მაისს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. "ყველა სიახლისთვის" ცნობილი გახდა დაკავების გაუხმაურებელი დეტალები. თუმცა, სანამ ამ ამბავზე გადავიდოდეთ, გაგაცნობთ იმ ბრალდებას, რომელიც მერაბიშვილს წაუყენეს. კერძოდ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მიზნით. დანაშაულების ჩადენის ადგილის, სიმძიმისა და საქმეების სირთულის მიხედვით, გამოძიების წარმართვაში ჩართული იყვნენ როგორც პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები, ასევე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. ამ ეტაპზე შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ ივანე მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელთაგან პირველი საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ჩადენილია ამ უკანასკნელის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. სამართალდამცველების ცნობით, გამოძიების პროცესში უკვე მოპოვებულია, დაახლოებით, ასეულობით ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ ვანო მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ამომრჩეველთა მოსყიდვა
პროკურატურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა, დაახლოებით, 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ 5,2 მლნ ლარი იზარალა.
წართმეული აგარაკი
პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა იგი და, ოჯახთან ერთად, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით.
"მანვე ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შსს-ს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მერაბიშვილმა გამოიყენა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც, კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც. შედეგად, სახელმწიფომ 158 ათასი ლარი იზარალა", - აცხადებს პროკურატურა. სამართალდამცველების ცნობით, მერაბიშვილის დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე, რადგან არსებობს უტყუარი მასალები, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე.
26 მაისი
"პირველი ეპიზოდი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ვანო მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, პოლიციის მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა", - აცხადებს პროკურატურა.
გირგვლიანის საქმე
"მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ, პრაქტიკულად, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და შემსრულებლები. შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მომხდარი დანაშაულისაგან საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოებული პირების ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, გაყალბებული სამართალწარმოება. უახლოეს ხანში ივანე მერაბიშვილს ზემოაღნიშნულ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინება დამატებითი ბრალდება, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე".
* * *
21 მაისს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის პროკურატურაში (სწორედ იქ დაიბარეს ის და ჭიაბერაშვილი) დაახლოებით, 12:00 საათზე მივიდა. მოგვიანებით მას ჭიაბერაშვილი შეუერთდა. როგორც ჩანს, მას გული ცუდს უგრძნობდა, რადგან შესვლამდე განაცხადა - არ გამოვრიცხავ, მე და მერაბიშვილი დაგვაკავონო.
* * *
მერაბიშვილმა კი, პროკურატურაში შესვლამდე, პოლიტიკური განცხადება გააკეთა:
"ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაგვცალდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, იყო სწორედ დასაქმების პროგრამა და ალბათ, სიმბოლურია, რომ დღეს მე მიწევს ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ ის 600 000 ანკეტა, რომელიც შეივსო ჩვენი სოცაგენტების მიერ, არც ერთ ჩვენს ჩინოვნიკს არ უნახავს და სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა არ ფიქრობს ყველაზე მთავარი - უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე. საქართველოში ბოლო თვეებში არათუ არ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ 82 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. პროკურატურაში ჩემს დაკითხვასთან ერთად, კარგი იქნებოდა, თუ მთავრობა დაკავდებოდა თითოეული ქართველის ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარებით, დასაქმებით. ის ბაზა, რომლის შექმნაც ჩვენ მოვასწარით, სამწუხაროდ, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელში ვერ გავაკეთეთ, გამოადგებათ მათ ამ პრობლემების შესწავლასა და რაც მთავარია, გადაწყვეტაში".
* * *
როგორც "ყველა სიახლეს" "ნაციონალური მოძრაობიდან" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, 20 მაისს იმ პირებმა, რომლებიც ძალოვან უწყებაში მუშაობენ და რომელთა კონტროლს მერაბიშვილი ახერხებს, ყოფილ პრემიერს აცნობეს, რომ 21 მაისს მისი დაკავება იგეგმებოდა. წყაროს მტკიცებით, მერაბიშვილისთვის დეტალურად მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ბრალდებებზე, რომელთა წაყენებასაც მისთვის აპირებდნენ. "მაგრამ მერაბიშვილმა განაცხადა - რა სისულელეა, ჩემს დაკავებას ვერ გაბედავენ, თორემ ივანიშვილის მთავრობა თავს აიფეთქებსო", - აცხადებს წყარო.
* * *
რაც შეეხება დაკავების დეტალებს. "ყველა სიახლის" წყაროს ცნობით, დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა მერაბიშვილს გააცნო თავისი უფლებები, რაც დაკავებისას ჩვეულებრივი პროცედურაა. "თუმცა მერაბიშვილს არ სჯეროდა, რომ აკავებდნენ. ამბობდა - რაღაცა გეშლებათ, ეგ მე უნდა მითხრათ, თუ ჭიაბერაშვილსო? შემდეგ კი, როდესაც მიხვდა, რომ საქმე სერიოზული იყო, იყვირა - თქვენ ხომ არ გაგიჟდითო და დაიწყო გინება. თუმცა მალევე დამშვიდდა", - აცხადებს წყარო. მისი თქმით, მერაბიშვილი გამომძიებლებს დაემუქრა და უთხრა, რომ მალე დადგებოდა დრო, როდესაც მათ სხვა გარემოებებსა და სხვა ვითარებაში შეხვდებოდა. "სხვათა შორის, მერაბიშვილს "პატივი სცეს" და ხელბორკილი არ დაადეს", - აცხადებს წყარო.
* * *
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებიც.
P.S. "ყველა სიახლე" უკვე გამოსული იქნება, როდესაც სასამართლო მერაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. 21 მაისს, ვანო მერაბიშვილის დაკავების დღეს, იურისტები აცხადებდნენ, რომ ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, წესით, სასამართლომ მერაბიშვილი პატიმრობაში უნდა დატოვოს, ჭიაბერაშვილს კი შესაძლოა, გირაოც შეეფარდოს.