მთავარმა პროკურატურამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების სპეცოპერაციის მონაწილე რამდენიმე პოლიციელი დააკავა. პროკურატურამ მათ თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადების, ყალბი მტკიცებულებებისა და უკანონო დაკავებისთვის ბრალი წაუყენა. დაკავებამდე პოლიციელთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ პროკურატურა აშანტაჟებდა - აიძულებდა ეღიარებინათ, რომ თამაზაშვილს ავტომანქანაში იარაღი მათ ჩაუდეს. პოლიციელთა დაკავებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა - ზოგმა ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ სამართლიანობამ იზეიმა. პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ.
- დიახ, პროკურატურამ დააკავა ის ადამიანები, რომლებმაც 2011 წლის ოქტომბერში უკანონოდ დამაკავეს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მოგეხსენებათ, ჩემი სიძე ირაკლი ღარიბაშვილი ბატონ ბიძინასთან მუშაობდა და ჩემი დაკავებით შეეცადნენ მასზე ზემოქმედებას. თუმცა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მცდელობა, მორალურად წელში გავეტეხეთ მეც და ჩემი სიძეც, უშედეგოდ დასრულდა. დანამდვილებით ვიცი, რომ მე, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დანაშაულს ვებრძოდი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დამაკავა იმ დანაშაულზე, რაც საერთოდ არ ჩამიდენია. ყველა იმ პოლიციელმა, რომელიც მონაწილეობდა ამ სიბინძურეში - იარაღის ჩადებაში, რაც შემდეგ ჩემი დაკავების საფუძველი გახდა - კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ზოგიერთების ჭკუით, რადგანაც მე შს მინისტრის სიმამრი ვარ, ამიტომ ჩემს უკანონო დაკავებაში მონაწილე და დამნაშავე პირები არ უნდა დაისაჯონ, თუ რაშია საქმე? ნაციონალური ხელისუფლების რომელიმე თანამდებობის პირის ოჯახის წევრისთვის მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა ვინმეს, იმავე დღეს ყოველგვარი მტკიცებულებისა და პროცესუალური ნორმების დაცვის გარეშე არ შეყრიდა ვანო მერაბიშვილის პოლიცია ყველას ციხეში? ახლა, არავინ მითხრას, ამას როგორ იკადრებდაო! ყველა პოლიციელმა, ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, რომ ჩემი დაკავება ხელისუფლების დაკვეთა იყო. ეს ჩემი სიძის, ირაკლი ღარიბაშვილის გასაღიზიანებლად გააკეთეს. ამჯერადაც ჩემი სიძის სახელით აპელირებენ, თითქოს მე ამიტომ უნდა ვაპატიო მათ ეს საშინელი დანაშაული. ჯერ ერთი, ყველა მათგანი ახალი ხელისუფლების დროსაც მუშაობდა და ამისთვის თანამდებობიდან არ დაუთხოვიათ. პირიქით, კრიმინალურ პოლიციაში კიკალიშვილი და ჭაია დააწინაურეს კიდეც. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გახლავთ შურისმაძიებელი, ის წესიერი და პატიოსანი პიროვნებაა და თავისი ოჯახის წევრის ან ახლობლის გამო ვინმეს უსამართლოდ არ გაათავისუფლებს სამსახურიდან. უკანონობის პერიოდი დამთავრდა საქართველოში. ვიდრე გამოძიებამ ჩემს უკანონოდ დაკავებაში მონაწილე პირთა შესახებ მტკიცებულება არ შეაგროვა, მანამდე არავინ დაუკავებიათ. რაც შეეხება პოლიციელების ქმედებას, თუ რატომ ჩაიდინეს ეს უკანონობა და რატომ გამიმეტეს ასეთი სისასტიკისთვის, ეს თავად მათ იციან. ალბათ, ეგონათ, ისევ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაშიო და ყველაფერ უკადრებელს, რასაც მერაბიშვილი ავალებდათ, კადრულობდნენ. თითოეული მათგანი მოიქცა ისე, როგორც ხელმძღვანელებმა დაუკვეთეს და არა კანონის შესაბამისად. მათ შეასრულეს მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დავალება და ნაცვლად იმისა, რომ კაცურად ეთქვათ, შევცდით და გვაპატიეთო, კიდევ აქეთ დაიწყეს სიბინძურეების გავრცელება - პროკურატურა გვავალებს, ტყუილი ვთქვათ, თითქოს თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩავუდეთო. ჰოდა, ახლა თითოეულმა მათგანმა მიიღოს ის, რაც კანონით ეკუთვნის.
