მამუკა არეშიძე: აგრესიულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ამას ვერ გაიგებს

მამუკა არეშიძე: აგრესიულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ამას ვერ გაიგებს

"პირადი საუბრები მეც მქონია პრემიერთან და ასეთი რამ მას არასოდეს უთქვამს", _ აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხები მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის ერთ -ერთი მიზეზი იყო ის, რომ "პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო წინააღმდეგი არაღიარების პოლიტიკის გატარებისა საერთაშორისო არენაზე". არეშიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრემიერის სიტყვები ვაშაკიძემ არასწორად გაიგო.

- არაღიარების პოლიტიკა თუ არ გაატაროთ, მაშინ როგორი პოლიტიკა გაატარეთო, არ უთქვამს ნიკა ვაშაკიძეს? ესე იგი ლოგიკა ასეთია, თუ არაღიარების პოლიტიკა არ უნდა გაატარო, მაშინ ბუნებრივია, უნდა გაატარო აღიარების პოლიტიკა - მე ამისი არ მჯერა, ეს შემიძლია გითხრათ. იმიტომ, რომ პირადი საუბრები მეც მქონია პრემიერთან და ასეთი რამ მას არასოდეს უთქვამს. პირიქით, ერთადერთი შეიძლება ყოფილიყო, რომ შედარებით შევამციროთ აგრესიული რიტორიკა და უხეში რიტორიკა, თორემ ამ პოლიტიკის არგატარება არასოდეს უთქვამს და პირიქით, გვეუბნებოდა, რომ ეს პოლიტიკა უნდა იყოს შენარჩუნებული ისე როგორც იყო, ოღონდ ერთადერთი - შეარბილეთ რიტორიკა.

გავიმეორებ - თუ უნდა მოხდეს არაღიარების პოლიტიკის დახურვა, მაშინ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა? ასეთი ლოგიკა გამოდის. ნიკას ეს არ უთქვამს, მაგრამ ლოგიკა ასეთი გამოდის. ეს არის ნონსენსი, გამორიცხულია ეს ამბავი. არავითარ აღიარებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი და საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ერთი ან მეორე რეგიონის აღიარებაზე წავა ისე, როგორც ნიკა ვაშაკიძის ნალაპარაკებიდან ჩანს. არ არსებობს ასეთი პოლიტიკოსი. ყველა პოლიტიკოსმა ძალიან კარგად იცის, რომ ამით საკუთარ კარიერას დამარხავს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, პრემიერმა იგულისხმა ის, რომ გარკვეულ ეტაპზე აღებულ იქნას პაუზა. თუ ჩვენს შემთხვევაში ის გვეუბნებოდა, რომ რიტორიკა შეამსუბუქეთ, შეიძლება ნიკა ვაშაკიძის შემთხვევაში ამბობდა, რომ ამ თემაზე, ამ ეტაპზე ნუ ვილაპარაკებთ - არც არაღიარებაზე არც აღიარებაზე.

-რიტორიკის შემსუბუქებასა და პაუზას შორის რა განხვავებაა?
- რიტორიკის შემსუბუქებასა და პაუზას შორის ის განსხვავებაა, რომ რიტორიკის შემსუბუქების შემთხვევაში ლაპარაკი მიმდინარეობს ამ თემაზე, ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვაღიარებთ და არ მოხდება არაღიარების პოლიტიკის შეცვლა უფრო სწორედ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს განსაკუთრებულად აგრესიულად. ხოლოდ პაუზის შემთხვევაში არ უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ არც ერთ თემაზე არც აღიარებაზე და არც არაღიარებაზე.

- რას ნიშნავს ვაშაკიძის გაკეთებული განცხადება?
- მე არ ვიცი პრემიერსა და ნიკა ვაშაკიძის შორის როგორი ტიპის დიალოგი შედგა და ჩვენ ახლა ლოგიკაზე ვმსჯელობთ და რაც შემეხება მე, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს, მე როდესაც მქონდა რუსეთის ექსპერტებთან შეხვედრა ამ ბოლო დროს, მე მათთან ამ თემაზე ლაპარაკს თავს ვარიდებდი - აღიარებისა და არაღიარების პოლიტიკაზე. რასაკვირველია, მე აღვნიშნავდი, რომ რუსეთის არის ოკუპანტი და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რუსეთს აქვს დაკავებული საქართველოს ტერიტორიები ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის დარღვევით და რომ ეს ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ნების საწინააღმდეგოდ, გარდა იმისა, რომ ეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხდება და ა.შ.
მე ვამბობდი ასე, რომ მოდით ეს აღიარება - არაღიარების თემა გადავდოთ, იმიტომ, რომ კონტრპროდუქტიულია და აზრი არა აქვს და მოდით შევთანხმდეთ - რა ტიპის ინტერესები შეიძლება გვქონდეს ერთობლივი - საქართველოსა და რუსეთს. და თუ შეიქმნა ამ ინტერესთა სისტემა, მაშინ შესაძლებელია თანამშრომლობა გარკვეულ ეტაპზე ამ ინტერესების ფორმატში და შემდეგ სხვა და სხვა საკითხის მიბმა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის აღდგენისა.
აგრესიულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ამას ვერ გაიგებს და არც მოინდომოს, რომ გაიგოს რასაც მე ვგულისხმობ.

