ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.
არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.
საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.
მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.