ბოლოს და ბოლოს 7 თვე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა მათი დანაშაული. როგორც ვიცი, ზემოხსენებული პოლიციელები თითქოს სიმართლის თქმას აპირებდნენ, მაგრამ როცა იარაღის ჩადების თემაზე უნდა დაეწერათ ჩვენება, ბოლო მომენტში თავს იკავებდნენ. მათი დირიჟორი იყო ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომელიც ამ ადამიანებს ხვდებოდა და ერთად აწყობდნენ გეგმებს, როგორ დაეძვრინათ თავი, რა ჩვენებები მიეცათ, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან შეთანხმებით ხდებოდა. ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა სიბინძურის ერთ-ერთი შემოქმედი გია ლორთქიფანიძე გახლავთ. რა უნდა ვთქვა ისეთ კაცზე, რომელსაც მეტსახელად "ბოროტა" შეარქვეს, ამით ამაყობს კიდეც - მე ბოროტა ვარო! მაქვს ინფორმაცია, რომ ლორთქიფანიძე და მერაბიშვილი პოლიციელებს ფულს უხდიდნენ, რომ არაფერი ეთქვათ. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებანი არსებობს და ის ადამიანები, რომელთაც ეს ჩანაწერები აქვს, თავადვე წარუდგენენ ალბათ, გამოძიებას. გია ლორთქიფანიძის გავლენით და ძალისხმევით გამოდიოდა გიორგი ღვინიაშვილი და ათას სიბინძურეს ამბობდა ჩემზე მიხეილ საკაშვილის საამებლად. ვინც მე და ჩემი ოჯახი შეურაცხგვყო, ყველას ვუჩივლებ, არავის ვაპატიებ იმ ბინძურ კამპანიას, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმა და განახოციელა კიდეც. სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციების გამო და მისი უშუალო ხელშეწყობით მე ციხეში ჯოჯოხეთი გამოვიარე. ჩემთან ერთად გამოიარა დამცირება და შეურაცხყოფა ჩემმა ოჯახმაც. "ნაციონალური მოძრაობის" თითქმის ყველა ლიდერი და თვით მიხეილ სააკაშვილიც ტელეეთერით მთელი ქვეყნის გასაგონად ლანძღავდა ჩემს ოჯახს. პირობას ვაძლევ საზოგადოებას "ყველა სიახლის" საშუალებით, რომ არც მიხეილ სააკაშვილს ვაპატიებ ამას. კიდევ ჰყოფნით ნაციონალებს და მათ მხარდამჭერებს სინდისი და სოციალურ ქსელებში ჩემი შვილის, ლექსო თამაზაშვილის წინააღმდეგ ათას სიბინძურეს და სისულელეს ავრცელებენ. თუკი ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს იმ სიბინძურის შესახებ, რასაც ავრცელებენ, კი ბატონო, წარმოადგინონ, მიიტანონ პროკურატურაში, თუ არა და, თავი დაანებონ ჭორაობას. თუმცა, რას მიიტანენ, რაც ბუნებაში არ არსებობს?
- როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, ჩივილს აპირებთ.
- ვუჩივი პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე ვაპირებ ვუჩივლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, რასაც ისინი სხვადასხვა გადაცემაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ავრცელებდნენ, ასევე მინდა ვუჩივლო გიგა ნასარიძეს, რომელიც ასევე ავრცელებდა ვიდეოკლიპებს, სადაც მე კრიმინალად, ნარკომოვაჭრედ და საშიშ დამნაშავედ ვიყავი გამოყვანილი. ამ კლიპების საშუალებით, გიგა ნასარიძე სრულიად საქართველოს აფრთხილებდა, რომ მე ვიყავი საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი და მხარი არ უნდა დაეჭირათ იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთანაც ჩემი სახელი ასოცირდებოდა. ასევე აუცილებლად ვუჩივლებ პრობაციისა და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და კიდევ მრავალ სხვას, ვინც არ ისვენებს და კვლავ განაგრძობს ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და "ვაწყენინო", ამიტომ უახლოეს დღეებში მე და ჩემი ადვოკატები ჩავუჯდებით თითოეულ საქმეს და გენერალურ პროკურატურაში შევიტანთ სარჩელს ქვეყნის პრეზიდენტის და ზემოთ დასახელებულ პირთა მიმართ თანდართული მტკიცებულებებით.
- რა იქნება თქვენი მოთხოვნა, მორალური ზიანის ანაზღაურება?
- არავითარ შემთხვევაში... რად მინდა მიხეილ სააკაშვილის ბინძური და ჭუჭყიანი ფული? ფულით შეიძლება იმის გამოსყიდვა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინა? მათ პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით და უნდა მოხვდნენ ციხეში.