედუკაძის გამართლება თუნდაც იმიტომ, რომ ის საშინელებები ამხილა, მას დანაშაულისაგან არ ათავისუფლებს. მისი დაუსჯელობა ახალი მსგავსი დანაშაულების ჩადენის საბაბი გახდება.
და ბოლოს, სტალინი და ყველა მომდევნო “გენსეკი”, რომელიც საბჭოეთის სათავეში იყო, როგორც ცნობილია, თავისი ასკეტური ცხოვრებით (რამდენად ასკეტური იყო, საკითხავია) ვითომ მაგალითს აძლევდნენ საზოგადოებას. ცნობილი ფრთიანი ფრაზა _ “საბჭოთა კავშირში სექსი არ არის”, გარბაჩოვის დროს ითქვა, როდესაც რკინის ფარდა მოიხსნა დასავლეთთან. “უღმერთო საბჭოეთში” იმდენი აკრძალვები იყო და ისეთი ყალბი მორალი, რომ გასაკვირი არ არის, რატომ ამოიფრქვა ამდენი და ასეთი სიბინძურე საბჭოეთის დაშლის შემდეგ.
რაც შეეხება სექსსა და პოლიტიკას, ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა ასეთი ფორმულირება შემოგვთავაზა: “ძალაუფლების მიზანი ძალაუფლებაა”, სექსის მიზანი კი, ამას ჩემი მხრიდან ვიტყოდი, სექსია და კარგი იქნება, თუ ერთმანეთში არ ავურევთ სექსს, პოლიტიკასა და ძალადობას.