- რა ტიპის ინტერესზეა საუბარი?
- არის ასეთი ინტერესი, სფერო - ეს არის პოლიტიკური ისლამი. პოლიტიკური ისლამი, რომელიც ნელ-ნელა ძირს უთხრის როგორც რუსეთის ისე საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მე ამას ხაზს ვუსვამ. ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება ცოტა ხანში თუ ამას სერიოზულად არ მივხედეთ. ანუ ეს არის ის ინტერესების სფერო, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია. არის სხვა ინტერესთა სფეროები, რომელთა შორის ინტერესთა თანხვედრა ვერ მოხდა. ეს არის რუსეთის ეკონომიკური აქტივობა სამხრეთ კავკასიაში - აქ ჩვენსა და რუსებს შორის ვერ მოხდა თანხვედრა, ეს არის მათი სამხედრო აქტივობა - აქაც ვერ მოხდა. ეს არის პოლიტიკური ბალანსის დაცვა - აქაც ვერ მივედით რაღაც საერთო ნიშნულამდე. ერთადერთი ინტერესთა გადაკვეთა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ამ სფეროში რასაც ქვია პოლიტიკური ისლამი და აქედან გამომდინარე ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს ორივე ქვეყნისთვის.

-ეკონომიკის სფეროშიც არის თანხვედრა, ბაზარზე გავდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ თანამშრომლობა იკვეთება...
-ეკონომიკის სფეროში სხვა ამბავია. რუსეთის მაშინდელ საუბარს თუ გავიხსენებთ, იქ საკითხი თანამშრომლობაზე ასე არ იდგა. იქ იდგა საკითხი, რუსეთის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში სადაც არ ჩანდა არც ერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყნის ინტერესი.

-შესაძლო პაუზის აღებას დავუბრუნდეთ და აქვე გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც მან ბელგრადსა და პრიშტინას შორის გაფორმებულ შეთანხმებას მაგალითი უწოდა საქართველოსთვის. რამდენად მომგებიანია ამ გზით წასვლა ჩვენთვის?
-ამ გზით წასვლა ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია, იმიტომ, რომ იქ არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია. ბიძინა ივანიშვილს ხშირ შემთხვევაში ახასიათებს ის, რომ ის განმარტებას არ უკეთებს საკუთარ ნათქვამს - არ ხსნის თემას. ვინ როგორ გაიგებს. ამაში მართალნი არიან მისი კრიტიკოსები იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში რადგანაც თემა არ იშლება ეს ის მომენტია, როდესაც ქოთანს ყურს საიდანაც გინდა იქიდან გამოაბამ.

აი მაგალითად მე ასე გავიგე ეს რომ - შესაძლებელია შეიქმნას ისეთივე პროდუქტიული თანამშრომლობის ფორმატი მეტროპოლიასა და მეამბოხე ტერიტორიას შორის, როგორიც არის სერბეთსა და კოსოვოს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა საბოლოო გადაწყვეტილებაზე არამედ თვითონ ფორმატზე - ჩემთვის ასეა.
კოსოვომ და სერბეთმა იმის გამო, რომ ორივეს აქვს სტიმული ევროკავშირში გაწევრინებასთან დაკავშირებით, რაღაცეები დათმეს და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ. მაგრამ ეს მაგალითი საქართველოსთვის არ ივარგებს შედეგიდან გამომდინარე. თორემ თვითონ პროცესიდან გამომდინარე - მისაღებია. შედეგი ის, რომ სერბეთმა, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად არ აღიარა კოსოვო, თუმცა რაღაცნაირად მიიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის გარკვეული ფორმა - ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა პროცესი, ვიმეორებ, მისაღებია.
მე მაგალითად ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო რა თქმა უნდა მოწინაარმდეგე მხარეს აქვს იმის უფლება, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი განმარტება, როგორც აწყობს ის იფიქროს. ერთი რამ მინდა ვთქვა - ჩვენ 20 წელი ვიხარშებით ერთსა და იმავე წრეში, ერთი და იგივე დოგმატითა და ფორმებით ვუდგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და საერთოდ თანამშრომლობის პროცესს ნებისმიერ მეზობელთან. აუცილებელია ახალი მიდგომების და იდეების დემონსტრირება, თორემ დავრჩებით ისევ იმ ადგილას სადაც ვიყავით და ისევ იმ ნიშნულზე დავრჩებით სადაც ვიყავით ჩვენც და აფხაზებიც და ოსებიც სხვათაშორის და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს, ეს აწყობს მხოლოდ რუსეთს.